რადიო "პალიტრა"' ახალი მწვერვალი - გუდაური - კვირის პალიტრა

რადიო "პალიტრა"' ახალი მწვერვალი - გუდაური

უფრო მეტი მუსიკა თქვენი განწყობის FM სიხშირეზე

1925 წლის 23 მაისს, როდესაც ამიერკავკასიაში პირველი ქართული რადიომაუწყებლობა გაჩნდა, ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ წლები გავიდოდა და მას არაერთი FM სიხშირე მიემატებოდა... დღეს მედიაბაზარზე არაერთი სხვადასხვა ფორმატის რადიო მაუწყებლობს, თუმცა,  რადიო "პალიტრა" ყველასგან'' გამოირჩევა მრავალფეროვანი საეთერო ბადით. უკვე მეშვიდე წელია, იგი 24-საათიანი მაუწყებლობის უწყვეტ რეჟიმში, საინფორმაციო გამოშვებით, სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური, შემეცნებითი და გასართობი გადაცემით, ყოველდღე თქვენს განწყობაზე ზრუნავს. რადიო "პალიტრა" ყველა ასაკისა და ინტერესის მსმენელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ამას მისი რეიტინგიც ადასტურებს. ერთგულ მსმენელს არც ის სიახლეები გამოეპარებოდა, ცოტა ხნის წინ„რომ შესთავაზა რადიო "პალიტრამ", დეკემბრიდან კი„იგი იმავე სიხშირეზე FM - 103.9-ზე - უკვე გუდაურშიც მაუწყებლობს. კიდევ ერთი სიახლე მუსიკის მოყვარულებს გაახარებთ: მელომანებო, შაბათ-კვირის ღამის ეთერში თქვენ დილამდე შეგიძლიათ სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენა! რადიო "პალიტრის" სამხატვრო ხელმძღვანელს სწორედ სიახლეებზე ვესაუბრეთ.

თამარ ცაგარეიშვილი, რადიო "პალიტრის" პროგრამების ხელმძღვანელი: -„რადიო "პალიტრა" უკვე ისეთი პოპულარულია, რომ მისი ისტორიის შეხსენება ჩვენი მკითხველისთვის ალბათ, აღარც არის საჭირო, თუმცა მაინც გეტყვით, რომ მაუწყებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში დავიწყეთ. თავიდან იყო გაკვირვება, კითხვა, როგორ გაბედეთო, მაგრამ მგონია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და არც „რადიო "პალიტრა" დაბადებულა შემთხვევით. სწორედ განსაკუთრებულმა ვითარებამ განაპირობა მისი დაბადება. იმ დროს უამრავი პრობლემა იყო გადასაჭრელი, საჭირო იყო ბრძოლა, ამიტომ განსაკუთრებული მოტივაცია გვქონდა, თავგანწირვა და თავდადება მოგვეთხოვებოდა. რომ გითხრათ, ახლა დავმშვიდდით, გულზე ხელი დავიკრიფეთ, რაღაცას მივაღწიეთ და მხოლოდ მუსიკის მოსასმენად ვართ მომართული-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ახლაც მნიშვნელოვანი ამოცანები გვაქვს გადასაჭრელი, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ვფიქრობ, რომ ფუნქცია ზუსტად ისეთივე გვაქვს, როგორიც დაბადების დღეს გვქონდა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაღაც გავაკეთეთ, პოპულარული გავხდით და შეგვიძლია ამით დავტკბეთ, არა, ჯერ ისევ შენების ჟამია.

ყველაფერი ძველდება და ყველაფერს აქვს თავისი დრო შემოქმედებაში, განსაკუთრებით - მედიაში, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ახალი სტუდია, საიდანაც ძალიან მალე დავიწყებთ მაუწყებლობას. ახალი სამუშაო ადგილი, მოგეხსენებათ, განწყობას, სტიმულს ამაღლებს. ახალ სტუდიაში გადასვლა ახალი ტექნიკურ აღჭურვილობასაც გულისხმობს.

კიდევ ერთი სიახლეა რადიო "პალიტრის" გუდაურში მაუწყებლობა. გუდაურში დამსვენებლებს საჭირო ინფორმაციასთან ერთად სასიამოვნო მუსიკის მოსმენის შესაძლებლობაც ექნებათ.„რადიო "პალიტრა" არის თქვენი სანდო თანამგზავრი, რომლის ინფორმაციას ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ.

- როგორც ვიცი, რადიო "პალიტრაში" მუსიკალური მიმართულებითაც სიახლეა...

- თუკი ვინმე რადიო "პალიტრას" მუსიკის მოსასმენად რთავს, ეს ძალიან ნიჭიერი მუსიკალური პროდიუსერის, გიორგი ნაგელიშვილის, დამსახურებაა. სიახლე ის გახლავთ, რომ უფრო მეტი მუსიკა იქნება შაბათ-კვირის საეთერო ბადეში, თუმცა დღის განმავლობაში იმავე საეთერო ბადეს ვინარჩუნებთ, რაც აქამდე გვქონდა. ჩვენ გვჭირდება საინტერესო ინფორმაცია, ანალიზი, გონიერი და გამოცდილი ადამიანების მოსაზრების მოსმენა, რათა ჩამოვაყალიბოთ კონცეფცია, საითკენ მივდივართ.

უკვე მესამე წელია,„რადიო "პალიტრის" მუსიკალურ ბადეს გიორგი ნაგელიშვილი ქმნის. ოქროს ჰიტებს, რომლებიც რადიო "პალიტრის" დღის განმავლობაში ტრიალებს, ამჯერად შაბათ-კვირის ღამის ეთერში სხვადასხვა ჟანრის მუსიკა შეემატა.

გიორგი ნაგელიშვილი, რადიო "პალიტრის" მუსიკალური პროდიუსერი: - რადიო "პალიტრის" განვითარებაში, პოპულარობაში მუსიკამაც შეიტანა გარკვეული წვლილი. მიუხედავად იმისა, რომ„რადიო "პალიტრა" ტოქრადიოა, დღის გარკვეული პერიოდი და მთელი ღამე ეთმობა მუსიკას. ჩვენი მუსიკალური ბადე ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ მსმენელთა ფართო აუდიტორიის ინტერესები, რაც, დამეთანხმებით, ძალიან ძნელია.

დღის ეთერი ქართულ მუსიკას ეთმობა. ღამის მუსიკალურ ბადეში სიახლე გვაქვს - ღამის 12 საათიდან დილის 6-მდე ექსკლუზიურად ჩვენს სიხშირეზე შეგიძლიათ უსმინოთ ფანკის, ჰაუსს, მოდერნიზებულ ჯაზს, ლაუნჯმუსიკას და ა.შ.

მუსიკა, რომელიც ჩვენს ტალღაზე ჟღერს, ყველანაირი მუსიკალური გემოვნების მსმენელს აკმაყოფილებს. ღამის ეთერი უფრო ახალგაზრდობაზეა გათვლილი. მიუხედავად ამ სიახლისა, ჩვენი მთავარი მუსიკალური მიმართულება უცვლელია.

მაშ ასე, 2014 წელს ახალი მწვერვალი იყო გუდაური, 2015 წლისთვის კი ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადებიან.

თორნიკე ყაჯრიშვილი