"პალიტრა TV" ახალი სეზონიდან ბევრი სიახლით დაბრუნდება ეთერში
29-12-2014
"პალიტრა TV" ახალი სეზონიდან ბევრი სიახლით დაბრუნდება ეთერში
"2015 წელს გადაცემები ახალი ტექნიკით აღჭურვილი სტუდიებიდან გავა ეთერში. იქმნება ახალი გადაცემები და განახლდება ძველი..."

მაშინ, როდესაც ყველას სძინავს, არ სძინავს "პალიტრა TV"-ს გუნდს. ისინი თქვენთან შესახვედრად ემზადებიან და  გიჩვენებენ იმას, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. მრავალფეროვანი სატელევიზიო ბადე მომავალი  წლიდან კიდევ უფრო გაფერადდება და არაერთ სიახლეს შესთავაზებს მაყურებელს. სატელევიზიო სივრცე ახალი სეზონისთვის ემზადება, თუმცა, სანამ სიახლეებზე მოგითხრობთ, "პალიტრა TV"-ს ტექნიკური დირექტორი  ტელევიზიის პირველ ნაბიჯებს იხსენებს.


ზაზა ქანთარია, "პალიტრა TV"-ს ტექნიკური
დირექტორი:
- თავიდან ტელევიზია "პალიტრა TV" მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობდა. შემდეგ გაჩნდა იდეა, სიგნალის ხარისხი ისე გაგვეზარდა, რომ სატელევიზიო მასშტაბზე გავსულიყავით. გარკვეული ტექნიკური ცვლილებების შემდეგ, 2012 წლიდან, საკაბელო მაუწყებლობაზე - "გლობალზე" გადავედით. შევიძინეთ უახლესი აპარატურა, რომელიც სატელევიზიო ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის.“
"პალიტრა TV"-ს
გენერალური დირექტორი და გენერალური პროდიუსერი გასულ წელს აფასებენ და ახალი სეზონის სიახლეებს გვაცნობენ.

ინგა დადიანი, "პალიტრა TV"-ს გენერალური დირექტორი: „- 2014 წელი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ფუნდამენტის ჩაყრა დავიწყეთ მომავალი 2015 წლისთვის. ახალი სეზონი გადამწყვეტი ეტაპი იქნება ჩვენი ტელევიზიისთვის, რადგან 2015 წელს გადაცემები ახალი ტექნიკით აღჭურვილი სტუდიებიდან გავა ეთერში. უკვე გვყავს ახალ ტექნოლოგიებზე დატრენინგებული "სტაფი". იქმნება ახალი გადაცემები და განახლდება ძველები. გვექნება ჩვენი გახმოვანების სტუდიაც. დაგვემატებიან ახალი სახეები... დიდ იმედს ვამყარებთ მომავალ წელზე და რაც ჩაფიქრებული გვაქვს, აუცილებლად განვახორციელებთ.“   

მაკა ლომიძე, "პალიტრა TV"-ს გენერალური პროდიუსერი:
- მიმდინარე წელი "პალიტრა TV"-სთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო - გაჩნდა ექვსი ახალი პროექტი, რომლებსაც უკვე თავისი მაყურებელი ჰყავს. გავხდით უფრო პოპულარული და უნდა ითქვას, რომ "პალიტრა თV"-მ თავისი ადგილი დაიმკვიდრა სატელევიზიო ბაზარზე. რაც შეეხება მომავალ წელს, ჩვენი ფოკუს-ჯგუფი იქნება სრულიად საქართველო. დაემატება ახალი სერიალები და ძველი გადაცემები სახეცვლილი გავა ეთერში.“ 

"დილის პალიტრა“

უკვე მესამე თვეა, რაც "პალიტრა TV"-სა და "რადიო პალიტრის" ეთერში განახლებული "დილის პალიტრა" გადის. მრავალფეროვანი, ინფორმაციული და შემეცნებითი რუბრიკებით დილის 8-დან 10 საათამდე მაყურებლისა და მსმენელის დილის განწყობაზე ორი წამყვანი - ეთო ფურცხვანიძე და ირაკლი გოგოლაძე ზრუნავენ.

ეთო ფურცხვანიძე, "დილის პალიტრის"  წამყვანი: - წამყვანის ამპლუაში პირველად ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ამ სამ თვეში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ძნელია, როდესაც გამოცდილება არ გაქვს და პირდაპირ ეთერში იწყებ მუშაობას. პირველი ორი კვირა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ახლა მივეჩვიე და თავს კარგად ვგრძნობ. ერთადერთი სირთულე დილით ადრე გაღვიძებაა, თუმცა, ამასაც ვეჩვევით. მე და ჩემი თანაწამყვანი ირაკლი გოგოლაძე ყოველ დილით ვცდილობთ, ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს კარგი განწყობა შევუქმნათ.  მგონი, გამოგვდის კიდეც. ასე რომ, დაგველოდეთ ყოველ დილას "პალიტრა თV"-სა და "რადიო პალიტრის" ეთერში, ჩვენ თქვენს განწყობაზე ვზრუნავთ.“

"დილის პალიტრა" განახლებული ეთერითა და მრავალფეროვანი რუბრიკებით მაყურებელსა და მსმენელს იანვრიდან ახალი სტუდიიდან მიესალმება. 

"ინტერნეტპალიტრა“ და „მიმიხვდი“

თამთა ასათიანი უკვე წელიწად-ნახევარია, რაც "პალიტრა TV"-ს მაყურებელს ყოველდღიურად ქართულ და უცხოურ ინტერნეტსიახლეებს აცნობს, კვირაში ერთ დღეს კი გადაცემა "მიმიხვდის" წამყვანად გვევლინება.

თამთა ასათიანი, წამყვანი: - ამჟამად  ორ გადაცემას: "ინტერნეტპალიტრასა" და "მიმიხვდის" ვუძღვები. მაყურებელს "ინტერნეტპალიტრა" ინტერნეტსივრცის აქტუალურ თემებსა და სიახლეებზე დღეში ორჯერ - საღამოს ექვსსა და ცხრა საათზე მოუთხრობს. სამწუხაროდ, მიმდინარე წელს ბევრი ნეგატიური ინფორმაციის გაშუქებამ მოგვიწია. იმედი გვაქვს, მომავალ წელს უფრო ბევრი სასიამოვნო ამბის გაშუქება მოგვიწევს. რაც შეეხება "მიმიხვდის", ეს არის გასართობი და სახალისო გადაცემა, სადაც მოწვეული სტუმრების წყვილს ერთმანეთისთვის მინიშნებებით უწევს სხვადასხვა სიტუაციის ახსნა. ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღიურად პროფესიონალებთან მიწევს ურთიერთობა, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ და ამ მედიასახლის წევრი მქვია. რაც აქ ვარ, ბევრი რამ ვისწავლე. მიხარია, რომ მაყურებელი დღითი დღე გვემატება. იანვრიდან მაყურებელს განახლებული სტუდიიდან მივესალმებით.“

"გვეთამაშე ჩვენ“ და „ლუპა“


ყოველ სამშაბათს საღამოს ეთერში დგება დრო გადაცემისა "გვეთამაშე ჩვენ". მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი (მეგრელა) უკვე ექვსი თვეა, გასართობ-შემეცნებით გადაცემას უძღვება და სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურიდან 15 მარტივი კითხვით მოწვეული სტუმრის ინტელექტს ამოწმებს. ცოტა ხნის წინ ახალი გადაცემის წამყვანობაც შეითავსა. გადაცემას "ლუპა" ჰქვია და გიორგი სტუმართან ერთად ბილიარდის თამაშისას  სხვადასხვა ფილმს განიხილავს. ამბობს, რომ თეატრისა და კინოს მსგავსად, ტელევიზიაც ძალიან საინტერესოა და ჩათრევა შეუძლია.

გიორგი მეგრელიშვილი: - როგორც მსახიობისთვის, რეჟისორისა და სცენარისტისთვის, ძალიან საინტერესოა ეს პროცესი. მიმდინარე წელი ნაყოფიერი იყო და დარწმუნებული ვარ, ახალი სეზონი უფრო საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. დიდი სურვილი მაქვს, გადავიღო ფილმი, ვნახოთ, რა და როგორ იქნება.“  

"განო და კოტე შუადღის ამბებით“

ყველაფერი ორი წლის წინ, წიგნების სარეკლამო რგოლების გადაღებით  დაიწყო. მსახიობ კოტე თოლორდავასა და განო მელითაურის ოჯახურ წყვილს თავიდან "განოს და კოტეს შოუ" მიჰყავდათ. რამდენიმე თვეა, ყოველდღე "რადიო პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ს ეთერში მიჰყავთ გადაცემა "განო და კოტე შუადღის ამბებით".

კოტე თოლორდავა:
- ორი წელია, რაც„"პალიტრამედიის" თანამშრომელი ვარ. დაახლოებით რვა თვე "განოს და კოტეს შოუ" მიგვყავდა. გადაცემა "განო და კოტე შუადღის ამბებით" პირდაპირ ეთერში გადის და ყოველდღიურად სხვადასხვა თემას ვეხებით. ამ ორმა წელმა მე და ჩემს მეუღლეს ერთად ყოფნისთვის მეტი დრო მოგვცა, რის დეფიციტიც ყოველთვის გვქონდა. გარდა ამისა, ორივეს დიდი გამოცდილება დაგვიგროვა.

განო მელითაური: - ეს არის სივრცე, სადაც მაქვს სიტყვის თავისუფლება. გადაცემის ფორმატი მაძლევს საშუალებას, ვისაუბრო იმ თემებზე, რომლებზეც, ვფიქრობ, სხვა არხებზე ვერ ვილაპარაკებდი. აქაურობა ჩემთვის სტაბილურობასთან ასოცირდება და ამიტომაც მინდა, დიდხანს ვითანამშრომლო "პალიტრა თV“-სთან. ჩემი ერთი პროფესია რეჟისორობაა, მეორე - პიარი. ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო და მინდოდა მუშაობა. გადაცემის წამყვანობა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო. ახლანდელი ჩვენი გადაცემა საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. ვცდილობთ, გავაშუქოთ ყველა ის პრობლემა, რაც მოქალაქეებს აწუხებთ. მედიატორის როლს ვასრულებთ საზოგადოებას, სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს შორის. მომწონს, რომ ქალაქისა და ქვეყნის მაჯისცემას ვგრძნობთ და ჩართული ვართ ამ პროცესში. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი მაყურებლის ასეთ გამოხმაურებას და ნდობას. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მათ ერთგულებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადამიანების დახმარება შევძლოთ. ახალი სეზონიდან ბევრ საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ. იანვრიდან ვიწყებთ ახალ ტოქშოუს. ეს გადაცემა იქნება სრულიად ახალი ფორმატის - არასტანდარტული, ყველა ასაკის მაყურებლისთვის საინტერესო და მისაღები.“

,,მოკლე ჩართვა" და ,,რეზიუმე"

მერაბ მეტრეველს უკვე ექვსი წელია, ყოველდღე გადაცემა ,,რეზიუმე" მიჰყავს და მოწვეულ სტუმართან ერთად დღის მნიშვნელოვან თემას აჯამებს. ბოლო ერთი წელია, რაც ,,პალიტრა TV"-სა და "რადიო პალიტრის" ეთერში ახალი გადაცემა ,,მოკლე ჩართვა" გაჩნდა. 

მერაბ მეტრეველი: "მოკლე ჩართვაში" მაყურებელი და მსმენელი რეკავს და პოზიციას აფიქსირებს. ძალიან მახარებს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი გვირეკავს... ,,რეზიუმე" დღის შემაჯამებელი გადაცემაა, სადაც დღის მთავარ თემას მოწვეულ პოლიტიკოსებთან ერთად განვიხილავთ. მაყურებელიც რეკავს და სტუმარს შეკითხვას უსვამს. \მომავალი წლიდან უკეთესი  ტელევიზია გვექნება... ახალი სეზონიდან ,,რეზიუმე" და ,,მოკლე ჩართვა" განახლებული ეთერით დაბრუნდება".  

დაელოდეთ 2015 წელს. "პალიტრა TV" განახლებული ეთერითა და ახალი გადაცემებით თქვენთან შესახვედრად ემზადება.

თორნიკე ყაჯრიშვილი
გიორგი
06 იანვარი 2015 14:31
ხარისი გაზარდეთ და თხოვნა იქნება ინტელექტუალური და აზრტული გადაცემები მრავლად იყოს სანტერესოა

რედაქტორის რჩევით