აქ უბედური დედების თავშეყრის ადგილია - რეპორტაჟი სააბორტოდან - კვირის პალიტრა

აქ უბედური დედების თავშეყრის ადგილია - რეპორტაჟი სააბორტოდან

რეპორტაჟი სააბორტოდან

"შვილმა რამდენიმე დღის წინ კატეგორიულად მითხრა, ან ბავშვს მოიშორებ, ან თავს მოვიკლავო"

...და ეწირებიან დაუბადებელი ბავშვები ოჯახის "კეთილდღეობას".... იმიტომ, რომ თავიანთი დაბადებით მშობლებს პრობლემები არ შეუქმნან, იმიტომ, რომ დედას სხვა გეგმები აქვს...

არც ერთი სოციოლოგიური გამოკითხვა, თუ რა მიზეზით წყვეტს ქალი დაუბადებელი შვილის ბედს, არ იქნება რეალური სურათის მაჩვენებელი. ყველაზე ზუსტ პასუხს ის ქალები გასცემენ, ვისაც აბორტის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი, ასეთებს კი მხოლოდ იქ შეხვდებით, სადაც განაჩენის აღსასრულებლად მიდიან - სააბორტოში... პირადი ნაცნობობა გამოვიყენე და ერთ-ერთი კლინიკის სააბორტოში შესვლის ნებართვა მივიღე.

დილის 10 საათზე იქ უკვე ორი ქალი დამხვდა. სტერილური ხალათები ეცვათ და ექიმს ელოდებოდნენ. მოსაცდელიც და სააბორტოც უფანჯრო ოთახებია და მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა კეთილმოწყობილია, მაინც საპატიმროს შთაბეჭდილებას ტოვებს.

სუნი... სპეციფიკური, მძიმე, სისხლის, წამლის ერთმანეთში არეული, გულისრევის მომგვრელი. არ ვიცი, იქნებ ეს ჩემი ემოციის ბრალია.. რამდენიმე წლის წინ რეპორტაჟის გასაკეთებლად მორგში ვიყავი, იქაც ზუსტად ასეთი სუნი იდგა... მე მას სიკვდილის სუნი დავარქვი. დიახ, აქ, ამ უფანჯრო ოთახში, სიკვდილის სუნი იდგა...

სააბორტო ოთახის კარი ღია იყო, გინეკოლოგიური სავარძლის გვერდით მაგიდაზე ინსტრუმენტები ელაგა.

- პირველად ხართ? - კითხვა "ჰაერში" დავსვი, ისე, რომ კონკრეტულად არც ერთი ქალისთვის არ მიმიმართავს.

- კი, მე პირველად ვარ, - მაშინვე მიპასუხა ახალგაზრდამ.

- თქვენც პირველად ხართ? - ახლა მეორეს მივუბრუნდი.

- არა, მესამედ.

- ძნელია? - ჰკითხა შედარებით ახალგაზრდამ.

- ნარკოზით ვერაფერს გაიგებ, მე უნარკოზოდ ვიკეთებ და ცოტა მტკივნეულია.

- არა, მე უნარკოზოდ ვერ გავიკეთებ...

- ნარკოზით 60 ლარით მეტი უნდა გადავიხადო, მაგდენი ფული არ მაქვს...

- შვილები გყავთ? - შევატყვე, რომ ახალგაზრდა ჩემთვის აპირებდა რაღაცის კითხვას და უხერხული სიტუაციის თავიდან ასარიდებლად მეორე კითხვა დავსვი, რადგან ტყუილის თქმა არ მინდოდა, სიმართლეს კი ვერ ვიტყოდი.

- კი, ერთი მყავს, 6 თვის და მეორეს ვერ გავაჩენ, ვმუშაობ, ხელი შემეშლება.

- მე რომ ვმუშაობდე, ყველას გავაჩენდი, - გამოეპასუხა მეორე, - 2 მყავს და იმათ ძლივს ვარჩენ.

- ქმარი არ მუშაობს?

- არა, არც ეძებს სამსახურს, ვკერავ და ამით ვინახავ ოჯახს. ძლივს გვყოფნის. იმან ბავშვების "გაკეთება" იცის მხოლოდ.

- აბორტი ძალიან დიდი ცოდვაა.

- ვიცი, მაგრამ რამდენჯერაც დავორსულდები, იმდენი უნდა გავაჩინო? - იკითხა ახალგაზრდამ.

- მეც ვიცი, რომ ცოდვაა. ახლა 5-6 კვირის ორსული ვარ. ჩემს შვილებს მუცელში ვეფერებოდი, უკვე მიყვარდა და მუცელი რომ მომშლოდა, ძალიან ვინერვიულებდი...

- ეს არ გიყვართ?

- არა, ამ ბავშვის მიმართ არ მაქვს გრძნობა, არც იმათ მიმართ მქონდა, რომლებიც მოვიშორე... ალბათ, გაჩენა რომ არ მინდა, იმიტომ.

- რა საზარელი სიტყვაა "მოვიშორე", - კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ერთი ქალბატონი შემოგვემატა. ისე შემოვიდა, არავისთვის შეუხედავს...

ახალგაზრდას სააბორტოში დაუძახეს. პირჯვარი გადაისახა და - ღმერთო, მიშველეო, ჩაიბურტყუნა. ღმერთს შველას შვილის სიკვდილში სთხოვდა!!!

- რა განსხვავებაა მუცლად მყოფ შვილსა და უკვე დაბადებულ შვილს შორის?  დაუბადებელი ბავშვიც ცოცხალი არსებაა, სუნთქავს, ჰგონია, რომ დედის ორგანიზმში დაცულია და ამ დროს... - ვთქვი იმ ხმაურის ჩასახშობად, რომელიც სააბორტოს მიხურული კარიდან ჩვენამდე აღწევდა.

ორივე ქალბატონმა ამოიოხრა, ახალ მოსულმა კი ჩუმად ცრემლიც მოიწმინდა.

ამ დროს სანიტარმა მას ხალათი შემოუტანა და კიდევ ერთი ქალი შემოიყოლა.

- აი, ამის მერე იქნები, - უთხრა და გავიდა.

ქალი ოხრავდა და თან ჩექმას იხდიდა.

- დაიწვას ქალის მომგონი, ეს რა დღეში ვარ, - ამოთქვა ბოლოს.

- ასე თუ განიცდით, რატომ მოხვედით აქ? - ვკითხე.

- აბა, სად ჯანდაბაში წავიდე? - სასოწარკვეთილმა მკითხა.

მივხვდი, აფეთქებამდე სულ ცოტა აკლდა... გავჩუმდი, რომ უფრო არ გამეღიზიანებინა, მაგრამ თვითონ გააგრძელა: - ერთი შვილი მყავს, უკვე დიდია, თებერვალში თვითონ აპირებს გათხოვებას. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მეორე შვილზე, მაგრამ არ მეღირსა. მაინცდამაინც ახლა დავორსულდი. ჩემმა გოგონამ რომ გაიგო, ლამის გაგიჟდა, გათხოვებას ვაპირებ, რას იტყვიან ჩემი საქმროს მშობლები, ქორწილი ჩამეშლება, სირცხვილით თავი სად გამოვყოო. ვერ გავაგებინე, რომ შვილის გაჩენა სირცხვილი არ არის. რამდენიმე დღის წინ კი კატეგორიულად მითხრა, ან ბავშვს მოიშორებ ან თავს მოვიკლავო.

- გაშანტაჟებთ.

- არა, თავი  შეიძლება არ მოიკლას, მაგრამ წამლების ისეთ დოზას მიიღებს, რომ ცუდად გახდება, შეგვაშინებს, გვანერვიულებს. ადრეც რამდენჯერმე მოიქცა ასე...  ერთხელ მამამისმა მეგობრის დაბადების დღეზე არ გაუშვა... მაშინ 15 წლის იყო და გარდატეხის ასაკს დავაბრალეთ... მეორედ უკვე 20 წლის იყო. მამამ მანქანის ყიდვაზე უარი უთხრა და იგივე გაიმეორა. რა ვქნა, შვილს ხომ ვერ მოვკლავ?

- და აქ იმისთვის არ მოხვედით, რომ მეორე შვილი მოკლათ?!

- ის გაზრდილია, ამაგი მაქვს. აქ თავისი მანქანით მომიყვანა და მითხრა, იცოდე, ჩემი სიცოცხლეც და მომავალი ბედნიერებაც შენს ხელშიაო.

ყველანი გაოცებული ვუსმენდით, სანიტარიც გაუნძრევლად იდგა ხელში შერჩენილი ჭუჭყიანი ბახილებით.

- ის გაზრდილი შვილი არ გამოგადგა და გააჩინე მეორე, იქნებ ის მაინც გამოგადგეს! - მოურიდებლად მიახალა ქალს.

- ვიზა მაქვს, შვილის ქორწილის მერე ამერიკაში მივდივარ სამუშაოდ, რა ვქნა, ეტყობა, ამ ბავშვის ბედი ეს იყო...

ტელეფონში საგანგებოდ გადაწერილი ვიდეო ჩავრთე: "როგორ გაურბის ექიმის სკალპელს ჩანასახი" და ქალს მივაწოდე:

- აი, ნახეთ, თქვენი შვილიც ასეთი შეშინებული შეეცდება, ექიმს გაექცეს, მაგრამ მაინც მოერევით, რადგან უმწეოა.

ტელეფონს ჩააშტერდა... პუტკუნა ქალბატონმა თავი ვერ შეიკავა და აქვითინდა...

უცებ მოძალადე შვილის დედამ სტერილური ხალათი გაიძრო, ჩექმაც სასწრაფოდ ამოიცვა, პალტო იღლიაში ამოიჩარა და გაიქცა, თუმცა, თვალსაც არ იყო მიფარებული, რომ უკან მობრუნდა და სავარძელში მოწყვეტით ჩაჯდა...

ამასობაში ნახევრად ნარკოზში მყოფი პაციენტი გამოაგორეს სააბორტოდან და საწოლზე გადააწვინეს... რაღაცნაირი, ცარიელი იყო მისი სხეულიც და მზერაც...

მეორე პაციენტი დასაკლავ ხბოსავით შეჰყვა ექთანს და ცოტა ხანში ექიმის ხმა გავიგონე:

- დაჯექი... ფეხი აქ დადე... მეორეც... აბა, ვნახოთ, რა ხნის ორსული ხარ...

ასე ეწირებიან დაუბადებელი ბავშვები ოჯახის "კეთილდღეობას", იმიტომ, რომ მშობლებს პრობლემები არ შეუქმნან თავიანთი დაბადებით, იმიტომ, რომ დედას სხვა გეგმები აქვს...

აქ უბედური დედების თავშეყრის ადგილია...

სააბორტოდან გამოსულ ექიმს, რომელმაც "ესტაფეტა" სხვას გადასცა, უკან ავედევნე. იცოდა, ჟურნალისტი ვიყავი. ჩემს კითხვებზე რომ უნდა ეპასუხა, წინასწარ შევთანხმდით.

- დღეში საშუალოდ 7-10 აბორტს ვაკეთებთ. ძალას არავის ვატანთ, ყველა თავისი ნებით მოდის.

-  რას განიცდით იმ დროს, როცა ნაყოფს პირველ "დარტყმას" აყენებთ?

- დამიჯერეთ, ექიმი ამ დროს მაგაზე არ ფიქრობს. აბორტი ძალიან დიდი რისკია ქალისთვის, რადგან პროცედურა ბრმად ტარდება, ამიტომ ექიმი მხოლოდ პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. აბორტი მკვლელობა არ არის.

- ნაყოფი ცოცხალი არსება არ არის?

- დიახ, ცოცხალია, მაგრამ არ არის სრულყოფილი, ამიტომ ის არის ჩანასახი და არა - ადამიანი. ყველა ბავშვი რომ იბადებოდეს, დედამიწა ვერ დაიტევს.

- სინანულის გრძნობა არ გაქვთ?

- ერთი ჩემი ყოფილი კოლეგა წლების განმავლობაში აკეთებდა აბორტებს და არასოდეს უთქვამს, რომ მკვლელობას სჩადიოდა. მერე  მოულოდნელად   მონასტერში წავიდა - ცოდვები უნდა მოვინანიოო. შემდეგ ანაფორაც ჩაუცვამს. ეს იმიტომ მოგიყევით, რომ მეთქვა - ყველა ადამიანი თავის ტვირთს ატარებს, ზოგს უნათდება გონება, ზოგს - არა. ჩვენ იმდენ ბავშვს ვეხმარებით ქვეყნად მოვლინებაში, რომ ალბათ, გაწეული სიკეთე ჩადენილი ცოდვის საპირწონეა. ამას წინათ პატიმარი ქალი მოიყვანეს. ქალმა ორსულობის შესახებ ციხეში გაიგო. თქვა, 10 წელს მაინც მომისჯიან და ამიტომ ვიკეთებ აბორტს; გარეთ რომ ვიყო, აუცილებლად გავაჩენდი, თუ დავიტოვე, ციხეში, ჩემთან, 3 წლამდე გააჩერებენ, მერე კი წაიყვანენ და უფრო გამიჭირდება მისი კალთიდან მოცილებაო. მართალი იყო ის ქალი. არ უნდა გამეკეთებინა აბორტი?

"აბორტს თუ გააკეთებ, ხელებს მოგამტვრევო"

კახა ვერულაშვილი, მეან-გინეკოლოგი: - სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი, როცა ბიძაჩემთან, ცნობილ გინეკოლოგ ვასო ვერულაშვილთან ექთანად დავიწყე მუშაობა. პირველ სამუშაო დღეს კლინიკა მომატარა: საოპერაციო, სამშობიარო ბლოკი, მელოგინეების პალატები, ჩვილ ბავშვთა ოთახი... მერე სააბორტოსკენ გაიშვირა ხელი და მითხრა, იქით არც გაიხედო არასოდეს, თორემ ხელებს მოგამტვრევ,  აბორტების კეთება თუ დაიწყე, შენგან ექიმი არ გამოვა, მხოლოდ ფულის საჭრელი დაზგა იქნებიო... დღემდე ამ პრინციპით ვცხოვრობ. ეს არის მკვლელობა! მეანობა გინეკოლოგიის ერთ-ერთი განხრაა. მეანი არის ექიმი, რომელიც ქალს ახალი სიცოცხლის დაბადებაში ეხმარება. როგორ შეიძლება, იმავე ადამიანმა პატარა ადამიანი მოკლას? მერე რა, რომ ის ჯერ  არ ლაპარაკობს, არ დადის... აბორტი გამართლებულია მხოლოდ მაშIინ, როცა დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მაგალითს გავიხსენებ: დედამ გოგონა მოიყვანა, ვინც დააორსულა, ცოლად შერთვას არ აპირებს, ფეხმძიმე სოფელში რომ ჩავიყვანო, თავი მოგვეჭრებაო.  მუცლის მოსაშლელად იმდენი პრეპარატი ჰქონდა მიღებული, რომ წესით, მისი საშვილოსნო გახეთქილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პატარა ისე იყო დედის ორგანიზმს ჩაბღაუჭებული, გოგონას მუცელი არ მოეშალა.

შვილო, ეს ბავშვიც ღმერთმა მოგცა და სისულელე არ ჩაიდინო, ყველაფერი მოგვარდება, შვილი რომ შეგეძინოს, მოკლავ-მეთქი? - ვკითხე. არაო. აბა, დაუბადებელს რატომ კლავ-მეთქი? მოკლედ, აბორტზე უარი თქვა და ჯანმრთელი შვილი გააჩინა... ჩემი ნება რომ იყოს, აბორტს ავკრძალავდი, თუმცა, ვიცი, მერე იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს და ამან, შესაძლოა, დედებსაც მძიმე შედეგები მოუტანოს.

მარი ჯაფარიძე