დარია ტყუპ გოგონასა და მეუღლესთან ერთად ომს გამოექცა - უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში - კვირის პალიტრა

დარია ტყუპ გოგონასა და მეუღლესთან ერთად ომს გამოექცა - უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში

უკრაინელი ლტოლვილები სამების საკათედრო ტაძარში დახმარებისთვის მეუფეებს მიმართავენ

"მხოლოდ იმის გამო, რომ ომს გამოექცა, ლტოლვილის სტატუსს ვერავის მივანიჭებთ"

როგორ ეხმარება ქართული სახელმწიფო მეზობელი ქვეყნებიდან გამოქცეულებს

დარია მედვედსკა უბნის სუპერმარკეტში გავიცანი. რიგში ჩემ წინ იდგა, საფულე დაუვარდა და მივაწოდე. მადლობა გადამიხადა და კეთილგანწყობის ნიშნად შოკოლადი მისახსოვრა. გავესაუბრე, აღმოჩნდა, რომ დარია ტყუპ გოგონასა და მეუღლესთან ერთად უკრაინიდან ომს გამოექცა.

უკრაინელი ლტოლვილების ცხოვრებით რომ დავინტერესდი, შინ მიმიპატიჟა.  დაშა და მისი მეუღლე ალექსანდრე მეუბნებიან, რომ უკრაინიდან წამოსვლის მიზეზი მათი შვილები არიან...

- ჩემი მეგობრების მსგავსად შემეძლო, ომში მოხალისედ წავსულიყავი, თუმცა, ასე არ მოვიქეცი. ძალიან შემტკივა გული ჩემს ქვეყანაზე, შორიდან ამ სისასტიკის ყურება უფრო აუტანელია - ჩემი ახლობლები და მეგობრები თავგანწირვით იხოცებიან უკრაინის მიწისთვის, მაგრამ ახლა მთავარი ჩემი შვილების უსაფრთხოებაა, ამიტომაც გამოვიქეცით საქართველოში, - მეუბნება ალექსანდრე.

ცოლ-ქმარი თბილისურ ცხოვრებას ადვილად შეეგუა. დაშა ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში ფინანსისტად მუშაობს, რომელსაც ფილიალი საქართველოშიც აქვს. ალექსანდრე ბავშვებს უვლის. კიევში, სადაც ჩემი რესპონდენტები ცხოვრობდნენ, საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა, დაშა ამბობს, რომ ვითარების წინასწარ განსაზღვრა ძნელია, ამიტომ, უკრაინას გამოერიდნენ.

- საქართველოში რამდენიმე წლის წინ სტუმრად გახლდით და აქაურობა ძალიან მომეწონა. როცა არჩევანის წინაშე დავდექით, სად წავსულიყავით, საქართველო ვარჩიეთ. ჩვენი ქვეყნები მეგობრობენ, საერთო მტერი გვყავს, ამიტომ აქეთ წამოსვლაზე არ გვიყოყმანია. უკრაინაში სიტუაცია თუ არ განიმუხტა, საქართველოში თავშესაფარს მოვითხოვთ. უკრაინაში მებრძოლები სამშობლოს სიცოცხლის ფასად იცავენ, მოსახლეობა სახლ-კარს ტოვებს და ცდილობს უსაფრთხო ადგილას გადავიდეს, ამიტომაც აქ ბევრი უკრაინელი გამოეშურა, - ამბობს დაშა.

ლტოლვილთა და რეპატრიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კოკაია:

- 6 თვის განმავლობაში შევისწავლით უკრაინელი ლტოლვილების საკითხს, რომლებმაც თავშესაფრის მოთხოვნით მოგვმართეს. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა სამი თვით გახანგრძლივდება, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე კი, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, ისინი საყოველთაო დაზღვევით სარგებლობენ.

- სამინისტრო როგორ ეხმარება მათ, ვისაც საცხოვრებელი არ გააჩნია?

- მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრია გახსნილი, სადაც ისინი დროებით დავაბინავეთ. ამჟამად იქ 60 თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს. თუმცა, სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც არიან. განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფის შემთხვევაში, მათ ბინის ქირას ვუხდით, რასაც გაეროს ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს.

- ლტოლვილის სტატუსის მისაღებად რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ?

- ჩამონათვალის სია ძალიან გრძელია. მხოლოდ იმის გამო, რომ ომს გამოექცა, ლტოლვილის სტატუსს ვერავის მივანიჭებთ. ასეთ შემთხვევაში მათ ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭებათ. მას შემდეგ, რაც ლტოლვილის სტატუსს მივანიჭებთ, დევნილების მსგავსად, ყოველთვიური ფულადი შემწეობა - 45 ლარი დაენიშნებათ და სხვა შეღავათებითაც ისარგებლებენ. მანამდე კი ყველა აქ მყოფი უკრაინელი საყოველთაო დაზღვევითა და უფასო განათლების უფლებით სარგებლობს.

ჩვენს თხოვნაზე, მარტყოფში დროებით მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს გავსაუბრებოდით, უარი მივიღეთ.

-  მათი ვინაობა კონფიდენციალურია. ამის გამო გაერომ შეიძლება ძალიან ცუდი შეფასება მოგვცეს, - გვითხრა ირაკლი კოკაიამ.

უკრაინელი ლტოლვილები სამების საკათედრო ტაძრის ხშირი სტუმრებიც ყოფილან. ტაძარში მომუშავე ქალბატონმა მითხრა, რომ ლტოლვილები დახმარებისთვის ხშირად მიმართავენ მეუფეებს. როდის დასრულდება უკრაინაში ომი, არავინ იცის, განახლებული საომარი მოქმედებების ფონზე კი საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების ახალი ნაკადის შემოსვლა გამორიცხული არ არის.

მარტყოფის თავშესაფარი

მარტყოფში მდებარე თავშესაფარში დაახლოებით 60-მდე საკუთარი ქვეყნიდან დევნილი უცხოელი ცხოვრობს. თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ერაყიდან, ირანიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან და აფრიკა-აზიის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები.

2013 წელს საქართველოს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით 700-ზე მეტმა უცხოელმა მიმართა. შარშან 479 ადამიანი საქართველოში ერაყიდან ჩამოვიდა, ეგვიპტიდან - 80, სირიიდან - 60.  მაგალითად, წლევანდელი წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფარი 80-მა (უკრაინელი ლტოლვილების გამოკლებით) ადამიანმა ითხოვა.

უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობა გაცილებით მეტია?

2014 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, უკრაინაში საომარი ვითარების გამო, საქართველოში თავშესაფარი 419-მა უკრაინელმა მოქალაქემ მოითხოვა. ეს არასრული სტატისტიკაა. შესაძლოა, ლტოლვილთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს, რომლებმაც სამინისტროს არ მიმართეს და ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრობენ...

სალომე გოგოხია