მხატვარი, რომელიც ნახატებს არ ყიდის - კვირის პალიტრა

მხატვარი, რომელიც ნახატებს არ ყიდის

"მთავარია, მთავარი რა არის, იმას გრძნობდე"

"როცა ფუნჯით - ვერა, ვხატავ ოცნებით..."

თამაზ ჯინჭარაძე გამორჩეული ქართველი ფერმწერია. მისი სურათები თუკი რომელიმე გამოფენაზე მოხვდა, აუცილებლად დიდ რეზონანსსაც იწვევს და ყიდვის მსურველებიც გამოჩნდებიან ხოლმე... მაგრამ საქმე ის არის, რომ ავტორი ნამუშევრების გასხვისებას არ აპირებს და იმაზეც კი დარდობს, ადრე ზოგიერთი რომ გაუყიდია...

- არ მშია, შვილები კარგად მყავს... რა ჯანდაბად მინდა ფული?! - გულწრფელად კითხულობს ხელოვანი, - იმ ფულს ამ ნამუშევრების ყურება მირჩევნია... იქნებ ამიტომაც თავისებური ხასიათის მხატვრად არის აღიარებული.

- ხელოვნება ურთულესი ფენომენია. გული მწყდება, რომ ამის გამგები ადამიანები მცირდებიან და ყველაფერი უმარტივეს სანახაობამდე დაჰყავთ. ჩემს ახალგაზრდობაში პლეხანოვზე ერთი თეატრი იყო, რომელსაც სანკულტურის თეატრი ერქვა. ნახალოვკა, სვანეთის უბანი სულ იქ ჩამოდიოდნენ სპექტაკლების სანახავად... პარალელურად აკადემიურ თეატრებში უმაღლესი ხელოვნება იყო წარმოდგენილი. გიორგი შავგულიძე ერთ დღეს რომ "კოლმეურნის ქორწინებაში" ხარიტონს ითამაშებდა, მეორე დღეს კეისრის როლში იყო და ორივე უზადოდ გამოსდიოდა. ახლა რა ფილმებიც გადის ტელევიზიით, ეს ერთგვარი პოლიტიკაა. ამიტომაც გახშირდა ქალებზე ძალადობა, გამრავლდა მკვლელობები... კინო დიდი ძალაა. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში "სალავათ იულაევი" გადიოდა. ამ ფილმში ვნახე მშვილდ-ისარი პირველად და თავი მოვიკალი, სანამ არ გავაკეთე, მერე "ბაღდადელი ქურდი" ვნახე, არბალეტი ამის შემდეგ მოვინდომე. ასე ზემოქმედებდა ეს ფილმები...

- თითქოს ღირებულის და ნაკლებად ღირებულის გამიჯვნა ჭირს ჩვენს რეალობაში, არა?

- საქართველოში მსოფლიო დონის კაცი გვყავს - მერაბ ბერძენიშვილი. სტუდენტები დამყავდა მასთან შინ და ვუხსნიდი, რა არის ხელოვნება. 20 წელზე მეტია, რაც აკადემიიდან წამოვიდა. კი ბატონო, ნებით წავიდა, მაგრამ შენ რატომ უშვებ?! უკეთესს ვის ანდობ ახალგაზრდების აღზრდას?

- აკადემიიდან თქვენც წამოხვედით...

- ჩემი ნებით არ წამოვსულვარ. ცხადია, გული მწყდება, მაგრამ ეს არაფერია იმ საქმის გაფუჭებასთან, რისი გაკეთებაც შემეძლო სტუდენტებისთვის... ოთხი წლის ვიყავი, ფანქარი რომ ავიღე ხელში, მას მერე ვხატავ... ჩემი კლასელები იყვნენ თენგიზ მირზაშვილი და ზურაბ წერეთელი. ერთს დედ-მამა ჰყავდა მხატვარი, მეორეს - ბიძა, მათ იცოდნენ ხატვა, მე - არა. რომ მასწავლიდნენ წესებს, არ ვუჯერებდი. ფერწერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს... ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში ვიწექი და ორი სურათი მაინც "დავხატე". ვნატრობდი, ფუნჯები მომცა-მეთქი, რომ ტილოზე გადამეტანა...

- ფანქრით დახატეთ?

- არა, ოცნებით... ამიტომ ვარ უბედნიერესი კაცი. ახლა ვერ ვმუშაობ, როგორც კი შევძლებ ხატვას, მაშინვე გადავიტან ტილოზე.

სიცოცხლე ძალიან მიყვარს, თუმცა ახლაც რომ დავამთავრო, არ ვინანებ, იმდენად საინტერესო ცხოვრება გავატარე. მთელი საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი ფეხითა და ცხენით შემოვიარე... 40 წელი გოგი ოჩიაურთან ერთად დავდიოდი სანადიროდ.

განსაკუთრებულად მახსოვს ხევსურეთი, მთა-თუშეთი... გამყოლი მყავდა - ღვთისო, 80 წლის. გადავიარე მუცო. ვკითხე, ახლა რომ ქისტები დაგვეცნენ, რას იზამ-მეთქი. თავს შევაკლავო... პირველად რომ დავინახე შატილი, ჩავიკეცე. ოცნებაში მქონდა წარმოდგენილი, რომ ასეთია საქართველო - ცაში აზიდული ციხეები. ზუსტად ის დავინახე...

მეოთხეკურსელი ვიყავი, "კრწანისის ომი" რომ დავხატე. კულტურის სამინისტრომ იყიდა. ქალაქის საბჭო შეკვეთას მაძლევდა, რომ დიდი გამეკეთებინა. ამის გამო ჩავაბარე ასპირანტურაში, მაგრამ გამაფრთხილეს, თანამედროვე თემაზე უნდა იმუშაოო. აპოლონ ქუთათელაძეს რომ ვუთხარი ეს, შეწუხდა, მეც ამას შევწირე ჩემი ცხოვრება და არაფერი დამრჩაო. უკუღმართი ქვეყანა იყო. გროზნოში ქარხანა უნდა გამეფორმებინა, რომელიც ჯერ არც იყო აშენებული... ასეთი გროტესკული ვითარება იყო. ეგ ყველაფერი წარმავალი და უსახელოა. მთავარია, მთავარი რა არის, იმას გრძნობდე. მე, საბედნიეროდ, ვიგრძენი.