როგორ მოხვდა რუსეთის იმპერატორის ნაჩუქარი ბუხარი ფეხბურთის ფედერაციაში - კვირის პალიტრა

როგორ მოხვდა რუსეთის იმპერატორის ნაჩუქარი ბუხარი ფეხბურთის ფედერაციაში

"ბუხარს, რომელიც გრაფ ოლდენბურგს სავარაუდოდ, რუსეთის იმპერატორმა აჩუქა, მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია"

ხელოვნების მუზეუმი კიდევ ერთი უნიკალური ნიმუშით გამდიდრდა. ბუხარს "ვენერა", რომელიც გრაფ ოლდენბურგს რუსეთის იმპერატორმა აჩუქა, მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. გრაფის კუთვნილ საჯინიბოში, სადაც შემდგომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია იყო განთავსებული, უნიკალური ბუხრის შესახებ არაფერი იცოდნენ. მკვლევარმა ვანო ჯახუამ ბუხარს შემთხვევით მიაკვლია და მუზეუმის ადმინისტრაციას აცნობა. დემონტაჟსა და მის მუზეუმში გადატანას კი თითქმის ერთი წელი დასჭირდა.

თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია: - ”ამ ბუხრის შესახებ არაფერი ვიცოდით. ხელოვნებათმცოდნე ვანო ჯახუა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში შეხვედრაზე იმყოფებოდა. სწორედ მაშინ შეამჩნია ეს ბუხარი, ფოტოები გადაუღო და გამომიგზავნა. მივხვდი, ეს იყო ხელოვნების ნიმუში. მუზეუმის თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ, ეს უნიკალური ბუხარი  მუზეუმში გადმოგვეტანა. იამანიძის ქუჩაზე განთავსებული შენობა თავის დროზე გრაფ ოლდენბურგის საჯინიბო იყო. ფეხბურთის სტადიონის ტერიტორიაზე იყო მანეჟი, სადაც ოლდენბურგს თავისი ცხენსაშენი ჰქონდა. რადგან ბუხარი მას ეკუთვნოდა, ხოლო თავის დროზე ჩვენს მუზეუმში გრაფის სასახლე იყო განთავსებული, ბუხრის აქ გადმოტანა გადავწყვიტეთ...

- რა ინფორმაცია შემოინახა ბუხარმა?

- ბუხარს დიდხანს ვიკვლევდით. მეორე მხარეს სათანადო დამღები, წარწერები ჰქონდა, რომლის მიხედვით გაირკვა, რომ 1895 წელს რუსეთის იმპერატორის კარის ოსტატების მიერ ქალაქ ვიტებსკში, ბრონისლავ იაკობის ძე ლისოვსკის საქვეყნოდ განთქმულ ქარხანაშია დამზადებული. ამ ბუხარს ანალოგი არ გააჩნია. სავარაუდოდ, რუსეთის იმპერატორის კოლექციისათვის გაკეთდა, კერძოდ, რომელიმე სასახლისთვის. თუმცა, ამას დაემთხვა გრაფ ოლდენბურგის ქორწილი და სავარაუდოდ, იმპერატორმა, როგორც ნათესავს, საჩუქრად უძღვნა. ასე მოხვდა ეს ძვირფასი ხელოვნების ნიმუში მაშინდელი რუსეთის იმპერიის პერიფერიაში. როგორც ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა გვითხრეს, ასეთი ბუხრები ძირითადად განკუთვნილი იყო ლუვრის, ვერსალის ან ერმიტრაჟის სასახლეებისთვის.

- რა მასალისგან არის დამზადებული?

- ეს არის ძვირფასი კერამიკა, რომელიც სპეციალურ ღუმელშია გამომწვარი. გამოყენებულია მრავალი ფერი.

- ლეგენდად არის შემორჩენილი ჯაფარიძის ქალისა და გრაფ ოლდენბურგის რომანი. ეს მათი საქორწინო საჩუქარი იყო?

- ისტორიული წყარო, სადაც მითითებული იქნება, რომ იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ეს ბუხარი გრაფ ოლდენბურგს ქორწილის დღეს უძღვნა, არ გაგვაჩნია.  ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნა ბუხრის მინაწერების საფუძველზე. როცა გრაფმა აგრაფინა ჯაფარიძეზე იქორწინა, ამ ამბავს რუსეთის სამეფო კარი გამოეხმაურა. შეიძლებოდა, გრაფს ასეთი საჩუქარი იმპერატორისგან მიეღო, რადგან თბილისში დაბალი რანგის ჩინოვნიკები ვერ აჩუქებდნენ, ეს სამეფო საჩუქარია.

- საოცარია, რომ აქამდე არაფერი ვიცოდით ამ ბუხრის შესახებ.

- ეს ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეებისა და საზოგადოებისთვის გახდა აღმოჩენა, თორემ როგორც გაირკვა, ფეხბურთის ფედერაციაში ამ ბუხრის შესახებ იცოდნენ. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ამ კაბინეტში წლების განმავლობაში იჯდა.

- დაზიანებული არ არის?

- არა, დაზიანებული არ არის, მაგრამ დაკარგულია რამდენიმე დეტალი, რომელთაც აუცილებლად აღვადგენთ.

სალომე გოგოხია