ნაბიჯი "ოსკარამდე" - 22 თებერვალს "გავგიჟდებით!!!"
19-01-2015
ნაბიჯი "ოსკარამდე" - 22 თებერვალს "გავგიჟდებით!!!"
რას იტყვის ისტორია, საქართველოში ვის უფრო მეტი მაყურებელი ჰყავდა, 2015 წლის 22 თებერვალს ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს - "ოსკარის" გადაცემის დაჯილდოებას, თუ ნებისმიერ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში? ვფიქრობ, ამ დღეს ქართველების  ყურადღება ლოს-ანჯელესისკენ იქნება მიმართული. საქართველო კი 1993 წლის შემდეგ, ყველაზე მეტად ერთიანი იქნება, ვიდრე ოდესმე. "ოსკარის" გადაცემის ცერემონიალს ელოდებიან აფხაზეთშიც.

"ჩემო ზაზა, გილოცავ! ეს უკვე ისტორიაა. არა მარტო თბილისი და ტალინი ელოდება 22 თებერვალს. შენი და გიორგის (ოვაშვილი) შესახებ სოხუმიდანაც მირეკავენ,
ყველაფერი აინტერესებთ თქვენზე. შევპირდი, ფილმებს მოგვიანებით გაჩვენებთ-მეთქი. ღმერთი შენკენ, ზაზა!" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი, აფხაზეთიდან დევნილი გურამ ოდიშარია ფილმის რეჟისორ ზაზა ურუშაძეს. არ მინდა დავეჭვდე, მართლა აინტერესებს თუ არა სოხუმს ქართულ-ესტონური "მანდარინები", რომელმაც მსოფლიოს უკვე უამბო ტკივილიანი აფხაზეთის შესახებ.   

ჯერ კიდევ
Shortlist-ში 9 საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის "მანდარინების" წარდგენისას, ზაზა სოციალურ ქსელში, წერდა: "გავგიჟდები!!!".

მეორედ "ოქროს გლობუსის" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინანტებს შორისაც რომ წარადგინეს, მაშინაც დაწერა: "კიდევ გავგიჟდები!!!".

"ოქროს გლობუსი"ვერ ავიღეთ, მაგრამ ზაზას მესამედ მოუწია გაგიჟებამ, - "მანდარინები" "ოსკარის"საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ხუთეულშია.

"ოსკარის"საზეიმო დაჯილდოების ცერემონიამდე წარმატებული რეჟისორი თბილისში დაბრუნდა.
თამთა თურმანიძე, კინომცოდნე:  - "ოსკარის" გადაცემის ცერემონიალთან ბევრი საინტერესო ამბავია დაკავშირებული. ბევრმა არ იცის, რომ როდესაც ფილმი მოიპოვებს "ოსკარს" ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი" ჯილდოს მისაღებად სცენაზე არა რეჟისორი, არამედ პროდიუსერი ადის, რადგან სურათი მის "პროდუქტად" ითვლება. 1973 წელს "ოსკარის" დაჯილდოების 45-ე ცერემონიალზე მარლონ ბრანდომ, რომელსაც მიანიჭეს ოსკარი კოპოლას "ნათლიაში" შესრულებული ვიტო კორლეონეს როლისთვის, თავის ნაცვლად სცენაზე აპაჩების ტომის სამოსში გამოწყობილი ინდიელი მსახიობი გოგონა აუშვა, მან კი ბრანდოს სახელით განაცხადა, რომ უარს ამბობდა "ოსკარის" მიღებაზე, ამერიკულ კინოინდუსტრიაში ინდიელთა უფლებების შელახვისა და დამამცირებელი წარმოჩენის გამო... ძალიან ძნელია ზაზა ურუშაძის "მანდარინების"შესახებ პროგნოზის გაკეთება, ერთი უდავოა, რომ ქართულ ამბავზე აგებული, ქართველი რეჟისორის ფილმი, მართალია, ესტონეთის სახელით, პირველად მოხვდა "ოსკარის" ნომინაციაში და ეს უკვე დიდი გამარჯვებაა დიდი ხნის განმავლობაში სტაგნაციაში მყოფი ქართული კინოსთვის.  "

მესმის იმ ქართველი მაყურებლის, რომელსაც გული დასწყდა, რომ "ოქროს გლობუსზე" გაიმარჯვა "ანდრეი ზვიაგინცევის ფილმმა "ლევიათანმა", მაგრამ ეს გულისწყვეტა არ შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ ვინმე რუსეთის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულო, რადგან ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი მართლაც კარგია. "ლევიათანი" სახელმწიფო სისტემისა და ინდივიდის დაპირისპირებაზეა. "ლევიათანის" თემა თანამედროვე რუსეთისთვის და ბოლო დროს მისი პოლიტიკის წინააღმდეგ კულუარულად გააქტიურებული დასავლეთისთვის ძალიან აქტუალურია. მართლაც ძნელია წინასწარმეტყველება, თუ ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ ერთი უდავოა, რომ ყველანი "მანდარინებს" ვქომაგობთ.

"ოსკარის" კონიუნქტურულობაზე ერთი მარტივი ფაქტიც მეტყველებს, როდესაც ფრაზა: And the winner is... ჩაანაცვლეს ფრაზით And the Oscar goes... თითქოსდა ამით გაუფრთხილდნენ მათ გრძნობებს, ვინც საბოლოოდ სასურველი სტატუსის გარეშე დარჩებოდა,  მას დამარცხებულად არ უნდა ეგრძნო თავი. ეს არც ისე უადგილო კორექტულობაა, რადგან "ოსკარის" ნომინანტობა უკვე ნამდვილად გამარჯვებაა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითად კონკურსში მოხვედრის შანსი "მანდარინებთან" ერთად კიდევ ერთ ქართულ ფილმს, გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძულს" ჰქონდა. თან ორივე ფილმი ქართველებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულ თემაზეა, იმ თემაზე, რომლის ჩვენეული ვერსიის დანარჩენ სამყარომდე მიტანასაც უკვე დიდი ხანია ვცდილობთ. ყოველივე ეს კი გვაძლევს იმედს, რომ იმ ქართული კინოს ისტორია, რომლის წარმატებაზეც ამ ბოლო დროს მხოლოდ წარსულში ვსაუბრობდით, ჯერ კიდევ არ დასრულებულა.


მოგებაზე გათვლილი ჯილდო?!


"ოსკარი" ერთდროულად ყველაზე პროგნოზირებადი და არაპროგნოზირებადი ჯილდოა კინოს სამყაროში, რომელსაც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ კონიუნქტურისა თუ მოგებაზე გათვლილი გადაწყვეტილებების გამო, მაგრამ ის მაინც რჩება ყველაზე სასურველ ჯილდოდ, როგორც ინტელექტუალური კინოს, ასევე მასობრივ მაყურებელზე გათვლილი ბლოკბასტერების შემქმნელებისთვის...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით