როგორ მოხვდა რუსეთის იმპერატორის ნაჩუქარი ბუხარი ფეხბურთის ფედერაციაში
26-01-2015
როგორ მოხვდა რუსეთის იმპერატორის ნაჩუქარი ბუხარი ფეხბურთის ფედერაციაში
"ბუხარს, რომელიც გრაფ ოლდენბურგს სავარაუდოდ, რუსეთის იმპერატორმა აჩუქა, მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია"

ხელოვნების მუზეუმი კიდევ ერთი უნიკალური ნიმუშით გამდიდრდა. ბუხარს "ვენერა", რომელიც გრაფ ოლდენბურგს რუსეთის იმპერატორმა აჩუქა, მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. გრაფის კუთვნილ საჯინიბოში, სადაც შემდგომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია იყო განთავსებული, უნიკალური ბუხრის შესახებ არაფერი იცოდნენ. მკვლევარმა ვანო ჯახუამ ბუხარს შემთხვევით მიაკვლია და მუზეუმის ადმინისტრაციას აცნობა. დემონტაჟსა და მის მუზეუმში გადატანას კი თითქმის ერთი წელი დასჭირდა.

თეატრის, მუსიკის, კინოსა და
ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია: - ”ამ ბუხრის შესახებ არაფერი ვიცოდით. ხელოვნებათმცოდნე ვანო ჯახუა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში შეხვედრაზე იმყოფებოდა. სწორედ მაშინ შეამჩნია ეს ბუხარი, ფოტოები გადაუღო და გამომიგზავნა. მივხვდი, ეს იყო ხელოვნების ნიმუში. მუზეუმის თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ, ეს უნიკალური ბუხარი  მუზეუმში გადმოგვეტანა. იამანიძის ქუჩაზე განთავსებული
შენობა თავის დროზე გრაფ ოლდენბურგის საჯინიბო იყო. ფეხბურთის სტადიონის ტერიტორიაზე იყო მანეჟი, სადაც ოლდენბურგს თავისი ცხენსაშენი ჰქონდა. რადგან ბუხარი მას ეკუთვნოდა, ხოლო თავის დროზე ჩვენს მუზეუმში გრაფის სასახლე იყო განთავსებული, ბუხრის აქ გადმოტანა გადავწყვიტეთ...

- რა ინფორმაცია შემოინახა ბუხარმა?
- ბუხარს დიდხანს ვიკვლევდით. მეორე მხარეს სათანადო დამღები, წარწერები ჰქონდა, რომლის მიხედვით გაირკვა, რომ 1895 წელს რუსეთის იმპერატორის კარის ოსტატების მიერ ქალაქ ვიტებსკში, ბრონისლავ იაკობის ძე ლისოვსკის საქვეყნოდ განთქმულ ქარხანაშია დამზადებული. ამ ბუხარს ანალოგი არ გააჩნია. სავარაუდოდ, რუსეთის იმპერატორის კოლექციისათვის გაკეთდა, კერძოდ, რომელიმე სასახლისთვის. თუმცა, ამას დაემთხვა გრაფ ოლდენბურგის ქორწილი და სავარაუდოდ, იმპერატორმა, როგორც ნათესავს, საჩუქრად უძღვნა. ასე მოხვდა ეს ძვირფასი ხელოვნების ნიმუში მაშინდელი რუსეთის იმპერიის პერიფერიაში. როგორც ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა გვითხრეს, ასეთი ბუხრები ძირითადად განკუთვნილი იყო ლუვრის, ვერსალის ან ერმიტრაჟის სასახლეებისთვის.

- რა მასალისგან არის დამზადებული?
- ეს არის ძვირფასი კერამიკა, რომელიც სპეციალურ ღუმელშია გამომწვარი. გამოყენებულია მრავალი ფერი.

- ლეგენდად არის შემორჩენილი ჯაფარიძის ქალისა და გრაფ ოლდენბურგის რომანი. ეს მათი საქორწინო საჩუქარი იყო?
- ისტორიული წყარო, სადაც მითითებული იქნება, რომ იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ეს ბუხარი გრაფ ოლდენბურგს ქორწილის დღეს უძღვნა, არ გაგვაჩნია.  ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნა ბუხრის მინაწერების საფუძველზე. როცა გრაფმა აგრაფინა ჯაფარიძეზე იქორწინა, ამ ამბავს რუსეთის სამეფო კარი გამოეხმაურა. შეიძლებოდა, გრაფს ასეთი საჩუქარი იმპერატორისგან მიეღო, რადგან თბილისში დაბალი რანგის ჩინოვნიკები ვერ აჩუქებდნენ, ეს სამეფო საჩუქარია.

- საოცარია, რომ აქამდე არაფერი ვიცოდით ამ ბუხრის შესახებ.
- ეს ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეებისა და საზოგადოებისთვის გახდა აღმოჩენა, თორემ როგორც გაირკვა, ფეხბურთის ფედერაციაში ამ ბუხრის შესახებ იცოდნენ. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ამ კაბინეტში წლების განმავლობაში იჯდა.

- დაზიანებული არ არის?
- არა, დაზიანებული არ არის, მაგრამ დაკარგულია რამდენიმე დეტალი, რომელთაც აუცილებლად აღვადგენთ.

სალომე გოგოხია
luka iachvili
28 იანვარი 2015 23:24
ქ-ლ სალომეს!

არ შეიძლება ასეთი ზერელე მიდგომა მატერიალური კულტურის ნიმუშების განხილვის დროს. თქვენი სტატია სადაც "ფაიანსის" მოჭიქული თიხისაგან დამზადებული ბუხრის (უფრო სწორედ ღუმელის) ისტორიაა მოცემული სენსაციას, ანდა რესპოდენტის პიარს უფრო ემსახურება ვიდრე ნივთის ატრიბუციის საკითხის სწორ გადაწყვეტას.
გავა დრო და როდესაც თქვენს სტატაიას აღნიშნული ნივთის შესწავლისას პირველწყაროდ მოიძიებენ აი მაშინ კი ლანძღვა არ აგვცდება ყველას! რატომ ?
ეხლავე მოგახსენებთ!
1) უპირველესედ უნდა ითქვას, რომ საიმპერატორო ბუხრები მოცემული მასალისაგან (მოჭიქული თიხის კეცი,როგორც იაფასიანი მასალა) არ მზადდებოდა და არც თავლაში იყენებდნენ გათბობის საშუალებად. საიმპერატორო შენობებში (ერმიტაჟი, ცარსკოე სელო, ყირიმის სასახლე და სხვა) მხოლოდ ფაიფურის ფილებისგან დამზადებული კეცის პლასტები გამოიყენებოდა. მაღალი ხარისხის ფაიფურის მასალით სასახლის კარს მხოლოდ საიმპერატორო და გრაჩოვის ფაიფურის მანუფაქტურები ამარაგებდნენ. გარდა ამისა საიმპერატორო სასახლეთა ინტერიერში ძირითადად ამპირის მხატვრულ დეკორს ამჯობინებდნენ და არა როკაილის სტილს, როგორც ეს თქვენს მიერ მოძიებულ ბუხრის ფოტოდან ჩანს!

2) პრინც კონსტანტინე ოლდენბურგსა და საიმპერატორო კარს შორის მაინცდამაინც კარგი დამოკიდებულება არ ყოფილა. ხელგაშლილი, აყალმაყალის მოყვარული და მოქეიფე ახალგაზრდა „დრაგუნი“ რუსეთის იმდროინდელმა იმპერატორმა 1880 წელს ქუთაისში კაზაკთა კორპუსში ფლიგელ–ადიუტანტის თანამდებობაზე გაისტუმრა. ხოლო 1882 წლის შემდეგ როდესაც იგი დაქორწინდა ქართველ მანდილოსან აგრაფინა ჯაფარიძეზე კონსტანტინე ოლდენბურგს აეკრძალა საიმპერატორო წვეულებებზე გამოჩენა. საეჭვოა რომ ასეთი დამოკიდებულების ფონზე იმპერატორს რაიმე საჩუქარი გაეკეთებინა კონსტანტინესთვის.

3) საინტერესოა სიტყვები “მივხვდი ეს იყო ხელოვნების ნიმუში“ კორესპონდენტის ფანტაზიის ნაყოფია თუ რესპოდენტის ლირიკული გადახვევა?
ყური დამიგდე გეთაყვა: ეს არც ხელოვნების ნიმუშია და არც იმპერატორის კარის ოსტატათა ნახელავი. თუ დამღა სწორედ იქნა გაშიფრული იგი შესაძლებელია დამზადებული იყოს ქალაქ ვიტებსკის ღუმელებისა და ბუხრების ქარხანაში, სადაც აღნიშნული ნაკეთობები მთელი იმპერიის ბაზრისათვის მზადებოდა. ამრიგად ბუხარი წარმოადგენს ფართო მოხმარებისათვის განკუთვნილ საქონელს და არა ექსკლუზივს.
4) უცხოელი კოლეგები რომელიც თქვენს რესპოდენტს მოყავს ავტორიტეტად და რომლეთა აზრით მსგავსი ტიპის გათბობის საშუალებები არისტოკრატთა ინტერიერში იაფასიანი „კერამიკის მოჭიქული“ მასალით შენდებოდა, აბსურდია. ამ შემთხვევაში ჩემთვის ის კი არ არის მთავარი რას იტყვის დაშტამპული ტვინის მქონე უცხოელი, არამედ საწყენია ის რომ სენსაციას გამოკიდებული „არჩევითი მეხსიერება“ ჩანერგილი ქართველები ასე ადვილად ვიჯერებთ ტყუილს.
5) „ეს არის ძვირფასი კერამიკა“ ჩემო ძვირფასო „ახალბედა“ ექსპერტებო არ არსებობს ძვირფასი და არა ძვირფასი კერამიკა. არსებობს მხოლოდ მაღალი და დაბალ ხარისხიანი ცეცხლგამძე ლითონის ჟანგისაგან მიღებული საღებავი და მაღალხარისხოვანი ჭიქური.
6) და ბოლოს მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში თბილისში ეკონომიურად გაძლიერებულმა გერმანელმა (შვაბები) კოლონისტებმა გააშენიანეს რა დ. აღმაშენებლის (ყოფილი პლეხანოვის) ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ევროპულ ყაიდაზე მოწყობა დაიწყეს. სახლის ინტერიერის ერთ–ერთ მთავარ ელემენტს სწორედ ასეთი ბუხრები წარმოადგენდა. იმ დროისათვის მათი ჩამოტანა გერმანიიდან უფრო იაფი ჯდებოდა ვიდრე რუსეთის რომელიმე განაპირა გუბერნიიდან. დღესაც კი გერმანელების მიერ აშენებულ ყველა მეორე სახლის (დ. აღმაშენებელის გამზირი) ინტერიერები თქვენ მიერ აღმოჩენილი მსგავსი ტიპის გამათბობელი საშუალებებით არის მორთული. ამრიგად შესაძლებელია მხტვრული სტილით, დიზაინით, ტექნოლოგიური მაჩვენებლებით აღნიშნული ბუხარი არა რუსული არამედ გერმანული წარმომავლობისა იყოს!
რეზიუმის სახით შეიძლება ითქვას რომ მოცემულ სტატიაში რესპოდენტის ყველა შეხედულება მცდარია და რიალობას არ შეეფერება,
ასე რომ რთულია მატერიალური კულტურის ნიმუშების აქსპერტიზა–ატრიბუციის კვლევითი სამუშაოების წარმართვა. ასეთ კვლევებს სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა და ინტუიტიური ჩვევების გამომუშავება სჭირდება. ამისათვის კი ძლიერი მოტივაცია და შრომაა საჭირო.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩემი უსაყვარლესი გაზეთი მომავალში იაფასიანი სახელოვნებო პიარ–სტატიებით თავის ერთგულ მკითხველს შეცდომაში აღარ შეიყვანს!
პატივისცემით ლუკა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები