იღუმენი ილია, ერისკაცობაში სანდრო კავსაძე: "ცოდვები მოდის და მოდის. ვეღარ მოვათავე მონანიება" - კვირის პალიტრა

იღუმენი ილია, ერისკაცობაში სანდრო კავსაძე: "ცოდვები მოდის და მოდის. ვეღარ მოვათავე მონანიება"

სვეტიცხოველში მსახურების დროს ხშირად ვხედავდი ერთ ბერს. არ ვიცოდი, რომ ის იღუმენი ილიაა - ერისკაცობაში სანდრო კავსაძე. მისი სახელი და გვარი ჩემთვის კარგად არის ნაცნობი, თუმცა, გარეგნულად როგორ გამოიყურებოდა, უკვე აღარ მახსოვდა. თეთრი თმითა და წვერით, ბერულად შემოსილი 70 წლის იღუმენი ილია რამდენიმე წელია სვეტიცხოვლის მამათა მონასტერშია. ვთხოვე, თავისი ცხოვრებისა და ტრანსფორმაციის შესახებ მოეთხრო.

სანდრო კავსაძის კარიერა

2009 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ერში ყოფნა გაუჭირდა და ბერული ცხოვრებისთვის მომზადება გადაწყვიტა. მაშინ სანდრო კავსაძე 66 წლის იყო...

თავიდან მუშაობა კომკავშირში დაიწყო... 29 წლისა გორის რაიკომის მდივანი გახდა. როგორც ამბობს, მაIშინ ასე ახალგაზრდას თანამდებობაზე არ ნიშნავდნენ. 1977 წლიდან შს სამინისტროში მინისტრის მოადგილედ 7 წელი იმუშავა. შემდეგ კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში განყოფილების უფროსად დაიწყო მუშაობა. მალე მთავარი სახელმწიფო არბიტრი გახდა. მას შემდეგ, რაც ცხინვალში სიტუაცია დაიძაბა, გორში გადაიყვანეს - ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარე და რაიონის რაიკომის მდივანი ერთდროულად გახდა. მერე იყო 1989 წლის აპრილის მოვლენები... 8 აპრილს ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე დაისვა ეროვნული მოძრაობის ლიდერების პასუხისგებაში მიცემისა და ჯარის გამოყენების საკითხი.

"კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. მხარი დამიჭირეს ცეკას კომკავშირის მდივანმა სესილი გოგიბერიძემ და რესან კონცელიძემ. წინააღმდეგი იყო ჯანსუღ ჩარკვიანიც. თუმცა, მაინც გადაწყდა ჯარის გამოყენება... საღამოს პატიაშვილთან შევედი. სიტუაციას უკვე ვეღარ ფლობდა. შევატყობინეთ პატრიარქს, ზვიად გამსახურდიასაც შევხვდი, უკვე ისიც ვერ მართავდა სიტუაციას.

ეროვნული მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზვიად გამსახურდიასთან პრობლემები შემექმნა - რატომღაც ცუდი თვალით შემომხედა და იბრძოდა, რომ გორში მაჟორიტარ დეპუტატად არ გავსულიყავი, თუმცა, არჩევნებში მაინც გავიმარჯვე. პარლამენტარი დიდხანს არ ვყოფილვარ, გამსახურდიამ პარლამენტიდან ყველა კომუნისტი გაყარა..."

შევარდნაძის მთავრობაში ჯერ პრივატიზაციის მინისტრად დანიშნეს, შემდეგ სთხოვეს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხების მოწესრიგებაში მონაწილეობა. პრეზიდენტ შევარდნაძეს შესთავაზა, ამ მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობების კომიტეტი ჩამოეყალიბებინათ. 1992 წელს ამ კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს. 2004 წლამდე, გაეროში მუშაობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ თანამშრომლობაც სთხოვა, თუმცა, უარი უთხრა. იურიდიული ბიურო შექმნა და ადვოკატი იყო...

ბერად კურთხევა

2009 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ერთი წელი ძალიან გაუჭირდა. ხილიანის ქუჩაზე მამათა მონასტერს მიაკითხა, მამა ელისეს ახალგაზრდობიდანვე იცნობდა.

"მამა ელისე უწმინდესთან მივიდა და უთხრა, რომ ბერობა მსურდა. უწმინდესმა მაკურთხა. ბერად მარტყოფის მამათა მონასტერში, 2010 წლის 20 სექტემბერს აღვიკვეცე. ამ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ბენიამინს დიდ პატივს ვცემ. ორი წელი ვიყავი იქ და შემდეგ უწმინდესის რეკომენდაციით სვეტიცხოველში გადმოვედი. მერე ბერ-დიაკვნად მაკურთხეს, მღვდელ-მონაზვნის ხარისხშიც ამიყვანეს და მოგვიანებით იღუმენის წოდება მომანიჭეს".

პირველი დიდი სინანული

"ჩემი პირველი დიდი სინანული ის არის, რომ ძალიან გვიან მივედი ეკლესიაში. სამწუხაროდ, ასე გავიზარდეთ... 46 წლიდან აღსარებას ვაბარებდი, მაგრამ ეს არ იყო ის სინანული, რაც მერე მოვიდა ჩემთან. დიდი და ღრმა აღსარება ჩემს მოძღვარს, მამა იოანე ოქროპირიძეს ჩავაბარე. თავიდან უცოდველიც კი მეგონა თავი. ვკითხე, რა ვთქვა, ცუდი არაფერი გამიკეთებია-მეთქი. მასთან დიდხანს ვისაუბრე... მას შემდეგ ცოდვები მოდის და მოდის. ვეღარ მოვათავე მონანიება. ხანდახან ისეთი ცოდვა ამოვარდება ხოლმე, რომ...…ჩემთვის მონასტერში მისვლა ხსნა იყო. ბერობის აღთქმა იმიტომ კი არ დავდე, რომ ვინმეზე გაბრაზებული ან ნაწყენი ვიყავი, მინდოდა, ჩემთვის ვყოფილიყავი და გამეგო, რა გავაკეთე... მივხვდი, ბევრი რამ მისატევებელი მქონდა. მე ხომ შევარდნაძის პირადი წარმომადგენელი ვიყავი აფხაზეთსა და ცხინვალში. კარგად ვიცი, რა შეცდომაც დავუშვით. ზოგჯერ შეცდომაც არ იყო, შეგნებულად ვაკეთებდით რაღაცას".

ბოლო ორი თვეა, ყოველი თვის ბოლო შაბათს სვეტიცხოველში ატარებს წირვას, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კეთილდღეობისთვის და იქ დაღუპულთა სულის საოხად სრულდება.

ადამიანური სამართალი და ღვთიური სამართალი

"ღვთიური სამართალი და ბუნებითი სამართალი მარადიულია. ადამიანის უფლებები ღვთიური სამართლიდან გამომდინარეა.  უფალმა როდესაც შექმნა ადამიანი ხატად თავისად, მსგავსად თავისად, მას თავისი უფლებებიც მისცა და ეს უფლებები დაცული უნდა იყოს. ასე რომ, ადამიანის უფლებები ვინმეს მოგონილი კი არა, ღვთის სამართლის ნაწილია, როგორც მშვიდობა, სამართლიანობა, საკუთრების უფლება, სიცოცხლის უფლება. ეს მარადიული უფლებებია. ამას ადამიანი ვერ მოიგონებს. სიკვდილით დასჯას საუკუნეების მანძილზე ხან შემოიღებდნენ, ხან გააუქმებდნენ, ადამიანს არა აქვს უფლება, ადამიანი მოკლას. სხვათა შორის, უწმინდესმა 1985 წელს მოუწოდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ ხელმძღვანელს, გორბაჩოვს, რომ სიკვდილით დასჯა გაეუქმებინა".

სიყვარულის ოჯახი

ახლახან მეუღლის შესახებ კრებული გამოსცა. ეს მისი მეორე ქორწინება ყოფილა.  მეუღლე მკერდის კიბოთი გარდაეცვალა. ძალიან დააკლდა, მის საფლავზე დღეში ორჯერ მიდიოდა. მონასტერში მისვლის შემდეგ შვება იგრძნო. ამბობს, რომ საფლავზე გასვლა მისთვის აღარ იყო მთავარი.

ტაძარში ჯვრისწერაზე მისულ ახალგაზრდებს ყოველთვის უსურვებს, ოჯახი სიყვარულით შექმნან, რადგან მიიჩნევს, რომ სიყვარული ოჯახის სიძლიერის საფუძველია.

"როდესაც კითხულობენ - ოჯახში უფროსი ვინ უნდა იყოს? ვის რა როლი უნდა ჰქონდეს? ღალატი შეიძლება აპატიო თუ არა? - ეს ყველაფერი არ ეხება სიყვარულით შექმნილ ოჯახს. სადაც სიყვარულია, იქ არ არსებობს ასეთი რამ. როდესაც მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს შევხვდით, მას შემდეგ ქალისთვის სხვა თვალით აღარ შემიხედავს. არასდროს მითქვამს, ოჯახში უფროსი მე ვარ და დამემორჩილე-მეთქი. ხანდახან  სამსახურიდან შინ გაღიზიანებული მივდიოდი. არ მახსოვს, იმწუთას ეკითხოს, რამ გაგაღიზიანა, რა მოხდაო... მერე, როცა გაბრაზება გამივლიდა, აუცილებლად მეტყოდა: მგონი, შენ აქ შეცდიო... სიყვარულის ნიჭი მას მეტი ჰქონდა. მერე მის მაგალითზე მეც ვისწავლე: როდესაც ვატყობდი, რომ გაღიზიანებული იყო, არასდროს ვედავებოდი. ძალიან დამაკლდა, რომ წავიდა".

ბერობის ჯვარი

"ჩემი ვაჟი პირველი ქორწინებიდან, ბერად ჩემზე ადრე, 8-9 წლის წინ აღიკვეცა. ახლა 38 წლისაა. ამერიკაში, ლოს-ანჯელესში მსახურებდა და ამჟამად არქიმანდრიტის წოდება შეჩერებული აქვს. შვიდი წლის უნახავი შვილი საქართველოში ახლახან ჩამოვიდა და უწმინდესთან პატიების სათხოვნელად მივიდა - სასჯელი აქვს დადებული, ცოლი მოიყვანა და შვილი ჰყავს. ბერისთვის ეს დიდი ცოდვაა. ძალიან კმაყოფილი, სინანულით გამოვიდა უწმინდესისგან. მერე ვისაუბრეთ და მეც დავლოცე ისიც და ჩემი რძალიც. შესანიშნავი შვილი ჰყავთ. ვილოცებ, რომ სამივე უფლის მიმართ მართლები იყვნენ.

როგორც ჩანს, ბერობისთვის ჯერ არ იყო მზად, ან ასე უნდა ყოფილიყო. ეს უფლის განსასჯელია. ამაზე საუბარი მე არ შემიძლია. ვიცი, რომ ეს ბერული ცხოვრებისთვის დაცემაა, ღალატია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ უფალთან მხოლოდ სიყვარულით მიდიან. ისიც ვიცი, რაც მან გააკეთა, არ არის მხოლოდ ჟინის მოკვლა, ვნებაზე აყოლა. ეს უფრო ღრმაა. ამიტომ, თუ ეს დიდი სიყვარულია, შეიძლება უფლისკენ სავალი გზა მისთვის ეს იყოს.

ბერობა უმძიმესი რამ არის, მან ადამიანური ცხოვრების საწინააღმდეგო ცხოვრებით უნდა იცხოვროს. შინაგანი, ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური ვნებების დათრგუნვა ძალიან რთულია. ეს ყველა ბერს უჭირს. ეს ადამიანის ხასიათის საწინააღმდეგოა".

მამა ილიასთვის სიყვარული სიცოცხლის საფუძველია. თუ ჰკითხავთ, ქრისტიანობა რა არის, ერთი სიტყვით გეტყვით, - სიყვარულია! დღეს ის მონასტერში ღვთის სიყვარულით არის. ღვთისა და უახლოესი ადამიანების სიყვარულით!

ეკა ბახუტაშვილი