საცივის ინდექსი - რამდენი ოლიმპიური აუზი საცივი მზადდება საახალწლოდ? - კვირის პალიტრა

საცივის ინდექსი - რამდენი ოლიმპიური აუზი საცივი მზადდება საახალწლოდ?

რამდენი ოლიმპიური აუზი საცივი მზადდება საახალწლოდ საქართველოში?

ჩურჩხელა, გოზინაყი და საცივი - ამის გარეშე საქართველოში საახალწლო სუფრა ძნელი წარმოსადგენია. ადამიანები, სოციალური კუთვნილების მიუხედავად, ცდილობენ, საახალწლო სუფრის ამ სამი ატრიბუტიდან  ერთი მაინც დაიბედონ. აკაკი ბაქრაძეს უთქვამს: საცივის გამომგონებელსა და დიდგორის ომში მებრძოლ ქართველებს საქართველოს ისტორიის წინაშე თანაბარი დამსახურება აქვთო. გადავწყვიტეთ, მიახლოებით დაგვეთვალა, რამდენ ოლიმპიურ აუზს გაავსებდა საქართველოში საახალწლოდ მომზადებული საცივი.

იოსებ არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ოლიმპიური აუზის სიგრძე-სიგანეა 50/25-ზე მეტრი, ხოლო სიღრმე საშუალოდ - 2 მეტრი. შესაბამისად, მისი ტევადობა 2 500 კუბური მეტრია, ანუ 2,5 მილიონი ლიტრი.

ერთ ოჯახზე საშუალო გაანგარიშებით, ინდაურის (ქათმის) საცივი დაახლოებით 0,011 კუბური მეტრია (ანუ 1,1 ლიტრი). გამოდის, ერთი ოლიმპიური აუზი დაიტევს დაახლოებით 227 500 ოჯახის სამყოფ საცივის ულუფას. საქართველოში კი 1,1 მილიონზე მეტი ოჯახია, ანუ, თუ ყველა ოჯახი საცივს მოამზადებს, დასჭირდება დაახლოებით 4,8 ოლიმპიური აუზი. მაგრამ საქართველოში ახალი წელი ოფიციალური კალენდრით შობის მარხვას ემთხვევა. მოსახლეობის 4/5-ზე მეტი მართლმადიდებელია და მათგან  დაახლოებით 1/3-დან 2/5-მდე საახალწლო სუფრაზე ხორცეულის მიტანისგან თავს იკავებს. ზოგსაც ჯიბე არ მისცემს შესაძლებლობას...

მოკლედ, წლეულს საქართველოში ინდაურის (ქათმის) საცივი დაახლოებით 400 ათას ოჯახს თუ ექნება. ეს კი მოცულობით  1,76 ოლიმპიურ აუზს გაავსებს.