რაიკომის მდივანი, რომელმაც ბოდბის მონასტერი და სიღნაღის გალავანი აღადგინა - კვირის პალიტრა

რაიკომის მდივანი, რომელმაც ბოდბის მონასტერი და სიღნაღის გალავანი აღადგინა

სიღნაღის ციხე-გალავნის აღსადგენად სამშენებლო ქვა ლაგოდეხიდან და გურჯაანის სოფლებიდან მოგვქონდა. ზოგიერთი ადგილი ისეთი მიუდგომელი იყო, რომ ქვის ჩატანა ხურჯინგადაკიდებული ვირებით გვიწევდა და ხანაც  ხელით ჩაგვქონდა

ამას წინათ სოფელ ბოდბისხევში ცაბუტაშვილების ოჯახში მოვხვდი. მეგობრები სუფრასთან გარდასულ ამბებს იხსენებდნენ - ვაჟა ცაბუტაშვილი სიღნაღის რაიონის გამგებელი იყო; სწორედ მან  გაიხსენა თამაზ ქევხიშვილი - იმ მანაველ კაცს გაუმარჯოს, რომელმაც სიღნაღის რაიონში რამდენიმე სოფელი გააშენა, ბოდბის მონასტერი და სიღნაღის გალავანი აღადგინაო...

ამ სადღეგრძელომ მიმიყვანა თამაზ ქევხიშვილის კარამდე... კაცი, რომლის სახელსაც თანამედროვე ქიზიყის აღმშენებლობა უკავშირდება, დღეს თითქმის აღარავის ახსოვს. 1982 წელს სიღნაღის რაიკომის მდივნად დაინიშნა. შემდეგ ჯერ რესპუბლიკურ პროკურატურაში მუშაობდა, მოგვიანებით გუბერნატორის მოადგილედ, საგარეჯოს გამგებლად... ამჟამად 71 წლის არის და ძირითად დროს მანავში ატარებს.

ერისიმედი

80-იან წლებში აჭარელი ეკომიგრანტებისთვის აზერბაიჯანის საზღვართან  სოფელი ერისიმედი გაშენდა.

თამაზ ქევხიშვილი:„"80 წლის წინ ალაზნის კალაპოტმა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს ყოფდა,  გადმოიწია და 1000 ჰექტარი მიწის ფართობი ალაზანგაღმა დარჩა. ფაქტობრივად ეს ადგილი საქართველოსთვის უკვე დაკარგულად ითვლებოდა. სწორედ მაშინ, სიღნაღის რაიკომის მდივნად დავინიშნე. ერთ დღესაც, ალაზანზე ბორნით გადავედით, რომ იქაურობა კარგად დაგვეთვალიერებინა, გული დაგვეწვა, - ძალიან დიდი სახნავ-საძოვრები იყო მდინარის იქით დარჩენილი. მაშინ გავიფიქრე, აქ სოფლის გაშენება კარგი იქნება-მეთქი. გაკეთდა პროექტი და 1984 წელს  მშენებლობაც დავიწყეთ.

პირველად ალაზანზე 120 მეტრი სიგრძის ხიდი გაიდო.  100-კომლიან სოფელში, ყველა ჩამოსახლებულ ოჯახს  გარემონტებული, ავეჯით გაწყობილი სახლები, ბოსელ-მარანი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, წვრილფეხა საქონელი და ფრინველი დახვდა. ავაშენეთ ამბულატორია, სკოლა, ადმინისტრაციული შენობა, კლუბი, აბანო, სახერხი, წისქვილი და მაღაზია... დაახლოებით ოთხი წელი შენდებოდა ერისიმედი. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, რომ დავფიქრდები, გული მეწვის, არათუ ახალი სოფლის მშენებლობაზე ფიქრობს ვინმე, არის სოფლები სადაც კაციც აღარ ჭაჭანებს.

ერისიმედში, სადაც წლების წინ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საძირკველი პატრიარქმა აკურთხა, მშენებლობა დაიწყო, მაგრამ ვერ დასრულდა".

დღეს იქ ტრიალი მინდორია

"სოფელ ხორნაბუჯის ადგილას  ჯაგნარი იყო. მოსახლეობა იმ ადგილზე ცხოვრებით რომ დაგვეინტერესებინა,  ფერმები და საწარმოები ავაშენეთ. სამ წელიწადში 80-მდე სახლი ავაგეთ. მახსოვს პირველი მოსახლე ავთანდილ ბალიაშვილი იყო, ათი შვილი ჰყავდა,  კარს სტუმრები რომ მივადექით, ოჯახის დიასახლისმა ისეთი სიყვარულით მიგვიღო, თითქოს ყველაზე ახლობლები ვყოფილიყავით.

ილიაწმინდა სოფელ ბოდბე-მაღაროს მინდვრებზე, მდინარე ივრის გაღმა ზამთრის საძოვრებზე გაშენდა. მდინარე იორზე  ხიდი ავაგეთ. აშენდა 50-მდე სახლი, საავადმყოფო, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე. თანამდებობა 1990 წელს დავტოვე. კარგა ხნის შემდეგ, როდესაც ამ სოფელში ჩავედი, სახლები მიწასთან გასწორებული დამხვდა. დღეს იქ  ტრიალი მინდორია."

სიღნაღის გალავანი

"სიღნაღს გარს  28-კოშკიანი დიდი გალავანი აკრავს. მისი სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია. ქალაქი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც 200 წლის წინ იყო. რომ არა 80-იან წლებში ჩატარებული რეკოსტრუქცია, დღეს გალავნის მხოლოდ ფრაგმენტები შემოგვრჩებოდა. მისი რესტავრაცია 1984 წელს დაიწყო და ოთხი წელი გრძელდებოდა.

სიღნაღის რაიკომის მდივნად რომ დავინიშნე, გალავნის ზოგიერთი ადგილი საძირკვლამდე იყო მორღვეული. ერთხელაც ძველი ფოტო მაჩვენეს: ედუარდ შევარდნაძე სტუმრებთან ერთად ალაზნის გადასახედთან დგანან. მათ ზურგს უკან დანგრეული გალავანი ჩანს. ვუყურებდი ამ ფოტოს და ვფიქრობდი, ნეტა მაშინდელ რაიკომის მდივანს რა ეამაყებოდა, ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა ამ გალავანს-მეთქი. წლები გავა, ასეთ ფოტოზე შეიძლება მეც მოვხვდე და ჩემზეც იმავეს იტყვიან-მეთქი... შევკრიბე სოფლების საბჭოს თავმჯდომარეები და პარტიული კომიტეტის მდივნები - ციხე-გალავანი უნდა აღვადგინოთ-მეთქი.  ყველა სოფელს დაევალა, რომ გალავნის გარკვეული მონაკვეთი თავად აღედგინათ. სიღნაღში სამშენებლო ქვა არ მოიპოვებოდა და ლაგოდეხიდან და გურჯაანის რაიონებიდან მოგვქონდა. ზოგიერთი ადგილი ისეთი მიუდგომელი იყო, რომ ქვის ჩატანა  ხურჯინგადაკიდებული ვირებით გვიწევდა და ხანაც  ხელით ჩაგვქონდა. შემორჩენილი ფრაგმენტების დახმარებით გალავანს პირვანდელი სახე დავუბრუნეთ."

ბოდბის დედათა მონასტერი

"ბავშვობაში ხშირად დავდიოდი ბოდბის მონასტერში და  მახსოვდა, რომ მონასტრის ეზოში  ბარაკებში მოსახლეობა ცხოვრობდა. ტაძრის კედლებზე საქათმეები ჰქონდათ მიშენებული. იმ დროს მამა ათანასე წირავდა.

მოკლედ, სიღნაღში, ორმილას ტერიტორიაზე ბარაკებში მცხოვრებლებისთვის  კორპუსი ავაშენეთ. ამის შემდეგ შემოვარტყით ტაძარს გალავანი, გავაკეთეთ ხის კარიბჭე, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. მიტოვებული შეEნობა, რომელშიც წლების წინ საავადმყოფო იყო განთავსებული,  გავარემონტეთ და შიგ რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გავხსენით.

მე არც სოფლების მშენებლობა მევალებოდა და არც რაიმე კულტურული ძეგლის აღდგენა-რესტავრაცია, ხორცის, რძის, მატყლისა და მარცვლეული კულტურის გეგმა უნდა შემესრულებინა.

ბოლო წლებში ძალიან გამიტყდა გული. რაც კარგი გვქონდა არ შევინარჩუნეთ, არადა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობამ თავისი ეკონომიკა  საძირკვლად გამოიყენა და ზედ ახალი დააშენა. მხოლოდ ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ვერაფერი და აშენებული დავანგრიეთ."

...რამდენიმე დღეა, ალაზნის ველი ნისლს დაუფარავს, აღარც ბებერი კავკასიონი მოჩანს და აღარც ქიზიყის სოფლები. ნისლში ჩამალულ სიღნაღს გავყურებ და ვცდილობ, ძველ ფოტოებზე შემორჩენილი ქალაქის პირველსახე წარმოვიდგინო.

თორნიკე ყაჯრიშვილი