ბოლო კეთილია! - ილიას ძეგლის გახსნას არც პრეზიდენტი დაესწრო და არც - პრემიერი
12-01-2015
ბოლო კეთილია! - ილიას ძეგლის გახსნას არც პრეზიდენტი დაესწრო და არც - პრემიერი
ნატვრა რეალობად იქცა?! - მივხედოთ, მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ იმას, რასაც ჩვენი ისტორია ჰქვია!

"საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე და დაუჭრიათ მისი მეუღლე", - ამ რამდენიმესიტყვიანმა თავზარდამცემმა ინფორმაციამ 1907 წლის 12 სექტემბერს ქვეყანას თავისი უგვირგვინო მეფის საზარელი მკვლელობა ამცნო...

ლამის საუკუნის შემდეგ, 1983 წელს, მადლიერმა შთამომავლობამ“ წიწამურთან ილია ჭავჭავაძის ძეგლი დადგა. წლების განმავლობაში უპატრონოდ მიგდებულ ძეგლთან მისასვლელი ფილაქანაცვენილი და ჩამონგრეული კიბე ეკალბარდით იყო დაფარული. სანაგვედ ქცეული ერის მამის ობელისკის ფოტოები სოციალურ ქსელებში
ხშირად ჩნდებოდა, თუმცა, არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, მის რეაბილიტაციაზე არავინ იზრუნა. ყოფილი პრეზიდენტი უცხოელ სტუმრებთან თავს იწონებდა რეზიდენციაში ილია ჭავჭავაძის პორტრეტით, თუმცა წიწამურთან მისი ძეგლის რეაბილიტაცია აზრად არ მოსვლია... იმ პერიოდში საზოგადოების გარკვეული ნაწილი ბანკებში სპეციალური ანგარიშის გახსნასაც გეგმავდა, რათა შემოწირული თანხებით მემორიალის განათება მაინც
დაემონტაჟებინა. იმედი ჰქონდათ სამშენებლო კომპანიებისა და ბიზნესმენების გულისხმიერებისაც, თუმცა...


"კვირის პალიტრა" ამ პრობლემაზე ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ წერდა: "პეტერბურგში, სტუდენტობისას დაწერილ "ქართვლის დედას" ილიამ ეპიგრაფად ლაიბნიცის სიტყვები წარუმძღვარა: "აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა" და ჯერ კიდევ ჭაბუკმა ქართველობას შეუძახა, წარსულს დავიწყების ფერფლი არ მიაყაროთ, თორემ აწმყოსაც წაიხდენთ და მომავალსაც დაკარგავთო. როგორ ვიღეთ ყურად დიდი ქართველის რჩევა-მოწოდება, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ჩანს.

შორიდან, ჯვრის მონასტრის მხარეს ერის მამის ძეგლი მჭმუნვარედ გასცქერის მტკვრისა და არაგვის შესართავს მიღმა გადაშლილ "ივერთ მხარეს". ვისაც გული ილიასკენ გაუწევს და ახლოს მისვლას მოინდომებს, წინ დიდი დაბრკოლება ელის. მისი დაძლევის შემდეგ კი კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ ჩასწყდება გული. ძნელია გზა ილიამდე - ეკალბარდიანი, ძნელად სავალი, კიბე ერთიანად მორღვეულია და აბალახებული. ამან როგორ უნდა შემაფერხოსო, ფიქრობ, და მაინც მიიწევ ილიასკენ. დამსხვრეულ ფილაქანზე ფრთხილად მიაბიჯებ და უნებლიეთ ებრაული წყევლა გახსენდება, - შენს კიბეზე ბალახი ამოვიდესო" (ანუ მიმსვლელ-მომსვლელი არ გყავდესო) და გწყდება, ძალიან გწყდება გული, რომ ამის მომსწრე გახდი. მიმსვლელ-მომსვლელი დალევია ერისკაცს, რომელიც სწორედ აქ, წიწამურში, ეწამა სამშობლოსათვის..."
"კვირის პალიტრა",

7 სექტემბერი, 2009 წ.


წლების განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძეგლის სავალალო მდგომარეობაზე "კვირის პალიტრაში" არაერთი სტატია დაიბეჭდა. მაშინდელი ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენას ილიას მონუმენტის  არქიტექტორი, თეიმურაზ ბოჭორიშვილიც ამაოდ ცდილობდა...  წლების წინ, მცხეთის გამგეობა სამ ვარიანტს განიხილავდა: ილიას ძეგლის სხვაგან გადატანას; მონუმენტის რეკონსტრუქციას;  ბორცვზე ამავალი კიბის მოშლას. პირველი ორი ვარიანტი მალევე გამოირიცხა, თუმცა, გაურკვეველი დარჩა მესამე - კიბის მოშლა. არადა, ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ სწორედ საპარადო კიბე ამძაფრებდა ძეგლის სიმბოლურ დატვირთვას...

ორი წლის წინ ბოჭორიშვილი მაშინდელ კულტურის მინისტრის მოადგილეს, მარინე მიზანდარს კიბის დანგრევის ერთ-ერთ ინიციატორად მოიხსენიებდა: "ჩვენ ხომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ძეგლებს ისე დაატარებენ აქეთ-იქით, ავტორს არაფერს ეკითხებიან". ძეგლის ავტორი ლევან მხეიძე მაშინ სამკურნალოდ გერმანიაში გახლდათ. საავადმყოფოდან ურეკავდა ბოჭორიშვილს და კულტურის მინისტრთან შეხვედრას სთხოვდა, იქნებ კიბე არ მოანგრიონო. მაშინდელი კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია კი აცხადებდა: - ეს ძეგლი მცხეთას ეკუთვნის. მცხეთას კი მის აღსადგენად თანხა არ ჰყოფნის. გარდა ამისა, ეს ჩამონგრეული კიბე მართლაც საშინელებაა, მაგრამ მისი მოშლა ჯერ კიდევ არ გვაქვს გადაწყვეტილიო...

წლები გავიდა და ბევრი ქართველის ნატვრა რეალობად იქცა. მივიწყებულ  წიწამურთან, შარშან, აგვისტოში, მტავრობის ინიციატივით, ილიას ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო. დანგრეული კვარცხლბეკი, კიბე და ამფითეატრი დღეს უკვე აღდგენილია. გაკეთდა განათება და დაირგო ბროწეულის ხეები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. სარეაბილიტაციო სამუშაო ძეგლის თავდაპირველმა ავტორმა თეიმურაზ ბოჭორიშვილმა შეიმუშავა.

30 დეკემბერს ძეგლის საპრეზენტაციო გახსნას მთავრობიდან სულ რამდენიმე კაცი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ესწრებოდნენ. როგორი სირცხვილიც იყო ილიას ძეგლის ამდენი ხნის განმავლობაში უპატრონოდ მიტოვება, ასევე სირცხვილია ის, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისათა ვერ მოიცალეს”ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრებად. დიახ, ილიას ძეგლის გახსნას ალბათ, უნდა დასწრებოდნენ პრეზიდენტიც, პრემიერიც და მთავრობის სხვა წევრებიც(!).

ძეგლის ხელმეორედ გახსნაზე სიმბოლურად, ილიას ნაწარმოებების გმირები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააცოცხლეს. 

P.S. "მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა". და მართლაც, სანამ ჩვენს წარსულს, თუნდაც მოუვლელი ძეგლების მიხედვით არ დავიცავთ, რომელიც საქართველოში მრავლად არის, მომავალ თაობას საკუთარი ქვეყნის ისტორიას ვერ შევასწავლით. მივხედოთ, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ იმას, რასაც ჩვენი ისტორია ჰქვია!

თორნიკე ყაჯრიშვილი
კახა
03 თებერვალი 2015 22:52
არც ვიცოდი ამ ძეგლის მდებარეობა, არასოდეს შემინიშნავს. თურმე იქვე, ტრასასთან ახლოს, მშვენიერი ხედით რამდენიმე დღის უკან დავინახე განათებული და გაჩირაღდნებული. გული სითბოთი ამევსო. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ვინ აღადგინა, ვინც გააკეთა , ვინც იბრძოლა მამულიშვილია. შეეწიოს წმ.ილია მართლის მადლი !
ორთაჭლელი
17 იანვარი 2015 17:34
ძალიან გამკვირვებია ზოგის, ასე რამ დაუბნელათ გონება, ხალხო რომელი მთავრობის ხელში მოხდა ძეგლის აღდგენა? ვინ არის ამ მთავრობის მეთაური? დაგავიწყდათ? ამას ქვია - გინდ წინ ... გინდ უკანო, ვაი თქვენს პატრონს!!!
არტაგი
16 იანვარი 2015 14:23
ირაკლი ღარიბაშვილო და გიორგი მარგველაშვილო ერთმანეთთან კინკლაობას რომ ვერ შელევიხართ,ილია ჭავჭავაძის ძეგლის გახსნაზე რატომ არ მიხვედით,თქვე გულამორეცხილო ქართველებო!...იცით კი ილია ვინ იყო,ვინ არის და ვინ უნდა იყოს საქართველოსთვის!?...თქვენ ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც დიდი ხანია ფეხებზე გკიდიათ,რასაც საგულდაგულოდ მალავთ მამულიშვილობის ნიღაბქვეშ!!...

რედაქტორის რჩევით