გზავნილი მსოფლიოსთვის - როგორ "გაცოცხლდა" ქართული ცივილიზაციის საგანძური
19-01-2015
გზავნილი მსოფლიოსთვის - როგორ "გაცოცხლდა" ქართული ცივილიზაციის საგანძური
2014 წელს ბერლინში, ევროპული ცივილიზაციის მუზეუმში, პირველად მოეწყო ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის გამოფენა. ფოტოგამოფენა ამჯერად საქართველოს ისტორიას ასახავდა. ჩვენი საელჩოს ინიციატივით, გამოფენას დაერთო კულტურის დღეები.

"ეს გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ბერლინში, ევროპული ცივილიზაციის მუზეუმში, საქართველო იყო წარმოდგენილი", - თქვა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ: - ბოლო წლებში თვალში საცემია, რომ ქართული ცივილიზაციის სავანე "გაცოცხლდა", გააქტიურდა და, გარდა იმისა, რომ მსოფლიოს წინაშე მაღალ დონეზე წარგვადგინა, ქვეყნის შიგნით განათლების გავრცელებაც იტვირთა.
ათი
წელი ხდება, რაც ეროვნული მუზეუმი არსებობს. ყველა კოლექცია შენარჩუნებულია. მოვიდა ახალი თაობაც, რომელსაც შეუძლია დიდი ამოცანების გადაწყვეტა. ეს ყველამ დაინახა ბოლო შედეგით - სვანეთის მუზეუმით. მესტიის მუზეუმი დასტურია იმისა, როგორი მნიშვნელოვანი იყო სვანეთი ბრინჯაოს ხანაში, შუა საუკუნეებში...
და, რაც მთავარია, ეს ის მუზეუმია, სადაც რწმენა და ცოდნა ერთმანეთშია შერწყმული.

- რა ხდება მეცნიერული კვლევის მიმართულებით?
- ვცდილობთ, ვიმუშაოთ რამდენიმე დიდ თემაზე, რომელთა მნიშვნელობაც სცდება საქართველოს ფარგლებს. დმანისის აღმოჩენას ძალიან დიდი აღიარება აქვს.

უმნიშვნელოვანესია ღვინის ისტორიის კვლევა. საქართველოს ღვინის სააგენტოს ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევები სახელმწიფომ დააფინანსა, ჩართული არიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი  სპეციალისტები: გენეტიკოსები, ბიოლოგები, არქეოლოგები, გეოგრაფები, აბსოლუტური თარიღის სპეციალისტები... საქართველო ღვინის სამშობლოა და ჩვენ ძალიან მალე ფუნდამენტური კვლევების საფუძველზე ამას დავადასტურებთ.
გერმანელ მეცნიერებთან ერთად ვაწარმოებთ კვლევებს საქართველოში მიწათმოქმედების გაჩენასთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ მიწათმოქმედება ჩვენში რვა ათასი წლის წინ დაიწყეს.
არქეოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი დარგია.

საყდრისის თემამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა იმ დიდ პრობლემებზე, რის წინაშეც ვდგავართ. ინდუსტრიის და მეცნიერების შეხება მუდმივად მოხდება, რაც უფრო ძლიერი გექნება სამეცნიერო სკოლა, მით სწორად გამოვალთ სიტუაციიდან და დილემის წინაშე არ დავდგებით.
საქართველოს, არქეოლოგიური თვალსაზრისით, ახლა უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოში... არსებობს საერთაშორისო თვალსაზრისით საგულისხმო ტერიტორიები - სირია, ერაყი... რომლისკენაც მიმართულია დიდი სკოლების ინტერესი, მაგრამ დღეს იქ კვლევები შეუძლებელია. ამის გათვალისწინებით საერთაშორისო მასშტაბით კავკასია და საქართველო კიდევ უფრო დიდ როლს კისრულობს. ლოგიკურია ისიც, რომ
აშშ-ის "მეტროპოლიტენ მუზეუმმა" აღმოსავლეთ ევროპიდან თავისი პარტნიორების ქსელში პოლონეთთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმიც შეიყვანა.

ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა გამოიყენონ მსოფლიოში და ჩვენ გამოვიყენოთ მათი პროგრამები, რითაც უფრო გავზრდით ინტერესს და სიახლოვეს მსოფლიოსთან.


ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის მოწყობის პირველი ეტაპი დაასრულა. ახალი საგამოფენო სივრცე ტურისტების ინფორმირებას ემსახურება და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატები (მწერების, თევზების, ქვეწარმავლების, ფრინველების, ძუძუმწოვრების ფიტულები და ჰერბარიუმი) ინტერაქტიულ ტექნოლოგიებთან ერთად, მნახველებს დაეხმარება, აღიქვან  ბუნების უნიკალურობა.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი სტუმრებს 2015 წლის გაზაფხულიდან უმასპინძლებს.

,,ნადირობა ინდოეთში"


15 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში რესტავრაციის შემდეგ პირველად გამოიფინა ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი ,,ნადირობა ინდოეთში".
- მუზეუმის თანამედროვე ქართული ფერწერის საინვენტარო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ,,ნადირობა ინდოეთში" მუზეუმმა 1930 წელს მწერალ სერგო კლდიაშვილისგან შეიძინა. სურათის ზედა ნაწილიდან ამოჭრილი იყო ფრაგმენტი მიმავალი მამაკაცის ფიგურით. მოგვიანებით, მუზეუმმა მოახერხა ამ ფრაგმენტის შეძენაც - მფლობელის ვინაობა, სამწუხაროდ, ცნობილი არ არის.

სურათიდან ამოჭრილი ფრაგმენტი პირველად 1930 წელს მოსკოვში, ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმში გამართულ გამოფენაზე იყო წარდგენილი, უკანასკნელად 1938 წელს გამოიფინა თბილისში, მეტეხის მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზე. ქართველი ფერმწერის, საზოგადო მოღვაწის, ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებლის დიმიტრი შევარდნაძის დახვრეტის შემდეგ, ტილოს ძირითადი ნაწილი დახვეული ინახებოდა ფონდში. 1970-იან წლებში განიზრახეს მისი აღდგენა, მაგრამ მძიმე დაზიანებების გამო პროცესის დაწყება ვერ მოხერხდა.
სარესტავრაციო მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო 2004 წელს, ხოლო 2014 წელს ტილოს აღდგენა დასრულდა და 2015 წელს გახდა შესაძლებელი სურათის ხილვა იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის შექმნის შემდეგ იყო.
ნიკო
24 იანვარი 2017 02:22
ისე ვიზიტორი ვინ არის??? სტუმარი თუ დამთვალიერებელი??
გიორგი
20 იანვარი 2015 20:06
რომელიმე ერის წარმოდგენა უცხოეთში ეთნოკულტურის გარეშე წარმოუდგენელია. ელემენტარული ხალხური რეწვის და ხალხური ორნამენტული ან პიქტოგრაფიული კულტურის დამალვა, ეს უკვე ჩვენი კულტურის მესვეურთა დაბალ მენტალიტეტზეც საუბრობს. სამწუხაროდ, არ იციან, რომ ღვინის კულტურა საღვთო წესებიდან და ,,ზედაშეს" უძველესი ქართული კულტურიდან მოდიოდა და არა მარტო სუფრის განწყობისთვის იყო. ესაა მთავარი და ამაზე თვალის დახუჭვა და საერთაშორისო დონეზე არ გატანა უკვე ჩვენი დამცირებაა. ე. თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრი გ. გიგაური

რედაქტორის რჩევით