ყვითელი ლოდების სამფლობელო - რეპორტაჟი ჯავახეთიდან - კვირის პალიტრა

ყვითელი ლოდების სამფლობელო - რეპორტაჟი ჯავახეთიდან

საროს ახალგაზრდობა ტოვებს და სამსახურის საძებნელად ზოგი ქალაქში, ზოგიც მეზობელ თურქეთში გადადის

ჯავახეთში პირველად ვარ. ასპინძიდან ვარძიისკენ მივუყვები გზას და ვცდილობ, ყველაფერი, რაც გზად მხვდება, კარგად დავიმახსოვრო... ცას შედგმული, კალთებმოშიშვლებული მთები, ქედები, ღრმა ხეობები, კამკამა ტბები, მდინარეები, ჭალები... აქ ერთხელ მაინც თუ არ მოხვდი, ჩათვალე, რომ საქართველო არ გინახავთ, - გვეუბნება მასპინძელი.

სოფელი სარო

სოფელ საროში შევდივართ, მას ნაქალაქარსაც ეძახიან. თვალს ხვდება  ლოდებით ნაშენი უნიკალური გალავნისა და კოშკების ფრაგმენტები. ამ სოფელში უამრავი მიწურია. ზღვის დონიდან 1148 მ სიმაღლეზე მდებარე სოფელს მტკვრის ხეობის სოფლები: ხიზაბარვა, თოკი, ვარგავი, ხერთვისი ემეზობლება. სარო და მისი შემოგარენი ერთ დროს მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური პუნქტი იყო. ამას ადასტურებს ციხესიმაგრეთა კომპლექსი -{ ქვეუბნის,„ზედა, ანუ საყდრის ციხე და„ახალი ციხე, ანუ კოშკი, აქ თითქმის ყველა სახლი და ღობე თლილი ქვითაა ნაშენი.

საროს ციხე ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულით თარიღდება და ციხე-ქალაქად არის ცნობილი. ციხეებს თავისი დანიშნულება ჰქონდა - თითოეული მათგანი აკონტროლებდა გარკვეულ უბანს. მტერი უპირველესად წყალს უკეტავდა ციხე-ქალაქს. დასალევი წყლის პრობლემა რომ არ შეჰქმნოდათ, ციხეები გვირაბით უკავშირდებოდნენ მტკვარს.

ერთი ვერსიით, სოფელს სახელი დარქმევია აქ ბალახ საროს სიმრავლის გამო, მეორე ვერსიით, ბასკეთშიც არის სოფელი სარო - მონათესავე ერებს ერთი სახელი უწოდებიათ თავიანთი სოფლებისთვის.

საროში ამჟამად 30 კომლი ცხოვრობს. აქაურები წუხან, - საროს ახალგაზრდობა ტოვებს და სამსახურის საძებნელად ზოგი ქალაქში, ზოგიც მეზობელ თურქეთში გადადის. ასაკოვნები კი სულ უფრო ვცოტავდებითო...

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინა იველაშვილი, ამ სოფელში გაიზარდა: - ამ კომპლექსში შემავალი სამი ციხიდან თითოეული რთულ, დამოუკიდებელ, გამაგრებულ პუნქტს წარმოადგენდა. მკვლევართა ნაწილი საროს ციხეებს ერთ სიმაგრედ მიიჩნევს. ციხე ფრიალო კლდეზეა აგებული და დიდი ფართობი უკავია. 1991 წელს ქვეუბნის ციხის ტერიტორიაზე დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილია საკმაოდ დიდი ფართობის დარბაზი, ოროთახიანი ნაგებობა, დარნები და ხორბლის შესანახი ორმოები. ძვ. წ.  XV-XIV სს-ების ელინისტური ხანის სამაროვანი.

სამწუხაროდ,  XX  საუკუნის  70-იანი წლებიდან მოსახლეობამ გალავნის ლოდების ნაწილი სახლების ასაშენებლად დაჭრა.

სოფლის განაპირას, სამცხის ქვაბულის სამხრეთით, წამოზრდილ გორაკზე, შემორჩენილია ციხის ნანგრევები, დიდი ზომის ქვებით მშრალად ნაგები უძველესი საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები, 12-ბათმანიანი ქვევრი ქვის სარქვლით. “

გამოქვაბულები და განძი

მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასთან დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ანასტასია გვეგებება.  როგორც  დედა ანასტასია ამბობს, გასული საუკუნის 70-იან წლებში,

საროს ციცაბო კლდის ერთ-ერთ გამოქვაბულში განძი უპოვიათ. გამოქვაბულები ისეთი მიუვალია, რომ განძის ამოსაღებად ალპინისტები გაუგზავნიათ. რა ბედი ეწია განძს, დღემდე არავინ იცის.

დედა ანასტასია: - როგორც ამბობენ, გამოქვაბულის განძში ალექსანდრე მაკედონელის მონეტაც ყოფილა, რომელიც განძის ამოტანის დროს დაჰკარგვიათ განძის მაძიებლებს.“

მთავარანგელოზის  ტაძარი იმდენად უნიკალური ქვის ნაგებობაა, რომ მისი მოხატვა თავის დროზე, როგორც ჩანს, არც უფიქრიათ. ტაძარი ბოლოს 20 წლის წინ გადაიხურა. საბჭოთა პერიოდში მას ხორბლის საწყობად იყენებდნენ.  რამდენიმე წელია ტაძარში ისევ აღდგა მსახურება.“

ლომდარიძეების მესხური ოდა

ამ მხარეში ბევრ სოფელში დღემდეა შემორჩენილი მიწურები მიწის ქვეშ აშენებული სახლები, რომელიც მკაცრი ზამთრისა და მტრისგან იცავდა მოსახლეობას, პირვანდელი სახე შემორჩენია ერთადერთ სახლს - ლომდარიძეების მესხურ ოდას. შენობის რამდენიმე დარბაზი მერცხლის ბუდურა ჭერით არის შემკობილი. ვუყურებ ამ უნიკალურ ნაგებობას და ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, ჩვენს წინაპრებს განვითარების საოცარი ტემპი და უსაზღვრო ფანტაზია ჰქონდათ. თუ ამ ოდის რესტავრაცია დროულად არ მოხდა, შესაძლოა იგი მალე მხოლოდ ფოტოებზე შემორჩეს...

მესხურ ოდაში ექსკურსიამძღოლობას ირაკლი გვენეტაძე გვიწევს: -  მიწურები მოსახლეობას მკაცრი ზამთრისა და მტრისგან იცავდა. როდესაც მიწურს პირველ ფენა მიწას აყრიდნენ, მის დასატკეპნად მთელ სოფელს იწვევდნენ და ზედ აცეკვებდნენ. შემდეგ მეორე ფენა მიწა ეყრებოდა და იტკეპნებოდა. საბოლოოდ, ასე დატკეპნილი მიწიდან სახლში წყალი არ ჩადიოდა. ეს მიწური  ლომდარიძეებს ეკუთვნოდათ. როგორც ამბობენ, 200 წლისაა. უზარმაზარ ხის მორებს, რომლითაც სახლია გადახურული და ზემოდან მიწა აყრია, დღემდე ჭია არ გასჩენია. აქაურებმა ზუსტად იცოდნენ, წლის რომელ თვეს, როგორ მთვარეზე უნდა მოეჭრათ ხე, რომ ჭია არ გასჩენოდა. მკაცრი ზამთრის გამო აქაურებს სითბოს შენარჩუნება სხვანაირად გაუჭირდებოდათ. გარეთ დარჩენილი ნებისმიერი ცოცხალი არსება ან იყინებოდა, ან მგელი ჭამდა. ამიტომ აქაურებს ფრინველი და საქონელი შიგნით შეჰყავდათ.  ყველა მესხურ ოდაში ბოსელი ჰქონდათ...“

ციხე-ქალაქის ხავსისგან გაყვითლებულ უზარმაზარ ლოდებს ვუყურებ და გული მწყდება, რომ აქაურობა უნდა დავტოვო. დასანანია, რომ ასეთი უნიკალური ნაქალაქარი მეცნიერებს ჯერ არ შეუსწავლიათY.

ექსკლუზიური ვიდეომასალის ნახვა "პალიტრათV"-ზე შეგიძლიათ იხილოთ.

მთავარანგელოზის ეკლესია

საროს  XI-XII სს-ების მთავარანგელოზის ეკლესია მოზრდილი ორნავიანი ტაძარია. სამხრეთის ნავის უფასადო კიდეში ტრაპეზის ქვა და ემბაზია შემონახული. ასეთი ეკლესია საქართველოში სულ რამდენიმეა. გადმოცემით, სოფელში ცხოვრობდა სამი ძმა, თავადიშვილები ყოფილან, აუშენებიათ ციხე და ეკლესია. რადგან თითოეულს ცალ-ცალკე მოძღვარი ჰყავდა, გაუკეთებიათ სამი ტრაპეზი, რომ ცალ-ცალკე შეესრულებინათ ღვთისმსახურება.

ეკლესიის ეზო ერთი მხრიდან უზარმაზარი  ფილებით იყო შემორაგვული, ერთ მათგანზე ჯვარი ყოფილა გამოსახული.  60-იან წლებში ფილები ტრაქტორით ამოყარეს და ჯვრიანი ქვაც მიწაში მოექცა. იმ დღიდან მოყოლებული, სეტყვა და დელგმა უნადგურებდა მოსახლეობას მოსავალს. ამ ჯვრის პირქვედამხობისათვის ისჯებოდა სოფელი. ბუნებრივი კატაკლიზმები მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, როცა ჯვრიანი ფილა კვლავ აღმართეს...

მურვან-ყრუს ლეგენდა

დედა ანასტასია: „- არსებობს ასეთი ლეგენდა: კვირაცხოვლობა დღეს, როდესაც მურვან-ყრუ შემოესია ამ მხარეს, მოსახლეობას ლოცვის გარდა სხვა აღარაფერი დარჩენოდა. მუხლებზე დამხობილებმა მთავარანგელოზ მიქაელს სთხოვეს თურმე შეწევნა. უცებ ზეცა განათებულა, იქიდან ბრწყინვალე ჭაბუკი გადმოსულა, ფრთებით აუხვეტია ქვა-ღორღი და მტრისთვის შეუყრია. შეშინებული მომხდური გაქცეულა. მას შემდეგ მტერს სოფელ საროსკენ აღარ გამოულაშქრებია. ამ ციხე-ქალაქს, ცეცხლოვანი ჭაბუკი იცავსო, - ხმები დადიოდა. ამ სასწაულის სახელზე აუშენებიათ ტაძარი.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ Palitra Tv-ზე