"ვინც ჩემსავით ეტლში ზიხართ, არასდროს დანებდეთ!" - კვირის პალიტრა

"ვინც ჩემსავით ეტლში ზიხართ, არასდროს დანებდეთ!"

"შეუძლებელი არაფერია, მთავარია მიზანი!"

"მიდი იაგო, შენ შეძლებ!" - ამ სიტყვებით ამხნევებდა პეკინში მწვრთნელი 31 წლის წოლჭიმის სახეობაში მოასპარეზე ქართველ პარაოლიმპიელს...

2008 წელს, როცა გორში ჯერ კიდევ რუსი ჯარისკაცები მაროდიორობდნენ, იაგო გორგოძე საქართველოს ღირსებას პეკინის პარაოლიმპიადაზე იცავდა...„"მიდი იაგო, შენ შეძლებ!"“- ამ სიტყვებით ამხნევებდა პეკინში მწვრთნელი 31 წლის წოლჭიმის სახეობაში მოასპარეზე ქართველ პარაოლიმპიელს, რომელიც წლების წინ მომხდარმა ავარიამ ეტლს მიაჯაჭვა. 2008 წლის შემდეგ იყო ბევრი წარმატება და მარცხიც, თუმცა, ის პირველი ქართველი პარაოლიმპიელია, რომლის სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ცოტა ხნის წინ წინ დუბაიში გამართულ მსოფლიო პარაოლიმპიადის სალიცენზიო ჩემპიონატზე მან კიდევ ერთხელ გაიმარჯვა - 97 წონით კატეგორიაში წოლჭიმის სახეობაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა 180 კილოგრამის აწევით პირველი ადგილი მოიპოვა. ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი იაგო იმ საბედისწერო დღეს იხსენებს, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

"თითქოს ცხოვრება დასრულდა"

"1999 წელს მეგობარმა კახეთში რთველში დამპატიჟა. დავკრიფეთ ყურძენი და კარგადაც მოვილხინეთ. იქიდან მომავლები პატარძეულში ხრამში გადავიჩეხეთ... ნასვამი ვიყავი, მეძინა და ვერაფერი გავიგე... ჩემ უკან ქალი და ბავშვი იჯდა. ისინი დაიღუპნენ... პალატაში თვალი რომ გავახილე, წელს ქვემოთ მგრძნობელობა აღარ მქონდა. მაშინ 22 წლის ვიყავი და ერთი წუთით არ მიფიქრია, რომ ვერასდროს შევძლებდი გავლას. ის კი არა, ექიმს ვეკითხებოდი, ორ თვეში ჩემი დაბადების დღეა და იქამდე ხომ გავივლი-მეთქი... მითხრა, შენს მდგომარეობაში მყოფ პაციენტს შეEსაძლოა მგრძნობელობა დღეში ერთი მილიმეტრით აღუდგესო. ამის შემდეგ დავიწყე გამოთვლა,  ერთ წელში რამდენით მომემატება მგრძნობელობა-მეთქი. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა... მაშინ თითქოს ცხოვრება დასრულდა, მაგრამ  დრო ხომ ყველაფრის მკურნალია და მეც  მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით ფეხზე "დავდექი". როდესაც ჯანმრთელი ადამიანი მოულოდნელად ინვალიდის ეტლში აღმოჩნდები, ბევრ პრობლემას ეჯახები, ძნელია დეპრესიის თავიდან აცილება...

რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, ერთხანს სარეაბილიტაციო კურსებს უკრაინაში გავდიოდი. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. დღეს, ალბათ, სულ ორი ოჯახია, ვისთანაც დამოუკიდებლად, პანდუსების დახმარებით მისვლას ვახერხებ. ქალაქში რომ პანდუსები გაკეთდა, არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა. რა ვქნათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში? მეტი უნდა იზრუნოს მთავრობამ ჩვენისთანა პირების გარემოში ადაპტირებაზე. საზოგადოების დამოკიდებულებაც ეტლში მჯდომი ადამიანების მიმართ სხვანაირია, ყველას ეცოდები და ეს დამთრგუნველია. ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც ისინი".

"მთავარი მიზანია"

ავტოკატასტროფიდან რამდენიმე წელიწადში იაგომ აგრარულ ინსტიტუტსა და პოლიციის აკადემიაში დაიწყო სწავლა.

- რომ არა ეს ტრაგედია, ვინ ვიქნებოდი?! გავყვებოდი სპორტს, ალბათ, მოყვარულის დონეზე და რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი ვიქნებოდი. რა მნიშვნელობა აქვს, ფეხზე დადიხარ თუ ეტლში ზიხარ, მთავარი მიზანია, რომელსაც თუ დაისახავ, ყველანაირ მდგომარეობაში მიაღწევ.

- ისევ სპორტულ კარიერას დავუბრუნდეთ, რომელ წელს და სად გამოხვედით პირველ შეჯიბრებაზე?

- ავარიიდან სამი წლის შემდეგ მკლავჭიდში დავიწყე ვარჯიში, თუმცა, ეს ოლიმპიურ სახეობად არ ითვლება და ამიტომ წოლჭიმი ავირჩიე. 2006 წელს საქართველოს ისტორიაში ქართველი პარაოლიმპიელი პირველად მონაწილეობდა პარაოლიმპიადაში, ტურინში. 2007 წელს საბერძნეთში ვიასპარეზე, ხოლო 2008 წელს პეკინის პარაოლიმპიადაში მერვე ადგილი ავიღე. 2009 წელს კუალა-ლუმპურში გამოვედი. 2011-12 წლებში იყო ლონდონის პარაოლიმპიადის მოსამზადებელი გამოსვლები, მაგრამ ლიცენზიის მოსაპოვებლად ქულები არ მეყო. გასული წლის აპრილში ათ საუკეთესო პარაოლიმპიელ მამაკაცს შორის მოვხვდი. იმედი მაქვს, კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწევ. როდესაც შენი ქვეყნის დროშა გიკავია ხელში და საასპარეზოდ გადიხარ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. 38 წლის ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პიროვნება და სპორტსმენი, შევდექი".

"არ დანებდეთ!"

ყოველ მეორე დღეს ტრენაჟორების დარბაზში ორ საათს ვარჯიშობს. ამბობს, რომ ჯანსაღი კვება სპორტსმენისთვის აუცილებელია.

"ახლა 2016 წლის ბრაზილიის პარაოლიმპიადისთვის ვემზადები. იმედია, ლიცენზიას მოვიპოვებ, რადგან გასულ წლებთან შედარებით დიდი პროგრესი მაქვს. მინდა საქართველო კიდევ ერთხელ ვასახელო, ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ. მინდა იმ ადამიანებისთვის მაგალითი გავხდე, რომლებიც ჩემსავით ეტლში სხედან, არასდროს დანებდეთ, აკეთეთ ის საქმე, რაც გიყვართ. დამიჯერეთ, შეუძლებელი არაფერია!"“

სასწაული ხდება!

ჰოლანდიელი მონიკა ვან დერ ვორსტი 13 წლის იყო, როცა  ტრავმის შედეგად ფეხები წაერთვა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ჰენდ-საიკლინგში (ხელის ველოსიპედი) მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გამხდარიყო.

როცა მონიკა  2012 წლის პარაოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდა, მას ველოსიპედისტი შეეჯახა და სასწაული მოხდა: შეჯახების შედეგად 27 წლის სპორტსმენის ფეხებს მოძრაობის უნარი დაუბრუნდა...

ამჟამად ქალი უკვე ველოსიპედზე გადაჯდა. მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ ღაბობანკ-ის ქალთა გუნდშიც აიყვანეს. ასე რომ, ფარ-ხმლის დაყრა არ ღირს - სასწაული ხდება!

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე