ქართველების იტალიელმა სიძემ დევნილებზე ფილმი გადაიღო
05-01-2015
ქართველების იტალიელმა სიძემ დევნილებზე ფილმი გადაიღო
მაურელიო მანგანო: საქართველოს სიყვარულმა გადამაწყვეტინა - საგურამოში მოვინათლე მართლმადიდებლად
და ვიქორწინეთ მართლმადიდებლური წესით


ეს ამბავი შორეული იტალიის კუნძულ სიცილიიდან იწყება, ქალაქ პალერმოდან, რომელსაც სოლიდარობის პროექტით ყოველ ზაფხულს  აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები სტუმრობენ. ერთ-ერთ ასეთ იტალიურ ოჯახში ახალგაზრდა ხელოვანმა მაურელიო მანგანომ 27 წლის სოხუმელი ლადო უგრეხელიძე გაიცნო. მაურელიო  დიდხანს უსმენდა დევნილი ყმაწვილის  ომის ისტორიას, ეთნოწმენდის შემზარავ ამბებს, - თუ როგორ ნადგურდებოდა ბომბდამშენებით შავი ზღვისპირეთის ულამაზესი ქალაქები, როგორ გარბოდნენ დაცემული სოხუმიდან "ქართველობის ნიშნით"
შერისხული ადამიანები, როგორ მიუყვებოდნენ ჯვარცმული უღელტეხილის აღმართს ქალები, ბავშვები, მოხუცები და როგორ ტოვებდნენ გზადაგზა მიცვალებულებს. ახალგაზრდა რეჟისორი შეძრა აფხაზეთის ომის ისტორიამ და მხოლოდ ეს იკითხა: რა მოუვიდოდა იტალიას, მსგავსი რამ რომ გადახდენოდა თავს?


ამ ამბიდან ოთხი თვის შემდეგ გადამღები ჯგუფი საქართველოში გამოემგზავრა. შარშან, 31 დეკემბერს,
ისინი ქუთაისის ინტერნატის ყოფილ შენობას მიადგნენ, სადაც 60-მდე დევნილი ოჯახი ახალი წლის სამზადისში იყო. დანარჩენს მაურელიო მანგანო თავად მოგვიყვება:

- ევროპიდან პირდაპირ "დევნილთა საქართველოში" შემოაბიჯეთ.
-  ისეთი განცდა დაგვეუფლა, თითქოს სიცილიის სხვა კუთხეში შევხვდით აქამდე უცნობ ჩვენს ნათესავებს, უფრო ღარიბებს, მაგრამ უფრო გულწრფელებს. დევნილებივით ინტერნატში ვცხოვრობდით, მცირე ფართობში (4 კაცი 10კვმ ოთახში), იქ ვმუშაობდით, იქ გვეძინა, იქვე ვწერდით. ბევრმა ოჯახმა საახალწლო სუფრაზე მიგვიპატიჟა, რითაც საშუალება მოგვეცა, გავცნობოდით სუფრისა და თამადობის წესებს...
ჩვენ გავიცანით ძლიერი ხალხი, რომელმაც დაკარგა მშობლიური კუთხე, საცხოვრისი და წინაპართა საფლავები, მაგრამ გადაირჩინა ყველაზე მთავარი - ღირსება. არ ვითხოვდი ამ ადამიანებისგან ისეთი ამბების მოყოლას, რომელიც მათ ცრემლს მოჰგვრიდა. ის, რისი მოსმენაც მსურდა, იყო მათი სურვილები და ოცნებები, ვინც 1993 წელს ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ცხოვრება ნულიდან დაიწყო... ხშირად მიჩნდებოდა კითხვა, რა იყო მიზეზი, რომ მიუხედავად გაჭირვებისა, ამ ხალხმა შეძლო დარჩენილიყო ასეთი თბილი, ღიმილიანი და სტუმართმოყვარე. არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული ომისა და არეულობისგან. ასეთი ტრაგედია ჩვენთან 1943 წელს დატრიალდა, მაგრამ ახლა რომ მომხდარიყო, გვექნებოდა კი იმგვარივე შემართება, რაც მათ გამოიჩინეს?

- თქვენს ფილმზე გვიამბეთ...
- ფილმ-პროექტ "ინტერნატის" პერსონაჟები - დევნილები, ომზე საუბრობენ, მაგრამ ომი კადრებად არსად ჩანს. ისინი ბუნებრივად,  ყოველგვარი თამაშის გარეშე ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს...

- როდის იხილავს მაყურებელი?
- 22 იანვარს ნაჩვენები იქნება იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში, კინოფესტივალის შესარჩევ კონკურსზე. საქართველოში მის ჩვენებას 2015 წლის თბილისის კინოფესტივალზე ვგეგმავთ.

- რა საერთო აქვს ჩვენს ხალხებს და რითი ჰგავს საქართველო იტალიას?
- მზის ენერგიის მატარებელ სამხრეთელებს მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი თვისებები გვაქვს, იმერეთსა და სამეგრელოს ბევრი აქვს საერთო ჩვენთან. იტალიას, როგორც საქართველოს, მთებიც აქვს და ზღვაც, ტრადიციული სამზარეულოც, მუსიკაც და ღვინოც.

ქართველების მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია გაჭირვების ჟამს სიმღერა და ქეიფი. გვაქვს ათასწლოვანი ისტორია, ქრისტიანობა, ხელოვნება, ლიტერატურა. როგორც საქართველო, ისე იტალია, ტერიტორიული მდებარეობის გამო არაერთხელ დაიპყრო სხვადასხვა ქვეყანამ, მაგრამ არასდროს დაგვიკარგავს იდენტურობა, პირიქით, ის, რაც დამპყრობლებმა დაგვიტოვეს, სასიკეთოდ გამოვიყენეთ და განვვითარდით.

- მუშაობას იწყებთ ცნობილი რეჟისორსა და საზოგადო მოღვაწის, რეზო თაბუკაშვილის ცხოვრების ამსახველ დოკუმენტურ ფილმზე...

- რეზო თაბუკაშვილსა და ცნობილ იტალიელ პოეტ ტონინო გუერას გულითადი მეგობრობა აკავშირებდა. გუერას აღწერილი აქვს, როგორ შეუყვარდა ულამაზესი საქართველო თავისი ხალხით. ასე
აღმოვაჩინე რეზო თაბუკაშვილი როგორც პოეტი, რეჟისორი, მოგზაური, მონადირე, შემიყვარდა მისი მოთხრობები, ფილმები... საქართველოში გავიცანი მისი ვაჟი, ლაშა თაბუკაშვილი, რომელსაც სურს, გააკეთოს პროექტი რეზო თაბუკაშვილსა და ტონინო გუერას მეგობრობაზე. ასე გაჩნდა იდეა ქართულ-იტალიური თანამშრომლობისა...

- ჩვენს დიალოგს იტალიური ენის მცოდნე თქვენი ქართველი მეუღლე, ქალბატონი ნინო ჭაფოძე უძღვება. სად და როგორ გაიცანით იგი?
- ნინო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანაშემწეა და ერთმანეთიც იქ გავიცანით. ძალიან დამეხმარა არქივიდან ომამდელი აფხაზეთის ამსახველი მასალების მოძიებაში. გარდა გარეგნობისა, მისი ხასიათითაც მოვიხიბლე. არასდროს მინახავს ასეთი მამაცი და იმავდროულად, ჯიუტი ადამიანი. ვიფიქრე, ვერასდროს შევხვდებოდი მისნაირ ქალს, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა-მეთქი და მასზე დაქორწინება გადავწყვიტე! საგურამოში მოვინათლე მართლმადიდებლად და ვიქორწინეთ მართლმადიდებლური წესით. თუმცა, მართლმადიდებლად გახდომა ნინოს გაცნობამდე გადავწყვიტე. გელათში, წირვის დროს, რაღაც ძალიან დიდი, ლამაზი ძალა ვიგრძენი. ეს ღმერთი იყო!

- სად აპირებთ ცხოვრებას?
- მთავარია, მე და ნინო ერთად ვართ. აქ ამდენ ხანს სიყვარულმა დამტოვა, ხალხის სიყვარულმა, საქართველოს ულამაზესი ბუნების სიყვარულმა. ძალიან მივეჯაჭვე ზოგიერთ ქართულ კუთხეს, თითქოს იტალიურია...

- როგორ ხვდებიან იტალიაში ახალ წელს?

- ისევე როგორც საქართველოში: ოჯახთან, მეგობრებთან, ფეიერვერკებითა და სასმლით.
Dzia
15 იანვარი 2015 03:06
მოდი ძამა.. )) აგერ, "ნათესავებში",;) კაი პურსა ვჭამთ, კაი ჰაერზე ვართ და ვართ ასე გემრიელად..
gavazeli
08 იანვარი 2015 18:22
ნ.
შენ თუ შიგ არა გქონდეს რა. ყველაფერსში პოლიტიკის შეტენვა გაგონილა?
ნ.
06 იანვარი 2015 17:00
თუ მაგარია, ამ მთავრობის მიერ თბილისის არქიტექტურულ დამახინჯებაზე დაწეროს და გაუშვას.

რედაქტორის რჩევით