მეუღლე "ქირით" - რა ჯდება ფიქციური ქორწინება - კვირის პალიტრა

მეუღლე "ქირით" - რა ჯდება ფიქციური ქორწინება

ზოგჯერ უცხოელები საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად აპრობირებულ ხერხს - ფიქციურ ქორწინებას იყენებენ.  ამის შესახებ "კვირის პალიტრა" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსს, სოსო გიორგაძეს ესაუბრა:

- იუსტიციის სახლში გამოყოფილია ოთახი, სადაც იმ პირებთან გასაუბრება მიმდინარეობს, რომლებიც ფიქციური ქორწინების გაფორმებაში არიან ეჭვმიტანილნი. დგება ოქმიც.

თუ ეჭვი გამყარდება, რომ პირთა ქორწინება ფიქციურია, ჩვენი სამსახური სასამართლოს მიმართავს და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს (მაგალითად, უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაუქმება).

- ფიქციური ქორწინების სტატისტიკა თუ არსებობს?

- ჯერჯერობით მხოლოდ ორი შემთხვევა გვქონდა. ერთ-ერთს გიამბობთ, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობის დაცვით. ბინადრობის ნებართვა ჰქონდა უცხოელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეზე იყო დაქორწინებული. თუმცა, წყვილმა ქორწინება გააუქმა, რის შესახებაც ინფორმაცია მივიღეთ. ვინაიდან საქართველოში უცხოელის ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ არსებობდა, საქმის წარმოება დავიწყეთ. უცხოელი მამაკაცი გასაუბრებაზე დავიბარეთ. შედგა ოქმიც, თუმცა, საქმის მსვლელობისას ახალი გარემოება გამოვლინდა, კერძოდ, განქორწინების შემდეგ ის ხელმეორედ დაქორწინდა საქართველოს სხვა მოქალაქეზე. ამჯერად გაჩნდა ბინადრობის გაცემის საფუძველი. საბოლოოდ სასამართლოს აღარ მივმართეთ, რადგან მეორე ცოლი ფეხმძიმედ აღმოჩნდა, რაც  ფიქციურ ქორწინებას გამორიცხავდა, ამიტომ ბინადრობის ნებართვა ძალაში დავტოვეთ.

- მეორე საქმეც ასეთივეა?

- ამჟამად შესწავლა მიმდინარეობს.  ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა, კონტურები გამოკვეთილია.

- როგორ უნდა გამოვლინდეს ფიქციური ქორწინება?

- პრაქტიკამ აჩვენა, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც კი ფიქციური ქორწინებების გაკონტროლება რთულია. როცა ქორწინების აქტი იურიდიულად დადასტურებულია, შეიძლება ეჭვის საფუძველი არსებობს, მაგრამ მისი დადგენა ვერ ხერხდება. მაგალითად, ეჭვის საფუძველი გვიჩნდება, თუკი, პირობითად, უცხოელმა საქართველოს მოქალაქეზე 9 თებერვალს იქორწინა, ხოლო 10-ში უკვე ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადებით მოგვმართა; ან თუ ერთი მეუღლე ბათუმში ცხოვრობს, მეორე კი - თელავში; ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის თანამშრომელს ეჭვი უჩნდება. საქმის წარმოება პირველ ეტაპზე გასაუბრებით იწყება. შეიძლება დამატებითი ინფორმაცია გამოვითხოვოთ  შრომითი ხელშეკრულების ან საქართველოში ცხოვრების ხანგრძლივობის შესახებ.

მას შემდეგ, რაც სასამართლო ფიქციურ ქორწინებას დაადგენს, ვიწყებთ  მუშაობას ბინადრობის უფლების გასაუქმებლად, რის შესახებაც უცხოელს აუცილებლად აცნობებენ.

კანონმდებლობით მას ქვეყნის დატოვება გარკვეულ ვადაში შეუძლია. განსაზღვრული  დროის გასვლის შემდეგ ის უკვე არალეგალად ითვლება და მისი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.

გული და ხელი 5.000-ად

აშშ-ში ფიქციური ქორწინებები საკმაოდ შემოსავლიან ბიზნესად იქცა (ფიქციური ქმრები და ცოლები, “მაჭანკლები, შუამავლები).  2000-იანი წლების დასაწყისში ამერიკელები თავის ხელს და გულს იმ უცხოელს, რომელსაც მწვანე ბარათის მიღება სურდა, 25-30 ათას დოლარად სთავაზობდნენ. თუმცა, დღეს ამ ქვეყანაში ფიქციური ცოლის ან ქმრის პოვნა 5.000 დოლარადაც არის შესაძლებელი (როგორც ჩანს, კონკურენცია გაიზარდა). ამ მოვლენასთან ბრძოლა აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აშშ-ში ფიქციური ქორწინება 5-წლიანი ციხით ან 250-ათასდოლარიანი ჯარიმით ისჯება.

ფიქციურიდან ნამდვილ გრძნობამდე

თბილისელმა, გელა უ-მ, საბერძნეთში ცხოვრების უფლების მოპოვების მიზნით იქაური ქალი ფიქციურად მოიყვანა ცოლად (რაც დაახლოებით 4.000 ევრო დაუჯდა). გელა ცალკე ცხოვრობდა, ცრუცოლი კი ცალკე. თუმცა, მათ რამდენჯერმე (დოკუმენტების გასაფორმებლად) ერთმანეთთან შეხვედრამ მოუწიათ. ჰHოდა, ურთიერთსიმპათია გაუჩნდათ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გელა საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად, ბერძენი ცოლიც ჩამოიყვანა და დღეს ორ შვილს ზრდიან.

სალომე გოგოხია