ათასობით წიგნის მოყვარული "ბიბლუსი გალერეასთან"
09-02-2015
ათასობით წიგნის მოყვარული "ბიბლუსი გალერეასთან"
"მსოფლიო ბესტსელერი- "თუ დავრჩები" ემოციური რომანია, რომელიც გულგრილს არც უფროსი თაობის მკითხველს დატოვებს"

"ბიბლუსი გალერეასთან"  გეილ ფორმანის წიგნის - "თუ დავრჩები" შესაძენად ათასზე მეტი თინეიჯერი რამდენიმე საათის განმავლობაში სიცივესა და ჭყლეტაში იდგა და სასურველი წიგნის მისაღებად საკუთარ რიგს მოთმინებით ელოდებოდა.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა თინეიჯერებს უკვე მეორედ სპეციალური აქცია შესთავაზა, მაშინაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომ მათთვის სასურველი წიგნი შეეძინათ.

ამჯერად მსურველებს 20:00 საათიდან 21:00 საათამდე წიგნის შეძენა რვა ლარის ნაცვლად,
ორ ლარად შეეძლოთ, თუმცა ორგანიზატორებს თინეიჯერთა სიმრავლის გამო, ერთსაათიანი აქციის გახანგრძლივებამ მოუწიათ - აქცია ბოლო მკითხველის მომსახურებამდე გაგრძელდა.

მიუხედავად იმისა, რომ აქცია 8 საათიდან დაანონსდა, საღამოს ექვს საათზე ჭავჭავაძის გამზირზე, "ბიბლუსი გალერეასთან", ქვეითთა სავალ ნაწილზე გადაადგილება უკვე შეუძლებელი იყო -  უპრეცედენტო რიგში წესრიგის დასაცავად  "ბიბლუსის"
მიმდებარე ტერიტორიას პატრულის თანამშრომლებიც აკონტროლებდნენ.
გეილ ფორმანის წიგნი - "თუ დავრჩები" გამომცემლობა "პალიტრა L"-მა პროექტ  Liberteens-ის ფარგლებში გამოსცა.

"კვირის პალიტრასთან" საუბრისას Liberteens-ის წევრი ბაია იჩუაიძე აღნიშნავს, რომ გეილ ფორმანის წიგნის - "თუ დავრჩები" მკითხველების ასაკი შეზღუდული არ არის და ის უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც დააინტერესებთ: " Liberteens-ი თინეიჯერების ჯგუფია, რომელიც თანატოლებისთვის საინტერესო ლიტერატურას არჩევს. ჯგუფში რამდენიმე თინეიჯერი ვართ გაერთიანებული, რომლებსაც ინგლისურ ენაზე არაერთი წიგნი გვაქვს წაკითხული. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო წიგნები შევარჩიოთ, თუმცა ამ წიგნებს დიდებიც კითხულობენ, ასაკი შეზღუდული არ არის".

გეილ ფორმანის წიგნი "თუ დავრჩები" ნათია ჩუბინიძემ თარგმნა, რომელიც განმარტავს, რომ მსოფლიო ბესტსელერი "თუ დავრჩები" ემოციური რომანია, რომელიც გულგრილს არც უფროსი თაობის მკითხველს დატოვებს: "წიგნი  მკითხველს საჭირბოროტო საკითხებზე მოუთხრობს.   წიგნის  თარგმნისას, როგორც მკითხველმა, თავადაც ვისიამოვნე. მიხარია, რომ წიგნმა ახალგაზრდებშიც ასეთი ინტერესი გამოიწვია".
"პალიტრა L", პროექტის ფარგლებში, თინეიჯერების მიერ შერჩეული ფავორიტი წიგნების გამოცემას  მომავალშიც გააგრძელებს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით