სანაგვედ ქცეული ისტორიული აბანო - კვირის პალიტრა

სანაგვედ ქცეული ისტორიული აბანო

,,ქალაქში არის აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს", - ასე მოიხსენიებს თბილისის აბანოებს X საუკუნეში არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი ,,გზათა და სამეფოთა წიგნში"...  საუკუნეების წინათ, აბანო ქალაქის ჰიგიენის მთავარი წყარო გახლდათ. მოსახლეობა მთელ დღეს აქ ატარებდა, ილხენდა და სადედამთილოები აქ სარძლოებს სინჯავდნენ... XIII საუკუნეში თბილისში 70-მდე აბანო ყოფილა, დღეს კი რამდენიმეღაა შემორჩენილი.

ხარფუხში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აბანოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. საუკუნეების წინათ აქ ქალაქის დიდგვაროვნები იღებდნენ გოგირდის აბაზანებს. მისი კედლები ბევრი საინტერესო ამბის უტყვი მოწმეა, შემორჩენილ მცირე ზომის აუზებს კი უამრავი სტუმარი მიუღია. შენობა, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებში თბილისელ ვაჭარს, მიხეილ თამამშევს შეუსყიდია და გაუფართოებია, დღეს განადგურებულია.

,,ეს შენობა ისეთივე მაღალი არქიტექტურით გამოირჩევა, როგორითაც აბანოთუბნის სხვა აბანოები"...

დღეს ამ შენობაში პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და შპრიცები ყრია. ხის ღობე, რომელიც გაპარტახებულ შენობას ,,იცავს", მორღვეულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნაგებობა, წლებია, უპატრონოთა თავშესაფრად არის ქცეული, შიგადაშიგ კი ნარკომანების თავშესაყარია.

67 წლის სტიოპა გასპარიანი გორგასლის ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, აქ 80-იან წლებამდე გოგირდის აბანო იყო, მერე ტალახის აბაზანები გააკეთესო:

- 90-იან წლებში ამ შენობაში ბანკი გახსნეს. მისი დახურვის შემდეგ მიტოვებულ შენობაში ვიღაცები რაღაცას მაიმუნობდნენ და მერე ,,ლევად" ყიდდნენ. ახლა კიდევ ტუალეტად და სანაგვედ არის ქცეული. არადა, ისეთი კარგი აბანო იყო, რომ რიგები იდგა. წლებია, ასეთ მდგომარეობაშია...

არავინ იცის, ზუსტად რომელ წელს აშენდა თამამშევის აბანო და რამდენი წელი იმუშავა. შენობის გეგმა პირველად 1800 წლის თბილისის გეგმაში გამოჩნდა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, პირვანდელ ნაგებობას მოგვიანებით რამდენიმე ოთახი მიაშენეს. ირანული არქიტექტურის გავლენა, როგორც ყველა თბილისურ აბანოს, მასაც ეტყობა. თაღოვანი კედლები და ჭერი ერთ დროს მოზაიკით მოჭედილი ყოფილა.

გიორგი ჭანიშვილი, ისტორიკოსი: - ,,1800 წლის თბილისის გეგმაში პირველად გამოჩნდა ამ აბანოს გეგმა და მოხსენიებულია სეიდაბადის მცირე აბანოდ. 1844 და 1876 წლების თბილისის გეგმებზე უკვე თამამშევის აბანოდ არის სახელდებული. ის, რაც დღეს ამ ტერიტორიაზე ხდება, სამწუხარო ფაქტია. აუცილებელია მისი რესტავრაცია, რადგან ეს შენობა ისეთივე მაღალი არქიტექტურით გამოირჩევა, როგორითაც აბანოთუბნის სხვა დანარჩენი აბანოები".

როგორც შევიტყვეთ, ისტორიული შენობა კერძო პირს ეკუთვნის და როგორც ჩანს, მისი რესტავრაცია უახლოეს პერიოდში არ იგეგმება.

ხარფუხი

ძველი ქართული წყაროების მიხედვით, საკუთრივ თბილისი ხარფუხის ტერიტორიად მიიჩნეოდა, რომელიც დღევანდელი აბანოთუბნის ტერიტორიიდან სამასი არაგველის ობელისკამდე გრძელდებოდა. XIII საუკუნის I ნახევარში უბანი ჯალალედინის შემოსევამ გააუკაცრიელა და ქალაქის კედელმა გადაინაცვლა დღევანდელ გოგირდის აბანოებთან. ხარფუხის ტერიტორიაზე შემდგომ ბაღები გაუშენებიათ, რომელსაც XVII საუკუნეში სეიდაბადის ბაღები ეწოდა. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან თბილისი ყველა მიმართულებით ნელ-ნელა გაფართოვდა და აუცილებელი გახდა ახალი აბანოების აშენება.

ვინ იყვნენ თამამშევები?!

თამამშევები XIX საუკუნეში დაწინაურებული ვაჭართა ფენის წარმომადგენლები იყვნენ. გაბრიელ თამამშევს XIX საუკუნის შუა ხანებში დიდი კაპიტალი ჰქონდა.

დღევანდელი თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე ბაზარი იყო და მეფისნაცვლის სასახლე იდგა. 1844 წელს საქართველოში რუსეთის მეფისნაცვლად გენერალ-ფელდმარშალი, დიპლომატი გრაფი მიხეილ ვორონცოვი დაინიშნა. მან გადაწყვიტა ქალაქში თეატრის აშენება. იმის გამო, რომ ხაზინას არ ჰქონდა სათანადო ფინანსები, მისი მშენებლობის ხარჯები ვაჭრებს უნდა გაეღოთ. ეს წინადადება მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მხოლოდ გაბრიელ თამამშევი დათანხმდა თეატრის მშენებლობას იმ პირობით, თუ მის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე მაღაზიებს ააშენებდა. ამბობდნენ, თამამშევმა ციციშვილისგან ორ დოშად (ლორად გამოყვანილი ზუთხის გვერდი) და ორი კაცის საკაბის”ფასად იყიდა ეს მიწა-წყალიო. 1851 წელს ტფილისში იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის პროექტით აშენებული ქარვასლა და მასში განთავსებული თეატრი გაიხსნა. მის გარშემო არსებული ტერიტორია კი, პირობის თანახმად, თამამშევის ხელში გადავიდა. თამამშევის ქარვასლა დღევანდელი თავისუფლების მოედნის დიდ ნაწილს იკავებდა და ძალიან მალე ახალი თბილისისთვის მნიშვნელოვან ადგილად იქცა. თეატრმა სულ 23 წელი იარსება. 1874 წლის 11 სექტემბერს თეატრ-ქარვასლას ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. სწორედ ამ პერიოდში შენდება ხარფუხის ტერიტორიაზე დიდი ზომის აბანო...

ახლანდელი იალბუზის ქუჩის #18-ში მდებარე ისტორიული შენობა წარსულში თამამშევის სახლი იყო. სახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭება და შიგ მაღალი კლასის სასტუმრო განთავსდება. სახლის  ავტორი იმდროინდელ თბილისში პოპულარული პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი გახლდათ...

1908 წელს გარდაიცვალა გაბრიელ თამამშევის შთამომავალი მიხეილ თამამშევი, რომელსაც  მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. როდესაც პარიზში უმაღლესი რუსული სკოლა დაუარსებიათ, მიხეილ თამამშევი მიუწვევიათ აღმოსავლეთის შესახებ ლექციების საკითხად. საქართველოში დაბრუნებული თბილისის უმაღლეს კურსებზეც მიიწვიეს ლექტორად, მაგრამ მხოლოდ ერთი ლექციის წაკითხვა მოასწრო.

თორნიკე ყაჯრიშვილი