"დიდი წამალია იგიც, როცა არა კაცის არაფერი გშურს" - 101 წლის ქსენია ბებოს ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო
19-01-2015
"დიდი წამალია იგიც, როცა არა კაცის არაფერი გშურს" - 101 წლის ქსენია ბებოს ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო
"მე დევირჩინე იმ დროში თავი და ახლა რაფერ ვერ უნდა იცხოვროს კაცმა!"

"უფალი მარტო ჯანმრთელობის თხოვნით უნდა შეაწუხო, სხვაი - ხელი გაანძრიე და მოგეცემა"

101 წლის წინ გურიაში, სოფელ ჯურუყვეთში, შობა თენდებოდა, ჭყონიების ოჯახში ქსენია ბებო რომ დაიბადა. შემდეგ ოჯახში კიდევ 6 ბავშვი გაჩნდა. ქსენია ბებოს მთელი სიცოცხლე სირცხვილ-ნამუსის სამსახურში თავი მიწიდან არ აუღია.


მოხუცს  შვილთან ერთად ვესტუმრე.  გახარებულმა ღუმელთან მიგვიპატიჟა, ის იყო, საუბარი უნდა წამომეწყო, რომ  გარეთ გავიდა. მალე
ვაშლებით სავსე ჯიბეებით შემოვიდა და ყველაზე  დიდი ვაშლი ჩემს გოგონას გაუწოდა, მერე რძალს გასძახა, - ცავ, ჩურჩხელები გამოუტანე ბაღანასო და ღუმელთან ჩამოჯდა, ჩემი შვილი კალთაში ჩაისვა და თავისი დაღლილი თითებით მოეფერა - ნენა, ჩემი ხნის ქვა არ გდია ჭალაში და ამიზა დამიჯერე, - ადამიანს ბაღანობისას 
თუ არ მიეფერე, დიდობაში ადამიანად არ ივარგებსო. მერე კი მკითხა: - რაიზა შეწუხდი, ჩემისთანა ბებერთან სტუმრობით, ხომ მშვიდობა გაქო.

- ამაზე დიდი მშვიდობა რა უნდა მქონდეს, 101 წლის ქალს გელაპარაკებით და სიცოცხლის იმედი მეძლევა...
- მასე ფიქრობ, ნენა? აბა, ჩემს თავზე წისქვილის ქვაი არ დატრიალებულა, დანარჩენი ყოლიფერი მოხდა!

- არ მომიყვებით?
- შიმშილობა და კაცის კვლა იყო. 42-ში ჩემი ქმარი ომში რომ წეიყვანეს და მომიკლეს, ბიჭზე ფეხმძიმედ ვიყავი. დედამთილმა მითხრა, - ხომ ხედავ, რა დროა, ჩვენდა არ გვაქ საჭმელი, მაგი ბაღანა გავაშვილოთ, ერთი ბიჭი უკვე გყავს და იგი გაზარდეო. გადავირიე, - მაგას არ ვიზამ-მეთქი! მამამთილმა დამამშვიდა, - შენ ნუ გეშინია, ხუთი ტყუპიც რომ გაგიჩნდეს, ყველას გავზრდით, ზოგს ნაფოტზე დავაწვენთ, ზოგს საწოლზე, ზოგს თივაზე, მარა მაინც ვუპატრონებთო. ჰოდა,  ვუპატრონე. ახლა აგი ჩემი ბიჭი საცაა, 73 წლის გახდება, უფროსი ბიჭი მომიკვდა... ახლა უმცროსია სულს რომ მინარჩუნებს. მაგი და მაგის ცოლი პატარა ბაღანასავით მიზიდავენ ჯიბით კამფეტებს. მე კამფეტი რად მინდა. შვილთაშვილებს  ვუნახავ. ახლა შვილთაშვილებიზა დევიჭერ თოხს და ვთოხნი ბახჩას. მეჩხუბება ჩემი ბიჭი, - დაჯექი, ნენა, ხალხი რას იტყვის, 100 წლის დედას ამუშავებსო! ვეუბნები, ასი წლის იმიზა მევიყარე, რომ აგი თოხი მიჭირავს ხელში-მეთქი! წელს კვახები მევიყვანე იმფერი, თითო 7-8 კილოს იწონიდა.

- ასეთი მშრომელი რომ ყოფილხართ, იმიტომაც შეEძელით მარტომ შვილების გაზრდა.

- დედა იმიზაა, შვილი გაზარდოს. თვარა ნაშიერის გაჩენა ყოლიფერს შეუძლია. მწარე დრო გევიარე, მარა მიწა მომეხმარა. ახლა რომ ხალხი მიწას ზედ არ უყურებს, მიკვირს. მე დევირჩინე იმ დროში თავი და ახლა რაფერ ვერ უნდა იცხოვროს კაცმა! თუ გაჭირდა, 101 წლის მოლაზონი (ღრმად მოხუცებული - ავტ.) გევიტან თავს. ჩემს დროში გურიაში ბრინჯს და ბამბასაც კი თესავდა ხალხი, ოღონდ გაეყიდა. მე ცოცხს ვთესავდი. ცოცხი ყოველთვის საჭიროა...
ალიონიდან დაღამებამდე ჩემი მუხლი არ ჩაიხრებოდა. საღამოს დევიდებდი სიმინდის ტომარას მხარზე და მივდიოდი ტყე-ტყე წისქვილში. მეტყოდნენ - ან ნადირის არ გეშინია, ან კაცისო? შვილების შიმშილზე მეტად რისი უნდა შემშინებოდა?!

- მართლა არაფრის გეშინოდათ?
- ავადმყოფობის. თუ კაცი ჯანმრთელია, მთებს გადადგამს, უფალი მარტო ჯანმრთელობის თხოვნით უნდა შეაწუხო, სხვაი - ხელი გაანძრიე და მოგეცემა.
კიდო კარზე დადებული ბოქლომის მეშინია. კარის მეზობელი მყავს, თურქებშია წასული. მის ჭიშკარზე ბოქლომს რომ დევინახავ, მაციებს. ჩემ სახლთან ახლოს ბიჭებმა ჯვარი დადგეს და იმას ვეხვეწები, არავის კარზე ბოქლომი არ მენახოს-მეთქი. 10 წელიწადი ბრმა ვიყავი. ოპერაციას არ ვიკეთებდი, რაღა დროის ჩემი ოპერაციაა-მეთქი, მარა რძალმა და შვილმა ქუთაისში ოპერაცია გამიკეთეს და ისევ ყოლიფერი დავინახე. რა ლამაზი დედამიწა მოგვცა უფალმა!

- ძალიან მძიმე შრომა გაგიწევიათ, მაგრამ საუკუნე მაინც ჯანმრთელმა გადალახეთ, ეს როგორ შეძელით?
- უფალს უნდოდა ასე ვყოფილიყავი! ისე დიდი წამალია იგიც, როცა არაკაცის არაფერი გშურს და ადამიანი გიყვარს. ამ დროს თავს ბალიშზე რომ დებ, იმწამშივე ტკბილად გეძინება.

- ახლაც ტკბილად გეძინებათ?

- ახლა საუკუნე დამრჩა უკან და იმას ვუყურებ ხოლმე. ყოლიფერი თვალწინ ჩამივლის, ხალხი გრძელ რიგებად მიდის საცხა, იმ ქვეყანაში...

- ამ ქვეყანასთან განშორების ხომ არ გეშინიათ?

- არა, ნენა, ცხოვრებაში შრომის გარდა აფერი გამიკეთებია და აგი რა დანაშაულია?! საიქიოში ამ ხალხიდან რომელიმე რატომ უნდა მომიბრუნდეს და მითხრას, - გვერდით არ დაგვიდგე, შენ რა ქალი ხარო!
iza
07 დეკემბერი 2016 10:21
gmertma gvimravlos tqvennairebi bebo ufali ikos tqveni ojaxis shemwe naxevari mainc tqvensavit rom azrovnebdes cxoreba lamaz ferebshi iqneboda
qatia
22 მაისი 2016 13:40
დიდი ხნის ჯანმრთელი სიცოცხლე თქვენ საყვარელო ბებოვ
nargiza
22 მაისი 2016 12:50
ბებო უპალმა კიდევ დიდხანს გაცოცხლოტ.!!!!!!!!! გმერტმა ტკბილიი სიბერე მოგცეტ. გვიმრავლოს ტქვენნაირი სულის ხალხი საქარტველოსჰი. ჯამრტელობა და სიხარული ნუ მოგაკლოტ უპალმა ტქვენს მონაგარტან ერტად.და ტქვენმა რდზალმაც გაიხაროს ტქვენი ყურადგებისტვის.

რედაქტორის რჩევით