ვის აქვს გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმის გამოწერის უფლება?!
02-02-2015
ვის აქვს გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმის გამოწერის უფლება?!
უძლური კანონდამცველები

როგორც ირკვევა, სულ ტყუილად გვეგონა, რომ „ნარჩენების შესახებ კოდექსის“ ამოქმედებისთანავე თბილისის ქუჩებს წესრიგის დამცველთა არმია მოედებოდა და ნაგვის დამყრელ ყველა მოქალაქეს დააჯარიმებდა. ეს საქმე საპატრულო პოლიციას, დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უნდა ეტვირთათ. ჯერჯერობით ჯარიმის ადგილზე გამოწერის უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას აქვს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, მერიამ, დანაგვიანებაზე კონტროლი შპს "თბილსერვის ჯგუფს" გადააბარა,  რასაც საკრებულოც უნდა დაეთანხმოს. მანამდე "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებს საჯარიმო ქვითრის გაცემის კი
არა, ოქმის დაწერის უფლებაც არა აქვთ და ვერავის დასჯიან. ცხელ ხაზზე შეტყობინების შემოსვლისთანავე ისინი უკავშირდებიან გარემოს დაცვის სამინისტროს და მათ წარმომადგენლებთან ერთად გადიან შეტყობინების ადგილზე, თუმცა, საჯარიმო ქვითარს ვერც  სამინისტროს წარმომადგენელი დაწერს, ჯერჯერობით მასაც მხოლოდ ოქმის შედგენის უფლება აქვს. ოქმი სასამართლოს უნდა გადასცენ, სადაც განიხილავენ,
დააჯარიმონ თუ არა მოქალაქე.


სავარაუდოდ, "თბილსერვის ჯგუფს" დედაქალაქის ქუჩების სრულფასოვნად გაკონტროლება ჯარიმების გამოწერის უფლების მინიჭების შემდეგაც გაუჭირდება. მათი „არმია“ სულ ათი ეკიპაჟისგან შედგება, ეკიპაჟში ორი კაცია. ორკაციანი ეკიპაჟი ერთ ქუჩასაც ვერ გააკონტროლებს, თუ საქმეში დამატებითი ძალები არ ჩაერთვებიან. არც გარემოს დაცვის სამინისტროს ჰყავს არმია, რომელთა გამოჩენის შიში მოქალაქეებს ნაგვის დაყრაზე უარს ათქმევინებს. პოლიციას კი, დაუდევარი მძღოლებისა და მგზავრების კონტროლი თუ გამოუვა, მეტს ვერც მოსთხოვ.

"კვირის პალიტრას" შპს "თბილსერვის ჯგუფის" იურიდიული ჯგუფის უფროსი დავით ჩანქსელიანი ესაუბრა:
-  თუ საზოგადოების თვითშეგნება არ ამაღლდა და არ შეიგნო, რომ ნაგვის უადგილოდ დაყრა სირცხვილია, მათ წინ ვერანაირი არმია ვერ აღუდგება. თვითშეგნების ამაღლებაში მედიის დახმარებაც მნიშვნელოვანია.

- ვიდრე კანონი შევიდოდა ძალაში, ხშირად აფიქსირებდით დანაგვიანების ფაქტებს?
- 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე ზუსტად 323 ფაქტი გამოვლინდა, რაც, მართალია, სრულად არ ასახავს თბილისის ტერიტორიაზე მდგომარეობას, მაგრამ მოწმობს, რომ უქმად არ ვყოფილვართ. 15 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც კანონი შევიდა ძალაში, ჩვენი სახელით ჯერ დარღვევა არ გამოგვივლენია, რადგან საკრებულოს ჩვენი საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტია.     

- ამის გაკეთება კანონის ძალაში შესვლამდე არ შეიძლებოდა? ხომ გააფრთხილეს თვითმმართველობის ორგანოები?
- დიახ, მაგრამ სანამ კანონი ძალაში არ შევა, შეუძლებელია დელეგირების განსაზღვრა. ალბათ, კიდევ ორი კვირა დაგვჭირდება, რომ ჯარიმის გამოწერის უფლება მივიღოთ. 

- თუ მოქალაქეს ვიდეო ან ფოტომასალებით ვერ დაუმტკიცებთ ფაქტს, ჯარიმას ვერ გამოუწერთ?

- დიდი რაოდენობით ნაგვის უადგილოდ დაყრას ვიდეო და ფოტომასალების გარეშეც ვერ უარყოფს დამნაგვიანებელი. რაც შეეხება 2 კგ-მდე ნაგვით გარემოს დაბინძურებას, მათ შორის - ცხოველის ფეკალიებს, დამნაგვიანებელს მივცემთ ცელოფანს, ხელთათმანს, რათა იქვე გამოასწოროს თავისი შეცდომა. ამ შემთხვევაში არ დავაჯარიმებთ. მივაჩვევთ, რომ წესრიგი უმნიშვნელოვანესია.

ქვითართან ერთად სახლში ფოტოც მოგივათ

თუ ძლიერი სქესის წარმომადგენელთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელებში ან სადარბაზოებში ცდილობს ფიზიოლოგიური ნარჩენისგან ორგანიზმის გათავისუფლებას, ეს ინფორმაცია უდავოდ შეგაშფოთებთ - მიწისქვეშა გადასასვლელებში, სადაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდეოკამერებს დააყენებენ, რის შემდეგაც, თუ ისევ, სადაც მოგინდებათ, იქ მოშარდავთ, გარემოს დანაგვიანებისთვის დაისჯებით! ვიდეოკამერებით ამოგიცნობენ და, სავარაუდოდ, ჯარიმის ქვითართან ერთად შინ მოგივათ თქვენი, როგორც წესრიგის დამრღვევის, უხერხულ პოზაში გადაღებული ფოტო. თბილისში არსებული 51 ასეთი გადასასვლელიდან თითზე ჩამოსათვლელი გადაურჩა მოქალაქეებისგან თვითნებურად ფეხსალაგის ფუნქციის მინიჭებას. რამდენიმე დღის წინ შპს "თბილსერვის ჯგუფმა" და შპს "უძრავი ქონება-თბილისმა" საგანგებოდ, სპეციალური სარეცხი საშუალებებით დაასუფთავეს გადასასვლელები. თბილისის მერიამ 51-ივე გადასასვლელი სამართავად შპს„"უძრავი ქონება-თბილისს" გადასცა  და დაავალა სისუფთავის დაცვა, რისთვისაც ყველგან ვიდეოკამერებს დაამონტაჟებენ. თუკი„"უძრავი ქონება-თბილისი"  გადასასვლელებს ვერ მოუვლის და წესრიგის დამრღვევს ვერ გამოავლენს, საზოგადოებრივი ადგილების დაბინძურების გამო თვითონ დაჯარიმდება.
marimari
07 თებერვალი 2015 01:16
პირველ რიგში ტუალეტები უნდა გააკეთონ როგორც ცენტრალურ ისე არაცენტრალურ ადგილებში.ქალაქში გასული ადამიანიები მითუმეტეს ტურისტები გამწარებულები დარბიან და ეძებენ შესაბამის ადგილს, მაგრამ რაც არ არის რას იპოვის მერე გიკვირთ შარდის გუბეები რატომ დგასო ყველას ხომ არ აქვს კაფეში ან კლუბში შესასვლელი ფული ან დრო რომ იქ მოისაქმოს?
ბადრი
06 თებერვალი 2015 14:14
რაღაც აბსურდთან გვაქვს საქმე. დანაგვიანების საწინააღმდეგო კანონი მიიღეს და ახლა გაახსენდათ გადასასვლელები? რა მანამდე თუ მოვასწრებდი და მიწისქვეშა გადასასვლელში გადავუძახებდი ნაგავს, თავზეც რომ მდგომოდა კონტროლიორი, ვერ დამაჯარიმებდა? ეს მიწისქვეშეთი არ ეკუთვნოდა ქალაქს? მაშინ დამატებით მივიღოთ ცალ-ცალკე კანონები: გადასასვლელ ხიდებზე, შენობის სახურავებზე, გაზონებზე, სკვერებზე, გარაჟების სახურავებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, მეტროში და ასე შემდეგ.
asea es
02 თებერვალი 2015 14:22
მიწისქვეშა გადასასვლელებში ერთ კუთხეში, რომ მოაწყონ ტუალეტი,თუ ყველგან არა უმეტესობაში და მიუთითონ ისრით მდებარეობა, არაფერი დაშავდება და აღარავინ მოისაქმებს ზედ გასასვლელში.

რედაქტორის რჩევით