რეზო ჭეიშვილი: დღეს ყველა თავის ნაჭუჭშია გამოკეტილი...
29-12-2014
რეზო ჭეიშვილი: დღეს ყველა თავის ნაჭუჭშია გამოკეტილი...
ჩვენ  ზედმეტად გაპოლიტიკურებულები ვიყავით

"არ ავყვეთ ცდუნებებს. ყველაფერი სწორად მიდის, ამის შეცვლა უსიამოვნების მეტს არაფერს მოგვცემს..."


რევოლუციის წინ ქართველებმა, კერძოდ, თავადაზნაურობამ, გაყიდა, გაანიავა მამულები, არღანზე დაამღერეს ზოგიერთებმა ქონება. სულელებად გვთვლიდნენ მაშინ, ჩვენ ვყიდდით, ვქეიფობდით, სხვები ყიდულობდნენ, აგროვებდნენ. მოხდა რევოლუცია და ოხრად წავიდა ყველაფერი. ვინც იმღერა და იქეიფა, ვინც სვა და ჭამა, იგი დარჩა მოგებული. ვინ გამოვიდა სულელი? ჩვენ თუ სხვები? ახლა რა ხდება: ჩვენ არ ვმრავლდებით, სხვები მრავლდებიან, ჩვენ არ
ვაჩენთ, სხვები აჩენენ, ისინი ყრიან, ჩვენ ვდებთ. წინათგრძნობით, ქვეშეცნეული კარნახით ხომ არ ვმოქმედებთ?" - ამას რეზო ჭეიშვილის მოთხრობის ერთი პერსონაჟი ამბობს. კითხულობ ღიმილით, ისე როგორც რეზო ჭეიშვილის ნაწარმოებების უმრავლესობას და უცებ რაღაც ძალიან ცუდად გაგკენწლავს გულში: სწორედ ასე "არღან-არღან" დაგვიმღერებია ბევრი რამ და თითქოს ძველი
ინერციით, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ თანამედროვე ფანტიაშვილებად ყოფნას...


რეზო ჭეიშვილთან საუბარი 2014 წლის მიწურულს ახალი წლის მოლოდინზე დავიწყეთ.

- ადრიანად იწყებოდა ახალი წლის სამზადისი ჩემს ბავშვობაში. ოჯახის მამები იწყებდნენ ზრუნვას, რომ არაფერი დაჰკლებოდათ სუფრაზე... ახლა, არა მგონია, ვინმე ამაზე წუხდეს, ყველა ჩვეულებრივად ელოდება ახალ წელს.

- შეიძლება უფროსებისთვის ასეა, მაგრამ ბავშვები ყოველთვის ჯადოსნურად ხედავენ ახალი წლის დღესასწაულს...
- ცხადია, ასეა... სკოლა ქუთაისში დავამთავრე. ის წლები ყველაზე ღირსსახსოვარია. დღესასწაულიც სხვაგვარი მეჩვენებოდა და სადაგი დღეც... მაშინ ხდებოდა ჩემი ფორმირება როგორც პიროვნების, მოსწავლის, სხვათა შორის, მაშინ ხდებოდა საზოგადოების ფორმირებაც.
ხალხი როდის გამოვიდა სტალინის სადღეგრძელოების ძახილიდან, იცით?  დიდი ხანი კი არ არის...

- ქუთაისი იმ დროს სისხლსავსე ქალაქი იყო, თურმე ისე კარგად გრძნობდნენ იქ თავს, რომ სხვაგან გახედვაც არ უნდოდათ.
- მთლად ეგრე არ იყო. მე ძალიან მინდოდა თბილისში ჩამოსვლა. დაჟინებით ვამბობდი, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში არ ვისწავლი-მეთქი. 50-იან წლებში უკვე იკლებდა ქუთაისის ხიბლი, ყველა თბილისისკენ იხედებოდა... სამწუხაროდ, ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ ახლა უნდა ვიზრუნოთ, საქართველოს ქალაქები არ დაცარიელდეს...

- თუნდაც ის, რომ თქვენ გაქვთ "ტყის ძმების" კავშირი და თქვენი საძმო ყოველ ნაახალწლევს იკრიბება ქუთაისში, იმის დასტურია, რომ არ გეთმობათ თქვენი ქალაქი...
- ცხადია... მე  "ტყის ძმების" უფროსი გახლავართ. ყოველი ახალი წლის მეორე შაბათს, სადაც უნდა ვიყოთ, ჩავდივართ ქუთაისში და  გავდივართ ტყეში. როგორი ამინდიც უნდა იყოს, ამ რიტუალს მაინც შევასრულებთ. სამწუხაროდ, რამდენიმე წევრი გამოგვაკლდა, აღარ არიან ამქვეყნად. 10-12 კაცი დავრჩით.
წელს მშვენიერი ადგილი ავირჩიეთ: წყალწითელას მეორე სათავეს ვეძახით, ვიღაცამ კი "იაზონის თვალი" დაარქვა.  გამოქვაბულია. ბოლომდე არც მე შევსულვარ... ვიწროვდება და უსიამოვნო ხდება. აი, იქ გვექნება საძმოს შეკრება...

- ვინც არ იცის თქვენი რიტუალების ამბავი და მოულოდნელად გადაგეყრებათ, შეიძლება გვარიანად შეშინდეს...
- ერთხელ მართლა შევაშინეთ ვიღაც...  კარგი ამინდი იყო, უცნობმა ცხენით ჩამოიარა. რომ დაგვინახა, სასწრაფოდ გადაუხვია გზიდან, ალბათ იფიქრა, რა ხალხია,  რა უნდათ ამ დროს აქო... ისე არ წარმოიდგინოთ, რომ მხოლოდ ვქეიფობთ, ბევრ საკითხზე ვმსჯელობთ. ხან კონფლიქტიც გვაქვს, როცა პოლიტიკურ სიმპათიებს ეხება საქმე... იყო დრო, პოლიტიკის მეტი არავის არაფერი აინტერესებდა, ახლა რომ ვუყურებ, პოლიტიკური აჟიოტაჟი თანდათან ცხრება, დღევანდელი ახალგაზრდების უმრავლესობას კი სულ არ აინტერესებს პოლიტიკა...

- კარგია თუ ცუდი?
- კარგია! ჩვენ ზედმეტად გაპოლიტიკურებულები ვიყავით. მაგრამ როცა ხელისუფლებაში მოსულები არიან პასიურად, როცა რაც უნდა გაკეთდეს,  ცუდად კეთდება, ეს ცხადია, ძალიან ცუდია! ამხელა ასაკის კაცი ვარ და ახლა რომ სიტუაციაა, მსგავსი არ მახსოვს. ვერც გავიგე, რატომ იქცევიან ასე... ხალხიც რაღაცნაირად აღარ ხმაურობს... მოსაწყენი გახდა ყველაფერი...

უმრავლესობა ინფანტილური ხდება... ყველა თავის ნაჭუჭშია გამოკეტილი და თავის საშოვარს ეძებს...

- სიდუხჭირე განსაკუთრებით მძიმე ტვირთად დააწვა თანამედროვეობას, ეს განსაზღვრავს იმ ინფანტილურობასაც, ალბათ...
- არა მარტო სიდუხჭირე... ხელმოკლეობა ადრე რომ იყო, ისე უნდოდა! მაშინ ამას არ აქცევდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ნაკლებად სტრესული იყო მაინც ის უქონლობა...

- იმიტომ ხომ არა, რომ პროლეტარული სახელმწიფო იყო და იდეოლოგიურად უქონლობა უფრო "საპატიოდ" ითვლებოდა?

- მიჩვეული იყო ხალხი ასეთ ყოფას. სხვაობაც შეძლებულსა და ნაკლებად შეძლებულს შორის ამხელა არ ყოფილა...

- რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ პრობლემად, რაც გვიშლის ხელს განვითარებაში?
- ყველაზე მეტად თვალში მხვდება გულგრილობა...  გულგრილობა არა მარტო ერთმანეთის, საკუთარი ქალაქის, სოფლის მიმართაც... ამას ვერასდროს შევეგუები. ახლაც კი, ქუთაისში ჩავალ თუ არა, პირველად ბაღში მივდივარ. გადავათვალიერებ - ვინ ზის, რა სიტუაციაა. შემდეგ რიონს უნდა გადავხედო. ვიდრე ამას ვაკეთებ, გული გამალებით მიცემს. გავიფიქრებ, როგორი იყო ქუთაისი. ცისფერყანწელები, წარჩინებული ქართველები ცხოვრობდნენ. მერე ჯერ რევოლუციამ მოსრა ყველაფერი, მერე - ყველა თბილისში წავიდა.

პატარა ქალაქების დაცარიელება დიდი ტრაგედიაა. მახსოვს, ქუთაისში კოლაუ ნადირაძე დარჩა მარტო თავისი წრიდან. მეციხოვნესავით იყო, არ თმობდა...
ერთი ებრაელი - კაკიტელაშვილი  გამოსულა და რიონის მოაჯირს ასუფთავებს. დაიხრება და კოცნის. დილით სასადილოს მორიგემ მიამბო, ასე იყოო. მეორე დღეს კაკიტელაშვილი წავიდა  ისრაელში.

- ებრაელების უბანი უნიკალური იყო ქუთაისისთვის...

- წავიდა სუყველა. იმ უბანში ვსწავლობდი. სკოლის მახლობლად ორი სინაგოგა ახლაც დგას, თუმცა, აკლდამებივით გამოციებულა. რაც ებრაელებმა მიატოვეს, იუმორიც დაიკარგა.

- კოლაუ ნადირაძე ახსენეთ.
- ჩვენი წრე სხვა იყო, ის - სხვა...  მისი მუშტის ძალა ყველამ იცოდაო... მე რომ წამოვიზარდე, ბევრი წასული იყო... ყველა იგონებდა მაშინ, ასე იყო, ისე იყოო... წარსულით ცხოვრობდნენ.

- საახალწლოდ რას უსურვებთ მკითხველს?
- სიმშვიდეს, არ ავყვეთ ცდუნებებს. ყველაფერი სწორად მიდის, ამის შეცვლა უსიამოვნების მეტს არაფერს მოგვცემს...

"ცისფერი მთები" -  ჩვენი ყოფის ირონია

რეზო ჭეიშვილი სხვადასხვა დროს თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იყო მწერალთა კავშირის მდივანი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("მზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "გათენების წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ექსპრესინფორმაცია") სცენარის ავტორი. დაწერილი აქვს მრავალი რომანი, მოთხრობა, პუბლიცისტური ნაწარმოები. არის შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

რეზო ჭეიშვილის თხზულების, "ცისფერი მთების"მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ. "ცისფერი მთები"კინოკლასიკის შედევრად იქცა.
"ცისფერი მთები"ხშირად გვახსენებს თავს. ჩვენი ყოფის ირონია საშუალებას არ გვაძლევს, მასში დასმული პრობლემები უგულებელვყოთ. კვლავ ამოვიცნობთ საკუთარ თავს პერსონაჟების ზერელე საუბარსა თუ ქაოსურ საქციელში, მიუხედავად იმისა, რომ ნანგრევების ქვეშ მოყოლის საფრთხე მუდამ თან დაგვდევს, უარს ვერ ვამბობთ ძვალსა და რბილში გამჯდარ ნაკლსა თუ ცდუნებებზე. "გაიტანეთ, გაიტანეთ გრენლანდია!!!" ისევ ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ - "ცისფერი მთები"დღემდე მნიშვნელოვანია.
გელა
31 დეკემბერი 2014 22:15
მივესალმები ბატონ რეზოს, უშესანიშნავეს ადამიანს, ერის საამაყო შვილს!

ვულოცავ მომავალ შობა-ახალწელს, ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, დიდხანს ცხოვრებას, გახარებას ქართველი ხალხის უკეთესი მომავლით!

aleko
30 დეკემბერი 2014 08:57
ღირსეული ქუთაისელი
ღირსეული მოქალაქე
ღირსეული ერის კაცი
,,ჭუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე
მგონი ესეც გმირობაა დიდი"

რედაქტორის რჩევით