წლის სატელევიზიო სკანდალი - რა მოხდა "მაესტროში"
29-12-2014
წლის სატელევიზიო სკანდალი - რა მოხდა "მაესტროში"
ბაია გადაბაძე: "ეს ადამიანები ლაღად გრძნობდნენ თავს და კაცმა არ იცის, ვისგან იღებდნენ დირექტივებს..."

"ყველას ვურჩევ, საკუთარ ბიოგრაფიას გადახედოს"

კოკა ყანდიაშვილი:„ნინო ჟიჟილაშვილს ალბათ, ეგონა, რომ დაინგრეოდა სამყარო, თუ ის დატოვებდა "მაესტროს"

ნინო ჟიჟილაშვილი: "არ მინდოდა, ვყოფილიყავი იდეოლოგიური მანქანის ნაწილი...“


ტელეკომპანია „"მაესტრო", რომელმაც წინა ხელისუფლების დროს არაერთ ქარტეხილს გაუძლო, კვლავაც პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში არხის რეიტინგი და ფინანსური შემოსავლები შემცირდა. კრიზისიდან თავის დასაღწევად არხის მენეჯმენტი განიხილავდა არაერთ ვარიანტს,
მათ შორის - სარეკლამო დროის გასხვისებას. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რამდენიმე ბიზნესჯგუფთან, მათ შორის -"რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ კომპანიასთან, რასაც ადასტურებს„"მაესტროს" კომერციული დირექტორი გიორგი ისაკაძე. ის ამბობს, რომ იყო 4-5 ვარიანტი, მაგრამ ამ ეტაპზე შეთანხმებას ვერც ერთთან ვერ მიაღწიეს. როგორც არხის მენეჯმენტში აცხადებენ, რეიტინგის და შემოსავლების გაზრდის მიზნით
ტელეკომპანიამ საეთერო ბადის შეცვლა, კერძოდ, მთავარი საინფორმაციო გამოშვება "ცხრიანის" გაუქმება და მის ნაცვლად კოკა ყანდიაშვილის საავტორო გადაცემის - "ლაპარაკობს თბილისი" -“ჩასმა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა და მათ არხი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად დატოვეს. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა კოკა ყანდიაშვილი, რომელიც ამჟამად მთავრობის კანცელარიის თანამშრომელია.


"კვირის პალიტრას" ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი ესაუბრა: - არ მინდოდა, იდეოლოგიური მანქანის ნაწილი ვყოფილიყავი. ჩვენ ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ„"მაესტროს" საინფორმაციო სამსახური შორს უნდა იყოს კონიუნქტურისგან.

მითხრეს, რომ უნდა ვყოფილიყავი კრიტიკული ყველა პოზიციის, მათ შორის - პროდასავლური პოზიციის მიმართ,
ვინაიდან არხის დამფუძნებელს მიაჩნდა, რომ ესეც პოზიციაა. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობდით, მაგრამ ასეთი მიდგომა არასდროს ასახულა საინფორმაციო სამსახურის მუშაობაზე, ვერც იმას ვიტყვი, რომ ერთ-ერთი მეწილე კოტე გოგელია ან სხვა ვინმე ჩაერია რედაქციის მუშაობაში. ერთ-ერთი თათბირის შემდეგ დამირეკა კოტე გოგელიამ და საკმაოდ მკაცრად მითხრა, რომ გათავისუფლებული ვარ ტელეკომპანიიდან, რადგან საინფორმაციო სამსახურში ვქმნი ნეგატიურ განწყობას.

არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე კი„"მაესტროს" ცხრიანის" საეთერო ბადიდან მოხსნას ამ გადაცემის დაბალ რეიტინგს უკავშირებს:

- ჟურნალისტებს, რომლებიც დღეს ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით საუბრობენ, მინდა შევახსენო, რომ როდესაც მე სიცოცხლის რისკის ფასად ვმუშაობდი, ისინი ევროპის ბიუროში საკმაოდ მშვიდად საქმიანობდნენ. დღემდე არ არის გარკვეული მათი კურსი... ამიტომ, სანამ ჩემზე ან აქ დარჩენილ ჟურნალისტებზე რამეს იტყოდნენ, ვურჩევ, საკუთარ ბიოგრაფიას გადახედონ.

ვიმეორებ, როცა მე თავისუფალი სიტყვის გადარჩენისთვის ვიბრძოდი, ეს ადამიანები ლაღად გრძნობდნენ თავს და კაცმა არ იცის, ვისგან იღებდნენ დირექტივებს.

- ამბობენ, რომ შესაძლოა, არხმა იდეოლოგია შეიცვალოს...

-ეს არის ტელევიზია და არა - ქარხანა ან რესტორანი. ყველაფერი ეკრანზე გამოჩნდება. კატეგორიულად უარვყოფ იდეოლოგიის ცვლილებას.

- ვახო სანაიამ არხიდან წამოსვლის მიზეზად ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეპორტაჟების მომზადება დაასახელა..

- როდესაც არხიდან წავიდა და მიზეზს ეკითხებოდნენ, მაშინ ეთქვა, თუ რამის თქმა უნდოდა.

- რატომ გაგიჩნდათ კოკა ყანდიაშვილთან თანამშრომლობის სურვილი?
- იმიტომ, რომ გვსურს, გაკეთდეს რეიტინგული და საინტერესო გადაცემა. როდესაც ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი 21 აპრილს დასხდნენ განახლებულ ეთერში, იმედი ჰქონდათ, რომ მათი რეიტინგი 9 საათზე სხვა არხებზე გასული საინფორმაციო გადაცემების რეიტინგზე მაღალი იქნებოდა, მაგრამ ბოლო დროს "მაესტროს" ცხრიანს", სამწუხაროდ, პულსიც კი აღარ ესინჯებოდა.

კოკა ყანდიაშვილი ფიქრობს, რომ ნინო ჟიჟილაშვილს და მასთან ერთად წასულ ჟურნალისტებს კონკურენციის შეეშინდათ:

- ამ პროექტის მომზადება დაწყებულია, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, რადგან სტუდია ჯერ შექმნილი არ მაქვს. სამწუხაროა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი მიხსენიებს, როგორც კანცელარიის თანამშრომელს. მგონი, ეს დანაშაული არ არის, თუმცა, საბედნიეროდ, მაყურებელი მიცნობს, როგორც ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილს. არა მგონია, რომელიმე ტელეარხისთვის ჩემი მისვლა პრობლემა იყოს. არ ვიცი, რა დაემართათ ამ ადამიანებს, ალბათ, კონკურენციის ეშინიათ, რადგან მე მოვახერხებ, მაყურებელს ახლანდელზე საინტერესო პროექტი შევთავაზო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში "მაესტროს" რეიტინგი არნახულად დაეცა. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჟიჟილაშვილი არხიდან წავიდა, თუმცა, როგორც ვიცი, ის არავის გაუგდია. ერთ-ერთ ვარიანტად შევთავაზე, რომ ერთად წაგვეყვანა გადაცემა, ამის შესახებ მენეჯმენტსაც ვესაუბრე.

- თქვენ ასოცირდებით მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ამჟამადაც მუშაობთ... ამიტომ ხომ არ დაინახეს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ხელისუფლების ჩარევის საფრთხე?
- მე ვერ მოვახდენ გავლენას ტელევიზიის დამოუკიდებლობაზე, მით უმეტეს - საინფორმაციო სამსახურზე, რადგან მე გადაცემას ვამზადებ დამოუკიდებელ სტუდიაში და არ ვიქნები არხის თანამშრომელი. იმდენს იძახიან, რომ უკვე ვფიქრობ, ხომ არ წამოვიდე კანცელარიიდან და "მაესტროს" მენეჯმენტში დავსაქმდე...

- რა ტიპის გადაცემას ამზადებთ და იქნება თუ არა ის კრიტიკული მთავრობის მიმართ?

-რატომ უნდა იყოს კრიტიკული? იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც დააინტერესებს საზოგადოებას. ეს უნდა იყოს საზოგადოებაზე ორიენტირებული გადაცემა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ - ეს არ იქნება გადაცემა, რომელიც ვინმეს "გააპრავებს". სხვათა შორის, დიდი მადლობა ამ ადამიანებს, მათ მშვენიერი პიარი გაგვიკეთეს. ალბათ ჟიჟის (ნინო ჟიჟილაშვილი) ეგონა, რომ დაინგრეოდა სამყარო, თუ ის დატოვებდა "მაესტროს". მეცოდება ეს ხალხი, ახალი წლის დღეებში უმუშევარი რომ დარჩნენ.

- მოლაპარაკებები უშუალოდ კოტე გოგელიასთან გქონდათ?

-მოლაპარაკებები მქონდა არხის მენეჯმენტთან, რა თქმა უნდა, ვესაუბრე კოტესაც, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ.
კოტე გოგელია ამჟამად საქართველოში არ არის. არხის ერთ-ერთი მფლობელი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება დამფუძნებელთა კრება.

როგორც იცით, ჩემი წილი მართვის უფლებით მქონდა გადაცემული, მაგრამ ახლა პირადად გავარკვევ, რა იყო ჟურნალისტების წასვლის მიზეზი.

- თქვენ მხარს უჭერთ "მაესტროში" კოკა ყანდიაშვილის მოსვლას?
-უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რის გაკეთებას აპირებს. აჟიტირებული ჟურნალისტებივით კივილს ვერ დავიწყებ, ვაიმე, რა ხდება ჩვენს თავს-მეთქი. ჟურნალისტებმა განაცხადეს, მომავალში შეიძლება ჩვენს საქმიანობაში ჩაერიონო. თუ ასე მოხდებოდა, მაშინ მიეღოთ გადაწყვეტილება.

- საფუძვლიანია ბრალდება, რომ არხი იცვლის იდეოლოგიას?

-სად გადის ზღვარი პრორუსობას, პროამერიკელობასა და პროქართველობას შორის, ვერ ვხვდები. თუ შეიცვლის იდეოლოგიას, მერე ავტეხოთ განგაში. სასაცილოა იმის თქმა, თითქოს პუტინი უკარნახებს "მაესტროს", რა უნდა გაუშვას ეთერში.

ვახო ბერიძე

glaxuna
31 დეკემბერი 2014 22:47


ეს ყანდიაშვილი,

ანუ ,,ჟურნალისტი,, ?!

შევარდნაძის მეხოტბე...


აღარავის სურთ და არავის აქვს მოთხოვნილება... 90-ანი წლების,
და თქვენი დ ე მ ა გ ო გ ი ი ს,

და მალე თავადაც გაიგებთ!
არჩილ ხოფერია-ს
31 დეკემბერი 2014 12:48
შენ ის ხარ არა დემოკრატია და დასავლეთი რომ სძულს?! გასაგებია ბატონო
lilika
30 დეკემბერი 2014 22:38
ერთი რასაც მაესტროზე ვუყურებდი 9იანი იყო და ოდიშვილი კიდევ სანაია სხვა არც არაფერი მომწონდა

რედაქტორის რჩევით