გაიცანით, ქართველი ნიუტონი, პრომეთეოსი, ფარშევანგი... ანუ რა გქვია შენ? - კვირის პალიტრა

გაიცანით, ქართველი ნიუტონი, პრომეთეოსი, ფარშევანგი... ანუ რა გქვია შენ?

"ერთ კლიენტს ფარშევანგი ერქვა. მისი ნომერი ორჯერ ავკრიფე, მაგრამ როგორც კი ვიტყოდი, ბატონო ფარშევანგ-მეთქი, სიცილს ვეღარ ვიკავებდი და ვთიშავდი, ვერ შევძელი გასაუბრება..."

ხშირად მშობლები შვილებს უცნაურ სახელებს არქმევენ. წელს დაბადებული არაერთი პატარისთვის მოუწევს მშობელს იმის ახსნა, რატომ შეურჩიეს ასეთი იშვიათი სახელი: წოვინარი, ჯულდასტანი, ფალგანა, გულისტარი, ქიშმიში, პრინცეს-გლორია, ბატისაბა, წეიდა, ჟასმინი, ხურდა, როიალი, ნავი, ქუჯი ალექსანდრე, ფიალა, გიგანტი, ღუკა, ალიბაბა, გაჟიმურადი, ჯანფოლადი, ნადირი, ბიჭია და სხვები.

სერვისების განვითარების სააგენტოში მისულ მშობელს დღეს ნებისმიერი სახელით შეუძლია დაარეგისტრიროს ახალშობილი, 90-იან წლებში კი შეზღუდვები იყო დაწესებული. მაშინდელმა მმაჩის ბიუროს თანამშრომელმა მითხრა, არსებობდა წიგნი, სადაც ქართული სახელები იყო ჩამოთვლილიო. "ქართულ საკუთარ სახელთა სარეკომენდაციო სიაში, ჩამოთვლილის გარდა, სხვა სახელის დარქმევა არ შეიძლებოდა, ეს მკაცრად კონტროლდებოდა. 1992 წელი იყო, მახსოვს, დავარეგისტრირე ახალშობილი ლაშა-გიორგით, ტირეთი ჩავწერე დაბადების მოწმობაში და ამის გამო მკაცრი საყვედური გამომიცხადეს. ხშირად მოდიოდა ხალხი უცნაური სახელით, მაგრამ ვარწმუნებდით, რომ შეეცვალათ სახელი და იმ წიგნიდან შეერჩიათ სხვა. არადა, ზოგს წიგნის გმირის სახელის დარქმევა სურდა, ზოგს - ფილმის, ზოგს რაღაც გამოგონილი სახელის". დღეს ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ფარშევანგი, ბილიარდი, დირექტორი, ნიუტონი, ფაფალა, კუსტარა, ცაცო, აბზიალა, ფუშუტი, მოკონა, ვაკონა, არველოდი, ველოდი, პრომეთე, კაკუ, აბრაჩკა, ხუხუ, დაირა და რა ვიცი, კიდევ რა სახელს არ შეხვდებით.

73 წლის ევიზოვ ცაავა მარტვილში ცხოვრობს: - ჩემს მშობლებს 19 წელი შვილი არ ჰყავდათ... დედა თურმე ფეხმძიმედ იყო და ბიცოლას დასიზმრებია, ბიჭი დაიბადება და დიდი კაცი გამოვაო. ჩემებისთვის უთქვამს, ალბათ, რევიზორი იქნება და მისადაგებული რომ იყოს სახელთან მისი საქმე, ევიზოვი დავარქვათო. ჩემს ცოლისძმას ხარლამი ერქვა, ხარებას იყო დაბადებული და ამიტომ დაარქვეს.

ნუგბარა როსტიაშვილი ცნობილი ადვოკატების, ციცინო ცხვედიანისა და ზურაბ როსტიაშვილის უმცროსი ქალიშვილია: - დედას ისე ჰყვარებია დედამთილი, რომ ბებიას სახელი დამარქვა. ბავშვობაში ნუგბარას ვერ ვამბობდი და ვამბობდი, მურაბა მქვია-მეთქი. ეს სახელი ძველი სპარსულიდან მოდის და ასე ითარგმნება: "უცხო, იშვიათი საკვირველი რამე". საქართველოში ქალის სახელად შემოვიდა და დარჩა, როგორც გემრიელის, ტკბილის სინონიმი. მეც ტკბილეულთან ვასოცირდები. ერთი ჯგუფელი მყავს, ჩემი სახელის ხსენებაზე სულ შივდებოდა. რამდენჯერაც ლექტორი იტყოდა ჩემს სახელს, ბიჭი აპროტესტებდა, ნუ ამბობთ ამ სახელს, მშივდებაო... ხშირად ხუმრობით მეგობრები ნუგზარას მეძახდნენ. ისე მივეჩვიე, დღემდე ორი მეგობარი მართლა ასე მეძახის, ნუგზარას რომ დაიძახებენ, მეც მივიხედავ ხოლმე. ჩემი დეიდაშვილი და ძმაც სულ მეხუმრებოდნენ, ჯარში უეჭველად გაგიწვევენო. მაშინ პატარა ვიყავი და ვუბრაზდებოდი, გოგო ვარ, რა მინდა ჯარში-მეთქი. გავიდა წლები. 17 წლის რომ გავხდი, ერთ დღეს ვიღაც ახალგაზრდა მოგვადგა, ნუგბარა სად არისო. შენ ვინ ხარ, ჩემს დას სახლში რომ აკითხავო, გაბრაზდა თურმე ჩემი ძმა. შენს დას კი არა, ნუგბარას ვეძებ, ჯარში უნდა წავიდეს, გაწვევის საბუთი მაქვს მოტანილი და მისი ხელმოწერა მინდაო. ეს რომ გაიგო ჩემმა ძმამ, თურმე ისეთი ისტერიკული სიცილი ატეხა, ბიჭი გაოგნებული იდგა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. ჩემი ძმა მეხვეწებოდა, უწყებას ხელი მოაწერეო, ახლა ის ბიჭი გადაირია, რომ მოაწეროს, ჯარში მოუწევს წასვლაო და ატყდა ერთი ამბავი.

ერთხელ დედამ საბუთები დამიტოვა  კლიენტისთვის გადასაცემად. მისთვის უთქვამს, ჩემს შვილს, ნუგბარა როსტიაშვილს დაურეკე და ის გადმოგცემთო. უნივერსიტეტში მირეკავს ეს კაცი, ციცინოს ბიჭს, ნუგზარს უნდა შევხვდეო. ვერაფრით გავაგებინე, რომ გოგო ვიყავი...

ნიუტონ ფოლადაშვილი: - სახელი მამიდამ დამარქვა. ალბათ, ნიუტონის კანონი უყვარდა. არ მომწონდა, მაგრამ შევეჩვიე. 60 წლის ვარ და გამოცვლას რა აზრი აქვს.

ალვეკიგიგული მიქაია, 47 წლის: - გადაბმულად იწერება ეს სახელი. ჩემი წინაპრების სახელების პირველი ორი ასოდან არის აწყობილი. ბაბუას ალექსანდრე ერქვა, ბებიას - ვერა, ბიძას - კარლო, მამას - გიორგი, დედას - გულნარა. ვისაც პასპორტს ვაწვდი, მეკითხებიან, ეს რა სახელიაო? ყველასთვის ახსნა მიწევს, მაგრამ არ მიფიქრია სახელის შეცვლა. ვისაც უნდა, ალვეკი დამიძახოს, ვისაც უნდა - გიგული. ისე, სამსახურში უფრო ალვეკის მეძახიან, შინაურები კი გიგულის.

პრომეთეოს ჯანგირაშვილი: - ეს სახელი მამას დაურქმევია. ჩემი შვილები აპროტესტებენ ჩემს სახელს. ერთხანს მეც მინდოდა შეცვლა, მაგრამ მაშინ ადვილი არ იყო. ახლა 70 წლის კაცი ვარ და...

სალომე ბანკის თანამშრომელია, მას ბევრ კლიენტთან უწევს დაკავშირება:

"ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და ერთ კლიენტთან დავრეკე, სახელად ფარშევანგი ერქვა, მეგრული გვარი ჰქონდა. მისი ნომერი ორჯერ ავკრიფე, მაგრამ როგორც კი ვიტყოდი, ბატონო ფარშევანგ-მეთქი, სიცილს ვეღარ ვიკავებდი და ვთიშავდი. ვერ შევძელი გასაუბრება. მერე ჩემმა თანამშრომელმა დარეკა.

ერთხელ ერთ კლიენტთან ვრეკავ და ვეკითხები, ქალბატონ ფიქრიას თუ იცნობთ-მეთქი, კი ვიცნობ, მამაჩემიაო. თურმე კაცს ერქვა ფიქრია.

კაცის სახელად დარეჯანიც შემხვედრია. ერთ ქალს ცისქვეშა ერქვა. ძგაძგუ მამაკაცია. ძირითადად, მეგრელებს აქვთ უცნაური სახელები, ხშირად მხვდება მამაკაცის სახელად ჯუნგლი, ჭუჭუ, ველოდი, არველოდი, ვენორიზე".

მართლაც შეხვდებით სამეგრელოში უცნაურ სახელებს. ერთი მრავალშვილიანი ოჯახის ყველა წევრს უცნაური სახელები ჰქვიათ. აწ განსვენებულ მშობლებს კაი და ჯარა ერქვათ, შვილებს: გუტუი, ჯარა, ჩოჩია, ხახა, ქვიჩა, შოუ, ხოლო შვილიშვილებს: ჯუკა, ჯექური, ფაფალა, ფუნთუშა, ფირფიჩი, ბუხალა და ღუღუნი, მათ ბიძაშვილს კი ოფოფია.

ერთ ამბავსაც გიამბობთ: სამეგრელოს ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში შესულა ფიცრების მყიდველი. მისულა ვინმე ალის სახლში და არ მოეწონა წაბლის მასალა. უკითხავს, ხომ ვერ მიმასწავლი, კიდევ ვის შეიძლება ჰქონდეს გასაყიდი ხეტყეო. ალის დაუწყია ჩამოთვლა, ჩემს სახლს რომ გასცდები, ორი სახლის იქით კუჭიკო ცხოვრობს, იმას მიაკითხე, თუ არადა, ცხვიკისთან წადი, ან ცქურასთან, არდალიონთან, ძღვიკისაც ექნება...

თუ კაცი ხარ, გაჩერდი, არ გააგრძელო, უთქვამს მყიდველს, ერთი ეს გამაგებინე, საზღვარს ხომ არ გავცდი, ხომ საქართველოში ვარო.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახელი

მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახელი ინდოელ მამაკაცს აქვს, თუმცა, მას მხოლოდ გვარით მიმართავენ - ბრაჰმატრა. სახელს რაც შეეხება, ის 1478 ასოსგან შედგება და მის წარმოთქმას, სულ ცოტა, 10 წუთი სჭირდება. არავინ იცის, როგორ ჟღერს ის სინამდვილეში, რადგან მისი წარმოთქმა ჯერ არავის გაუბედავს. სხვათა შორის, ეს ყველაზე გრძელი სახელი ლამის ენციკლოპედიაა, რომელიც მეცნიერებისა და დიპლომატების სახელების თუ გეოგრაფიული დასახელებებისგან შედგება... ბუნებრივია, ბრაჰმატრა ბედნიერია, რომ მხოლოდ გვარით მოიხსენიებენ.

დანაწევრებული სახელის მქონე რეკორდსმენი კი, გვარად უსანსკი, ედინბურგში ცხოვრობს. მამამ მას ნიკოლასი დაარქვა, თუმცა, მოწიფულობაში ერთი სახელი ეცოტავა და ნელ-ნელა გაზარდა... ამჟამად ოფიციალურად მისი სახელი ასე ჟღერს: ბარნაბი მარმადიუკ ალოიზ ბენჯი კობვებ დარტანიან ეგბერტ ფელიქს გასპარ ჰუმბერტ იგნატიუს ჯეიდენ  კასპერ ლეროი მაქსიმილიან ჰედი ობიაჰულუ პეპინ კულიამ როზენკრანც სეკსტონ ტედი აპვუდ ვივატმა უილენდ კსილონ იარდლი ზექერი უსანსკი. თუმცა, მეგობრები მხოლოდ ნიკს ეძახიან.

ნიკისაგან განსხვავებით ვინმე დერეკი "დაბადებიდან" რეკორდსმენია, ანუ მის დაბადების მოწმობაში თავიდანვე დაფიქსირდა სახელი, რომელიც ზუსტად არც თავად ახსოვს: დერეკ პერლეინ სტეინ ჯეკსონ ჰანტერ მაკლოი კენედი სკოტ ფორსიტ ჰენდერსონ ბოიდ რობერტსონ ოჰარა ჯონსტოუნ მილერ დოუსონ არმორ მაკდუგალ მაკლინ მაკინ ფაიფ მაკდონალდ ჟარდინ იანგ მორის დენი ჰამილტონ უატსონ გრეიგ ვალას მაკუინი.

საერთოდ კი გრძელი სახელის ხსენებისას, ადამიანებს ყველაზე ხშირად პიკასო აგონდებათ, რომლის სრული სახელი ასე ჟღერს: პაბლო დიეგო ხოსე ფრანსისკო დე პაულა ხუან ნეპომუკენო მარია დე ლოს რემედიოს კიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტირ პატრისიო რუიზ ი პიკასო.

თეა ხურცილავა