ნათიას შვილები მხოლოდ ფოტოზე უნახავს - განაჩენი, რომელიც შვილების ყოლას გიკრძალავს! - კვირის პალიტრა

ნათიას შვილები მხოლოდ ფოტოზე უნახავს - განაჩენი, რომელიც შვილების ყოლას გიკრძალავს!

სახლის ბინადრები მაია შიშნიაშვილს როგორც კი მოიხელთებენ,  ერთსა და იმავეს მერამდენედ უმეორებენ

- მე შენ მიყვარხარ!

"გოჩასა და ნათიას ერთმანეთი ჯერ კიდევ პანსიონატში შეუყვარდათ. ორი შვილიც შეეძინათ, მაგრამ იმის გამო, რომ სახელმწიფომ ისინი ქმედუუნაროდ აღიარა, მათ კანონი შვილის გაზრდის უფლებას არ აძლევს, გოჩას და ნათიას შვილები მხოლოდ ფოტოებზე ჰყავთ ნანახი"

საქართველოში დაახლოებით ასი ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს. უმეტესობას მზრუნველი ჰყავს და ოჯახურ გარემოშია, რამდენიმე ასეული კი პანსიონატებსა და სხვა მსგავსი დანიშნულების ინსტიტუციებში საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ.

თამარი, გოჩა, ნათია, ირინა, დიმა - 13 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დღეს გურჯაანში რამდენიმე ოჯახად ცხოვრობს. სამი წლის წინ მათ საკუთარი სურვილით დატოვეს იმ დაწესებულების კედლები, რომლებიც დღემდე ბევრ შემზარავ საიდუმლოს ინახავს. წარსულის გახსენება ყველას უმძიმს. ჰყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც სრულწლოვანები გახდნენ, ბავშვთა სახლებიდან პანსიონატებში გადაიყვანეს, სადაც ფიზიკური პრობლემების თუ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ერთ ჭერქვეშ, გარე სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობენ. დეტალების გახსენება აღარ სურთ და დღევანდელ მდგომარეობას მეორედ დაბადებას ადარებენ. ყველაფერი საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ხელი ხელს" ინიციატივით დაიწყო.

მაია შიშნიაშვილი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ხელი ხელს" ხელმძღვანელი: "სამი წლის იყო ჩემი შვილი, როცა ხანგრძლივი კვლევების შემდეგ იშვიათი დაავადება, ანგელმანის სინდრომი დაუდგინეს. ბავშვს აქვს ეპილეფსია, ატაქსია, ბალანსის დარღვევა, მეტყველების არქონა... ახლა ლევანი 9 წლისაა და ამ ხნის განმავლობაში თითქმის ყველაფერი გავაკეთე მისთვის: კარგ ექიმებთან დამყავს, პედაგოგიც ჰყავს... თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, სულ მქონდა მომავლის შიში. მეშინოდა, რა იქნებოდა მაშინ, როცა მე ლევანის გვერდით აღარ ვიქნებოდი. ამიტომაც დავინტერესდი, ჩვენს ქვეყანაში სად ხვდებოდნენ ასეთი ადამიანები და აღმოვაჩინე, რომ ეს არის ინსტიტუციები, სადაც მათ აჭმევენ, ასმევენ და ელემენტარული ჰიგიენის პირობებს უქმნიან. მათ არავინ ეკითხება, რას გრძნობენ, რა მოსწონთ, რა უყვართ ან რისი გაკეთება შეუძლიათ. შემზარა პერსპექტივამ, რომ ოდესღაც შესაძლოა ჩემი შვილიც ამ გარემოში მოხვედრილიყო, ამიტომ დავიწყე უცხოეთის  მაგალითების მოძიება.

დავადგინე, რომ უცხოეთში არსებობს საოჯახო ტიპის საცხოვრებელი სახლები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდასაჭერად შექმნილია მომსახურების შესაბამისი სისტემა. ასისტენტები, რომლებიც საოჯახო ტიპის სახლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად ცხოვრობენ, ასწავლიან მათ გარემოსთან ადაპტირებას: როგორ წავიდნენ მაღაზიაში, როგორ გადაიხადონ გადასახადები, მოიმზადონ სადილი და ა.შ. სწორედ ასეთი მოდელის დანერგვა გადავწყვიტე საქართველოში. დიდი ხნის ძიების შემდეგ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დამაფინანსა, რითაც საოჯახო ტიპის სახლისთვის საჭირო პერსონალი მოვამზადეთ. რადგან საცხოვრებლის შესაძენად ფული არ გვქონდა, გადავწყვიტე, ამ ადამიანებისთვის გურჯაანში ჩემი მშობლების სახლი 10 წლით დამეთმო.

კიდევ ერთი სახლი, ასევე ათი წლით, ჩემმა მეგობარმა დაუთმო. პირველ ჯერზე სხვადასხვა ინსტიტუციიდან 10 კაცი, ძირითადად, განვითარების მსუბუქი და საშუალო შეფერხების მქონენი ჩამოვიყვანეთ. თავიდან ცოტა გაუჭირდათ გარემოსთან შეგუება, თუნდაც იმასთან, რომ აქ შეეძლოთ მაშინ ესაუზმათ, გაეღვიძათ ან დაეძინათ, როცა ამის სურვილი ჰქონდათ.  ისინი ხომ წლების განმავლობაში მკაცრ რეჟიმში ცხოვრობდნენ. მაგალითად, ირინამ დანის ხელში დაჭერაც კი არ იცოდა, ახლა კი სადილსაც ამზადებს და მძივებითაც ქარგავს; დიმა კომპიუტერულ პროგრამებსა და საინფორმაციო ბაზებს აწყობს და შეკვეთებიც აქვს; თამარი, რომელმაც შესაძლოა ყველა ფერის დასახელებაც კი არ იცოდეს, შესანიშნავ სამკაულებს აკეთებს და ყიდის; ნათია არაჩვეულებრივად ქსოვს და შეკვეთებს იღებს. მათი მაგალითითაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ასეთ პირებს ბევრი რამ შეუძლიათ.

დღეს ყოველ მათგანს სახელმწიფო ერთ დღე-ღამეში 16 ლარით აფინანსებს. თუ ცხოვრებისა და თვითრეალიზაციისთვის ნორმალურ პირობებს შევუქმნით, შესაძლოა, დამოუკიდებლად ცხოვრებაც შეძლონ და საბოლოოდ, ასეთი მიდგომით სახელმწიფო ფინანსურ რესურსსაც დაზოგავს, ამ ადამიანებს კი ნორმალურ გარემოში ცხოვრების შანსს მისცემს.

თუმცა, სახელმწიფოსთან სხვა პრობლემებსაც ვაწყდებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს აქვთ გრძნობები, სურვილები, განცდები, მათ არა აქვთ ქორწინების უფლება, ხოლო ინსტიტუციაში ყოფნისას თანაცხოვრების უფლებაც კი არა აქვთ. ხელოვნურად ჩარევა ადამიანის ცხოვრებაში ხომ ყველაზე დიდი ძალადობაა.

მიუხედავად ამისა,  სიყვარულს წინ ვერაფერი აღუდგება და ჩვენს ბინადრებს, გოჩასა და ნათიას, ერთმანეთი ჯერ კიდევ პანსიონატში შეუყვარდათ. ორი შვილიც შეეძინათ, მაგრამ იმის გამო, რომ სახელმწიფომ ისინი ქმედუუნაროდ აღიარა, კანონი შვილის აღზრდის უფლებას არ აძლევს, გოჩასა და ნათიას შვილები მხოლოდ ფოტოებზე ჰყავთ ნანახი.

სახელმწიფომ ერთი ბავშვი თავშესაფარში გადაიყვანა, მეორე კი გააშვილა.

აქამდე ქმედუუნარო პირებს არც ქორწინების უფლება ჰქონდათ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ასეთმა პირმა სახელმწიფოს სასამართლოში პროცესი მოუგო და ეს უფლება ოფიციალურად მოიპოვა. დაახლოებით ათ თვეში, ალბათ, კანონი უნდა შეიცვალოს.

ჩვენი საოჯახო ტიპის სახლის ბინადრებმა კი, კოსტიამ და ირინამ, ოჯახი ჩვენთან შექმნეს. უნდა გენახათ, მთელი 9 თვე როგორ ელოდებოდნენ შვილის დაბადებას. წინასწარ შეარჩიეს შვილისთვის სახელი - მარიამი. კოსტია დროდადრო დღიურად მუშაობდა  და მის მოტანილ ჯამაგირს ირინა პამპერსისთვის აგროვებდა. როცა ბავშვი გაჩნდა, გვინდოდა, ჩვენთან, საოჯახო ტიპის სახლში წამოგვეყვანა, მაგრამ სოციალურმა სააგენტომ ის მინდობილობით აღსაზრდელად წაიყვანა. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერაფერს გავხდით. არადა, რამდენიმე დღე ირინა შვილს ძუძუსაც აჭმევდა. ეს კიდევ უკეთესი შემთხვევაა, როცა ქმედუუნაროდ აღიარებული ადამიანის შვილი მინდობილობით აღზრდაში გადაჰყავთ. ასეთ დროს ბავშვები შესაძლოა გასაშვილებელთა სიაში მოხვდნენ ან თავშესაფარში გადაიყვანონ. ბიოლოგიური მშობელი დიდი ალბათობით ვერასდროს გაიგებს, ვინ იშვილა ბავშვი. ახლა ვცდილობთ, ნათიამ და გოჩამ შვილების ნახვის უფლება მოიპოვონ. გოჩამ ამისთვის სამ თვეში წერაც კი ისწავლა, რომ საკუთარი ხელით დაეწერა განცხადება. იმედია, მათ შვილების მონატრებით გაჩენილ სიცარიელესაც შევუვსებთ. და რაც მთავარია, დავუმტკიცებთ შესაბამის უწყებებს, რომ ამ ადამიანების შესაძლებლობები მეტია, ვიდრე მათი შეზღუდულობა".

სიუჟეტი იხილეთ www.palitratv.ge-ზე