რატომ მოხვდა კახი კავსაძე მილიციაში - "ყველამ თავისი საქმე აკეთოს..."
05-01-2015
რატომ მოხვდა კახი კავსაძე მილიციაში - "ყველამ თავისი საქმე აკეთოს..."
ისეთ კახი კავსაძეს რომ არ ვიცნობდე, როგორსაც ვიცნობ, ზუსტად რომ არ ვიცოდე, რამხელა პასუხისმგებლობა ჰქონდა ყოველთვის ნაკისრი და რა მგრძნობიარე ადამიანია, მის ხმაურიან და რიხიან პორტრეტს დავხატავდი და ვიფიქრებდი, რომ მასზე ყველაფერი ვთქვი. შემოვიფარგლებოდი მისი  როლებით და კიდევ მისი პირადი ცხოვრების რამდენიმე შტრიხით... მაგრამ, კახი კავსაძეს ვიცნობ და ისიც ვიცი, ბევრი ასეთი საუბარი უნდა ჩავიწერო, რომ მერე ნელ-ნელა შევკრა განსხვავებული ხელოვანის განსხვავებული სახე...

- შენს თავზე უარი არ უნდა თქვა.
მაშინ ხარ ნაღდი! სცენაზე ეს ისე ჩანს, თითქოს ლუპის უკან იდგე. სულ ამას ვერიდები, რამე "სიაფანდი" არ გამოჩნდეს...

- კაცი რაც უფრო მართალია, მით მგრძნობიარეა და მეტი ტკივილიც ადგება...
- კაცი თუ მეორე კაცის არსებობას ვერ გრძნობს და მარტო თავის თავზე ზრუნავს, რაღა კაცია? დოდო
აბაშიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე მაღალი რანგის არტისტები იყვნენ, არასდროს თავისთვის არ ეცალათ. ადამიანი, ვინც უნდა იყო - არტისტი, თუ პოლიტიკოსი, თუ შენს თავზე ხარ მომართული მხოლოდ, იდიოტი ხარ.
სხვას პატივს თუ არ სცემ, რა უფლება გაქვს, იყო ან პოლიტიკოსი, ან არტისტი, ან... ვინ ხარ მაშინ?!

- ოქროს შუალედია საჭირო, რომ დარჩე ხალხში, იდგე ყველგან მათ გვერდით და თანაც შექმნა საკუთარი კუნძული, სადაც არავის მისცემ უფლებას, ხელგყოს...
- მართალია. რომ არავინ გადაგჯეგოს.
1956 წელია. წავედით მიტინგზე. მილიონი კაცი დგას, ყვავილებით არის შემკული სტალინის ძეგლი. მიტინგი მიჰყავს ერთ ბიჭს. ახლობელი მეუბნება, - გინდა, ეს ხალხი დავაჩოქოო? გავგიჟდი - როგორ უნდა დააჩოქო-მეთქი! უცებ დაიძახა:

- დიდი ბელადის და გაჭირვებული პროლეტარიატის მფარველის, ჩვენი მამის და მასწავლებლის, სტალინის მარადიული ხსოვნისთვის დაიჩოქეთ!
მილიონი კაცი დაეშვა მუხლებზე.
- ადექით!
ადგნენ.
- დაიჩოქეთ!
დაეშვნენ ისევ.
- ადექით!
ადგნენ...
- დაიჩოქეთ! - და მესამედ დაიჩოქეს.
- აგე, თუ ვერ დავაჩოქე! - ჩამილაპარაკა.
- მოშორდი, აქედან, - ვუთხარი გაგულისებულმა.
მას მერე
სულ ვუყურებ მიტინგებს და მინდა გამოვიცნო, ვინ უძღვება  და ვინ არის ის მეორე - ხალხს რომ აჩოქებს...

- ისე თუ მოქცეულხართ ოდესმე, რომ კანონდამცველებს დაეჭირეთ?

- მახსოვს, სხვისი მშობლები როგორ ღელავდნენ, როცა მათ შვილს მილიცია იჭერდა... სულ მეშინოდა, დედა არ ჩავარდნილიყო ასეთ დღეში. მარტოხელა ქალს რა უნდა ექნა... მაგრამ ერთხელ მილიციაში მაინც მოვხვდი. მოდაში იყო ჩესუნჩის პიჯაკი. მეც მქონდა. თურმე ვიღაც ჩესუნჩის პიჯაკიანს უჩხუბია ვორონცოვზე, 4 მილიციელი უცემია და გაქცეულა. მაშინ მეც ვორონცოვზე ვცხოვრობდი. შინ ფეხი შევდგი თუ არა, დამიჭირეს.  მილიციის უფროსმა - დავუშვათ, ერთმა დაგადო ხელი, შეეშალა, ორს - შეეშალა, მაგრამ ოთხ კაცს შეეშლებოდაო?... გული მისკდება, - დედამ არ გაიგოს-მეთქი. კაცო, მე არ ვყოფილვარ, იქნებ მგავდა-მეთქი. ეგეთი მსგავსება არ არსებობსო! არადა, ჩემი მეგობარი გივი გადელია ძალიანაც მგავდა. ამასობაში მურმან მამალაძე მოვიდა. ვთხოვე, იქნებ გივი მოვიდეს ჩესუნჩის პიჯაკით და აჩვენოს ამათ, რომ შეიძლება ორი კაცი ერთმანეთს ჰგავდეს-მეთქი... მურმანმა კი - ვერ მოვა, ის მოჩხუბარი გივი ყოფილაო...

მერე უცებ ვიკითხე, - ჩხუბი რომელ საათზე მოხდა-მეთქი. ცხრის ნახევარზეო. მაგ დროს სადგურზე ვაცილებდი ნათესავს. იქ იყო პაატა ბურჭულაძის ბებია, მარიამ ბურჭულაძე, განათლების მინისტრის მოადგილე. ვუთხარი, მოწმე მყავს, რომ სადგურზე ვიყავი მაგ დროს-მეთქი. გამოიძახეს ქალბატონი მარიამი. დაწერა: არ ვიცი, კახი კავსაძემ რა ჩაიდინა ცხრის ნახევრამდე ან ცხრის შემდეგ, მაგრამ ცხრის ნახევრიდან ცხრამდე ჩემთან იყოო. ასეა, დიდი კაცის შვილებს მინისტრები იცავენო, - ჩაილაპარაკეს ნაწყენებმა და გამომიშვეს.
ერთხელ მე და გივი შეზარხოშებულები ვბრუნდებოდით. გადავეყარეთ უბნის მორიგე მილიციელს. თანაც მე და გივის ერთნაირი პალტოები გვეცვა. მივედი, - აბა, გამოიცანი, რომელი გეჩხუბათ, რომელია კახი-მეთქი? შემხედა... მერე იმას შეხედა... დაიბნა კაცი... მოშორდით აქედანო, - იყვირა.

- თქვენ არაჩვეულებრივი მეგობრები გყავთ... ამბობენ, ზოგი გირჩევდათ, არტისტობას მოეშვი და ინჟინერი გახდიო...
- ჩვენი კლასიდან ათმა კაცმა მიიღო ოქროს მედალი. ერთმა - ვერცხლის. უმრავლესობა გეპეიში ჩაირიცხა... მე არტისტი გავხდი. ინჟინრები სამსახურებში დადიან, სახლებს აშენებენ, თანდათან თანამდებობები მიიღეს. მე ვარ სულელივით... ვდგავარ თეატრში ერთსა და იმავე მდგომარეობაში მცირე ხელფასზე. ჰოდა, მეგობრებმა - დაანებე არტისტობას თავი, გეპეიში შედიო...

გეპეიში არა, მაგრამ ექიმობა კი მოვინდომე... ბიძაჩემისთვის ცნობილ უროლოგს, ალექსანდრე გზირიშვილს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ვკითხე, შეიძლება ოპერაციას დავესწრო-მეთქი? ნება დამრთო, მაგრამ ფრთხილადო. თურმე ბევრს გული მისდის. ჩავყავი ცხვირი ჭრილობაში. მერე კითხვები გამიჩნდა...  მოკლედ, გადავწყვიტე ექიმობა. საავადმყოფოში ვხედავდი, ქირურგები ჩაატარებდნენ ოპერაციას და წავიდოდნენ. მოვიდოდნენ ქალები, პაციენტს ერთი კისერში მოჰკიდებდა ხელს, მეორე - ფეხებში, ასწევდნენ და საგორიალო საკაცეზე გადაიყვანდნენ. კვნესოდა ნაოპერაციები... მერე ლოგინშიც ასე ტანჯვით გადაჰყავდათ.  მოგეხმარებით-მეთქი, შევთავაზე. ნება დამრთეს. შევუყოფდი ხელებს ზურგთან, ციმციმ ავწევდი და დავაწვენდი ლოგინში. დავიწყე სანიტრად მუშაობა. ჯამაგირიც კი მომცეს. იმ პერიოდში "პეპოში" ვთამაშობდი კაკულის როლს. დავპატიჟე ალექსანდრე გზირიშვილი ოჯახითურთ. სპექტაკლი რომ დასრულდა,  გვირგვინი ამომიტანეს სცენაზე. ბარათი ახლდა: "ჩემო კახი, მოდი, ყველამ თავისი საქმე აკეთოს! ალექსანდრე გზირიშვილი". ასე დასრულდა ჩემი ექიმობისთვის მზადების ამბავი...
ყველამ თავისი საქმე აკეთოს - ეს ძალიან კარგი სურვილია საახალწლოდაც და ამასვე გისურვებთ ყველას...

განუყრელი მეგობრები

გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე ჭირშიც ერთად არიან და ლხინშიც. ერთხელ მამუკა ონაშვილისთვის უკითხავთ, რამდენი კილო დაიკლეო. 90-იო, - გულახდილად უპასუხია მძიმეწონიან მომღერალს. კახიმ: მაგდენი რომ დამეკლო, კილო-ნახევარი დავრჩებოდიო. გივი ბერიკაშვილი გახალისებულა: ამხელა კახისგან პატარა კახი დარჩებოდიო!
მე კი დავრჩებოდი პატარა კახი, მაგრამ შენ რომ არაფერი დარჩებოდიო?.. ცხვირი ხომ მაინც დავრჩებოდიო, - უთქვამს გივის მოსწრებულად.

ერთხელ მართლა კინაღამ აღარაფერი დარჩენილა კახისა და გივისგან, ოღონდ წონის დაკლების გამო კი არა, შიშით! მთაში იღებდნენ ფილმს. რეჟისორის ასისტენტი, რომელსაც ხუმრობით კარდაკარას ეძახდნენ, გაგზავნეს ელექტრომონტიორის მოსაყვანად - შუქი არა ჰქონდათ და უნდა გაეკეთებინათ.

გოდერძი ჩოხელი ჰყვებოდა: "სოფელ ცდოში გავუშვით. მისულა კარდაკარა. ჟიპიტაური გამოუტანიათ. ცოტა ხანში გამოსულან. მოჰყვება მონტიორი თავისი ხელსაწყოებით. მოტირიან ქალები: ბოძზე არ ახვიდე, ჩამავარდები, მოკვდებიო. რა გაშინებთო, - ამშვიდებს მონტიორი. მამავ, არ დაგვღუპოო, - არ წყნარდებიან იმისი შვილები.
დაიწყო ასვლა. კახი და გივი დაიმალნენ - ამას ვერ ვუყურებთ, როგორ მოკვდებაო.

კარდაკარა ქვემოთიდან დაუდგა და ეძახის: - მიდი, ნუგზარ, ნუ გეშინიაო! იმან - არაფრისაც არ მეშინია, თუ გინდა, ეხლავე მყინვარწვერზე შეგაერთებთო. ავიდა მონტიორი ნუგზარა და არ ჩაეძინა!..  მერე რაღაცნაირად გავაღვიძეთ და ჩამოვიდა".

მონტიორი კი გადარჩა, მაგრამ კახიმ და გივიმ ისეთი შიში ჭამეს, აღარაფრის თავი აღარ ჰქონდათ თურმე...
.
10 იანვარი 2015 12:48
როგორც ვხედავ ისტორია დიდად არ იცი ზაალ. რადგან თავის დროს რუსეთი დღევანდელი ამერიკა იყო, ხოლო დღევანდელი რუსეთი იმ პერიოდის ირანი და ოსმალეთი. დრო და სახელები იცვლება და არა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მეთვრამეტე საუკუნემდე რუსეთი იყო ის სახელმწიფო რომლისკენაც ილტვოდნენ იმ პერიოდის საზოგადოება და კიც ხედავ ახლა რა დღეში ვართ და შენ ფიქრობ, რომ ამერიკა რუსეთზე უკეთესი იქნება? ვერ ხედავ რას შვება დასავლეთი კოსოვოსთან მიმართებაში? კოსოვო ისევეა სერბეთისათვის, როგორც ჩვენთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო.
zaalias
09 იანვარი 2015 14:35
ზაალი ან შენნაირები რომ გვყავდნენ იმ პერიოდში როცა რუსეთი ვითომდა გმვფარველობდა და ტაშს უკრავდნენ იმიტომ ჩავვარდით და ჩაგვაგდო ისეთ დღეში ჰოდა ამერიკა უარესს გვიზამს მომავალში თუ მაგ პროპაგანდას არ შეეშვებით :)
zaali
09 იანვარი 2015 13:30
archil - "ასეთი პედაგოგები უნდა ყავდეს მომავალ თაობას და არა ევროპაში და აშშ-ი გასეირნებული, პატრიოტის ბანაკებში გაზრდილი ახალგაზრდობა". არჩილა კაცო, კარგი კომენტარი კი დადე, მაგრამ მე ცოტა შევასწორებდი -
"ასეთი პედაგოგები უნდა ყავდეს მომავალ თაობას და არა რუსეთში გასეირნებული და პიონერთა ბანაკებში გაზრდილი ახალგაზრდობა". მოსულა? ხო მაგარია!! ისე საკითხავია, ხომ ვერ აგვიხსით, რა დაუშავა აშშ-მ საქართველოს და რა გაუკეთა რუსეთმა? მადლობა წინასწარ.

რედაქტორის რჩევით