ჯარიმა ნაგავში ჩახრჩობისგან გვიხსნის? - კვირის პალიტრა

ჯარიმა ნაგავში ჩახრჩობისგან გვიხსნის?

"მჯერა, რომ მალე ნაგვის დაყრა სირცხვილი იქნება"

"თუ ნაგვის დაყრაზე ვიდეოკამერით არ წაგასწრეს, ვერ დაგაჯარიმებენ"

15 იანვრიდან გარემოს დაბინძურების გამო დაჯარიმდებით  - სულერთია, სიგარეტის ნამწვს მოისვრით, მზესუმზირის ნაფცქვენით აავსებთ ტროტუარს, ავტომობილის ფანჯრიდან გადააგდებთ ნარჩენს თუ სასეირნოდ გაყვანილ ძაღლს ტროტუარზე მოასაქმებინებთ და ფეკალიას ისე აუვლით გვერდს, თითქოს ორი წამის წინ ის თქვენს ოთხფეხა მეგობარს არ დაეტოვებინოს...

კანონი "ნარჩენების მართვის შესახებ" ამოქმედდა, თუმცა, ძნელი სათქმელია, იმუშავებს თუ არა. იმისათვის, რომ მოქალაქეს მოსთხოვო გარემოს დაცვა, მას ხელს უნდა უწყობდე შესაბამისი ინფრასტრუქტურით, უპირველესად კი ნაგვის ურნები უნდა დადგა ქუჩებში. მოქალაქეები კი მთავარია, ქუჩას გავუფრთხილდეთ და არც ჩვენი ჯიბე მიიღებს დარტყმას და სუფთა გარემოში ყოფნაც ჩვენთვისვე იქნება სასიამოვნო.

უფრო დეტალურად იმის შესახებ, რამდენად ქმედუნარიანი იქნება ახალი„კანონი "ნარჩენების მართვის შესახებ", გვესაუბრა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე:

- ახალი კანონი სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს და ითვალისწინებს ევროპაში არსებულ რეგულაციებს. თუმცა, კანონი რაც უნდა გამართული იყოს, ცხადია, მოსახლეობას ვერ დააჯარიმებ, თუ ინფრასტრუქტურა არ არის მოწესრიგებული, ნაგვის ურნა თუ არ დგას შესაბამის პერიმეტრზე. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია კანონის დაცვაში თვითმმართველობების როლი. მათ საკუთარ ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეთ ნარჩენების შეგროვების, გატანისა და განთავსების სისტემა. ამიტომაც დაევალათ განსაზღვრულ ტერიტორიებზე გარკვეულ დროში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

- გამოდის, ახალი კანონი საქართველოს მცირე ნაწილში ამოქმედდება, რადგან თბილისშიც კი არ დგას ყველგან ნაგვის ურნები.

- ეს დროებითია, კანონით მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან, გამართონ ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა.  ვალდებული იქნებიან ნაგავი დროულად გაიტანონ ნაგავსაყრელზე.

- არ შეიძლებოდა თუნდაც შარშან დაეწყოთ ამაზე ზრუნვა მუნიციპალიტეტებს?

- მთელი რიგი პროცესები იყო დაკავშირებული ბიუჯეტთან, ხარჯებთან, რის გამოც კანონის ძალაში შესვლამდე ვერ მოგვარდა პრობლემა. დიდ ქალაქებში მალე უნდა დარეგულირდეს საკითხი. შედარებით ხანგრძლივი დრო დასჭირდებათ სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც გეოგრაფიული მდებარეობის გამო არ არის თუნდაც ნაგავსაყრელის მოწყობის შესაძლებლობა.

- წესრიგის დარღვევა როგორ უნდა დაუმტკიცდეს მოქალაქეს, იქნებ სხვისი დაგდებული ნარჩენის გამო მე შეგრჩით ხელთ?

- ყველა უფლებამოსილი პირი, ვინც იმუშავებს დარღვევების გამოვლენაზე, ვალდებულია კანონდარღვევის ოქმი განმტკიცებული ჰქონდეს ფოტო ან ვიდეომასალით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლეს ან სხვა უფლებამოსილ პირს შეუძლია შეწყვიტოს საქმის წარმოება. ამასთან, თუ პირს დაუმტკიცდება სამართალდარღვევა, მაგრამ ის გაფრთხილებისთანავე დაასუფთავებს გარემოს, სანქცია არ დაეკისრება.

დღეს შესანიშნავად მუშაობს საპატრულო პოლიციის ვიდეოჯარიმების  სისტემა. იმავე მეთოდს გამოვიყენებთ ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების აღსაკვეთად. ქუჩებში ვიდეოკამერები ბევრ ადგილას დგას, კიდევ გაიზრდება მათი რაოდენობა. ვიდეოკამერები ექნებათ გარემოს დამცველებსაც, ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებსაც. მტკიცებულების გარეშე დაჯარიმებას ვერავინ გაგიბედავთ.

- ესე იგი, ბევრი (მათ შორის ძაღლების პატრონები) კვლავ დააბინძურებს ისეთ ადგილებს, სადაც ვერავინ გააკონტროლებს. სკვერებსა და ბაღებში ნათურებიც კი აღარ ანთია, აღარაფერს ვამბობ ვიდეოკამერებზე.

- ძაღლების პატრონები რომ არ შევზღუდოთ, მუნიციპალიტეტებს მათთვის ტერიტორიის გამოყოფა დაევალათ. ამ ტერიტორიებზე საჯარიმო სანქციები არ გავრცელდება. სხვაგან კი, თუ დაუყოვნებლივ  არ მოასუფთავებს ტერიტორიას, ძაღლის პატრონი დაჯარიმდება. კანონმა რომ გამართულად იმუშაოს, მხოლოდ დაჯარიმება არ კმარა. საჭიროა ცნობიერების ამაღლება, მოქალაქეების ინფორმირებულობა, ბავშვების სწორად აღზრდა. ნარჩენებს ფანჯრიდან რომ არ გადაყრი, სხვის მაგალითს კი შვილის თვალწინ დაგმობ, ის ისწავლის გარემოს დაცვას. ამასთან, თქვენი მეზობელი რომ დაანაგვიანებს, თუ სამართალდამცველებს არ გამოუძახებთ, თვალი არ უნდა დახუჭოთ იმის გამო, რომ მეზობელია და უნდა გააფრთხილოთ, იგივე არ გაიმეოროს... მჯერა, რომ მალე ნაგვის უადგილოდ დაყრა სირცხვილი იქნება.

- სამშენებლო ნარჩენები სად უნდა გადაყაროს მოქალაქემ?

- მუნიციპალიტეტებმა უნდა შეარჩიონ ტერიტორიები, სადაც ინერტული ან სხვა ტიპის ნარჩენების გადაყრა იქნება ნებადართული.

ოღასკურა - ნაგვის მდინარე

ქუთაისში მიედინება პატარა მდინარე, რომელიც ლეგენდარული სათაფლიის მღვიმეებიდან იღებს სათავეს. იმის გამო, რომ მღვიმეებში ბევრი სასარგებლო მინერალი და ქანია, ამბობენ, რომ წყალსაც ბევრი ღირსება აქვს. თუმცა, ქალაქის ტერიტორიაზე მდინარე ღირსებააყრილი და სახედაკარგულია, კალაპოტიც კი აღარ აქვს და თითქოს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში წყლის კი არა, ნაგვის მდინარე მოედინება. ოღასკურა ნაგავსაყრელად უქცევიათ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთ და სულ არ ანაღვლებთ სუნი... გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ქუთაისის ადგილობრივი ხელმძღვანელობა ვალდებული იქნება, მდინარე გაწმინდოს და მკაცრად დასაჯოს ყველა, ვინც მას დააბინძურებს.

ნარინჯისფერი პოლიცია

2007 წლის გაზაფხულზე, იმისათვის, რომ თბილისის მოსახლეობა ქუჩების დანაგვიანებას გადასჩვეოდა, მერიის დასუფთავების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ზედამხედველობის განყოფილება, რომლის დანიშნულება დასუფთავების წესების დამრღვევების გამოვლენა და დაჯარიმება იყო.

2007 წლის 5 მარტიდან დედაქალაქის ქუჩების სისუფთავეზე, მეეზოვეებისა და დასუფთავების სამსახურის ტექნიკური პერსონალის პარალელურად, დასუფთავების ზედამხედველობის ე.წ. ნარინჯისფერი ინსპექციაც ზრუნავდა, ოღონდ მცირე ხნით. ფაქტობრივად, ექვსი თვეც არ გაგრძელებულა გარემოს დამნაგვიანებელთა დასჯა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, "ნარინჯისფერ" პოლიციას მუშაობაში ხელს უშლიდა გაუმართავი საკანონმდებლო სისტემა, რის გამოც თბილისი სანიმუშო სისუფთავის ქალაქად ვერ გადაიქცა.

ვერსად დაიმალები

ევროპის ქვეყნებშიც არღვევენ ფარულად საზოგადოებრივ წესრიგს. ეს განსაკუთრებით ძაღლების პატრონებზე ითქმის. თუ ძაღლი ქუჩაში მოისაქმებს, პატრონი ვალდებულია, ფეკალია აიღოს. ყველას არ ეხალისება ეს, მაგრამ იციან, რომ კანონს ვერსად დაემალებიან. ცხოველთა აღრიცხვის ბაზებში სხვა მონაცემებთან ერთად დნმ-ის შესახებ ინფორმაციაც მოიპოვება და შესაბამისი სამსახურები იოლად პოულობენ კანონდამრღვევ ძაღლის პატრონებს. საკმარისია განავლის ლაბორატორიული ანალიზი და წესრიგის დამრღვევი ცუგა პატრონიანად იშიფრება. ასეთებს შინ უგზავნიან საჯარიმო ქვითარს. საქართველოს კინოლოგიის ფედერაციას უტოპიად მიაჩნია საქართველოში ასეთი სისტემის დანერგვა, არათუ დნმ-ის, ყველა ძაღლის აღრიცხვაც კი ვერ ხერხდება პატრონთა გულგრილობის გამო.