მომაბეზრებელი ტელერეკლამის აღსასრული?!
09-02-2015
მომაბეზრებელი ტელერეკლამის აღსასრული?!
როგორ მოგვარდება მომაბეზრებელი რეკლამის პრობლემა

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების იმ ნაწილის ირგვლივ, სადაც კომერციული რეკლამის საათობრივ შეზღუდვაზეა საუბარი, ვნებათაღელვა გრძელდება. პარლამენტმა ცვლილებები მეორე მოსმენით უკვე მიიღო, მაგრამ მას საპარლამენტო უმცირესობის წევრები აპროტესტებენ და კანონპროექტის ავტორებს კონკრეტული ტელეკომპანიის, "რუსთავი 2"-ის შემოსავლების შემცირების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ცვლილებების თანახმად, კომერციული რეკლამისთვის ამჟამად დაწესებული 20%-იანი შეზღუდვა მაუწყებლობის მთლიანი დროის ნაცვლად ყოველი საათისთვის დაწესდება. კომერციული რეკლამის განთავსების ახლებური საათობრივი ლიმიტის მიხედვით, რეკლამა 2015 წელს საათში,
მაქსიმუმ, 15 წუთს უნდა შეადგენდეს, 2016 წლიდან 12 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ახალი ამბების შეწყვეტა კი მხოლოდ ნახევარ საათში ერთხელ გახდება შესაძლებელი. ასევე, რეკლამით ან ტელეშოპინგით აიკრძალება საბავშვო პროგრამის შეწყვეტაც, რომელიც 30 წუთზე ნაკლებია, ხოლო თუ საბავშვო გადაცემა 30 წუთზე მეტია, რეკლამით შეიძლება მხოლოდ 30
წუთში ერთხელ "გაიჭრას". კანონი იმავე რეგულაციას აწესებს მხატვრული ფილმებისთვისაც. პარლამენტსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამ ცვლილებებს ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაციითა და ევროდირექტივით ხსნიან.

საყურადღებოა ერთი დეტალი: 2011 წლამდე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში არსებობდა ჩანაწერი, რომლითაც კომერციული რეკლამა საათში 15 წუთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. "ნაციონალური" ხელისუფლების დროს კი კანონში შესწორება შევიდა და მაუწყებლებს რეკლამისთვის გამოყოფილი 20%-ის საკუთარი შეხედულებისამებრ ანუ დროში გადანაწილების უფლება მიეცათ. შედეგად, სატელევიზიო რეკლამების დიდმა ნაწილმა ყველაზე ყურებად, საღამოს საათებში ე.წ. პრაიმ-თაიმში მოიყარა თავი.

მაყურებელმა კი მომაბეზრებლად ხანგრძლივი სარეკლამო "ჭრები" მიიღო, რომელთა ხანგრძლივობა საერთო ჯამში, ხშირად თავად გადაცემის ან ფილმის დროსაც კი აჭარბებს. ამიტომაცაა, რომ მაყურებელი დღეს ყველანაირად ცდილობს მომაბეზრებელ რეკლამას თავი აარიდოს - გადაახვიოს, დააპაუზოს ან სხვა არხზე გადართოს. შედეგად, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით სატელევიზიო რეკლამამ ფასი დაკარგა. სამაგიეროდ, იხეირა ორმა მაუწყებელმა, რადგან კანონში სახელდახელოდ შეტანილი ცვლილებებით პრივილეგირებულ ტელევიზიებს ნებისმიერი დამკვეთისთვის ყველაზე რეიტინგული სარეკლამო დროის შეთავაზების შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისად, სატელევიზიო რეკლამის ფასი შემცირდა, მოცულობა - გაიზარდა, სარეკლამო ბიუჯეტების დიდი ნაწილი კი ვიწრო ჯგუფის ხელში აღმოჩნდა. ამ ფონზე შედარებით მცირებიუჯეტიან ტელევიზიებს შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, რამაც, თავის მხრივ, ნეგატიური გავლენა იქონია განვითარების პერსპექტივებზეც. ახალი რეგულაციებით კი კანონი თავის პირვანდელ სახეს დაუბრუნდება, რომლითაც ბაზარზე ყველა მოთამაშისთვის კონკურენციის მეტ-ნაკლებად თანაბარი პირობები შეიქმნება.

მამუკა ანდღულაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მედია" ანალიტიკოსი: "დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს აქვს მთელი რიგი ვალდებულებები, მოახდინოს ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაცია, მასთან ჰარმონიზაცია და მათ შორის ერთ-ერთი არის აუდიო-ვიდეომედიის დირექტივა, რომელიც ითვალისწინებს საათში 20%-იან შეზღუდვას კომერციულ რეკლამაზე. ჩვენ ჯერ კიდევ 2011 წელს ვამბობდით, რომ საჭირო იყო ამ კვოტების შემცირება და ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა. ეს მოთხოვნა გვაქვს დღესაც - ცვლილება კანონში უნდა შევიდეს, მაგრამ ისე, რომ ამან ბაზარზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს. პრინციპში, მედიაბაზრის ყველა მოთამაშე თანხმდება იმაზე, რომ კვოტები უნდა დაწესდეს, როგორც ეს ევროპული რეგულაციებით არის განსაზღვრული, მაგრამ შეთანხმების საკითხია დრო - თუ როდის უნდა შევიდეს ძალაში ეს ცვლილებები. კომერციული რეკლამა ისე და იმ რაოდენობით უნდა განთავსდეს ტელეეთერში, რომ დაცული იყოს მომხმარებლის უფლებები, არც გადაცემის ინტეგრაცია დაირღვეს და დამკვეთმაც მაქსიმალური შედეგი მიიღოს".

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ "მაუწყებლის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა უნდა გადაიდოს და ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს: "ამ ცვლილების შედეგად ვიღებთ მდგომარეობას, როცა რეკლამის ფასები 50%-ით უნდა გაიზარდოს, არადა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 5%-ს შეადგენს. ამ ცვლილებების გამო ტელევიზიაში თანამშრომლების შემცირების საკითხიც დადგება. მინიმუმ 100 თანამშრომლის გათავისუფლება მოგვიწევს. ხელისუფლება კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს უმუშევრობისკენ. არ მესმის, როგორ შეიძლება ეს მთავრობას აწყობდეს".

კანონპროექტის მიღებას დადებითად აფასებს ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი:
"თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" კონკრეტულად "რუსთავი 2"-ისთვის სასარგებლო კანონი მიიღო. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ტელეკომპანიები ფულს კი არ დაკარგავენ, ის დიდ და შედარებით პატარა ტელევიზიებში თანაბრად გადანაწილდება, სარეკლამო ბაზარი კი უფრო გაჯანსაღდება. "რუსთავი 2" ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ის ორ მილიონს დაკარგავს, თუმცა, მისმა ხელმძღვანელებმა სახელმწიფოს 24 მილიონი უნდა დაუბრუნონ, რომელიც ბიუჯეტში არ გადაუხდიათ. ეს ტელეკომპანია ყოველთვის მტაცებელი იყო, რომელიც პატიოსნად არც ბიზნესში და არც პოლიტიკაში არ თამაშობდა. რატომ არის "რუსთავი 2" ლიდერი ტელეკომპანია? ის წლების განმავლობაში "დოპინგს" იღებდა, სასათბურე პირობებში იყო და პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენდა. თუნდაც ეს 24 მილიონი ნებისმიერ ტელეკომპანიას რომ მისცეთ და მის ხელმძღვანელად საშუალო დონის მენეჯერი დანიშნოთ, მცირე ვადებში ის ლიდერი ტელევიზია გახდება".

რუსუდან შელია

lela
11 თებერვალი 2015 02:20
არ ვდაობთ იმაზე რომ ტელევიზიის არსებობისათვის რეკლამა აუცილებელია მაგრამ რაც რუსთავი 2 ზე ხდება,ეს უკვე მეტისმეტია."ჩემი ცოლის დაქალების დაწყებიდან ზუსტად 1 წუთში იწყება 15 წუთიანი რეკლამა.მე პირადად მავიწყდება რას ვუყურებ... ეს არის ადამიანების ნერვებზე თამაში.თუ მაყურებლისთვის აკეთებთ,შეგვარგეთ.ტუ არა და თქვენი სერიალიანად დაგვანებეთ თავი.
მაყურებელი
10 თებერვალი 2015 15:59
მომხმარებელი და სხვა ტელევიზიები თუ უკეთეს პირობებში ხვდება, ერთი "რუსთავი 2"-ს ნერვიულობით ძილი არ გაგვიტყდება

რედაქტორის რჩევით