რეზო ჩხეიძე: სტალინი ის ქართველი იყო, რომელმაც ყველა დააჩოქა, ვისაც ჩვენი დაჩაგვრა უნდოდა - კვირის პალიტრა

რეზო ჩხეიძე: სტალინი ის ქართველი იყო, რომელმაც ყველა დააჩოქა, ვისაც ჩვენი დაჩაგვრა უნდოდა

ერთი კეთილი სიტყვის მადლი მთებს დაგაძვრევინებს

"როცა სანაპიროზე ელგუჯა ამაშუკელის "ვეფხისა და მოყმის" ქანდაკებას ჩავუვლი, როგორც ეკლესიასთან, ისე ვიწერ პირჯვარს"

რეზო ჩხეიძესთან ფრიდონთან ერთად მივედი, - ის ჩვენი გაზეთის ფოტოგრაფია და "ეკლებზე იჯდა" - გადაღებაზე მაგვიანდებაო! მასპინძელმა კი ბოდიში შემოგვითვალა, - რამდენიმე წუთი შემაგვიანდებაო - ტელეინტერვიუს იწერდნენ თურმე. რამდენიმე წუთი თითქმის ერთ საათად იქცა. ოპერატორებმა, - რა გვექნა, როცა ბატონი რეზო ლაპარაკობს, დროს ვეღარ გრძნობო! მე და ფრიდონსაც ასე დაგვემართა - როგორ შეიძლებოდა, არ მოგვესმინა - გვესაუბრებოდა ცხოვრებაზე, უფრო მეტად კი სიკეთესა და სიყვარულზე... საუბარი კინოთი დავიწყეთ.

- თქვენ გინახავთ ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ან გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული"? - ეს გენიალური ფილმია! ცრემლს ვერ ვიკავებდი, როცა ორივე ფილმს ვუყურებდი! დაიხსომეთ, ის აუცილებლად ათქმევინებს მსოფლიოს, რომ ქართული კინოფენომენი დაბრუნდა (ამ სიტყვებიდან 3 დღეში ორივე ფილმი "ოსკარზე" წარადგინეს. - ე.ე.). სიტყვა "ფენომენი" განსაკუთრებულს ნიშნავს; ჩვენ, ვისაც არც ისე ბევრი გვიცნობდა, მსოფლიოს სწორედ ამ განსაკუთრებულის შექმნის ნიჭით ვაოცებდით. მახსოვს, სადაც ჩვენს ფილმებს უჩვენებდნენ, ქუჩაში ხალხი ტაშს  გვიკრავდა - "ბრავო, ჯეორჯიას!" ძახილით. ვერ ვიკავებ ცრემლს, როცა მეკითხებიან, - ბატონო რეზო, ქართულ კინოს რა მოუვიდაო? ეს მოსკოვშიც მკითხეს. ამ ხნის კაცი დავიბენი, სიტყვა ვეღარ მოვატრიალე და მოვბოდე, - ახალგაზრდა რეჟისორები ახალი იდეებით მოვიდნენ, თავის სტილს ეძებენ, მოძებნიან და კინო იქნება-მეთქი! მაგრამ ასე რომ არ არის... სახელმწიფო კინემატოგრაფს ვერაფერს აძლევს. არადა, ფილმებს დიდი ფულის შემოტანა შეუძლია. გასაგებია, რომ კინო ის ხელოვნება არ არის, სადაც ფულს ერთ ფილმში დახარჯავ და მერე უნდა დაელოდო, როდის მოგაგებინებს მილიონებს, ბევრი სურათი უნდა გადაიღო და რომელიმე უსათუოდ შემოიტანს მილიონებს. როცა კინოსტუდია "ქართულ ფილმს" ვხელმძღვანელობდი, ახალგაზრდა რეჟისორებს წელიწადში 20-25 ფილმს მაინც ვაძლევდი გადასაღებად და არც ერთს იმედი არ გაუცრუებია. ამასთანავე კინო მხოლოდ რეჟისორი და ფული არ არის - ფილმის გადაღებისას ვითარდება მწერლობა, მხატვრობა, მუსიკა, ხელოვნების ყველა დარგი... ჩვენ კი სწორედ ეს გვჭირდება, ხელოვნებით უნდა ვაჯობოთ ყველას, ჩვენი სული და ძლიერება ხელოვნებაშია, თუკი ამ სულს ჩავახშობთ, აღარაფერი გეშველება... და თუ ოდესმე გამოვფხიზლდით და მისი გაცოცხლება მოვინდომეთ, ამას წლები, ცრემლი და სისხლი დასჭირდება.

რახან სულზე ვლაპარაკობ და ამასაც ვიტყვი: ადრე წესად იყო, ფილმის, გადაღებული მასალის სანახავად ჭკვიან ხალხს ვიწვევდით.

თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხის" გასასინჯად მოვიწვიეთ პატრიარქი (მას ყოველთვის ვიწვევდით) - მაშინ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ჩვენებისას მის გვერდით ვიჯექი და როცა სცენა მივიდა იმ მომენტამდე, სადაც მღვდელი მეზობელ ქალს უბეში ხელს უფათურებს, წამიხდა საქციელი, გავშეშდი. არ ვიცი, როგორ შემატყო, გადმოიხარა და ჩუმად მითხრა: - ნუ ღელავთ, ბატონო რეზო, ასეთები დღესაც არიანო.  და ამით  ყველაფერი თქვა...

აი, ასე მივდივართ იმ ჭეშმარიტებამდე, რომ ცხოვრება კეთილის და ბოროტის ბრძოლაა. ამას ვერ აიცილებ, მაგრამ შენ ისე უნდა იცხოვრო, რომ ამ ბრძოლაში გაამარჯვებინო სიკეთეს და სინანულს, რადგანაც ხშირად ცდები... ასე მოდის სიკეთის კეთების მადლი - თუ მადლს შვრები, რა ძალის ბოროტებაც უნდა დაგეტაკოს, მისხალი სიკეთით მოერევი. რასაც ვამბობ, ცხოვრებით გამომიცდია და გზად შემხვედრია:

მახსოვს, როგორ მიიღო სამხატვრო საბჭომ "ნატვრის ხე". ეს საბჭო თავის აზრს გამოთქვამდა ფილმის ეკრანზე გამოსვლამდე.

დასრულდა ჩვენება, შუქი აინთო და ყველა მუნჯივით ზის. თენგიზ აბულაძემ ამას ვეღარ გაუძლო - უნდა გავიდეო. რომ დაბრუნდა, მის დანახვაზე საოცრება დატრიალდა... ყველა ფეხზე ადგა და ტაშს უკრავდა.  ნოდარ დუმბაძის ცრემლები მახსოვს, მუშტით იწმენდდა...

თუკი რაიმე კარგი გავაკეთე ცხოვრებაში, ძირითადად იმ სამი ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც სიკეთის ფარანი ამინთო. პირველი ქუთაისში ჩემი სკოლის დირექტორი თამარ დახუნდარიძეა. როცა "ხალხის მტრის შვილი" გავხდი, მან თავის კაბინეტში შემიყვანა, გულში ჩამიკრა და მითხრა, არ ინერვიულო, მამაშენი პატიოსანი კაცია, ძველებურად განაგრძე სწავლა და შენ გვერდით ვიდგებიო. იმხანად ეს სასწორზე სიცოცხლის დადებას ნიშნავდა. მამას დახვრეტის შემდეგ სახლიდან რომ გამოგვასახლეს და არ ვიცოდით, სად წავსულიყავით, ქუჩაში ჩამოვლილმა უცხო კაცმა, ლადო მაჭავარიანმა წაგვიყვანა თავის სახლში 6 თვით. მესამე უცნობი ჩეკისტია, რომელმაც გამოსახლებისას ნუსხაში არ შეიტანა ჩვენი როიალი, რომელიც გავყიდეთ და რამდენიმე თვე თავი ამ ფულით გავიტანეთ... ზოგჯერ ერთი კეთილი სიტყვის მადლიც მთებს დაგაძვრევინებს. როცა "დონ კიხოტის" გადაღება დავაპირე, იმ დროს ესპანეთში ჩემს მეგობარს ანტონიო ალვარესს პატარა კერძო სტუდია ჰქონდა. 1939-ში სტალინმა რომ ესპანელი ბავშვები ჩამოიყვანა, ანტონიო ერთი მათგანი იყო. ჩვენ მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ვსწავლობდით ერთად. "დონ კიხოტის" გადაღებაზე კი სახელმწიფო მოლაპარაკება მიდიოდა, - ხელშეკრულებისთვის ესპანეთის მინისტრს უნდა მოეწერა ხელი. საშინლად ვღელავდი და აი, ასე გულგახეთქილი შევდივარ სამინისტროში, ჩერდება მანქანა და გადმოდის ანტონიო - რეზო, ნუ ღელავ, თუ ხელშეკრულება არ დაგიმტკიცეს, ფილმის გადასაღებ ფულს მე გიშოვიო! ვიგრძენი, როგორ გამაძლიერა ამ სიტყვებმა, - ნერვიულობა გაქრა და ისეთი შინაგანი ძალა მომეცა, მივხვდი, ეს საქმე აუცილებლად გამოვიდოდა.

- თქვენზე ამბობენ, რომ სიტყვის ძალით ბევრ საქმეს აკეთებდით.

- საქმეს ჩვენი წინაპრებისაგან მიღებული სულიერი სიბრძნე და ტრადიციები მაკეთებინებდა. განა ვინმე მეტყვის, რა შეძლო "ვეფხისტყაოსანმა" ქართველი ერისთვის? მაგრამ როცა ქართველი ამბობს, მე ტარიელი ვარო, ეს იმას ნიშნავს რომ მის სასიცოცხლო ძალებს ისევ "ვეფხისტყაოსანი" ამოძრავებს. მარტო "ვეფხისტყაოსანი", არა, - აბა, დავაკვირდეთ, რა ენერგიაა ამ სტრიქონებში: "იქნება, ვეფხის დედაი ჩემზედ მწარედაც ტირისა, /წავიდე, მეც იქ მივიდე,/სამძიმარ ვუთხრა ჭირისა,/ისიც მიამბობს ამბებსა,/მეც ვუთხრა ჩემი შვილისა". სწორედ ამიტომ, როცა სანაპიროზე ელგუჯა ამაშუკელის "ვეფხისა და მოყმის" ქანდაკებას ჩავუვლი, როგორც ეკლესიასთან, ისე ვიწერ პირჯვარს.

- ამის შემდეგ სტალინზე ფილმის გადაღება როგორღა გინდათ?

- მამაჩემი 37-ში დახვრიტეს... მაგრამ სტალინი ის ქართველი იყო, რომელმაც ყველა ქვეყანა დააჩოქა, ვისაც ოდესმე ჩვენი დაჩაგვრა უნდოდა. მე მინდა, ისევ დაიბადოს მისნაირი და ჩვენი დაჩაგვრის მოსურნეები დააჩოქოს! და რატომ არის გასაკვირი, რომ სტალინზე ფილმის გადაღება მინდა?! დიახ, ჩვენი დაჩაგვრის მოსურნეები უნდა დავაჩოქოთ!

- დღევანდელ ხელისუფლებაზე რას იტყვით?

-  ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი ისეთი დაპირება გასცა, რომლის შესრულება იოლი არ აღმოჩნდა. როგორი ასატანია, როცა თუნდაც ერთი კაცი სიტყვას გაძლევს და არ ასრულებს, მით უფრო ჩვენი ერისთვის, რომლისთვისაც სიტყვის მიცემა და მისი შესრულება უმაღლესი ღირებულება იყო. ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენასთან. თუ კაცი ფიქრობს, სამართალი არ არსებობსო, მის გულს ვეღარ მოიგებ... გარდა ამისა, კადრების დეფიციტია, - ბევრმა თანამდებობა მიტინგებზე აქტიურობის გამო მიიღო და აღმოჩნდა, რომ საქმის გაკეთება არ შეუძლია. ზოგჯერ ტელევიზორს გაოგნებული მივჩერებივარ - ვერ ვხვდები, კაცი რას ლაპარაკობს, რა უნდა... ამას ისიც ემატება, რომ ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში მართლაც გაკეთებულ საქმეებზე ლაპარაკიც ვერ ისწავლა... ზოგადად პოლიტიკაზე კი ერთ რამეს ვიტყვი, - ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლისთვისაც  მუდამ ორი სახელმწიფო ებრძოდა ერთმანეთს. ეს ახლაც ასეა. ამიტომაც როცა ხელისუფლება ბრძენია, მან ისე უნდა ითამაშოს, რომ მტრად არც ერთი არ მოიკიდოს...

ახლა ჩემი უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაც გამახსენდა მოსკოვში, როცა შევარდნაძემ ამ დეპუტატობის მედალი მომცა, ძალიან დამამძიმა - მაღალი ხარისხის კომფორტი ჰქონდა. ეს მასაც ვუთხარი; ერთი კი შემომხედა და, - ხომ არ გგონია, ეგ მედალი შენ მოგეცი, როცა მოსკოვში სცენარებს ჩაიტან დასამტკიცებლად, შემოდავება ვერავინ გაგიბედოსო. იმ მედლით ქართულმა კინომ მართლაც ისარგებლა. თუმცა, გულახდილად ვიტყვი, როგორც ახლა, ჩემს ასაკში სიყვარული მხვდება, მეჩვენება, რომ ასეთი არასოდეს მქონია, - უპირველესად, მამისეული სახლი დამიბრუნდა ქუთაისში. მინდა ამ სახლში ახალგაზრდა რეჟისორთა სკოლა გავხსნა. ამ დღეებში 88 წლის გავხდი და იმდენი სამადლობელი სიტყვა მითხრეს, ჩემი ყველა ტვირთი იმწუთას ერთი ხელის მოსმით გაქრა. დარბაზში სახედარიც კი შემოიყვანეს, "მაგდანას ლურჯას" გასახსენებლად, ეს როგორ შეიძლება დამავიწყდეს! არც იმაზე უკეთესი პატივი მქონია, რაც დღეს ქუჩაში გასვლის დროს მხვდება, როცა დედა-შვილი მოდის და დედა შვილს ეუბნება, - აი, ეს არის რეზო ჩხეიძე, დაიმახსოვრეო. არ ვიცი, ვიმსახურებდი თუ არა ჩემი ცხოვრებით ამას, მაგრამ ბედნიერი ვარ. ისე კი, რაც ვაკეთე, უმთავრესად ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთე, - მე ასე მგონია.

"მაგდანას ლურჯა"

ახალკურსდამთავრებულები ვიყავით, მე და თენგიზ აბულაძემ "მაგდანას ლურჯას" გადაღება რომ დავიწყეთ. მაშინდელმა სტუდიის დირექტორმა თითქმის უკვე დასრულებული ფილმის გაგრძელება აგვიკრძალა, - არ მომწონსო! მაშინ შემოქმედთა სექციამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ნამუშევარი ქართველი მწერლებისთვის ეჩვენებინა, რათა იმათ ეთქვათ, ღირდა თუ არა ამ ფილმის გადაღება. ერთ მშვენიერ დღეს დაუძახეს ქართველ მწერლებს და აჩვენეს "მაგდანას ლურჯა"...

ვდგავართ მე და თენგიზი აწურულები. ამ დროს იღება კარი და შემოდის გალაკტიონი თავისი "პორტფელით". გავოგნდით, ეს კაცი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და არსადაც არ დადიოდა. სხვებიც გაოგნებული უყურებდნენ. მწერალი დემნა შენგელაია ჩემი ბიძა იყო, მეგონა, იმან უთხრა-მეთქი, მაგრამ ხელი გამიქნია, - ეგ რამდენი ხანია, არ შემხვედრიაო. გალაკტიონი დაჯდა, ბოლომდე უყურა კადრებს, მერე ადგა და უცებ... ვინც ეს ფილმი გააჩერა, მე იმისიო.... შეიგინა და წავიდა! აკაკი ბელიაშვილმა ცხვირსახოცი ამოიღო, ცრემლი მოიწმინდა, ეკრანს შეხედა და: - ამ ეკრანს ბევრი კარგი ფილმი უნახავს, მაგრამ რაც ამ ბიჭებმა გვიჩვენეს, - მსგავსი არასოდესო! მეორე დილას უკვე გამოკრული იყო ბრძანება ფილმის გაგრძელების შესახებ.