აღწერის შედეგი: ვცოტავდებით - კვირის პალიტრა

აღწერის შედეგი: ვცოტავდებით

2014 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის მონაცემები საზოგადოებისთვის ჯერ უცნობია, თუმცა, აღწერის პროცესში სხვადასხვა ტიპის ხარვეზის გამო მოსახლეობა დროდადრო უკმაყოფილებას გამოხატავდა. მოქალაქეთა ნაწილი დღესაც ჩივის, რომ მათთან აღმწერი არ მისულა.

"კვირის პალიტრა" შეეცადა, მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამსახურის უფროსის, პაატა შავიშვილის დახმარებით გაერკვია, როგორ ჩატარდა აღწერა და როდის იქნება ცნობილი წინასწარი შედეგები.

- საბოლოო შედეგები იქნება წელიწად-ნახევრის შემდეგ, მაგრამ 2015 წლის აპრილში და უფრო ადრეც ვგეგმავთ წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას...

დავითვალეთ მოსახლეობის რაოდენობა სოფლის დონეზე, სქესობრივი და ასაკობრივი სხვაობის მიხედვით, რამდენი გვყავს 15 წელზე უმცროსი ან 65 წელზე უფროსი ასაკის. ბევრი ექსპერტი და მათ შორის, გაეროს წარმომადგენლებიც, ამტკიცებენ, რომ  საქართველოს მოსახლეობა დაბერებისკენ მიდის. აღწერა გვიჩვენებს, რამდენად რეალურია ეს საფრთხე. მოსახლეობას ვითვლიდით  ეროვნული წარმოშობის, რეგიონების, რაიონების მცხოვრებლების დონეზე, განათლების დონის მიხედვით - რამდენს აქვს უმაღლესი განათლება, რამდენია წერა-კითხვის მცოდნე. აქამდე საქართველო ლიდერი იყო წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობის მიხედვით და გვაინტერესებს, ვინარჩუნებთ თუ არა ამ პოზიციას... ვიკვლევთ, რამდენ მოქალაქეს აქვს პროფესიული ტექნიკური განათლება, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს საქართველოში. ასეთი რამ პირველად ხდება. ვიკვლევთ მათ სოციალურ მდგომარეობას, საბინაო პირობებს, ასევე, რომელ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

- ასევე იკვლევდით ადამიანთა რაოდენობას აღმსარებლობის მიხედვით, თუმცა, ჩემთვის ეს არ უკითხავთ.

- ძალიან ცუდია. სპეციალური მომზადება ყველა აღმწერმა გაიარა, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ვერ მიხვდა, რომ ეს კითხვა უნდა დაესვა ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა. სამწუხაროდ, ზოგჯერ იყო პრობლემები, რის შესახებაც მოქალაქეები გვირეკავდნენ. აღწერის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების მხარდაჭერას. აღმწერებს ვასწავლეთ, რომ როდესაც ოჯახში შევიდოდნენ, მოეკითხათ ერთი, უფროსი ადამიანი, რომელიც ყველა კითხვას გასცემდა პასუხს და ყველა ერთდროულად არ ილაპარაკებდა. ეს გამორიცხავდა შეცდომების ალბათობას. სამწუხაროდ, ზოგიერთმა აგენტმა ეს გაიგო, როგორც ოჯახის უფროსების დათვლა. არადა, მათი რაოდენობა არც მეთოდოლოგიით იყო გათვალისწინებული და ვერც შედეგებში ნახავთ ამის მაჩვენებლებს.

როგორც ჩანს, ხუთდღიანი ტრენინგი არ ეყო ყველა აღმწერს და პრობლემებიც ამის შედეგი იყო.  როდესაც ამხელა კამპანია  ტარდება, პრობლემებიც სდევს თან. 12 300-ზე მეტი აღმწერი  მონაწილეობდა ამ პროგრამაში და თუ სამმა კაცმა რაღაც კარგად ვერ გააკეთა, გვერწმუნეთ, მათი შესრულებული სამუშაო შედეგებზე უარყოფითად ვერ იმოქმედებს.

- ფანქრით რატომ მუშაობდნენ აღმწერები, ფანქარი სანდოა ასეთ დროს?

- ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს ფანქრით კითხვარების შევსების წესს. ამასთან, დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ აღმწერების დიდი ნაწილი ყოველ მეორე ანკეტაში უშვებდა შეცდომას, რომელიც აუცილებლად უნდა გასწორებულიყო. რა გვექნა? ჩანთები, რომლებშიც მათ სუფთა ბლანკები ედოთ, შვიდ კილოს იწონიდა, მელნით შევსებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში დასჭირდებოდათ ახალი ბლანკების შევსება, დაიხარჯებოდა მეტი დრო და აღმწერებს ბლანკების დაახლოებით 21 კგ-იანი ჩანთის ტარება მოუწევდათ, ამასთან, ბლანკების ხარჯვას მეტი ხარჯიც დასჭირდებოდა. ამიტომ გამოვიყენეთ  ფანქრები. რამის გაყალბება რომ გვნდომოდა, ფანქრის გარეშეც გავაკეთებდით.

- შესაძლებელია მონაცემების შემოწმება?

-  ვისაც სურვილი აქვს, დაწერს განცხადებას და თავის კითხვარს შეამოწმებს.

- ალბათ, აღწერის შედეგად დგინდებოდა ემიგრანტთა რაოდენობაც...

- დიახ, ამისთვის გამოყოფილი იყო კითხვარის ცალკე ფორმა. შევეცადეთ, დაგვედგინა, რამდენი ადამიანია გასული ქვეყნიდან, რომელ ქვეყნებს ირჩევენ, რა სქესის, ეროვნების და ასაკის არიან. ყველა ემიგრანტს ვერ შევიყვანდით ამ ფორმაში, რადგან ზოგან მთელი ოჯახია ემიგრირებული და მათზე ინფორმაციის მომწოდებელი არავინ არის.

- ბევრია ასეთი ოჯახი?

- ბევრი იქნება. 1989 წელს, როგორც კი საბჭოთა კავშირმა რღვევა დაიწყო, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებით - არაქართველები (ბერძნები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები) ოჯახებით წავიდნენ საქართველოდან. მათ მეზობლებიც კი არ იცნობენ, რადგან უმეტესობა ახალი მოსახლეა. წალკის რაიონში, მაგალითად,  ეროვნული ჭრილი შეიცვალა. თუკი 1989 წლის აღწერის დროს იქ ბერძენი მეტი იყო და ქართველი ნაკლები, ახლა პირიქით არის. ახლა აჭარელი ეკომიგრანტები არიან ჩასახლებული ბერძნების სახლებში. ძალიან ბევრი ადამიანი არალეგალურად არის გასული ქვეყნიდან, მათი ოჯახის წევრებს კი ეშინიათ, სრულყოფილი ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ, მათ რამე არ დაუშავდეთო.

- კიდევ რა სირთულეებს წააწყდით?

- ძირითადად, აღმსარებლობის შესახებ კითხვის გამო ღიზიანდებოდნენ, გვთხოვდნენ, ოჯახის წევრმა არასწორად ჩააწერინა ჩემი აღმსარებლობა და იქნებ შეცვალოთო. იეღოველები გვირეკავდნენ, კითხვა ისე დაგვისვეს, თავი უხერხულად ვიგრძენითო. იყო მოსახლეობის გამოტოვების შემთხვევებიც. თბილისი ამ მხრივ ყველაზე რთული სამართავია, თუნდაც იმიტომ, რომ სამისამართო ნაწილი ჯერაც მოუწესრიგებელია, ზოგან ქუჩა არ არსებობს, ან შენობები არ არის დანომრილი. ახალი მშენებლობების გამო ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში არ არის შესული კორპუსები და ნომერი არ აქვს. ასეთი სახლების მოსახლეობა დაგვიკავშირდა და დახმარება გვთხოვა.

- თქვით, რომ აპრილში უნდა იყოს წინასწარი მონაცემები. შეიძლება თქვენი ვარაუდები წინასწარ  გაგვანდოთ?

- სამწუხაროდ, შეინიშნება მოსახლეობის შემცირების ტენდენცია, ვცოტავდებით. 2002 წლის მონაცემებთან შედარებით მოსახლეობა, სავარაუდოდ, უფრო ცოტა იქნება.

- მარტოხელა დედები ხომ არ დაგითვლიათ?

- დიახ. ვიკვლევთ ოჯახის სტრუქტურას, სადაც არიან მარტოხელა დედები, ვსწავლობთ მათ საბინაო პირობებს, ასაკობრივ სტრუქტურას, შემოსავლის წყაროს, დასაქმებას, განათლებას, ხომ არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები და ა.შ. ძალიან ბევრ ინფორმაციას მივიღებთ მრავალშვილიან დედებზეც.

ვინც აღმწერს ვერ შეხვდა...

ოფიციალურად საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-დან 19 ნოემბრამდე, 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამსახური დღესაც მზად არის, დაინტერესებულ მოქალაქეებს დაეხმაროს, შეამოწმებინოს მათი თანდასწრებით შევსებული ბლანკი, ან შეავსოს ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც აღმწერს გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეხვდა...

2002 წლის აღწერით...

2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, აღირიცხა 4 371 535 ადამიანი, მათგან ეროვნებით ქართველი იყო დაახლოებით 84% (3 600 000 ადამიანი). ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყნიდან გასული იყო 113 000 მოქალაქე. ისინი ქვეყანაში მცხოვრებთა რაოდენობაში არ ითვლებიან, რადგან ემიგრანტთა რაოდენობა ქვეყნის ძირითადი მოსახლეობის რაოდენობას არ ემატება. უცნობია, რამდენი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში, რადგან ინფორმაცია არსებობს მხოლოდ (საკონსულოების დონეზე) მათ შესახებ, ვინც ლეგალურად არის წასული, მაგრამ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს ზღვაში წვეთია. არალეგალურად წასულთა რაოდენობა, შესაძლოა, მილიონ კაცს აჭარბებდეს.