"ჩვენი ქვეყანა არარეალიზებული ნიჭიერებისგან ყარს"
09-02-2015
"ჩვენი ქვეყანა არარეალიზებული ნიჭიერებისგან ყარს"
"ჩვენი ქვეყანა არარეალიზებული ნიჭიერებისგან ყარს-მეთქი, ვთქვი ერთხელ... დანახვა უნდა და ხელის მომართვა"

"სოფელი სამ სახედ ითქმის; საუკუნო იგი სოფელი და წუთის სოფელი და კაცის ბუნებაც სოფლად ითქმის", - განმარტავს სულხან-საბა და თუ წარმოვიდგენთ, რომ სიტყვის და ფრაზის დანახვა შეიძლება, მისი გაცოცხლებული სახე რეჟისორ გელა კანდელაკის ფილმებია: დოკუმენტური ფილმი "სოფელი", მხატვრული ფილმი "უბედურება", რომელიც თითქოს სხვაა, მაგრამ ისიც სოფელზეა, წუთისოფელზე და კაცთა ბუნებაზე... ის ოთხი ათეული წლის წინაც იმ სატკივარს ჭირისუფლობდა,
რომელიც დღეს ასე მძაფრად გვიტევს. ამიტომაც იღებდა გლეხებს ფილმში, იმ სოფლის გადარჩენას და ჩვენთვის ჩვენებას ცდილობდა, რომელიც თვალსა და ხელს შუა დაგვიცარიელდა:


- სანამ მივხვდებით, რომ ბავშვს აკვნიდანვე უნდა წაუკითხო "ვეფხისტყაოსანი", სადაც მთელი ზნეობრივ-ეთიკური კოდექსია დაწერილი, ქართველი კაცი ქვეყნის ბურჯად ვერ გაიზრდება. გაიზრდება ისეთი კაცი,
რომელსაც ცოტა რომ მოშივდება, გაიქცევა თავისი ქვეყნიდან. ფილმებში სწორედ იმისი ჩვენება მინდოდა, მე რაც მაცოცხლებს, რის გამოც ვერ ვთქვი ქვეყანაზე უარი, რომელმაც გამწირა შიმშილით სიკვდილისთვის... საშუალება არ მქონია, მემუშავა... მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც სანთლით ვეძებდი და ვპოულობდი, მაძლევდნენ სიცოცხლის ძალას...
რას ნიშნავს ფოტოგენური სახე? ფოტოზე კარგად ჩანს სულიერი სამყარო. შტერი - ლამაზი ვერ გამოვა ფოტოზე, სიშტერე დაფარავს მის ლამაზ ცხვირ-პირს. კანტისთვის რომ ფოტო გადაგეღო, დარწმუნებული ვარ, ლამაზი იქნებოდა. ის დიდი სამყაროს მატარებელია და იმიტომ. ფოტოს ეს მადლი აქვს. დღეს არც კი ვიცი, ვინ უნდა გადავიღო, ისეთი სიცარიელეა...

- თქვენ გლეხები გადაიღეთ. თითქოს წარსულის ფესვზე ამოზრდილი ყლორტები დაგვანახეთ.

- ასეთ ადამიანებს ფილმისთვის "უბედურება" წელიწად-ნახევარი ვეძებდი გურიაში, იმერეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში.

- იოლად გთანხმდებოდნენ?

- მხოლოდ ერთხელ მითხრეს ცივი უარი. ქალს მოკონა ერქვა, ობუჯში ცხოვრობდა. ლეონარდოს მადონას ჰგავდა. მინდოდა, რძლის როლი ეთამაშა. ქართულის მასწავლებელმა, აპალი ერქვა, მიმიყვანა მათ ოჯახში. ქმარი არ იყო შინ, დავუბარე, სამ დღეში მოვალ და წაგიყვანთ გადაღებაზე-მეთქი, მინდოდა,  მისი მეუღლეც გადამეღო... მესამე დღეს მივაკითხე. ნისლიანი დილა იყო, ვხედავ, გზაზე გადამიდგა ხელგაშლილი აპალი, - არ შეიძლება, ბატონო, არ შეხვიდეთ სოფელში. მოკონას ქმარი იარაღშემართული ზის და მის სახლს რომ მიუახლოვდეთ, გესვრითო.

- თქვენ ფაქტობრივად დავით კლდიაშვილთან ხელჩაკიდებული შეიყვანეთ მაყურებელი სოფელში...
- კარგა ხანს პეტერბურგში ვცხოვრობდი, 27 წლისა დავბრუნდი. მალე გარდაიცვალა მამაჩემი (კინორეჟისორი ირაკლი კანდელაკი, - ლ.ჯ.). დიდუბის პანთეონში დავკრძალეთ. მოშიშვლებული ადგილი იყო, საფლავთან ხე არ იდგა. დედას გული აწუხებდა და 10 წელი არ გამოსულა სახლიდან. დაიჟინა, ორმოცზე აუცილებლად უნდა წამოვიდეო. წავიყვანე, ჩრდილში დავსვი, მეც მასთან დავდექი. მოვიდნენ მამას მეგობრები, ჩემი უახლოესი ადამიანები, ყველა ჩრდილს შეეფარა... ვხედავ, მამას საფლავი მარტოა. მე ხომ არ ვეტყოდი, ჩრდილიდან გამოდით-მეთქი. იქ მივხვდი დავით კლდიაშვილის არსს. შეუთავსებლობაა რეალობასა და ჩემს სურვილებს შორის, სული სხვას ითხოვს და სხეული სხვას მაკეთებინებს.

1978 წელს უკვე გლეხის დეფიციტი იყო ჩვენში. შედიხარ სოფელში, გინდა ნამდვილი მიწის მოყვარული, მიწასთან ჩაბერებული კაცი იპოვო, მაგრამ ვერ ნახულობ... სახლს რომ შეხედავ, გრძნობ, პატიოსანი შრომითაა აშენებული, თუ თაღლითობით...

კარ-მიდამო, რომელიც ფილმში მაქვს გადაღებული, ღოღობერიძისეულია. ღოღობერიძე დავით კლდიაშვილის დედა იყო. სახლი სიმონეთში ვიპოვეთ. ვიყიდეთ, დავშალეთ და ჩამოვიტანეთ. ჭიშკარი დერჩიდან წამოვიღეთ... ასეთი კარ-მიდამო შევკარით...

- "უბედურებაში" მოხუცი ქალი თამაშობს, რომელიც სულ ილოცება. ასეთი ბებიები კიდევ არიან სოფლებში, მაგრამ ოჯახები აღარ აქვთ, შვილები გახიზნულები არიან ქალაქად...

- ეს ქალბატონი ნატალია გიორხელიძეა, ძეძილეთიდან.  89 წლის იყო, რომ გადავიღე, 90-ისა ჩამოვიდა და გაახმოვანა ფილმი. ყოველღამე წმინდა გიორგის ელაპარაკებოდა... როგორც კი ხელს ჩამოვართმევდი, მკოცნიდა ხელზე. ამის მიზანსცენაში გადატანაც მინდოდა, მაგრამ არაფრით არ გაიმეორა კამერის წინ სხვა პერსონაჟთან - ეგ არ არის კარგი კაცი, მაგას არ ვაკოცებო...

ჩვენი ქვეყანა არარეალიზებული ნიჭიერებისგან ყარს-მეთქი, ვთქვი ერთხელ... დანახვა უნდა და ხელის მომართვა. სხვათა შორის, ეს შევძელით სოფელ ნიქოზში. ამერიკის ელჩმა რომ ნახა ფესტივალი, აღფრთოვანებული დარჩა. იაპონელმა მითხრა, თქვენნაირი იდეების მსგავსი ჩვენ თავში არ მოგვივა, მაგრამ თქვენს იდეას ჩვენ უკეთესად გავაკეთებთო... 6 წელია, ყოველ კვირას დავდივარ ნიქოზში, იქ სახელოვნებო სკოლა ჩამოვაყალიბეთ.

- თქვენს ფილმში ხაზგასმულია, რომ გაჭირვებული, სნეული, სიკვდილის პირისპირ მყოფი გლეხის ვითომ დასახმარებლად შეკრებილი ხალხი არაფერს აკეთებს... ეს უბედურებაც ხომ გვჭირს ქართველებს?
- "სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირიო", ეს ანდაზა ქართული კია, მაგრამ გულგრილობა სრულიად მსოფლიოს ჭირია. ბოლო ომი ავიღოთ... ვინ დაგვიდგა მხარში? ივიშვიშეს, მაგრამ... რაც ხდება სახელმწიფოებს შორის, ის ხდება ადამიანებს შორისაც... ასე მგონია, ბასილი დიდმა დღეს დაწერა: გაქვავდა გულიო... ადრე მარქსისტები უროებით ანგრევდნენ ეკლესიებს და ადამიანების სულებს. ახლა დაიწყეს ფულით და ყალბი ლოზუნგებით ნგრევა...

- სულიერების სიკვდილი ქართულ სოფელსაც მოკლავს...

- დოკუმენტურ ფილმში "სოფელი" ფაქტობრივად უკანასკნელი გლეხები გადავიღე... დიდი ცოდნიდან ინფორმაციის მატარებლებად ვიქეცით... მეტი არაფერი...

- რას აძლევს მიწა ადამიანს? სწორედ ამ მიწას გაურბიან ახლა ქალაქში...
- ჯერ კიდევ 70-იან წლებში მინდოდა საცხოვრებლად სოფლად გადასვლა. სად არის თბილისი?  როცა უნივერსიტეტი იქმნებოდა, დედაქალაქსა და რეგიონს შორის სუფთა სისხლის ძარღვები იყო გაჭიმული, მოდიოდა სოფლიდან ნიჭიერი კაცი, განისწავლებოდა და სამეცნიერო მუშაობა თუ არ უნდოდა, ბრუნდებოდა უკან. მერე ეს ადამიანები მოსპეს. მათ ნაცვლად მოვიდნენ ავაზაკები... სწორედ ისინი დაწინაურდნენ დედაქალაქში...

ნიქოზი - ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი

რეჟისორმა გელა კანდელაკმა ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტთან, მეუფე ისაიასთან ერთად, ნიქოზში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის და სახელოვნებო სკოლის დაარსება შეძლო.
2011 წელს პირველად ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი" ჩატარდა.
"ვოცნებობდით, რომ აქ შეგვექმნა ხელოვნების სკოლა და სანამ ეს უბედურება დატრიალდებოდა (2008 წლის ომი). ნაცნობების, ახლობლების დახმარებით მოვახერხეთ ანიმაციის სტუდიის შექმნა. მერე იქაურობა დაიბომბა, დადნა და განადგურდა. მოგვიანებით ნიქოზი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. პოლონეთმა ძალიან შეგვიწყო ხელი - სახელოვნებო სკოლისთვის შემოიტანეს აპარატურა და იმაზე უკეთ გამართეს, ვიდრე ადრე იყო.
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფელში ჩატარებულ ფესტივალს ერთი თავისებურებაც აქვს: აქ გამარჯვებულს არ ავლენენ, ყველა გამარჯვებულია ომზე და ნგრევაზე. ეს კი მთავარი გამარჯვებაა".

გელა კანდელაკი

დაიბადა 1940 წლის 27 მაისს თბილისში. 1958-1962 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, 1956-1960 წლებში - მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში რეჟისორად, 1969 წლიდან ქართული ტელეფილმების სტუდიის რეჟისორია. 1982 წელს დააარსა სტუდია "კვალი", მოგვიანებით ჩრდილების თეატრი "ბუდრუგანა". 2010 წელს კი ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი.

"სოფელი"


ფილმ "სოფლის" პერსონაჟთა ძირითადი ნაწილი მოხუცი ან შუახანს გადაცილებული ადამიანები არიან: გლეხები თავისუფლებაზე, ტრადიციებზე, წინაპრებზე საუბრობენ. ყველას საკუთარი ფილოსოფია აქვს, თუმცა ერთ რამეზე ყველა თანხმდება: ადამიანი საკუთარი თავის უფალი თავად უნდა იყოს, სამშობლოს ემსახუროს, ტრადიციები არ დაივიწყოს, მომავალს მიხედოს.
DAVID
18 თებერვალი 2015 02:15
ბატონი გელა კანდელაკი.... ჩემი სურვილია, რომ მისი სიტყვები, მისი ცხოვრება და შემოქმედება დავახასიათო როგორც სანიმუშო... სანიმუშო რა მხრივ... ბატონი გელა თავისი არსებით, ქართული, ჩვენი ეროვნული კულტურის სწორედ ის წარმომადგენელია რომელიც თუ შეიძლება ითქვას მუშაობს “თავის საკუთარ სამზარეულოში", გამიგეთ სწორედ, ბრეხტი, შექსპირი თუ მოლიერი მისთვის მეორეხარისხოვანია... მისი ტკივილი სწორედ ამ სიტყვებშია - “არარეალიზებული ნიჭიერებისგან ყარს" და მე ვეთანხმები ასეთ მოსაზრებას.... ვინ გამიგებს, ვინ არა ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს... გახსოვ ფილმი “იყო შაშვი მგალობელი"...... ის შაშვი ბატონი გელააა....
tamta
15 თებერვალი 2015 01:53
ბატონი გელა ,როგორც 'სულის მქონე'ადამიანი ,დღევანდელი გაყინული,ცივი,პრაგმატული გონებით მართულ მსოფლიოში"წითელ წიგნშია"შესატანი.მიყვარხართ ბატონო გელა და მიხარია რომ ეს შეგრძნება კიდევ გამაჩნია ,ამ უსულოდ დაშთენილ წუთისოფელში.
ნარგიზა
12 თებერვალი 2015 13:11
უდიდეს პატივს ვცემ ბატონ გელა კანდელაკს - უნიჭიერეს პიროვნებას და დიდ ხელოვანს! "სოფელი" არის შედევრი, რომლისთვისაც მადლიერი დარჩებიან მომავალი თაობები. რატომ არ ვხედავთ ბატონი გელას ფილმებს უფრო ხშირად ტელეეკრანიდან?! რას გვაყურებინებენ? მოუთმენლად ველოდები მისი ახალი ფილმის "უბედურების" გამოსვლას. სად, როგორ შეიძლება მაყურებელმა ნახოს ის?

რედაქტორის რჩევით