საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ისტორიები - კვირის პალიტრა

საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ისტორიები

პირველი ქალბატონის ხვედრი, ისევე როგორც ზოგიერთი გვირგვინოსნის თანამეცხედრის, შესაძლოა, უმძიმესი იყოს, გმირის მანტიაც კი მოირგოს და ისტორიამ პირველი ქალბატონი უფრო დიდი შარავანდედით შემოსოს, ვიდრე მისი მეუღლე, სახელმწიფოს პირველი პირი. ის ქალები, ისევე როგორც სხვა, რიგითი მოკვდავები, ერთ დღეს არჩევანს აკეთებენ და ცოლად მიჰყვებიან მამაკაცებს, რომლებიც შემდგომ არა მხოლოდ ცოლებისა და საკუთარი ოჯახების, მთელი სახელმწიფოს ბედსაც განსაზღვრავენ. უბრალოდ, ამის შესახებ წინასწარ არც ერთმა ქალმა არ იცის. ისევე როგორც  საქართველოს პირველმა ქალბატონებმა არ იცოდნენ, რას უმზადებდა ბედი. უბრალოდ, მათ არჩევანი იმ მამაკაცებზე შეაჩერეს, ვინც მოგვიანებით ერის რჩეული გახდა.

"ვერ შევძელი, მზერა გამესწორებინა"

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მანანა არჩვაძემ ერთმანეთი ტრაგიკული ამბის გამო გაიცნეს, ორივეს დედა მძიმე სენით იყო დაავადებული. ზვიადის ოჯახს ჰქონდა წამლები, რომელიც მდგომარეობას უმსუბუქებდა ონკოლოგიურ პაციენტებს, თუმცა, საქართველოში ოფიციალურად არ იყიდებოდა. მანანამ და მისმა დამ დახმარება სთხოვეს გამსახურდიებს. პირველად სწორედ წამლის ანოტაციის გასაცნობად მიადგა კოლხურ კოშკს მანანა არჩვაძე, მაშინ გაიცნო ზვიადი.

"ზვიადმა გააღო კარი, ლაბადა ჰქონდა მოსხმული და თავზე სვანური ქუდი ეხურა. ისე მომაშეშა თვალები, ვერ შევძელი მზერა გამესწორებინა, ცოტა შიშმა ამიტანა, თვალები დავხარე. მე გაჭირვების გამო მივედი, ის კი არც მომესალმა, არც გამეცნო, ისე გამიყარა თვალი თვალში", - იხსენებს მანანა არჩვაძე.

იმისათვის, რომ შეუღლებულიყვნენ, ოთხი წელი დასჭირდათ. მანანა არჩვაძე ამბობს, რომ პირველი დღეებიდანვე, მათ ურთიერთობას უშიშროების სამსახური მეთვალყურეობდა, რაც უამრავ სირთულეს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, მაინც შეუყვარდა. "არადა, ხშირად ვემალებოდი, მაგრამ ერთ დღესაც მალვა ლოდინში გადავიდა, ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა ზვიადი. გამსახურდიამ ის დაგეგმა, როგორ დაემხო საბჭოთა კავშირი და მანანა როგორ დაემორჩილებინა, ამას ვერ დაგეგმავდა?" - ღიმილით იხსენებს ექსპრეზიდენტის მეუღლე, რომელსაც ქმარი მოფერებით ტუგუნას ეძახდა.

"რა არის კარიერა სიყვარულთან შედარებით?!"

მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების შემდეგ რიგრიგობით გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაგან ზოგი მის უკანონო შვილობას იბრალებს, ზოგიც ამბობს, რომ შევარდნაძის საყვარელი  იყო, შევარდნაძეების ოჯახის ახლობლები მხოლოდ ერთს ამბობდნენ, ნანულის და ედუარდს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ნანული ცაგარეიშვილის მამა - რაჟდენი, სტალინის მმართველობის პერიოდში "სამშობლოს ღალატისთვის" დახვრიტეს. წყვილი 1951 წელს დაქორწინდა, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება "ქვეყნის მოღალატის" შვილთან შევარდნაძის  კარიერისთვის დამღუპველი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვაჟს უკან არ დაუხევია.

მოგვიანებით ნანული ცაგარეიშვილი ედუარდ შევარდნაძესთან დაახლოების პერიოდს ასე იხსენებდა: „"...შენ ხომ იცი, რომ მე ობოლი ვარ-მეთქი. მერე რა მოხდა, რომ ობოლი ხარ. ეს რა, გგონია, ნაკლია ადამიანისთვის? მოდი, კარგად გავერკვეთ სიტუაციაში. ჩემი მამა... რა, შენი მამა? იცი, რას გეტყვი? - ვიფეთქე უცებ და ხმას ვუწევ, - ჩემი მამა ძალიან პატიოსანი, სამშობლოს  და ოჯახის ერთგული ვაჟკაცი იყო. ჰოდა, ეს კეთილშობილი, ჭკვიანი კაცი ერთ ღამეს ცხოველივით წაიყვანეს და დახვრიტეს! რომ შევუღლდეთ, შენ პარტიულ კარიერას უნდა გამოეთხოვო... იცი, რას გეტყვი? რა არის კარიერა სიყვარულთან შედარებით?!"

ნანული შევარდნაძე 2004 წელს გარდაიცვალა. საზოგადოებას თავი დაამახსოვრა არა მარტო როგორც იდეალურმა ცოლმა და მეგობარმა, არამედ ქალმა, რომელმაც უკიდურესი გაჭირვების წლებში განაცხადა, კარგმა დიასახლისმა 7 ლარი თვიდან თვემდე უნდა იმყოფინოსო...

"მე ვუთხარი მიშას: თანახმა ვარ"

შარშან, 17 ნოემბერს, 20 წელი შესრულდა მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა-ელისაბედ რულოვსის ქორწინებიდან. დღემდე არ ცხრება მითქმა-მოთქმა ექსპრეზიდენტის  სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ, თუმცა, იმასაც ამბობდნენ, რომ სანდრა თვალს ხუჭავდა მის მანკიერ გამოხდომებზე, რატომ? მას არასოდეს უსაუბრია მსგავს თემებზე. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სანდრა რულოვსი ლადყ.მაილ.რუ-ს გამოქვეყნებულ მსოფლიოს 10 გამოჩენილ პირველ ქალბატონს შორის მოხვდა, მისი ასეთი თავდაჭერილობაც იყო.

სანდრამ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა: "ოცი წლის წინათ, 17 ნოემბერს, მე ვუთხარი მიშას:  თანახმა ვარ". რიგითი დღე, რიგითი სამოსი და ხელში ერთი ვარდი მიჭირავს..."

ათი წლის წინათ, 2003 წლის ნოემბერში მე ვუთხარი საქართველოს: "დიახ, მე ამას გავაკეთებ". ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალი, არაჩვეულებრივი მამაკაცის გვერდით. სადაც კი წავედი, ყველგან ვარდები მივიღე.

დღეს, 2013 წლის 17 ნოემბერს, ჩვენი ქორწინების მეოცე წლისთავზე არ არის არც ერთი ვარდი, მაგრამ არის ეკლები და ცრემლები. ჩვენი პატარა შვილი მიყურებს და კითხულობს, მალე თუ დავბრუნდებით სახლში, და კვლავაც, იმედითა და ნდობით აღსავსე, ნიკუშას ვპასუხობ: "დიახ, ჩვენ დავბრუნდებით"..."

ახლა სანდრა ჰოლანდიაშია, მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში. ექსპრეზიდენტის გვერდით არ არის ცოლი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ქმრის წარმატებისთვის, მის გამო ქართული ისწავლა და მართლმადიდებლად მოინათლა.

"მე ვარ შეყვარებული"

ახლა საქართველოს რიგით მეოთხე პირველი ლედი ჰყავს, რომელიც წინამორბედებისგან იმით განსხვავდება, რომ როდესაც ოფიციალურ ცოლობაზე დათანხმდა, მომავალი ქმარი უკვე პრეზიდენტი იყო.

ვიდრე მომავალ პრეზიდენტს შეხვდებოდა, მაკა ჩიჩუას თურმე ნახევარი თბილისის ბიჭები ეტრფოდნენ.

მაკა ჩიჩუამ უამრავი ჭორი, ქილიკი, ირონია გადაიტანა. მერე რა?! მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რას ფიქრობდა მის შესახებ კაცი, რომელიც უყვარს. კაცი წუხდა...

"მაკა არის ადამიანი, რომელმაც ურთულეს ვითარებაში, როდესაც ვიყავი მუდმივი ზედამხედველობის, სახელმწიფოს მძაფრი თვალის ქვეშ,  შეძლო და მასწავლა, რომ შეიძლება იყო მშვიდად. მაკასთან ოფიციალურ ქორწინებაში არა ვარ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რა ურთიერთობა მაქვს მასთან. არასდროს ვყოფილვარ მზად, პასუხები გამეცა საანკეტო კითხვებისთვის... შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ შეყვარებული და ეს ჩემთვის ძალიან მაღალი ღირებულებაა", - განაცხადა მარგველაშვილმა წელიწადზე მეტი ხნის წინ, მაგრამ, როდესაც გაიგო, რომ ვაჟის მამა გახდებოდა, საანკეტო კითხვებისთვის პასუხებიც გაუჩნდა და საყვარელი ქალის მიმართ პასუხისმგებლობის დაკანონებაც გადაწყვიტა - მაკა ჩიჩუასთან ხელი ოფიციალურად მოაწერა.