გადავარჩინოთ პატარა ინგა - კვირის პალიტრა

გადავარჩინოთ პატარა ინგა

შესაძლოა, გოგონას მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდეს...

"კვირის პალიტრის" მკითხველი უკვე კარგად იცნობს კუკიაზე, მექანიკურ ქარხანასთან, ქოხში მცხოვრებ 13 წლის ინგა გაბედავას. 2009 წლის 21 დეკემბერს და 2010 წლის 11 იანვარს უკვე გიამბეთ ამ გოგონას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და უკიდურესი სიღატაკის შესახებ. ვიმედოვნებდით, მესამედ ინგაზე სასიხარულო ამბავს დავწერდით. სამწუხაროდ, 29 იანვარს, გამთენიისას გოგონა სასწრაფოდ გადაიყვანეს ბავშვთა პირველ საავადმყოფოში.

როგორც მისი მონახულების შემდეგ გავარკვიე, გაყინულ სახლში ინვალიდი გოგონა გაცივდა. მდგომარეობას ართულებს ინგას თანდაყოლილი ხერხემლის დაავადება, რის გამოც სუსტად არის განვითარებული ფილტვები, გოგონას უჭირს სუნთქვა, რაც მახრჩობელა ხველას იწვევს. თავიდან ეჭვობდნენ ტუბერკულოზსაც, საბედნიეროდ, ეჭვი არ დადასტურდა. გოგონას ასევე აქვს ცვლილებები სისხლის ანალიზშიც.

ინგას საავადმყოფოშიც ძმა უვლის, რომელიც ძალიან დარდობს დის ავადმყოფობის გამო და ეშინია, გაწერის შემდეგ, გაყინულ ქოხში გოგონა ისევ გაცივდებაო.

როგორც შევიტყვეთ, "კვირის პალიტრაში" გაბედავების შესახებ დაბეჭდილი სტატიების წაკითხვის შემდეგ მათი ოჯახი რამდენჯერმე მოინახულა მოქალაქე ნინო წულაძემ. 16 წლის მურმანი იხსენებს, რომ ნინო დეიდამ ჯერ საჭმელი მიუტანა და შეშითაც მოამარაგა. მაგრამ ქოხი იმის გამო, რომ ფარღალალაა, მაინც ძალიან მალე ცივდება.

- ეს ყინვა აუტანელი გახდა. ასე არასდროს შემცივებია, - ჩურჩულით ამბობს ინგა და თავისუფლად რომ ისუნთქოს, ინჰალატორს იმარჯვებს. ამბობს, ექიმები და მედდები თავს მევლებიანო... თუმცა თავიდან არც უნდოდათ თურმე მისი საავადმყოფოში მიღება.

დავით კინწურაშვილი, საქველმოქმედო ფონდ "მომავლის გზის" ხელმძღვანელი: - ინგა საავადმყოფოში მხოლოდ ჩემი ზარის შემდეგ მიიღეს. როდესაც სამედიცინო პერსონალი დავარწმუნე, რომ ბავშვის მკურნალობის ხარჯებს ფონდი დაფარავდა. ამ ხარჯების გაცნობისას კი სახტად დავრჩი. საავადმყოფოში კაც-საწოლი ერთი დღე-ღამე 100 ლარი ღირს. ამასთან, ამაში არ შედის მედიკამენტებისა და საკვების ფასი(!). ეს პაციენტის პატრონმა უნდა მიიტანოს.

სხვათა შორის, ექიმს ამ 100 ლარიდან მხოლოდ 10 ლარს უხდიან, ექთანი კი ყოველ მეოთხე დღეს მორიგეობის საზღაურად თვის განმავლობაში მხოლოდ 36 ლარს იღებს.

- სხვა შემოსავალი რომ არ მაქვს, ეგ 36 ლარიც როგორ დავკარგოო, - მითხრა ექთანმა. მეგონა იმ წუთში მხოლოდ ინგა გაბედავა იყო სოციალურად დაუცველი და აღმოჩნდა, რომ სამედიცინო პერსონალი არანაკლებ დღეში ყოფილა.

მიმღებიდან რომ გამოვდიოდი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შევეჯახე. 12 წლის შვილი მოეყვანათ სამკურნალოდ. ბავშვს ორივე ფილტვში ანთება აღმოაჩნდა და აუცილებელი გახდა მისი საავადმყოფოში დაწვენაო. იმის გამო, რომ ოჯახს დაზღვევა არა აქვს და მინიმალური შემოსავალით პურს ძლივს ყიდულობენ, შვილის სამკურნალო თანხა არ გააჩნიათ. მერე რა უნდა ქნათ-მეთქი? - ვკითხე. ბავშვს ხომ არ გავწირავთ, რაღაცას გავყიდით, ზოგს ვისესხებთო.

პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო შენდება. თუ ქვეყანა ავადმყოფი, დავრდომილი, უსასოო, მიუსაფარი და გაღატაკებული ხალხითაა სავსე, როგორ შენდება, ან ვისთვის შენდება?!

დავით კინწურაშვილი: - გაბედავების ოჯახის შესახებ სახელმწიფომ არაფერი იცოდა, არ ჰქონდათ არანაირი დახმარება. შარშან, აგვისტოში, ფონდში შემოვიდა გაბედავების მეზობლის, სპარტაკ ბელქანიას განცხადება. სოციალურად მძიმე პირობების გამო დახმარებას გვთხოვდნენ. მივედით მათი ოჯახის მდგომარეობის შესასწავლად. იქ კი ისეთი კაცთმოყვარეობის მაგალითი ვნახე, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ბატონმა სპარტაკმა მითხრა, არაფერი მინდა, ოღონდ ჩემს მეზობელ გაბედავებს დაეხმარეთ. მიგიყვანთ და ნახავთ, როგორ უჭირთო. არადა, სპარტაკ ბელქანიაც უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს... იმის შემდეგ ინგას სისტემატურად ვეხმიანებით...

პ.ს. ვისაც სურს დაეხმაროს ინგა გაბედავას, ვაცნობებთ, მისთვის სპეციალურად გახსნილ ანგარიშის ნომრებს: ჯეოსელი 700 566, მაგთი 200 366.

საქართველოს ბანკი, ცენტრალური ფილიალი, 220101502. მიმღების ანგარიშის ნომერი 149043301. მიმღების დასახელება: "სიღარბის დაძლევის ფონდი ქველმოქმედთა სახლი - მომავლის გზა".