სტუმრად პატრიარქთან - რა გაიხსენა უწმინდესმა - კვირის პალიტრა

სტუმრად პატრიარქთან - რა გაიხსენა უწმინდესმა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 37-ე წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოში მიღება გაიმართა.

სტუმრებს საშუალება მიეცათ, მიელოცათ უწმინდესისთვის იუბილე, გაეხსენებინათ პატრიარქთან დაკავშირებული ამბები, მიეძღვნათ საჩუქრები, წაეკითხათ ლექსები, ემღერათ...

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა უწმინდესს ბიბლიის სპეციალური სასაჩუქრე გამოცემის პირველი ეგზემპლარი გადასცა. ეს ბიბლია შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 399 ეგზემპლარი დაიბეჭდა.

მიღებაზე უწმინდესმა გაიხსენა რამდენიმე ამბავი, როდესაც მას პატრიარქობა უწინასწარმეტყველეს:

,,მე და ჩემი ბიძაშვილი ეზოში ვთამაშობდით. მე თერთმეტი წლის ვიქნებოდი, ის - ათის. მამაჩემმა საწერ-კალამი, ქაღალდი და მელანი მოითხოვა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი პატრიარქი გახდებოდა...

სასულიერო სასწავლებელში სწავლისას კი ხმა ჩამესმა: ,,გაუფრთხილდი თავს, ირაკლი, შენ გექნება ის, რაც ჯერ არავის მისცემია".

ილია მეორემ სტუმრებს შეახსენა, რომ ჩვენი მომავალი ღვთის ნებისა და ჩვენი ძალისხმევის ერთობაზე, სინერგიაზეა დამოკიდებული. დასასრულს კი ქართველ ერს, რომელმაც ,,დარდი იცის", მხნეობისკენ მოუწოდა.

"პალიტრა L"-მა საჩუქრად სხვა წიგნებთან ერთად, უწმინდესს პირველი ნომრით დაბეჭდილი ახალგამოცემული ბიბლია გადასცა.

ბიბლია, რომელიც ბერძნულ ენაზე ნიშნავს "წიგნებს" (ბიბლოს -„წიგნი), ერთი წმინდა მამის მიერ ღვთაებრივ ბიბლიოთეკად“ წოდებული, დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნია, მისი ბეჭდური გამოცემების საერთო ტირაჟი მილიარდამდე ეგზემპლარს აღწევს. ყოველი მისი მკითხველი, მორწმუნე იქნება თუ ურწმუნო, რა განათლებისა თუ გემოვნებისაც უნდა იყოს, იმდენ სულიერ და ინტელექტუალურ საზრდოს იღებს მისგან, რამდენის ათვისებაც შეუძლია.

ბიბლია შვიდასამდე ენაზეა თარგმნილი. ქართველი ხალხი ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი ერია, რომელსაც დედაენაზე მოეპოვება ძველი და ახალი აღთქმის უძველესი თარგმანები და მოგვიანო რედაქციები.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით,  გამომცემლობა "პალიტრა-ლ"L-მა, მკითხველს ცოტა ხნის წინ საკმაოდ მაღალ დონეზე შესრულებული ბიბლია შესთავაზა მეტად ხელმისაწვდომ ფასად. მკითხველის ინტერესი ძალიან დიდი იყო ამ გამოცემისადმი და ტირაჟი რამდენჯერმე დაიბეჭდა.

ახლახან გამომცემლობამ სრულიად განსხვავებული, ხელნაკეთი ბიბლია დასტამბა: ჩვენს თანამედროვეობაში ამგვარი გამოცემა პირველია. ეს ძვირფასი სასაჩუქრე წიგნი ხელით დამზადებულ, მოვარაყებულ კარედშია ჩასმული და შეზღუდული რაოდენობით - 399 ცალი გამოვიდა. წიგნს მოჰყვება თითბრის მცირე ზომის დაფა. თითოეული მათგანი დანომრილია. ამ გამოცემის ტირაჟი არ განმეორდება.

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: "მსგავსი პროექტი "პალიტრა L"-ს ადრეც ჰქონდა და საშობაოდ ყველა მეორე შემხვედრს სასაჩუქრედ მიჰქონდა. ბიბლია, როგორც ღმერთის და ადამიანის ცხოვრების ზუსტი ისტორია, ნებისმიერი განათლებული ოჯახის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს. ყოველ წიგნიერ ერს ბიბლიის თარგმნისა და გამოცემის ტრადიცია გააჩნია, ქართველმა ერმა ერთ-ერთმა პირველმა გადმოიღო მშობლიურ ენაზე წმინდა წერილი და, ცხადია, ხელნაწერის სახით შემოგვინახა. არსებობს სხვადასხვა საუკუნეში სავანეებში გადაწერილი ჭელიშის, ადიშის, წყაროსთავის, ოშკის, მცხეთის, გელათის ბიბლია. რაც დრო გადიოდა, ინტერესი ყოველთვის იზრდებოდა ძველი და ახალი აღთქმის მიმართ. დღესაც ასეა. წიგნმა ყველა მორწმუნის ოჯახის კარი უნდა შეაღოს და სათანადო ადგილი დაიმკვიდროს".

დეკანოზი სერაფიმე დანელია: "ისეთ წიგნს, როგორიც ბიბლიაა, შესაბამისად განსაკუთრებული გარეგნობა და ფორმა უნდა ჰქონდეს.

,,წიგნთა წიგნს" და "სიცოცხლის წიგნს", როგორც მას უწოდებენ, საგანგებო პატივითა და მოკრძალებით მოპყრობა შვენის; ეს შესაძლებელი ხდება ხოლმე იმითაც, რომ გამოცემის ხარისხი შესაფერისია - მაღალი და ღირებული..."

თეა ცაგურიშვილი