ვინ მართავს დედაქალაქში საათებს - თბილისის მთავარი მესაათის ოჯახური ტრადიცია - კვირის პალიტრა

ვინ მართავს დედაქალაქში საათებს - თბილისის მთავარი მესაათის ოჯახური ტრადიცია

"მამა ავადაც რომ ყოფილიყო, საღამოს მაინც მიდიოდა ამ საათის მოსამართად, - რომ გაჩერდეს, გულიც გამიჩერდებაო"

როს ვერავინ შეაჩერებს, დრო გადის და ადამიანები ივიწყებენ მას... მხოლოდ საათი არ ივიწყებს და ერთგულად ითვლის ყოველ წამს, წუთს...

საინტერესოა ჩვენი ქვეყნის საუკუნის წინანდელი მთავარი საათის ისტორია, რომელიც რუსი გენერლის, გრაფ ივან პასკევიჩ-ერევნელის მოედანზე 1884 წელს დამონტაჟდა. მას შემდეგ ეს საათი არასოდეს გაჩერებულა და ერთგულად ითვლის ჩვენსა და თბილისის დროს. მისი შემხედვარე თბილისელები კი ხუმრობენ, - ამ საათივით ზუსტად და გულმოდგინედ საქართველოში არავინ მუშაობსო... საათის მეთვალყურეებიც პროფესიონალი და ერთგული ადამიანები არიან. ხშირად ქვეყნის მთავარ საათზე ზრუნვა მამიდან შვილზე გადადის. რამდენიმე წლის წინ არტურ პეტროვსაც მამამისმა გადაულოცა საათის მოვლა. ახლა არტური სოლოლაკიდან საკრებულომდე გზას ყოველ საღამოს  გაივლის ხოლმე, რათა საათმა ისევ ზუსტად ასახოს ქალაქის მაჯისცემა...

-  მამაჩემისგან გამიგია, თურმე მაშინდელ თბილისში დიდი ბჭობა იყო, თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოეტანათ საათი. ბოლოს გერმანიიდან ჩამოუტანიათ.

მამა ავადაც რომ ყოფილიყო, საღამოს მაინც მიდიოდა მის მოსამართად, - საათი რომ გაჩერდეს, გულიც გამიჩერდებაო. როცა აღარ შეეძლო, მაშინაც საათზე წუხდა. მიბარებდა, ისე უნდა მოუარო, როგორც საკუთარ ოჯახსო. ვუვლი კიდეც. მეც მიყვარს ეს საქმე, 12 წლიდან დავყვებოდი მამას და ვუყურებდი, საათს რა ფრთხილად მართავდა. როგორც ძვირფას ბრილიანტს, ისე უყურებდა. მეგონა - მის მექანიზმს ხელს თუ მოვკიდებდი, რაიმეს დავუშავებდი. ამიტომ არ მავიწყდება, როგორ ვღელავდი, როცა საათს პირველად შევეხე. ისე, ახლაც ასე ვღელავ, -   შარშან არსებობის დღიდან  საათი პირველად გავარემონტე. და პირველად გაჩერდა. ხალხი გაკვირვებული კითხულობდა, რა ხდებაო... ამ საათის ნაწილებს გამოცვლა არ სჭირდება, ევროპაში, საუკეთესო საათეების ქარხანაშია დამზადებული.  ეკრანიც გერმანული აქვს... თბილისის ომის დროს გაიბზარა, მაგრამ ისევ გერმანული დავაყენე.

- რამდენ ხანში ერთხელ სჭირდება ქვეყნის მთავარ საათს მომართვა?

- 25 საათში ერთხელ. მაშინდელი მექანიზმებით საათის ისრები ამ დროის განმავლობაში მოძრაობდნენ და მერე ჩერდებოდნენ. მეც ყოველ საღამოს, 8 საათის შემდეგ ჩამოვდივარ სოლოლაკიდან, ვძვრები საათზე, ვზეთავ და ვქოქავ.

- თუ შეგიმჩნევიათ, რომ ქალაქში, საკრებულოს საათის გარდა, არც ერთი საათი არ მუშაობს ზუსტად?

- როგორ არ შემიმჩნევია!.. რომც არ მინდოდეს, სულ საათებისაკენ გამირბის თვალი. მიკვირს, - ელექტროსაათები, წესით, ზუსტად უნდა მუშაობდნენ, მაგათი მომართვა ხომ მაინც ადვილია...

ტრადიციას არ ვუღალატებთ და პაპის საქმეს ღირსეულად გააგრძელებს ჩემი შვილი.

ზარის დროა...

მას საათების მეფეს უწოდებენ - ბიგ-ბენის ისტორია დაიწყო 1844 წელს, როდესაც არქიტექტორმა ჩარლზ ბერიმ ინგლისის პარლამენტს სთხოვა, წმ. სტეფანეს კოშკზე საათის დასადგმელად მისთვის თანხა გამოეყო. ეს საათი მსოფლიოში ყველაზე ზუსტი და მაღალი უნდა ყოფილიყო! 96 მ სიმაღლის კოშკის საათის ზარი 16 ტონაზე მეტს იწონიდა. ის ლონდონამდე გემით, კოშკამდე კი 16 ცხენით მიიტანეს. ციფერბლატი ისეა მოწყობილი, რომ დრო  ყოველი მხრიდან ჩანს. მომცრო ისრები კი ამ სიტყვებით "მღერის": "მე უფალი მმფარველობს და მისი ძალა არავის მისცემს გზიდან აცდენის საშუალებას".

ციტგლოგის კოშკის საათი შვეიცარიაში. აქ ყოველი საათის დადგომამდე ოთხი წუთით ადრე კოშკის საათი "ცოცხლდება" - ერთმანეთის უკან მორბენალი მამლის, ლომის, დათვის, რაინდისა თუ მასხარების ფონზე ტურისტები სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. ფასადზე კიდევ ერთი ასტროლოგიური საათია, მისი ვარსკვლავები გვაუწყებენ, რომელი თვე და დღეა. საათის პანელები მზის ჩასვლა-ამოსვლას, მთვარის სტადიებსა და ზოდიაქოს ნიშნებსაც გვამცნობენ.

პრაღაში ეს საათი 1410 წლიდან არსებობს.  XV საუკუნის დასაწყისში, ქალაქის მთავარ მოედანზე გაცხოველებული ვაჭრობა იყო გამართული და მთავრობამ გადაწყვიტა, რატუშაზე საათი დაედგა, რათა ხალხს წირვაზე არ დაეგვიანა. საათი პრაღელებს არა მარტო დროს ახსენებდა, არამედ სულზეც ჩააფიქრებდა - ყოველ სრულ საათზე სიკვდილის სიმბოლო - ჩონჩხი ზარს ჩამოჰკრავს, ძუნწი მონეტებს აჟღარუნებს, ამპარტავანი სარკეში საკუთარი თავის ყურებით ტკბება და 12 მოციქული წრეზე იწყებს სვლას. ლეგენდის თანახმად, საათის დამმონტაჟებელი ოსტატი მოკლეს, მსგავსი საათი რომ აღარ გაეკეთებინა...

ყვავილების საათი ჟენევაში XVIII საუკუნის შვედი ბოტანიკოსის კარლ ლინეის ნაშრომის, ""მცენარეთა ძილის" მიხედვით არის აწყობილი - ზოგი "იღვიძებს", ზოგიც "იძიIნებს"... ოსტატმა კი ბოტანიკა ისე შეუხამა ტექნიკასა და ხელოვნებას, რომ მნახველი აღაფრთოვანა. ეს საათი სურნელსაც აფრქვევს. თუმცა, ძნელი მოსავლელია - ციფერბლატის 6500-ვე ყვავილი ყოველ წელიწადს თავიდან ირგვება...