როგორ იქცნენ ტერორისტებად პიცის დამტარებელი ბიჭი და მისი ძმა
12-01-2015
როგორ იქცნენ ტერორისტებად პიცის დამტარებელი ბიჭი და მისი ძმა
"ეს ნამდვილი სასაკლაოა, არის მსხვერპლი".
ჟურნალისტ ლორან ლეჟეს უკანასკნელი სატელეფონი საუბარი. 7 იანვარი, 11.48 სთ.

"შური ვიძიეთ მოციქულ მუჰამედის შეურაცხყოფისთვის, ახლა "შარლი ებდო" მკვდარია".
ტერორისტის მიმართვა დაჭრილ პოლიციელს. 7 იანვარი, 2015 წ.

"მუსლიმები მომხდარისგან ტრავმირებულები არიან, მდუმარე უმრავლესობა ფანატიკოსების მძევალი აღმოჩნდა. საჭიროა მუსლიმები აქტიურად გამოვიდნენ ქუჩაში  და დაგმონ, რომ ფანატიკოსებმა ისლამი მიისაკუთრეს, მომხდარი დიდი დარტყმაა  ჭეშმარიტ ისლამსა და საფრანგეთის მუსლიმებზე".
თერექ უბრუ, ბორდოს მეჩეთის იმამი, 7 იანვარი, 2015 წ.


2006
წელს საფრანგეთში იმხანად ცნობილ "ერაყის საქმის" მორიგ სასამართლო  პროცესზე (ფრანგმა სამართალდამცავებმა დააკავეს 5 პირი, რომლებიც ახალგაზრდების რეკრუტირებას ეწეოდნენ ერაყში ამერიკის სამხედრო ძალებთან საბრძოლველად), ერთ-ერთი განსასჯელის ადვოკატმა თავისი სიტყვით პირდაპირ გააოცა დამსწრე საზოგადოება: "ბრალმდებლები  ცდილობენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ბენ ლადენს დაუკავშირონ, არადა, ის
ერთი უბრალო, 22 წლის ბიჭია, რომელმაც სამგზავრო ბილეთი აიღო სირიაში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად (იქ ბრძოლას აპირებდა.  - ავტ.). ახლა შარიფი მართლმსაჯულების მადლიერია, რომ ციხეში აღმოჩნდა, რადგან "ჯიჰადში" მონაწილეობა მას საზარბაზნე ხორცად აქცევდა. არადა, სინამდვილეში ერთი პიცის დამტარებელია"...

შარიფ კუაშის მაშინ სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, რადგანაც სამი წელი საგამოძიებო იზოლატორში გაატარა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ 9 წლის შემდეგ უბრალო პიცის დამტარებელი ბიჭი ბოლო დროის საფრანგეთის ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტის მთავარი შემოქმედი გახდებოდა...

2015 წლის 7 იანვრის დილა პარიზში ტრადიციულად საქმიანად დაიწყო. რედაქცია "შარლი ებდოში" თანამშრომელთა თათბირი იყო დაგეგმილი და ამიტომ დათქმულ დროზე თავი ყველამ მოიყარა. აქ იყვნენ ცნობილი კარიკატურისტებიც, რომლებიც კვირის დანარჩენ დღეებში  რედაქციაში ძვირი სანახავები არიან (ისინი ძირითადად შინ მუშაობენ). ერთ-ერთს - რედაქტორ სტეფან შარბონიეს,  სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელიც ახლდა (ბოლო დროს გახშირებული მუქარის გამო). თათბირის დაწყებამდე ჟურნალისტები ახალი კარიკატურის მინაწერზე ხალისობდნენ - "საფრანგეთში დიდი ხანია არ ყოფილა ტერორისტული იერიშები? მოითმინეთ, იანვრის ბოლომდე ჯერ კიდევ დროა".

ამასობაში, იმავე ქუჩაზე, #6 სახლში, კარზე კაკუნი გაისმა. როდესაც სახლის პატრონმა ზღურბლზე ორი უცნობი დაინახა, გაუკვირდა. გაკვირვებული დარჩნენ მოსულებიც და მასპინძელს მოუბოდიშეს, - სატირული ჟურნალის რედაქციას ვეძებთო. მანაც კარგად აუხსნა, რომ რედაქცია არა ექვსში, არამედ #10-ში არისო.
უცნაური უცნობები წავიდნენ...

მხატვარი კოკო ამჟამადაც აგვიანებდა თათბირზე. "რედაქციასთან მისულს თან მახლდა ჩემი გოგონა, რომელიც ცოტა ხნით ადრე გამოვიყვანე საბავშვო ბაღიდან. შესასვლელთან მოულოდნელად  ორნი მომცვივდნენ და მაიძულეს, კარის გასაღები კოდი ამეკრიფა. ასე შემოვიდნენ რედაქციაში და სროლა ატეხეს. რედაქციაში თათბირი მიმდინარეობდა. ისინი ისროდნენ და ყვიროდნენ, - ქალებს არ დავხოცავთო. ძლივს შევასწარი ჩემს კაბინეტში. ვხედავდი, რომ ცხედრები ერთმანეთზე ეყარა. ცოტა ხანს ჩერდებოდნენ, ჟურნალისტებს აიძულებდნენ, საკუთარი სახელები ეთქვათ, მერე კი ხოცავდნენ... ისინი დახვეწილი ფრანგულით საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ "ალ-ქაიდას" წარმოადგენდნენ".

მხოლოდ ერთმა კაცმა მოახერხა მობილურით გარე სამყაროსთან დაკავშირება, "აქ სასაკლაოა", - ჩაჰყვიროდა მეგობარს ტელეფონში, თუმცაღა, კავშირი  მალე გაწყდა... ტერორისტები გარეთ გამოვიდნენ და ავტომობილში ჩასხდნენ. გზა პოლიციის მანქანამ გადაუღობა, თავდამსხმელები გადმოვიდნენ მანქანიდან და ცეცხლი პოლიციელებს გაუხსნეს...

თვითმხილველი: "იქვე, შენობაში ყავას ვსვამდი, როცა სროლა გავიგონე. დავინახე რუსული ავტომატებით (კალაშნიკოვი - ავტ.) შეიარაღებული ორი უცნობი. პოლიციელს ესროლეს. პოლიციელი მიწაზე დაეცა,  ერთ-ერთი მიუახლოვდა და მგონი, კიდევ ესროლა. ყველაფერი ორ წუთში დამთავრდა... როგორც კი წავიდნენ, პოლიციელთან მივირბინე. მაჯა გავუსინჯე - ცოცხალი იყო. 20 წუთი არაფერი ხდებოდა. ვყვიროდი, დაგვეხმარეთ-მეთქი. ამაოდ... არადა, მისი  გადარჩენა შეიძლებოდა"...

როგორც ცნობილი გახდა, ტერორისტები შავი მანქანით მიდიოდნენ. სიჩქარეში მათ ერთი ქვეითიც იმსხვერპლეს. თვითმხილველები აცხადებდნენ, ტერორისტები მშვიდად და მიზანმიმართულად მოქმედებდნენ... საბოლოოდ, "შარლი ებდოში" გამართულ სისხლიან კალოს 12 ადამიანი - 10 ჟურნალისტი და 2 პოლიციელი ემსხვერპლა, დაიჭრა 20-მდე კაცი. გარდაცვლილებს შორის იყო ერთ-ერთი რედაქტორი და საქვეყნოდ ცნობილი კარიკატურების ავტორი სტეფან "შარბ" შარბონიე (სულ დაღუპულია 4 კარიკატურისტი). სწორედ მისი ინიციატივით დაიბეჭდა 2006 წელს ჟურნალში მუჰამედ მოციქულის დანიური კარიკატურები.

7 იანვრის ტერორისტული იერიშის მიზეზიც კარიკატურები იყო, რომლებიც საახალწლოდ დაბეჭდა ჟურნალმა. ერთერთზე "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუბაქრ ალ ბაღდადი იყო გამოსახული.
წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამო "შარლი ებდო" 2011 წელსაც გახდა ისლამისტ ტერორისტთა სამიზნე. მაშინ რედაქცია დაწვეს, თუმცა, მსხვერპლი არ ყოფილა...

7 იანვარს ტყვიას გადარჩენილი და ჯერ კიდევ  შოკში მყოფი გაზეთის მთავარი რედაქტორი ჟერარ ბიარი აცხადებდა, ბოლო დროს  ჟურნალის მისამართით მუქარებმა იკლო, ამიტომაც რედაქციას განსაკუთრებულად აღარ  იცავდნენო.
მომხდარმა თავზარი დასცა არა მარტო საფრანგეთს... უკვე შუადღისას, 14.30 საათზე, ხელისუფლებამ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აიყვანა ყველა ფრანგული გამოცემა, პარიზის განათლების დეპარტამენტმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მოსწავლეებსა და სტუდენტებს სასწავლებლების დატოვება აეკრძალათ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, - ტერორისტული იერიში შეიძლება განმეორდესო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პირდაპირ "შარლი ებდოს" რედაქციიდან მიმართა ერს და ასეთ მძიმე წუთებში ერთიანობისკენ მოუწოდა, სამართალდამცავები უკვე დაეძებდნენ ტერორისტებს.

ამასობაში, ცნობილი გახდა  გარდაცვლილების ვინაობაც. გარეთ მოკლული პოლიციელი არაბი აღმოჩნდა.
მოხერხდა დამნაშავეების დადგენა. ისინი ძმები: საიდ და შარიფ კუაშები აღმოჩნდნენ. დასახელდა მესამე დამნაშავეც - იგი 18 წლის ჰამიდ მურადი უნდა იყოს (მძღოლი), თუმცა, როგორც ფრანგული მედია აცხადებს, - მას ალიბი აქვს, სროლებისას სკოლაში იყოო.

ტერორისტების კვალს ჯერ ქალაქ რეისში მიაგნეს, სადაც სწორედ ჰამიდ მურადი ცხოვრობს... იქ ტერორიზმთან ბრძოლის ელიტარული სპეცდანაყოფები გაემგზავრნენ, თუმცა, ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს. ამასობაში, ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე "შარლი ებდოს" მხარდასაჭერად. ლოზუნგი - ჟე სუის ჩჰარლიე (მე შარლი ვარ) მთელ მსოფლიოს მოედო.

თუმცა, ამით ფრანგული სისხლიანი ქრონიკები არ დამთავრებულა - 8 იანვარს შეიარაღებულმა პირებმა სროლა აუტეხეს პოლიციელებს. ერთი დაიჭრა, ხოლო მეორე გარდაიცვალა, მალევე გახდა ცნობილი ეჭვმიტანილთა ვინაობა. ერთი მათგანია ქალბატონი ჰაიათ ბუმდინი.

9 იანვარს ქაშერულ მაღაზიაში შეიჭრა 32 წლის ამედი კულიბალი და მძევლად 5 კაცი აიყვანა. კულიბალი ძმებ კუაშების გათავისუფლებას ითხოვდა. ფრანგმა ძალოვანებმა მაღაზია შტურმით აიღეს. სროლას ორი კაცის სიცოცხლე შეეწირა, მძევლები გაათავისუფლეს სუპერმარკეტშიც. ამედი კულიბალი შეტაკებისას მოკლეს.
9 იანვრის საღამოს მსოფლიოს ყურადღება ფრანგულ ქალაქ დამარტენ ან გოილისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ჟურნალისტების მკვლელი ძმები ერთ-ერთი სტამბის შენობაში იყვნენ გამაგრებულნი და თან მძევალი ჰყავდათ აყვანილი. მათთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცავებმა შეძლეს შენობასთან ახლომდებარე სკოლებიდან ბავშვების მშვიდობიანი ევაკუაცია. ტერორისტებს ალყაში ყოფნა დიდად არ ანაღვლებდათ, რადგან მზად იყვნენ მოწამებრივი აღსასრულისთვის. გვიან ღამით სტამბის იერიშის დროს ძმები კუაშები დაიღუპნენ, ხოლო პოლიციამ მძევალი გაათავისუფლა.

ამასობაში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც გაისმა განგაშის სიგნალი...


მარიო ვარგას ლიოსა, პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში: "მოვუწოდებ პოლიტიკოსებსა და მთავრობებს, ფარ-ხმალი არ დაყარონ და ნუ იქნებიან პასიურნი იმ ტერორისტების მიმართ, რომლებსაც მილიარდერები აფინანსებენ.
ისლამური ტერორი იმდენად ჩამორჩენილია, რომ ვერასოდეს გაიმარჯვებს. ყველაზე დასანანი ის არის, რომ მისი მთავარი მსხვერპლი არა ებრაელები და ქრისტიანები, არამედ თავად მაჰმადიანები არიან. ამიტომ კეთილგონიერები და სამართლიანები უნდა ვიყოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ დამნაშავე რიგითი მაჰმადიანია".

სალმან რუშდი, წარმოშობით ინდოელი ბრიტანელი მწერალი, ესეისტი, 2011 წელს წიგნის "სატანური ლექსების" გამო "ალ-ქაიდას" მთავარ სამიზნეთა სიაში მოხვდა:
"რელიგიურმა ტოტალიტარიზმმა ისლამის მომაკვდინებელი მუტაცია განაპირობა, რისი მომსწრეც პარიზში გავხდით. მე "შარლი ებდოს" გვერდში ვდგავარ, როგორც ყველა სხვა, რათა დავიცვა ხელოვნება - სატირა, რომელიც ყოველთვის იყო ძალა, მიმართული თავისუფლების და ტირანიის, სიცრუისა და სიბრიყვის წინააღმდეგ".

უმბერტო ეკო, იტალიელი კულტუროლოგი, ფილოსოფოსი, მწერალი: "ეს ომია, ომის ახალი სახე, რომელშიც ყურებამდე ვართ ჩაფლული. ეს ახალი, მაგრამ ამავე დროს ისეთივე ომია, როგორიც ჩემს ბავშვობაში, როდესაც ყოველდღე შიშში ვცხოვრობდით - გვეშინოდა, რომ ერთ დღესაც უეცრად ციდან ბომბები ჩამოცვივდებოდა.
თუმცა, არა მგონია, სწორი იყოს ამ ყველაფრის მაჰმადიანებთან გაიგივება, ისევე როგორც არ იქნებოდა სწორი, ქრისტიანობა რომ ჩეზარე ბორჯიას მეთოდებთან გაგვეიგივებინა. აი, "ისლამურ სახელმწიფოს" რაც შეეხება, აქ ყველაფერი აშკარაა - ეს ნაციზმის ახალი სახეა, რომლის აპოკალიფსური მისია მსოფლიოს დაპყრობაა".

გოგი ქავთარაძე, პარლამენტარი: "საფრანგეთში ტერორიზმმა პიკს მიაღწია. ფრანგულ გამოცემაზე თავდასხმა აღმაშფოთებელია... ახლა მთავარია, მთელი მსოფლიო ამ ძალას ეფექტურად დაუპირისპირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერაქტების სერია გაგრძელდება.  ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალითაა შესაძლებელი, ყველა პროგრესულმა ქვეყანამ ტერორიზმს მწვავე პასუხი უნდა გასცეს. თუ საჭიროა, უმკაცრესი სანქციებიც უნდა დაწესდეს".

ბესო დუღაშვილი, კარიკატურისტი: "ტერაქტი, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია, მაგრამ თავად კარიკატურისტების დამოკიდებულებაც ამაზრზენი იყო. არ შეიძლება კარიკატურა დახატო ადამიანის სულიერ ფასეულობებზე. ამას წინათ ვნახე, ჩონჩხი დაუხატავთ მინაწერით, - როგორც იქნა, ჯექსონი გათეთრდაო... ლიბერალებმა მაშინ თავი გამოიდეს, ეს როგორ შეიძლებაო და ქრისტესა და მუჰამედის კარიკატურის დახატვა შეიძლებოდა?! თუ ჯექსონის ნახატში ფერადკანიანების მიმართ გამოხატული დამოკიდებულება არ იყო მისაღები, ქრისტესა და მუჰამედის კარიკატურა ჩვეულებრივი მოვლენა იყო?.. ამით ხომ რამდენიმე მილიონი ადამიანის რწმენას დაასხეს ლაფი. შარჟი, რომელიც ადამიანის სულიერ სიწმინდეს ცუდად ეხება, ამორალურია...
შარჟი ადამიანში ღიმილს უნდა იწვევდეს, შინაგანი ცენზი უნდა ჰქონდეს, რათა მანკიერებები სატირის ჟანრში ამხილოს. ეს კარიკატურები ცალსახა და მაპროვოცირებელი იყო".

გია ბუღაძე, მხატვარი: "რაც მოხდა, საშინელებაა. ხელოვნების ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ  კარიკატურას დიდი პოლიტიკური ძვრებიც კი გამოუწვევია, მათ შორის - საფრანგეთშიც. ამით იმის თქმა მინდა, რომ კარიკატურა სერიოზული კულტურული მოვლენაა. ამბობენ, რომ ამ კარიკატურებით რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს, თუმცა, მე მივიჩნევ, რომ რელიგია სწორედ მაშინ შეურაცხყვეს, როდესაც რწმენის სახელით ხალხი დახოცეს. არც ერთი რელიგია არ მოუწოდებს მრევლს ძალადობისაკენ, ეს მხოლოდ ფანატიკოსთა მცდარი წარმოდგენებია".

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი: "გაუგებარია, ცივილიზებულ სამყაროს მსგავსი სახიფათო ძალის ჩამოყალიბება როგორ გამორჩა. ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ყველაფერი ვიღაცებმა დაუშვეს კიდეც. ფრანგულმა გამოცემამ უდანაშაულო მოსახლეობა საფრთხეში ჩააგდო. ეს ცეცხლთან თამაში იყო, რითაც მთელ მსოფლიოს შეუქმნეს საფრთხე. მეტიც, მათ ქმედებებს უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ბუნებრივია, ადამიანის კვლას არაფერი ამართლებს. ეს  რელიგიური ტერორიზმია, რომელსაც მსოფლიომ თავისი უგუნური  თუ პოლიტიკური თამაშებით ხელი შეუწყო. ტერორისტები ციდან ხომ არ ჩამოფრინდნენ? ე. ი. მათ იარაღი დიდი სახელმწიფოებიდან მოსდით. კონიუნქტურულმა თამაშებმა ეს ნაყოფი გამოიღო და დღეს მასთან საბრძოლველად ძალების მობილიზებაა საჭირო. ცალ-ცალკე სახელმწიფოები უძლურნი იქნებიან".
გიორგი
18 იანვარი 2015 23:18
მე არა ვარ შარლი ებდო მე მართლმადიდებელი ვარ და ზუსტად ვიცი სად გადის ზღვარი ჩემს თავისუფლებასა და სხვის ღირსებას შორის,ვიცი რა არის შეურაწყოფა ,დამცირება,აბუჩად აგდება და პროვოცირება რომელიც მოდის ერთი პატარა ჯგუფის მიერ და შეურაწყოფას აყენებს სხვადასხვა რელიგიას და რათქმაუნდა პიროვნების თავისუფლებას. შარლი ებდო შეეხო მილიონობით ადამიანის რელიგიურ მრწამს და უხეშად დაარღვია ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი ადამიანის უფლებების და მოახდინა რელიგიური ნიშნით დისკრედიტაცია.როგორც ტერორიზმია მავნებელი კაცობრიობისათვის ასევეა ამაზრზენი საქციელია რელიგიის მიმართ ნებისმიერი მკრეხელური დამოკიდებულება რომელიც გრძელდება სისტემატიურად. აღმაშფოთებელია იმ ადამიანების საქციელი ვინც ჟურნალისტები დახოცა მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი ,როგორც გინდა მოგექცნენ ისევე მოექეცი მათ. და ბოლოს კიდევ ერთხელ, მე არ ავრ შარლი,შარლი პროვოკატორია ,შარლი ებდო დღეს გამოწყვევას უგზავნის მილიონობით ადამიანს და მათ პროვოცირებას ახდენს.
1234
14 იანვარი 2015 16:33
სიტყვის თავისუფლება?
ეს დანაშაულია, რელიგიისთვის ხალხი თავს, საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა და დაუშვებელია ესეთი სახის კარიკატურები!!!
E
13 იანვარი 2015 17:32
ძალიან ბევრი უზუსტობაა სტატიაში რაც ნამდვილ ფაქტებს არ შეესაბამება.
როცა უცხოური პრესის თარგმნა ხდება კარგი იქნება თუ წყაროსაც მიუთითებთ.

რედაქტორის რჩევით