დუშეთის სასამართლოს შენობა, სადაც ილია მოსამართლედ მუშაობდა, გაპარტახებულია
09-02-2015
დუშეთის სასამართლოს შენობა, სადაც ილია   მოსამართლედ მუშაობდა, გაპარტახებულია
ილია ჭავჭავაძის დუშეთში 10-წლიანი ცხოვრება საზოგადოებისთვის სათანადოდ ცნობილი არ არის

მესაკუთრე ამტკიცებს, რომ შენობა 1912 წელს აიგო და ილია იქ ვერ იმუშავებდა, არქივში კი ვკითხულობთ - შენობა XIX საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და მასში თავიდანვე სასამართლო იყო განთავსებული


დუშეთის დანგრეული სასამართლოს შენობის გამო, სადაც ილია ჭავჭავაძე 1864-1873 წლებში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა, რამდენიმეწლიანი დავა გრძელდება. მართალია, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს, მაგრამ მის რეაბილიტაციას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ახერხებს, რადგან სახელმწიფოს
საკუთრება კერძო პირების, ყოფილი პარლამენტარის, მარინა მოლოდინისა და დები მჭედლიშვილების პირადი ქონებაა.


ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობა დღეს გაპარტახებულია. ილიას სამუშაო ოთახსა და სასამართლოს დარბაზში პირუტყვი დადის. ილია ჭავჭავაძის კვალს აქ მხოლოდ შენობაზე მიმაგრებული მემორიალური დაფა შეგახსენებთ: "1864-73 წლებში აქ დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა დიდი ქართველი
მწერალი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე".

მოგეხსენებათ, ილიას გარდაცვალებისთანავე, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნივთისა და თუ შენობის გაჩანაგება-განადგურება დაიწყო, მენშევიკური ხელისუფლების დროს ოფიციალური დოკუმენტებიც გაქრა. სწორედ ამის გამო, დღემდე ერის მამის დუშეთში 10-წლიანი ცხოვრება საზოგადოებისთვის სათანადოდ ცნობილი არ არის.
...სასამართლოს შენობაში სხდომები ილიას გარდაცვალების შემდეგაც ტარდებოდა. 1968 წელს ადგილობრივი მკვიდრის, დუშეთის სასამართლოს მოსამართლის, აკაკი გათენაშვილის ინიციატივითა და პირადი სახსრებით ამ შენობაში ილიას მუზეუმი დაარსდა და ეზოში მისი ბიუსტიც დაიდგა. მცირე ფართობის მიუხედავად, ილიას ნივთებისთვის ცალკე ოთახიც გამოიყო. შემდეგ ექსპონატების დიდი ნაწილი უკვალოდ გაქრა, ნაწილი დუშეთის მუზეუმში გადაიტანეს, ბიუსტი კი 2011 წელს მოიპარეს.

შენობის მესაკუთრეთა ვინაობა მას მერე გაირკვა, რაც დუშეთის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ შენობას კერძო მფლობელები ჰყავდა. დები მჭედლიშვილების მტკიცებით, ის სახელმწიფო საკუთრება არასოდეს ყოფილა და იქ არც ილია ჭავჭავაძეს უმუშავია, შენობა კი თავდაპირველად გოგიევების ოჯახს ეკუთვნოდა. შემდეგ შენობა ორად გაიყო და ნაწილის მფლობელი მარინა მოლოდინი გახდა... მარინა მოლოდინიც ამტკიცებს, რომ შენობა 1912 წელს აიგო და შესაბამისად, ილია ჭავჭავაძე იქ ვერ იმუშავებდა...
"კვირის პალიტრას" დუშეთის გამგეობის არქიტექტურულ სამსახურში უთხრეს, რომ არქივებში ხაზგასმით არის მითითებული - შენობა XIX საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და მასში თავიდანვე სასამართლო იყო განთავსებული.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი: - დუშეთის ძველი უბნების რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ, პროექტებიც მზად გვაქვს.

დუშეთი ერთ-ერთი ძველი ქალაქია. შენობების რეაბილიტაციას წელს ეტაპობრივად დავიწყებთ. ცხადია, ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში ის შენობაც მოხვდა, სადაც ილია მოღვაწეობდა.
დღეს ის კერძო პირების საკუთრებაა, თუმცა, ვიმედოვნებ, მათთან შევთანხმდებით და სასამართლოს შენობას ისტორიული მნიშვნელობა დაუბრუნდება...

"თავადაზნაურობა ილიას მომრიგებლობას ალმაცერად უყურებდა"

კავკასიის მეფისნაცვლის 1864 წლის 1-ლი თებერვლის ბრძანებით, თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა, წლიური ხელფასი - 2.400 მანეთი დაენიშნა. ილია ათი წელი ცხოვრობდა, მსახურობდა და შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა დუშეთში; გლეხების დაცვისა და მფარველობის გამო დუშეთის მაზრის თავადაზნაურობასთან მაინცდამაინც შეხმატკბილებული ვერ იყო:

"თავადაზნაურობა ადვილად ვერ ურიგდებოდა იმ ფაქტს, რომ მამა-პაპათა ანდერძით დატოვებულ მიწებს თანდათანობით ხელიდან აცლიდნენ. ახალი კანონებით იმედმიცემულ ყმათა თუ ნაყმევთა თავგასულობა აუტანელი ხდებოდა მათთვის. ეს ახალგაზრდა "ჩინოვნიკი" კი, მათი სისხლი და ხორცი, მათივე წრიდან გამოსული კაცი, ცეცხლზე ნავთს ასხამდა. იმის ნაცვლად, საკუთარი წრის ინტერესები დაიცვას, გლეხის თავგასულობა ალაგმოს, ამდგარა და იქით აბუნტებს ხალხსო, - ჩიოდნენ. ამიტომაც დუშეთის მაზრის თავად-აზნაურთა დიდი ნაწილი ილიას შუამავლობა-მომრიგებლობას ალმაცერად უყურებდა"... (ამონარიდი ნოდარ გრიგალაშვილის წიგნიდან "თანამდევი სული").

როგორც ილიასთან ერთად სასამართლოში მომუშავე მიწისმზომელი გლეხის, დათა პაპიაშვილის წერილში ვკითხულობთ, ერის მამა გლეხებს თვალს ჩაუკრავდა და მიწის ჩამორთმევით აღშფოთებულ თავადაზნაურობას პასუხობდა: "დადგება დრო, რომ გლეხკაცებს დარჩებათ თქვენი ველებიც და ტყეებიცო"... დიდი ილიას სიტყვები მალევე ახდა, თუმცა, დუშეთში მისი მოღვაწეობა, ჯერჯერობით, სათანადოდ ვერ დაფასდა...

რუსუდან შელია
მაია
26 თებერვალი 2015 17:23
გამარჯობათ. ჩემი სახლი და ამ სასამართლოს კედელი საერთოა. 3 წელზე მეტია ვეხვეწები ადგილობრივ მთავრობას, დაასუფთავონ შენობა და მის საკუთრებაში არსებული ეზო, რადგან ნაგვის ბუნკერია. საშინელი სუნი და ანტისანიტარიაა... ბავშვებით ჩავდივარ და ნაცვლად სუფთა ჰაერისა არ ვიცი, რას სუნთქავენ, შარშან წინ კი ქვეწარმავალი აღმოვაჩინეთ ეზოში (ისეთი ეზო გვაქვს, იქ სხვაიანრად გველი ვერ მოხვდებოდა ... 2013 წელს დუშეთის გამგებელს ბატონ გიზოს ძალიან ვთხოვე და საკუთარი ძალებით დაასუფთავა ტერიტორია, ამიხსნა კიდეც, რომ კერძო საკუთრებაა და არ მაქვს უფლება სახელმწიფო ძალებით დავასუფთავოთო... ნამდვილად არ მინდოდა, წელსაც უხერხულობაში ჩამეგდო, ამიტომ წელს აღარ ჩავედით .... თუ მარინა მოლოდინისაა, განა რა გახდა თუნდაც ეზოს დასუფთავება??? არადა, ჩემი, ქ-ნ მარინას და სასამართლოს 1 საერთო კედელი გვაქვს. მიხედეთ, რა, გთხოვთ. განა მარტო სიბინძურეა???? საუკეთესო თვალს მოსაფარი ადგილია !!!!!!!
daaaaa
14 თებერვალი 2015 02:15
Biusti ROM moipares,amaze Xmas agaravin igebs.
jemali
13 თებერვალი 2015 18:16
გმწარებულმა ხალხმა რა ვქნათ, ჯიპიანებს აჩვენეთ ეგ სურათები მერიაში, ჩემი წინაპრების კარ მიდამო რომ გაჩვენოთ, აქეთ დამეხმარებით, კი მიყვარს ისტორიული ძეგლები მაგრამ, ოჯახი ვერ მირჩენია, რითი მივხედო.

რედაქტორის რჩევით