მორიგი ექსპერიმენტი?! - რატომ უწოდებენ მასწავლებლები თავს საცდელ ბაჭიებს - კვირის პალიტრა

მორიგი ექსპერიმენტი?! - რატომ უწოდებენ მასწავლებლები თავს საცდელ ბაჭიებს

2015 წლის სექტემბრიდან მასწავლებელთა შეფასების ახალი სქემა ამოქმედდება

"გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მოხდება შეფასება. მე რა ვარიანტებიც ვნახე, ეს ნამდვილი ბიუროკრატიაა"

განათლების სისტემა ყოველთვის იყო ყველა ხელისუფლების თავსატეხი. უსასრულო ცვლილებებით დაღლილი მასწავლებლები თავს საცდელ ბაჭიებს უწოდებენ. 2015 წლის სექტემბრიდან მასწავლებელთა შეფასების ახალი სქემა ამოქმედდება, თუმცა შეფასების კრიტერიუმები ჯერ განსაზღვრული არ არის. ცნობილია მხოლოდ, რომ გამოიყოფა მასწავლებელთა ოთხი კატეგორია - პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. სამთავრობო კომისიამ, რომელიც რეკომენდაციების შემუშავებას შეუდგა, შეფასების მექანიზმი უნდა განსაზღვროს.

უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ შაშკინისეულმა სერტიფიცირების გამოცდამ კრახი განიცადა. საქართველოში დაახლოებით 70 ათასი პედაგოგია, სერტიფიცირების გამოცდა კი მხოლოდ მცირე ნაწილმა ჩააბარა. სერტიფიცირების გამოცდა, რომელსაც ამჟამინდელმა მინისტრმა არაადეკვატური უწოდა, გაუქმდა. სამინისტრომ შეფასების ახალი სქემა შეიმუშავა, თუმცა, სამუშაო ვერსია რამდენჯერმე შეიცვალა.

"კვირის პალიტრა" დეტალების გარკვევას შეეცადა და პედაგოგებს, სამთავრობო კომისიის წევრებსა და განათლების ექსპერტებს ესაუბრა.

მარიზა ჯიქია, პედაგოგი: -  მინისტრის კაბინეტიდან ყველაფერი კარგად ჩანს.  დავიღალეთ დაუსრულებელი ცვლილებებით. ყველა ახალი მინისტრი აბსურდულ რეფორმებს იწყებს. სჯობს, სამინისტრომ ხელფასების გაზრდაზე იზრუნოს.

ვერიკო ცხოვრებაძე, პედაგოგი: - იმ მეთოდებს, რომელთაც სქემა გვთავაზობს, პრაქტიკაში ისედაც ვიყენებთ. კოლეგები ნუ მიწყენენ, მაგრამ ზოგიერთს წერა ეზარება. დადებითად ვაფასებ კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლას. ვინც ვმუშაობთ, დაგვიფასდება, ვინც არ მუშაობს, უნდა იმუშაოს! სერტიფიცირების გამოცდაც საჭიროა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება.

ლია გიგაური, განათლების მინისტრის მოადგილე: -”კომისიის პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იყო. შეფასების დოკუმენტი ჯერ დამუშავებული არ არის.

მაია კობახიძე, სამთავრობო კომისიის წევრი და პედაგოგთა პროფკავშირების პრეზიდენტი: -”მოქმედ, არასერტიფიცირებულ პედაგოგებს პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭებათ, სერტიფიცირებულს კი - უფროსი მასწავლებლის.

უფროსი პედაგოგი შეიძლება გახდეს ისიც, ვისაც პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებული აქვს, მაგრამ 2015 წლის ზაფხულში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება მოუწევს, ანუ გამოცდას ჩააბარებს. წამყვანი მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესის კვლევას ჩაატარებს  და რეკომენდაციებს კოლეგებს გაუზიარებს, მენტორი კი მთლიანად სკოლის სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე იზრუნებს.

- დაბალი ანაზღაურების ფონზე ასეთი მოთხოვნები გადაჭარბებული ხომ არ არის?

- პროფკავშირები გამოვედით ინიციატივით, უახლოესი სამი წლის განმავლობაში მასწავლებლის საბაზო ხელფასი ეტაპობრივად გაიზარდოს და საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს გაუთანაბრდეს.  გადაწყდა, რომ ხელფასების გაზრდის პირველი ეტაპი 2015 წლის პირველი იანვრიდან დაწყებულიყო, თუმცა, გამაოგნებელი აღმოჩნდა ფინანსთა მინისტრის განცხადება - ამ ეტაპზე ხელფასების გაზრდა არ იგეგმებაო. მასწავლებლები დაპირებულ ანაზღაურებას ამ ეტაპზე ვერ მიიღებენ, მაგრამ,

2015-2016 წლებში საბაზო ხელფასის გაზრდა ორჯერ იგეგმება - 2015 წლის სექტემბერში და 2016 წლის აპრილში.

კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლისას ხელფასი გაორმაგდება.

- როგორია სტატუსის მინიჭების წესი?

- ამასთან დაკავშირებით პროექტში ბევრი ცვლილება შევიტანეთ.

უფროსი მასწავლებლის წოდება მიენიჭება პედაგოგს, რომელსაც სკოლაში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი სტაჟი აქვს. თუმცა, ადამიანს, რომელსაც დოქტორის ხარისხი აქვს, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად სამწლიანი მუშაობის სტაჟი არ მოეთხოვება.

ზურაბ ვახანია, აკადემიკოსი: - ამდენი ექსპერიმენტი  მეტისმეტია, მაგრამ მასწავლებლის შემოწმება აუცილებელია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა საკუთარი საგანი არ იცის. ამას ადასტურებს როგორც ჩემ მიერ ჩატარებული ტრენინგები, ასევე - სამინისტროს ტესტირებები. სერტიფიცირების გამოცდა აუცილებელია, მაგრამ საგამოცდო სტანდარტები კარგად ჩამოყალიბებული არ არის.  შედეგების შეფასების თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა - რა კრიტერიუმით აფასებენ, ვერ გაიგებ, ყველაფერი  კი არაპროფესიონალიზმის ბრალია.

- ახალ სქემაზე რას გვეტყვით?

- ახლაც გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მოხდება შეფასება. მე რა ვარიანტებიც ვნახე, ეს ნამდვილი ბიუროკრატიაა. დამატებითი დრო დაიხარჯება უაზრო დოკუმენტების მომზადებაზე. 60 ათასი მასწავლებელი რაღაც დოკუმენტს რომ "გამოაცხობს", სად წაიღებენ ან ვინ წაიკითხავს, არ ვიცი. ეს ფორმალური მხარე იქნება.”

მანანა ნიკოლაიშვილი, ექსპერტი განათლების საკითხებში: - ეს არის  ღირსების შემლახავი, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო და ანტიპედაგოგიური სქემა. სტანდარტის ძირითადი  დოკუმენტი, კატეგორიების სახელწოდებები და მოთხოვნები აბსურდულია! ისეთი მოთხოვნებია ჩაწერილი, რომელთა დაკმაყოფილება შეუძლებელია. შეფასების კრიტერიუმები გაურკვეველია.

22 თებერვალს კომისია შემუშავებულ რეკომენდაციებს მთავრობას წარუდგენს. სავარაუდოდ, მთავრობა მას მალევე დაამტკიცებს. ამის შემდეგ ახალი სქემის დეტალები ყველასთვის ცნობილი გახდება.

სალომე გოგოხია