"დე, ახალი წელი ადამიანობის ნიშნით იყოს აღბეჭდილი!" - ამერიკაში თამაზ ჭილაძის "ბრეიგელის მთვარე" გამოსცეს - კვირის პალიტრა

"დე, ახალი წელი ადამიანობის ნიშნით იყოს აღბეჭდილი!" - ამერიკაში თამაზ ჭილაძის "ბრეიგელის მთვარე" გამოსცეს

"ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ახალი წლის მობრძანება ახალი სამყაროს აღმოჩენაა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეეძლება, გამოავლინოს თავისი უმთავრესი მოწოდება - ღირსეულად ატაროს ერთდროულად ტვირთიც და ღმერთის საჩუქარიც, ადამიანობა რომ ჰქვია სახელად." ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - თამაზ ჭილაძის რომანი "ბრეიგელის მთვარე" გამოიცა.რომანი ინგლისურად მაია ყიასაშვილმა თარგმნა. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჟურნალი Word Literature Today ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით წერს: "სტალინის შემდგომი ეპოქის იმ მწერალთა შორის, ვინც ქართულ ლიტერატურას ახალი, თანამედროვე მიმართულება მისცა, თამაზ ჭილაძეს გამორჩეული ადგილი უჭირავს..." ხოლო გამომცემლობა Dalkey Archive Press თავის მხრივ ასე წარუდგენს მკითხველს ქართველ მწერალს: "თამაზ ჭილაძემ ლექსების პირველი კრებული 1956 წელს გამოსცა. მართალია, დღეს ის უფრო ცნობილია როგორც დრამატურგი, თუმცა მისი მოთხრობები და რომანები ქართული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა"... "პალიტრა მედიის" დიდ გულშემატკივარსა და მეგობარს - თამაზ ჭილაძეს შინ დავურეკეთ:

- ბატონო თამაზ, გილოცავთ 2014 წლის ასეთ სასიამოვნო დასასრულს, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელიწადს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ და მომავალ - 2015 წელს თქვენი კიდევ ბევრი ნაწარმოების გამოცემას ველოდებით თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. და კიდევ ერთსაც გთხოვთ: ტრადიციულად, წინა საახალწლოდ ეგებ სურვილებიც უთხრათ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს.

- დიდ მადლობას მოგახსენებთ მოლოცვისთვის, სურვილებისთვის. დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველა ღირსეულ მკვიდრს ერთი მთავარი სურვილი, იმედი თუ მოლოდინი გვაახლოებს და გვასულდგმულებს: იქნება ახლა მაინც ვიხილოთ მთლიანი, ბედნიერი საქართველო - ჩვენი სამშობლო, კულტურული მსოფლიოს ღირსეული წევრი. ღმერთმა აგვისრულოს ეს ჩვენი ძველისძველი, გამოტანჯული საერთო ოცნება.

ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ახალი წლის მობრძანება ახალი სამყაროს აღმოჩენაა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეეძლება, გამოავლინოს თავისი უმთავრესი მოწოდება - ღირსეულად ატაროს ერთდროულად ტვირთიც და ღმერთის საჩუქარიც, ადამიანობა რომ ჰქვია სახელად.

დე, ახალი წელი ადამიანობის, ანუ სიკეთისა და ურთიერთგაგების ნიშნით იყოს აღბეჭდილი. ჩვენ ხომ, ჯერ ადამიანურად არც კი გვიცხოვრია! მთავარია, გვწამდეს ჩვენი მომავლისა!

დაესწარით მრავალ ახალ წელს!