ბედნიერების საზომი - კვირის პალიტრა

ბედნიერების საზომი

რუბრიკით "პორტრეტი" წარმოგიდგენთ ცნობილი სერიალის - "შუა ქალაქში"  საყვარელ პერსონაჟსა და ცნობილ მსახიობს ჯაბა კილაძეს, რომელსაც "თავისუფალ თეატრში" ვეწვიეთ.

ეზოში...

- ჩემმა ბავშვობამ საქართველოსთვის მძიმე პერიოდში ჩაიარა. თბილისი ნაცრისფერი ქალაქი იყო. ახალი წელი იმიტომ გვიხაროდა, რომ სინათლე გვექნებოდა, გავთბებოდით და ტელევიზორს მივუსხდებოდით. ჩემი საახალწლო სურვილებიც კი სინათლეს და გათბობას უკავშირდებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მატერიალური ოცნებები მქონდა. ჩემი თაობისგან განსხვავებით, ახლანდელ თაობას ბევრის საშუალება აქვს... ჩვენ კიდევ გაგვიმართლა, ის ასაკი არ გვქონდა, რომ იარაღი ხელში აგვეღო და აფხაზეთში წავსულიყავით ან ქუჩის უაზრო გარჩევებში დავღუპულიყავით. ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეეწირა იმ დროს. ამიტომ, ბავშვობა ჩემს თაობას არ ჰქონია.

ბავშვობაში ჩემი ჰობი ჰილზების შეგროვება გახლდათ, მთავარი გასართობი კი "ომობანას" თამაში. იარაღს ხისგან და გამდნარი კალასგან საკუთარი ხელით ვამზადებდით. კიდევ მახსოვს "შვიდ ქვას" ვთამაშობდით. ქვებს ერთმანეთზე ვაწყობდით და ქვას ვესროდით. ვინც მოარტყამდა, ის იყო გამარჯვებული.

იტალიურ ეზოში გავიზარდე, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი იყო. ახლანდელი ბავშვები, ძირითადად, კომპიუტერებს უსხედან. მიუხედავად გართობის მცირე საშუალებებისა, ეზოში თამაში მაინც კარგად მახსენდება. ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა და ეს კიდევ სხვა სიამოვნებაა. ამრევი და დაუმორჩილებელი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ძალიან არ მიყვარდა, სახლში მისვლას რომ მთხოვდნენ.

ტექნიკური საგნების მომზადება არ მიყვარდა, არ მესმოდა და სწავლის სურვილიც არ მქონდა, ამიტომ, კარგად არ ვსწავლობდი. მიყვარდა მხატვრული ლიტერატურის კითხვა. ყოველთვის ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას ვკითხულობდი. მახსენდება ის პერიოდი, როცა "ტომ სოიერის თავგადასავალი" წავიკითხე. ვერ გეტყვით, რომ ჯიბით თაგვის ტარება დავიწყე, მაგრამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მერე, მაინ რიდისა და ჟიულ ვერნის ნაწარმოებებს გავეცანი და კითხვამ ძალიან გამიტაცა. ადრეულ ასაკში წავიკითხე ჯავახიშვილის ნაწარმოებები და გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა".

პირველად შოკში მაშინ ჩავვარდი, როცა ტელევიზორზე მისაერთებელი კომპიუტერული თამაში ვნახე. ჩემთვის კომპიუტერული თამაში ახლანდელი "თი ბი სი" ბანკის შენობასთან ახლომდებარე ოცკაპიკიან სათამაშო აპარატთან ასოცირდებოდა, რომელზეც საჭეს ატრიალებდი. ფლეისთეიშენი იმ თამაშის გაუმჯობესებული ვერსია გახლდათ.

კულისებში...

- მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ოჯახში ვიზრდებოდი, ოჯახური სპექტაკლები არასდროს დაგვიდგამს. მეორე კლასში ვიყავი, როცა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში, "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი" დედოფლის ერთ-ერთი ვაჟის როლი შევასრულე. მიუხედავად ამისა, მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია, მეტიც, დიდად არ ვგიჟდებოდი ამ პროფესიაზე. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაში იძულებით მიწევდა თეატრში გაჩერება. მშობლები შინ ვერ მტოვებდნენ და თეატრს უფროსების სამსახურად აღვიქვამდი. იქ ყოფნა ჩემთვის დიდ ტანჯვას უკავშირდებოდა.

ძალიან მიყვარდა სარეკვიზიტოში ყოფნა. იქ იყო ხმლები, თოფები, ანუ ერთადერთი ადგილი იყო, სადაც თამაში მსიამოვნებდა. თეატრში ყველა მიცნობდა, გამნათებელიც კი. დავდიოდი მარტო აღმა-დაღმა და თავს ვიქცევდი.

როცა მეთერთმეტე კლასში გადავედი, ოჯახში აქტიურად დავიწყეთ ჩემს მომავალ პროფესიაზე ფიქრი - იურისტი თუ ექიმი? გამიმართლა, რომ იურისტი არ ვარ. ვერ წარმომიდგენია, დილით ადრე ავდგე, გავიკეთო ჰალსტუხი, წავიდე სამსახურში და მთელი დღე ოფისში გავატარო. არ ვიცი, რა მოხდა ჩემს ცნობიერებაში, შეიძლება ის, რომ საკუთარი თავი ვერც ერთ პროფესიაში ვერ დავინახე, ავდექი და ისევ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე.

სცენაზე...

- მეორე კურსზე ვიყავი, სპექტაკლში "ჯინსების თაობა" რომ ვითამაშე...

ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. მამა თბილისში არ გახლდათ და ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეზე დედას თეატრში გავყევი. იქ დათო დოიაშვილს შევხვდი. დათო მუშაობდა სპექტაკლზე "ჯინსების თაობა". ყველა როლი განაწილებული ჰქონდა, გეგა კობახიძის როლის გარდა. მეორე დღეს დამირეკა და სპექტაკლში თამაში შემომთავაზა. ალბათ, გეგასთან ფიზიკური მსგავსების გამო ამიყვანა. ჩემი პერსონაჟი რეალური, ტრაგიკული ბედის ადამიანი გახლდათ.

ამასთან, მარტო გეგაზე ხომ არ იყო პიესა. მისი და სხვა პერსონაჟების მშობლები, შვილები თუ მეგობრები თბილისში ცხოვრობდნენ. ხელახლა წავიკითხე და ვნახე ყველაფერი, რაც თვითმფრინავის გატაცების ტრაგედიას უკავშირდებოდა. მაინტერესებდა სასამართლოს არქივის მასალები და საბუთები. ყველამ იცის, რომ გეგას როლს ვთამაშობ, თუმცა, ეს სახელი სპექტაკლში აქცენტირებული არაა. ნეიტრალური ფორმა ავირჩიეთ. ხუთივე მეგობრის თვალით დანახული გეგა სხვადასხვანაირი იქნებოდა და ამიტომ პერსონაჟები კონკრეტულობას ავარიდეთ. ამ ფორმით ჩვენ მიმართ პრეტენზია არავის გაუჩნდებოდა. ჩემთვის მთავარი შემფასებელი მაინც გეგას დედა, ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი იყო.

მსახიობი...

- რთულია ამა თუ იმ როლზე მუშაობა. კიდევ უფრო რთული კი ამ თემაზე ლაპარაკი. როგორ ვმუშაობ? - უცნაური პროცესია. წვალობ, ფიქრობ ხასიათის გახსნაზე. პირველ რიგში, მის ადგილზე აყენებ საკუთარ თავს და ამ პროცესში მთელ ენერგიას დებ. თუ პროფესიონალი ხარ, მაშინ რთული და ადვილი როლი არ არსებობს. როგორ ვხსნი ხასიათს, ამის გადმოცემა რთულია. გარკვეული პროცესია, რომელსაც ვერასდროს გაიგებ, სად იწყება და სად მთავრდება. ერთი ისტორია მახსენდება...

კარგად არ მახსოვს, რომელ რუს მსახიობს ეხება. ერთ-ერთ სპექტაკლში ეპიზოდი იყო, როცა კუბოზე დამხობილი მკვდარ შვილს დასტიროდა. რა თქმა უნდა, კუბო ცარიელი იყო. ეს ქალბატონი ისე თამაშობდა, ისეთი განცდით, რომ მაყურებელს გულგრილს არ ტოვებდა. ერთხელ, მისმა კოლეგებმა გახუმრება გადაწყვიტეს და კუბოში უზარმაზარი შავი ხოჭო ჩაუსვეს. ეს ეპიზოდი ისეთი განცდით ითამაშა, რომ კოლეგები აქეთ დააბნია. როცა ჰკითხეს, კუბოში შავი ხოჭო რომ აღმოაჩინე, როგორღა იტირეო, ასეთი პასუხი მიიღეს: ვიფიქრე, ჩემი შვილი ამას დაემსგავსა-მეთქი და უარესად ავტირდიო. ამ ისტორიის მოყოლით იმის თქმა მინდოდა, რომ მსახიობის პროფესიაში წარმოსახვის უნარი გადამწყვეტია.

მე თუ მეხუმრებიან? - რა თქმა უნდა. ამის გარეშე მსახიობის პროფესია წარმოუდგენელია. ერთი ამბავი უკავშირდება სპექტაკლს "ნატაძრალი". ზურაბის როლზე მე და ბაჩო ქაჯაია დუბლიორები ვიყავით. როცა მე ვთამაშობდი, ის "მასოვკაში" იდგა. ყველამ იცის, რომ ზურაბს ტაძრის კედელში ჩააყოლებენ. სპექტაკლი ისე იყო ჩაფიქრებული, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში კედლიდან გამოვდივარ, გავდივარ ავანსცენაზე, ვიღებ ქვას და მტერს ვუღერებ. გავიმეორე ეპიზოდი, გავედი ავანსცენაზე და... ქვას ვერ ვიღებ, უფრო სწორად, ხელიდან მისხლტება. არადა, მაყურებელი სულგანაბულია, მსახიობები კი მე მელოდებიან. ვერ წარმოიდგენთ, ამ დროს რა გრძნობა გეუფლება. ბაჩოს ნახელავი იყო, ქვა ვაზელინით გაპოხა. ასეთი უამრავი ამბავია, რომელზეც იმ წუთში ძალიან ბრაზდები, მერე კი ძალიან თბილად გახსენდება.

"შუა ქალაქში"...

- სერიალ "შუა ქალაქში" მონაწილეობა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადავწყვიტე. მერე კარგად გავიცანი შემოქმედებითი ჯგუფი და დავუმეგობრდი მათ. დავინახე, რომ პროფესიონალებთან მქონდა საქმე. ამას ხაზგასმით აღვნიშნავ, ვინაიდან ქართული ტელესივრცე უგემოვნო, პროვინციული იუმორითაა გაჯერებული. ასე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ "შუა ქალაქში" ვთამაშობ.

ჩვენი იუმორი ვიღაცის დაცინვასა და გაქილიკებაზე არ არის აგებული, კეთილია და არავის სწყინს. ცუდია, რომ კონკურენტულ გარემოში არ ვიმყოფებით, კონკურენცია უკეთესი პროდუქტის შექმნას უწყობს ხელს. ჩვენ არ ვმუშაობთ მარტო შედეგზე, რომ როგორმე ვიღაც გავაცინოთ. ჩვენთან ყველაფერი საფუძვლიანად მუშავდება, სცენარიდან დაწყებული, მსახიობების თამაშით დამთავრებული. მსახიობები თითოეულ ფრაზაზე საათობით ვმუშაობთ. სცენარიც, თამაშის დროს, თანდათან იხვეწება, ამიტომ არავინ იტყვის, რომ "შუა ქალაქში" უგემოვნო სერიალია. არ მრცხვენია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ სერიალში მონაწილეობა გადავწყვიტე.

მე...

- ვერ ვიტყვი, რომ რთული ადამიანი ვარ, თუმცა არც მსუბუქი. ვარ ჩვეულებრივი ადამიანი და როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს გარკვეული დიაპაზონი. ყოველთვის ვცხოვრობ ისე, როგორც მსურს. ჩემთვის თავისუფლება მეტად ფასეულია, თუმცა სხვა ადამიანს არასდროს მოვუტან ზიანს. მყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც ბავშვობიდან მომყვებიან. ისინი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. მათსა და თეატრს შორის დამაკავშირებელი მხოლოდ ჯაბაა. მიუხედავად ამისა, მათთან ურთიერთობა არასდროს მბეზრდება.

მონანიება რელიგიური ცნებაა და სულ სხვა საკითხია. ამას არ ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ჩადენილ საქციელს არასდროს ვნანობ. აბსურდია ვამტკიცო, რომ უშეცდომოდ მიცხოვრია, მეტიც, უშეცდომოდ ცხოვრების სურვილი არ მაქვს. როცა ცხოვრებაში მხოლოდ კარგი ხდება, ვერაფერს დააფასებ. შეცდომებით ცხოვრება კი საინტერესოა, ისევე, როგორი საინტერესოცაა წინააღმდეგობების დაძლევა. ადამიანის არსებობის მთელი აზრი ამ წინააღმდეგობების დაძლევაშია. მეცოდება ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს, სინამდვილეში კი არაფერი რჩება.

მთავარია, ელემენტარულმა პრობლემებმა არ შემაწუხოს, მიხაროდეს შინ დაბრუნება, იმიტომ, რომ სითბო და კომფორტი დამხვდება. ეს არ ნიშნავს, რომ ამით დავკმაყოფილდები. მეტი რომ გაქვს, მეტი გინდა, მაგრამ უზარმაზარ ფინანსურ შესაძლებლობებზე არასდროს მიოცნებია. ბედნიერებისთვის მილიონები არ მჭირდება.

ქეთი დარჩია

ჟურნალი "ბომონდი" #1 (23)