"ვდარდობ, რომ დღეს სოფელ ჩოხს მხოლოდ ჩემი ოჯახი ჰქვია" - რეპორტაჟი გუდამაყრის ხეობიდან - კვირის პალიტრა

"ვდარდობ, რომ დღეს სოფელ ჩოხს მხოლოდ ჩემი ოჯახი ჰქვია" - რეპორტაჟი გუდამაყრის ხეობიდან

"მე და გოდერძი ჩოხელი არაგვში დახრჩობას მწყემსებმა გადაგვარჩინეს"

"სოფელში ძნელად თუ დაბრუნდება ვინმე. ვინც წავიდა, იმას უკან ძალით ვერ დააბრუნებ"

"მთელი სიცოცხლე ვიბრძოდი, რომ რაღაცისთვის მიმეღწია.  სიბერემ ისე მომიკაკუნა კარზე, რომ ვერ მივხვდი, სად გაიპარა წლები. ახლა თმაშეთეთრებული ძველ ფოტოებს ვათვალიერებ და განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობ... ალბათ ბევრ რამეს შევცვლიდი, ბევრ რამეს - არა. სიბერეს სინანულის წლები დავარქვი. აი, ახლა, სინანულის წლებით დამძიმებული ვზივარ იმ სახლის ეზოში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვიხსენებ მშობლებს და დას, დღეს არც ერთი აღარ მყავს. ბედნიერი მხოლოდ იმ წლებში ვიყავი, აქ რომ ვცხოვრობდი... ვნანობ ყველა დღეს, ყველა წამს, რომელიც ჩოხიდან შორს გავატარე... ერთ დროს აქ სიცოცხლე ჩქეფდა. სახლს ვინღა ჩივის, სოფელი ცარიელდება, ამას რას მოვესწარი... წადით ქალაქში, მიიღეთ განათლება, დასაქმდით, მაგრამ პირობა მომეცით, რომ სიბერეში აუცილებლად დაბრუნდებით სოფელში და აქ გააგრძელებთ ცხოვრებას. ეს თქვენი ფესვებია... სადაც უნდა იყოთ, თქვენი მხარე, თქვენი კერა არასდროს დაივიწყოთ... ყოველთვის გახსოვდეთ - აქ აიდგით ფეხი, აქ ისწავლეთ სიყვარული და აქ არის თქვენი ფესვები"...

ამ ჩანაწერს სოციალურ ქსელში გადავაწყდი. წერილი 1989 წლით თარიღდება და ხელს  გოგი პაპა აწერს, რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გუდამაყრის ხეობაში გაუტარებია. მინაწერით ირკვევა, რომ გოგი პაპა სამი წლის წინ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს...

გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით, მთის ფერდზე, სოფელი ჩოხია შეფენილი. მხოლოდ ერთი საკვამურიდან ამოდის ბოლი. უჩვეულო სიმყუდროვეს შავი არაგვის მინავლებული ხმა არღვევს. ძაღლის ყეფაც კი არ ისმის...

სოფელს, სადაც ოდესღაც სიცოცხლე ჩქეფდა, დღეს მხოლოდ წიკლაურების ექვსსულიანი ოჯახი შემორჩენია... იშვიათ სტუმარს მასპინძელი მეგებება.

ნუგზარ წიკლაური, ჩოხის მკვიდრი: - გუდამაყრის ხეობაში კოლმეურნეობის დაშლის მერე მეცხვარეობაც მოიშალა და მოსახლეობა იძულებული გახდა, სხვაგან გადასახლებულიყო. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ქვეყანაში, და მით უფრო აქ, ცხოვრება გაუსაძლისი იყო. ბევრმა ვერ გაუძლო და წავიდა.

სოფელში მარტო ცხოვრება ძალიან რთულია. ზაფხულში რამდენიმე დამსვენებელი მაინც ამოდის, მაგრამ ზამთარში დიდთოვლობაა და აქეთკენ პირს ვინ იზამს?..

ხშირად ვიხსენებ მეზობლებს, თანასოფლელებს. ზოგი გადასახლდა, ზოგიც გარდაიცვალა და ამ მოგონებებით ვცხოვრობ... ჩემი კარის მეზობელი ძია ვანო სამამულო ომის მონაწილე იყო, ბევრ რამეს მიყვებოდა, იმასთან მენატრება საუბარი... კიდევ კარგი, შუქი გვაქვს და ტელეფონიც იჭერს...

ხშირად გავყურებ გზას და ვნატრობ, ნეტა ვინმე გამოჩნდეს-მეთქი, მაგრამ თვეები ისე გადის, ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ვერავის ვხედავ.

ყველაზე მეტად საუბარი მენატრება. მარტოობა გულს მიჭამს.

ვდარდობ, რომ დღეს სოფელ ჩოხს მხოლოდ ჩემი ოჯახი ჰქვია.

- თქვენ გიფიქრიათ სოფლის დატოვება?

- ბევრჯერ, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გავბედე. მალე 60 წლის გავხდები და სად წავიდე, როგორ შევინახო ოჯახი? მთას თავისი კანონები აქვს. ვცდილობ, ის ადათწესები, რაც ჩემმა წინაპრებმა მასწავლეს, ჩემს შვილიშვილებს შემოვუნახო. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსახლეობის დასაბრუნებლად. სათქმელად ადვილია, მაგრამ სოფელში ძნელად თუ დაბრუნდება ვინმე. ვინც წავიდა, იმას უკან ძალით ვერ დააბრუნებ. ბოლო წლებში გაკეთდა გზა, არის შუქი, მაგრამ მაინც ძნელია ცხოვრება. ერთადერთი - სოფლის შენარჩუნება ალბათ ეკომიგრანტების ჩასახლებით მოხერხდება.

- რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?

- კაცი თუ ზარმაცი არ არის, მთაში  ყოველთვის იარსებებს. მყავს ცხენი, საქონელი, ცხვარი, ფუტკარი. გაზაფხულზე კარტოფილს ვთესავთ, ხილი მოდის. ჩემმა შვილებმა იციან, თუ არ იშრომეს, ლუკმაპურს ვერ მოიპოვებენ.

- თქვენი მეუღლეც ჩოხელია?

- არა, მეუღლე სოფელ ჭართლიდან არის. გვყავს ორი შვილი, გიორგი და გუჯა. არც ერთმა არ მოინდომა უმაღლესში სწავლის გაგრძელება. სკოლა დაამთავრეს და აქაური ცხოვრების ფერხულში ჩაებნენ.

- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ვუვლი საქონელს, ვაპობ შეშას და თოვლს ვხვეტავ. ესაა და ეს. საღამოს ტელევიზორით ვირთობ თავს. იშვიათად, მაგრამ ზვავიც ჩამოდის ხოლმე და რამდენიმე დღე გარე სამყაროს ვწყდებით.

ნონა ხუციანიძე, ოჯახის დიასახლისი: - 29 წელია, აქ ვცხოვრობ. ამხელა სოფელში მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხარ და რაღაც რომ გაგიჭირდეს, მომკითხავი არავინ არის.

ვლოცულობ ჩემი შვილების ჯანმრთელობისთვის, მინდა, რომ მათმა შვილებმაც გააგრძელონ ცხოვრება ამ სოფელში და ისეთივე ხალხმრავალი იყოს ჩოხი, როგორიც წლების წინ, პირველად რომ მოვედი აქ.

"მე და გოდერძი ჩოხელი არაგვში დახრჩობას მწყემსებმა გადაგვარჩინეს"

ნუგზარ წიკლაური: - "ჯერ კიდევ წლების წინ გრძნობდა და სტკიოდა გოდერძი ჩოხელს თავისი გუდამაყარი. განიცდიდა, როგორ ნელ-ნელა იწირავს ქალაქი სოფელსო. მისი წინათგრძნობა დღეს მწარე რეალობაა.

გოდერძი ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. მერვე კლასში ვიყავით, შავ არაგვში რომ ჩავცვივდით და მწყემსებმა გადაგვარჩინეს... სკოლაც ერთად დავამთავრეთ ფასანაურში. სანამ რეჟისორობას დაიწყებდა, უფრო ხშირი ურთიერთობა გვქონდა. მერე ერთ-ერთ ფილმში მეც გადამიღო... ბავშვობიდან გულჩათხრობილი იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ფასანაურში ამოვიდა. იმ პერიოდში აღარავის ნახვა არ უნდოდა. მაინც მივედი. ხმა არ გამცა, მეორე ოთახში გავიდა. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა..." “

პატარა ნიკოლოზი

წიკლაურების ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ნიკოლოზი, გუდამაყრის ხეობაში ერთადერთი სამი წლის ბავშვია. თანატოლებისგან განსხვავებით, მისი ბავშვობის სურვილები და ოცნებები სხვანაირია.

გიორგი წიკლაური: - ამ ასაკში სხვა ბავშვები მშობლებს კანფეტებსა და სათამაშოების შეძენას სთხოვენ, ნიკოლოზი კი ხშირად მეკითხება, - მამა, დიდი რომ გავიზრდები, ხომ მიყიდი ცხენს და თოფსო. განათლება რომ მივაღებინოთ, სოფლის მიტოვება მოგვიხდება, თუმცა ისევ დავბრუნდებით.

რამდენიმე თვეში მეორე ბავშვი შეგვეძინება. სოფელს კიდევ ერთი წევრი შეემატება.

ჩემი გვარის გამგრძელებლები მთას არასდროს მიატოვებენ და ჩოხი არასდროს იქცევა ნასოფლარად.

ნეტავი ვინმე თვეში ერთხელ მაინც გამოჩნდებოდეს... მანქანის ხმა რომ გვესმის, შლეგიანივით გვიხარია.

მარიამ ქავთარაძე, გიორგის მეუღლე: - ისე გადის თვეები, ოჯახის წევრების გარდა ვერავის ვნახულობთ. ერთმანეთს ვაძლებინებთ. აპრილში მეორე ბავშვს ველოდებით. მათ უნდა მიიღონ განათლება და ამისთვის აქედან მოგვიწევს წასვლა. ნიკუშას ყველაზე მეტად ბავშვებთან თამაში ენატრება.

...ბინდდებოდა. სიმყუდროვეს მხოლოდ მგლების და ტურების ყმუილი არღვევდა. მთელი დღე მასპინძლებთან გავატარეთ. გამომშვიდობებისას პირობა დამადებინეს, რომ  კიდევ ერთხელ ვესტუმრები...

"ადამიანთა სევდა"(ნაწყვეტი)

- რა გადარდებს?

- ძალიან მადარდებს გუდამაყრის მივარდნილობა.

- როგორ თუ მივარდნილობა?

- ისა რომა, ისტორიულად და გეოგრაფიულად მივიწყებული და მოუხვედრელი ადგილია. ხევსურებს იცნობენ, ფშავლებს იცნობენ, თუშებს იცნობენ, მთიულებს იცნობენ, მოხევეებს იცნობენ და რომ სთქვა, გუდამაყრელი ვარო, ყველა სიცილით მოკვდება.

- რატომ?

- აბა, რა ვიცი, რა არის გუდამაყარიო. იშვიათად თუ ვინმემ იცის, რომ მსოფლიოში, საქართველოში არსებობს ხეობა, რომელზეც შავი არაგვი მოდის და ხეობას ჰქვია გუდამაყარი, სადაც გუდამაყრელები ცხოვრობენ. რომ გუდამაყრელები ძველთაძველი და მეომარი ხალხია, რომ იმ სამასი არაგველიდან, კრწანისის ველზე რომ დაეცნენ, უმეტესობა გუდამაყრელები იყვნენ. რომ იმათ სარდლობდა ათნოხელი ნინია აფციაური და რომ პირიმზის ხატში დაიფიცეს სათემო ხატზე და აქედან წაიღეს საბრძოლო დროშები. არავინ დღემდე არ იცის, რომ ჩოხის ზემოთ, მთის წვერზე, ბერების ნასაყდრალებია და ამ მთას ბერების მთას ეძახიან, რომ პირიმზე ახალციხიდან მოუბრძანებიათ ერთ-ერთი ბრძოლის დროს... დროა, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიომ გაიგოს, რომ არსებობს ხეობა, რომელსაც გუდამაყარი ჰქვია...

ხეობის გასაჭირი

მალხაზ  წიკლაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი გუდამაყრის ხეობაში: - გუდამაყრის ხეობაში 22 სოფელია. სულ 260 კომლია, თუმცა ზამთარში 50-მდე ოჯახი რჩება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ აქ დარჩენილ მოსახლეობას. შენდება ხიდი, რომელიც ხუთ სოფელს ერთმანეთთან დააკავშირებს. გაკეთდა ხუთკილომეტრიანი გზა. ხეობაში კვირაში ორჯერ უფასო ავტობუსი დადის. ამჟამად 22 სოფელს ერთადერთი სკოლა აქვს, სადაც 14 მოსწავლე სწავლობს. არ არის გაზი, ამბულატორია, თუმცა ხეობას ემსახურება ექიმი. საჭიროების შემთხვევაში ვიძახებთ სასწრაფოს.

ამონარიდი სააღდგომო ეპისტოლედან. 2012 წელი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია II-მ მოსახლეობას სოფელში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

,,საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომელიც შეამცირებს გადასახადებს, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობის სფეროში, რათა იგი  გახდეს დაინტერესების საგანი. ფრიად სასურველია, დახმარება გაეწიოს გლეხურ მეურნეობას, რომ მათ შეძლონ მიწის დამუშავება, თესლის, სასუქებისა და სხვა შესაწამლი საშუალებების შეძენა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა და გადამუშავება. სარეალიზაციო ბაზრის მოპოვება კი ვფიქრობთ, სახელმწიფოს არ გაუჭირდება, მასზე მსოფლიოში მოთხოვნა დიდია. თუ ეს განხორციელდა, მოკლე დროში შესამჩნევი იქნება წინსვლა და ხალხს დაუბრუნდება შრომის სურვილი".

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე