ჟიულ ვერნი - ხიდი ზღაპრებიდან კლასიკური ლიტერატურისკენ - კვირის პალიტრა

ჟიულ ვერნი - ხიდი ზღაპრებიდან კლასიკური ლიტერატურისკენ

ადვოკატი პიერ ვერნი იმედით უყურებდა თავისი უფროსი შვილის - ჟიულის გაზრდას. ფიქრობდა, მალე ჩაუდგებოდა სათავეში ოჯახის საადვოკატო ბიუროს... ალბათ, წარმოდგენილიც ჰქონდა, რა მალე მოიხვეჭდა სახელს, როგორც ვექილი, ეიმედებოდა მისი დაკვირვებულობა და დაფიქრებულობა...

თუმცა, შვილს სულ სხვა რამ ჰქონდა გონებაში... პატარაობიდანვე ხიბლავდა ზღვა. ის მეზღვაურობაზე ოცნებობდა, გონებაში ათას ჯადოსნურ ამბავს თხზავდა და უკვე ჭარმაგიც ნანობდა - ბედნიერი ვიქნებოდი, მეზღვაური რომ ვყოფილიყავიო...

თავისი ყველა ფანტაზია და ოცნება ფურცელზე გადაიტანა. შექმნა სამყარო, რომელიც ისეთივე მიმზიდველი იყო ყველა მოზარდისა და მეოცნებე ზრდასრულისთვისაც, როგორიც მისთვის, 11 წლისა შინიდან რომ გაიქცა და  ინდოეთში მოხვედრა მოინდომა... ცხადია, ოცნებების კვალდაკვალ.

პიერ ვერნს არაფერი დაუკარგავს, პირიქით, ჟიულ ვერნმა არა მარტო თავისი, ოჯახის თითოეული წევრის სახელიც დაამახსოვრებინა ისტორიას.

ჟიულ ვერნი - ავტორი, რომლის წიგნებს ჯადოსნური ძალა აქვს და ყველაზე ურჩ, წიგნებთან დაშორებულ, ცელქ ბიჭებსაც კი წიგნს აყვარებს...

ავტორი, რომელიც საკუთარ ბავშვობაში, ოცნებებსა და ფანტაზიებში დაბრუნების საშუალებას გაძლევს, გაპოვნინებს კუნძულს, სადაც შეიძლება  დიდი თავგადასავლის მონაწილე გახდე...

სწორედ ამ მიზეზით იქცა ის მსოფლიო შედევრების ავტორად, შედევრებისა, რომლებსაც

26 თებერვლიდან, პროექტ "ჩემი რჩეულის" ფარგლებში,  ჟურნალ "გზასთან" ერთად მიიღებს მკითხველი. იწყება ჟიულ ვერნის რვატომეულის გამოცემა.

მწერალი, რომელიც მსოფლიო  ბესტსელერების ავტორი გახლავთ, დღესაც ისეთივე საინტერესოა, როგორიც სიცოცხლეში იყო მკითხველთათვის. ტექნოლოგიების განვითარებამ ხიბლი ვერ დაუკარგა მის ფანტაზიას და თხრობის მაგიურ უნარს.

ყმაწვილებს, რომლებსაც აღარაფერი უკვირთ, ჟიულ ვერნის წიგნები ისევე აოცებთ და აოგნებთ, როგორც მათ მშობლებსა და პაპა-ბებიებს თავის დროზე...

ერთადერთი შვილი - მიშელი, ენერგიას მატებდა, რომ ეწერა... მისი სიყვარულით იახტებს, რომლებიც სამოგზაუროდ შეიძინა "მიშელ I", "მიშელ II" და "მიშელ III" დაარქვა...

სად აღარ იმოგზაურა ამ იახტებით: ინგლისში, შოტლანდიაში, სკანდინავიაში. 1884 წელს უკანასკნელად იმოგზაურა ხმელთაშუა ზღვაში, მოინახულა ალჟირი, იტალია, მალტა... სულ მალე კი სულით ავადმყოფმა ძმისწულმა ტყვია ესროლა, დაჭრა და ისე შეერყა ჯანმრთელობა, რომ შინიდან ვეღარ გამოდიოდა. სწორედ ამ პერიოდიდან გავრცელდა ხმა - ისე წერს, კაბინეტიდან არ გამოდის და მაინც გგონია, რომ მოგზაურობიდან სულ ახლახან დაბრუნდაო...

მწერალი ვერც გრძნობდა, რომ უფრო საშიში მისი დაავადება იყო - დიაბეტი, რომელმაც  სიცოცხლის ბოლოს მხედველობა დააკარგვინა.უსინათლოც წერდა... კარნახობდა ოჯახის წევრებს.

მკითხველს საშუალება ექნება, ჟიულ ვერნის  ახალი რვატომეულით არა მარტო საკუთარ ბიბლიოთეკას შემატოს მსოფლიო ლიტერატურის საგანძური, არამედ  კითხვა შეაყვაროს ბავშვებს, რომლებიც ლიტერატურას უნდა ეზიარონ. მათთვის  ჟიულ ვერნი ხიდი იქნება საბავშვო ლიტერატურიდან და ზღაპრებიდან კლასიკური ლიტერატურისკენ.

რვატომეულის პირველი ტომია "საიდუმლო კუნძული". რომანი სულმოუთქმელად იკითხება  და მოგვითხრობს ინჟინერ სმიტისა და მისი მეგობრების შესახებ, რომლებიც ტყვეთა ბანაკიდან გაპარვას მოახერხებენ და აეროსტატით გაეცლებიან საომარ ტერიტორიას. ისინი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან, რომელსაც საკუთარი მხნეობის, დაუღალავი შრომის, შეუპოვრობისა და გამომგონებლური ნიჭის წყალობით რამდენიმე წელიწადში აყვავებულ გარემოდ გადააქცევენ.

თუმცა, ჟიულ ვერნი ასე მარტივად არ ქმნის რომანის სიუჟეტს. კუნძულის ახალ ბინადრებს უხილავი მწყალობელი ჰყავთ. გმირები მას წიგნის ბოლო გვერდებამდე ეძებენ და თუ ვინ აღმოჩნდება ის, საბოლოოდ მკითხველი თავად ამოიცნობს, თუკი რომანში მიმობნეულ სამხილებს კვალდაკვალ მიჰყვება...…

მაგიური მწერალი ჟიულ ვერნი პირველი ფრაზიდანვე იტაცებს, ატყვევებს მკითხველს და რომანის დასრულებამდე საკუთარ "კარცერში" ამყოფებს. "კარცერ ლუქსში" (ქართველი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის სიტყვით რომ ვთქვათ), სადაც გზასაცდენილის გონზე მოყვანაა შესაძლებელი...

"- ზევით მივიწევთ?

- ზევით კი არა, ძირს ვეშვებით!

- უარესი, მისტერ სმიტ, ვვარდებით.

- ღმერთო ჩემო, გადაყარეთ ბალასტი!

- უკანასკნელი ტომარაც გადავაგდეთ.

- აეროსტატი მაღლა იწევს?

- არა!

- ტალღების ტყლაშუნი ისმის!

- ძირს ზღვა ყოფილა!

- ხუთასი ფუტით თუ ვიქნებით დაშორებული.

- გადაყარეთ მთელი მარაგი! ყველაფერი ძირს! უფალო, შეგვიწყალე!"

ასეთი შეძახილები ისმოდა ჰაერში, წყნარი ოკეანის თვალუწვდენელი ზვირთების მაღლა, 1865 წლის 23 მარტს, ნაშუადღევს, ოთხ საათზე. დღე-ღამის გათანაბრების დროს ჩრდილო-აღმოსავლეთის საშინელი გრიგალი ამოვარდა. ბარომეტრი შვიდას ათ მილიმეტრამდე იყო დასული. 18 მარტიდან 26 მარტამდე გრიგალმა ამერიკას, ევროპას და აზიას გადაუარა ეკვატორის გაყოლებით და საშინელი ნგრევა გამოიწვია ჩრდილოეთ განედის ოცდამეთხუთმეტე პარალელიდან სამხრეთ განედის მეორმოცე პარალელამდე.

მინგრეულ-მონგრეული ქალაქები, ძირფესვიანად ამობრუნებული ტყეები, ნაფოტებად ქცეული და ასობით გამორიყული გემი, ღვართქაფით წალეკილი სანაპიროები, უდაბნოდ ქცეული ქვეყანა, ათასობით დამხრჩვალი ადამიანი - ასეთი იყო შემზარავი სურათი, რაც ამ გრიგალმა დატოვა. მისი გამანადგურებელი ძალა დიდად აღემატებოდა ჰავანაში 1810 წლის 25 ოქტომბერს ამოვარდნილი გრიგალის ძალას, აგრეთვე იმ ქარტეხილისასაც, რომელმაც გვადალუპა გაანადგურა 1825 წელს. და აი, დღეს, 1865 წლის 23 მარტს, როცა ძირს ასეთი უბედურება ხდებოდა, მაღლა, ჰაერში, შემზარავი დრამა ტრიალებდა. გრიგალით გატაცებული აეროსტატი ბზრიალ-ტრიალით მიქროდა ოთხმოცდაათი მილის სისწრაფით საათში. აეროსტატის კალათაში მსხდომნი არც კი მოჩანდნენ იმ ხშირი ნისლის გამო, რომელიც ოკეანის ზედაპირამდე დასულიყო" ("საიდუმლო კუნძული").

მაშ, ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "კარცერში"!

ლეილა გაგუა