მისი ნავი სულ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა - კვირის პალიტრა

მისი ნავი სულ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა

მთელი სიცოცხლე ოცნებობდა, რომ ერთი ფილმი მაინც მაღალხარისხიან "კოდაკის" ფირზე გადაეღო

ვიდრე ამ წერილის პირველ სტრიქონებს დავწერდი, დიდხანს ვეძებე თენგიზ აბულაძის ერთი ფოტო: მზიან-ქარიან დღეს, გადაღებებს შორის შუალედში ბორდიურზე ჩამომჯდარი რეჟისორი დაფიქრებული კითხულობს სცენარს. ხელში ფანქარი უჭირავს და რაღაცის გასწორებას აპირებს... ქარს მისთვის თმა ისე აუწეწავს, ფოტოს კი არა, თითქოს კინოკადრს უყურებ და ქარისაგან ზურგთან ამობერილი ღია ფერის პერანგიც ზღვის ტალღებზე მოტივტივე ნავის აფრას გაგონებს.

რაკი ეს ფოტო კინოზე გამოცემულ წიგნებში ვერსად ვნახე, მეგობრებს დავურეკე და ახლა იმათ ვთხოვე: იქნებ სადმე მოძებნოთ-მეთქი, ამაოდ.

მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, სად, რომელ რესპონდენტთან შეიძლებოდა მენახა  ეს შთამბეჭდავი ფოტო და... გამახსენდა! ფოტო მეც არსად მქონდა ნანახი, უბრალოდ, ეს კადრი გოდერძი ჩოხელმა აღმიწერა ერთხელ საუბრისას, ისიც მითხრა, როგორ იდგა თენგიზ აბულაძის ზურგს უკან და გაოცებული ადევნებდა თვალს. უკითხავს კიდეც მოკრძალებით, რას აკეთებთო. სცენარში არ მომწონს რაღაც და იმაზე ვფიქრობო. მაშინ სცენარზე ასეთი ფიქრი და წვალება უცხო იყო სტუდენტი გოდერძისათვის.

KvirisPalitra.Geეტყობა, ცალკე გაოცებითა და ცალკე - ინტერესით, ეს სურათი სამუდამოდ დაამახსოვრდა, თავისი ქარიან-მზიანი დღითა და აფრასავით გაბერილი პერანგით. მე კი ისე მიამბო, მეგონა, გადმოცემით კი არ ვიცოდი, თვითონ მქონდა ნანახი. დროთა განმავლობაში, ეს ღია ფერის პერანგი, ეს ქარი და რეჟისორის ფიქრიანი სახე განზოგადებულ ხატებად მექცა - დინების (ქარის) საწინააღმდეგოდ მცურავი ნავი თეთრი აფრით, რომელსაც მღვრიე ტალღებმა ვერაფერი დააკლეს, თენგიზ აბულაძის შემოქმედების სახედ დამკვიდრდა ჩემში.

მისი ცხოვრება მართლაც ასე იყო: მოსწონდა ეიზენშტეინის "ივანე მრისხანე" და რეზო ჩხეიძესთან ერთად მის ასისტენტობაზე ოცნებობდა მაშინ, როცა მთელი საბჭოთა სივრცე გაჟღენთილი იყო ამ რეჟისორისადმი სასტიკი დამოკიდებულებით. როცა ორი ახალგაზრდა ქართველი ბიჭი ეიზენშტეინის ასისტენტობაზე ოცნებობდა, კედლებსაც ყურები ჰქონდა და ხელოვნებისადმი ამგვარი მიდგომით უკვე უმცირესობაში ხვდებოდნენ. კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტშიც იმის ხათრით წავიდნენ, რომ ამ რეჟისორის სახელოსნოში დაეუფლებოდნენ კინოს ანბანს, მაგრამ, საუბედუროდ, ეიზენშტეინი გარდაიცვალა და თენგიზ აბულაძესაც სხვასთან მოუხდა რეჟისორობის სწავლა.

ამ წერილში არ გიამბობთ, როგორ მიიღო თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმმა, "მაგდანას ლურჯამ", "ოქროს პალმის რტო" 1955 წელს, კანის კინოფესტივალზე, როგორ დაჯილდოვდა თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხე" იტალიის კინოფესტივალის პრესტიჟული ჯილდოთი - დონატელოს დავითით... ან როგორ მიიღო "მონანიება" მსოფლიომ... მოსკოვური პრემიერის შემდეგ "მონანიების" რეჟისორს ჰკითხეს, რა საჭირო იყო წარსულის ასე გახსენებაო. მან ტოლსტოის სიტყვებით უპასუხა: "როგორ თუ რატომ! მე თუ რაიმე მძიმე და საშიში ავადმყოფობა მქონდა, განვიკურნე და თავი ვიხსენი ამ სენისაგან, ყოველთვის სიხარულით გავიხსენებ იმ ჩემს გადარჩენას, ხოლო არ გავიხსენებ, როცა ავად ვარ და მინდა თავი მოვიტყუო, ვითომ არ ვიყო ავად".

კინოსამყარო ცივად დახვდა თენგიზ აბულაძის ფილმს "ვედრება". ეს შავ-თეთრი სურათი უცხო იყო საბჭოთა სინამდვილისათვის. მხოლოდ გადაღებიდან 7 წლის შემდეგ იტალიის სან-რემოს XVII ფესტივალზე მიიღო პირველი პრემია. თენგიზ აბულაძე იხსენებდა: "და აი, ამ შვიდი წლის განმავლობაში ავტორები მართალია, არ დავბერდით, მაგრამ გავთეთრდით, სულ გათეთრდა რეზო კვესელავა, ნახევრად გავთეთრდი მე, ანზორ სალუქვაძესაც კი გამოერია რამდენიმე ღერი ჭაღარა".

არა მარტო ამან, თენგიზ აბულაძე გაათეთრა გავრცელებულმა ჭორმაც - გიჭერენო, გაუთავებელმა ბრალდებებმა... დრო იყო ისეთი, რომ რეჟისორს ისიც კი ეუხერხულებოდა და თრგუნავდა, თუ მის შემოქმედებას იტალიურ ნეორეალიზმს შეადარებდნენ, ან ფრანგულ "ახალ ტალღას". ყველაფერი, რაც საბჭოთა კინოსაგან განასხვავებდა, ნელი მოქმედების ნაღმივით იყო, არადა აბულაძის კინო უკვე ღაღადებდა, რომ ის იყო "სხვა", რომელსაც ამდენი ხანი ელოდნენ კინოს ნამდვილი დამფასებლები და რომელიც მომავალში თეთრაფრიანი ნავივით შეცურდებოდა მსოფლიო კინოს ზღვაში.

დაბოლოს, თენგიზ აბულაძის შემოქმედება ყველაზე მოქმედებდა - ინტელექტუალურ მაყურებელზეც და უბრალო ხალხზეც. ის უამრავ წერილს იღებდა. აი, ერთი მათგანი: "მე ერთი მეწისქვილე კაცი ვარ, ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ჩემი აზრით, "მონანიება" ყველამ უნდა ნახოს. რა თქმა უნდა, მას ყველა ვერ გაიგებს, მაგრამ არ შეიძლება ამ ფილმის ნახვის შემდეგ ადამიანი ცოტა უკეთესი არ გახდეს".

მთელი სიცოცხლე ოცნებობდა, რომ ერთი ფილმი მაინც მაღალხარისხიან "კოდაკის" ფირზე გადაეღო.  ვერ აისრულა სურვილი. მაგრამ ჩვენ, ვინც "ცოტა უკეთესები" ვართ, რადგან სხვასთან ერთად მისმა ფილმებმაც გადაგვძალეს "უკეთესობისაკენ", იმის დადასტურებად ვრჩებით, რომ ფირის ხარისხი ვერაფერს აკლებს დიდი კინოს უკვდავებას...