ვინ ჩამოიტანა პირველი რენტგენის აპარატი საქართველოში? - კვირის პალიტრა

ვინ ჩამოიტანა პირველი რენტგენის აპარატი საქართველოში?

პატარა კამოდის მსგავსი ხის ყუთი, რომელიც რთული კონსტრუქციისგან შედგებოდა, შუშის ნეგატივებზე იღებდა რენტგენის სურათებს. ეს აპარატი, რომელიც მიხეილ გედევანიშვილის შთამომავლებთან ინახება, პირვანდელი სახით არის შემორჩენილი

1896 წელს, როდესაც თბილისში პირველი კინოსეანსი გაიმართა, მსოფლიო სენსაციურმა ცნობამ შეძრა - გამოიგონეს სხივები, რისი საშუალებითაც სურათები მიიღება სრულ სიბნელეში... გერმანელი პროფესორის ვილჰელმ კონრად რენტგენის აღმოჩენილმა ადამიანის თვალისთვის უხილავმა სხივებმა, მეცნიერებაში გადატრიალება მოახდინა. რენტგენს ალბათ იმ დროს ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი აღმოჩენა ახალი მეცნიერების - ბირთვული ფიზიკის დასაწყისი გახდებოდა... "თუ განმმუხტავ მილსა და ეკრანს შორის მოვათავსებთ ხელს, ხელის ჩრდილის სუსტ კონტურებში ჩანს ძვლების მუქი ჩრდილები", - ასე აღწერა სენსაციური ცდა გერმანელმა პროფესორმა. მის აღმოჩენას - რენტგენის სხივებს, ერთი წლის შემდეგ უკვე აქტიურად იყენებდნენ მედიცინაში...

ამ გამოგონებიდან ერთი წლის თავზე თბილისში რენტგენის პირველი აპარატი ჩამოაქვთ. უნიკალური დანადგარი, რომელიც რუსეთის იმპერიაში მხოლოდ საქართველოში ჰქონდათ, ცნობილმა ქართველმა ექიმმა, ილია ჭავჭავაძის მეგობარმა, მიხეილ გედევანიშვილმა პარიზიდან ჩამოიტანა. პატარა კამოდის მსგავსი ხის ყუთი, რომელიც რთული კონსტრუქციისგან შედგებოდა, შუშის ნეგატივებზე იღებდა რენტგენის სურათებს. ეს აპარატი, რომელიც მიხეილ გედევანიშვილის შთამომავლებთან ინახება, პირვანდელი სახით არის შემორჩენილი.

მანანა გედევანიშვილი, მიხეილ გედევანიშვილის შვილიშვილი: - "პაპა 1862 წელს დაბა მანგლისში დაიბადა. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაასრულა, დაბრუნდა საქართველოში - იყო პირველი რენტგენოლოგი, ფიზიოთერაპევტი, ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი. გარკვეული ხნის შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა. ოთხივე პროფესიაში დახელოვნების კურსები პარიზში, სახელგანთქმულ კლინიკებსა და ცნობილ პროფესორებთან გაიარა. 1896 წელს რენტგენის აპარატი გამოიგონეს.

ერთი წლის შემდეგ პაპამ საქართველოში ჩამოიტანა - ეს ძვირად ღირებული ნივთი საკუთარი სახსრებით შეიძინა, თუმცა, რა თანხა გადაიხადა, უცნობია. თუ გავითვალისწინებთ, რომ მან თბილისის მერიას სთხოვა, თანხა გამოეყოთ აპარატის შესაძენად, უნდა ვივარაუდოთ - საკმაოდ ძვირი დაჯდა. მერიამ დახმარებაზე უარი უთხრა. ბებიას ერთ-ერთ წერილში სწერდა, - დაფინანსებაზე უარი მივიღე, მაგრამ ყველა ღონეს ვიხმარ, რომ შევიძინო და საქართველოში ჩამოვიტანოო.  1897 წელს პარიზში შეიძინა ორი აპარატი: ერთი ელექტროთერაპიული პროცედურებისთვის და მეორე - კომბინირებული აპარატი, რომელიც ხ-ზაყ სხივებსაც იძლეოდა. ორივე აპარატი შინ დაამონტაჟა და საქართველოსა და მთელ კავკასიაში გახსნა პირველი რენტგენისა და ელექტროთერაპიული კაბინეტები, რომელიც შემდგომში კერძო, საწოლიან საავადმყოფოდ გადააკეთა.

პაპაჩემის გარდაცვალების შემდეგ მის საქმიანობას მამაჩემი აგრძელებდა.

1928 წელს ოჯახს ჩამოართვეს საავადმყოფო და საცხოვრებელი ფართიდან მხოლოდ ორი ოთახი დაუტოვეს. ჩვენი სახლის ყველა ოთახში ოჯახები შეასახლეს. წლების შემდეგ მამამ მათ სხვა ბინები უყიდა და ასე დავიბრუნეთ რამდენიმე ოთახი"...“

მართალია, ამ გამოგონების პირველი აპარატი თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეცვალა, მაგრამ ძვალ-სახსროვანი სისტემის, ფილტვების, მუცლის ღრუს, ხერხემლისა და კბილების გამოკვლევის ძირითად მეთოდად ისევ რენტგენის სხივების მოქმედების პრინციპი რჩება.

პირველი ქართული საბავშვო ბაღი

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ქიაჩელის 20 ნომერში მდებარე სამსართულიან  ისტორიულ სახლში, სადაც უნიკალური რენტგენის აპარატი ინახება, პირველი ქართული საბავშვო ბაღი იყო და მას იაკობ გოგებაშვილი და აკაკი წერეთელი ხელმძღვანელობდნენ.

- ეს სახლი გერმანელი არქიტექტორის, მილერის დაპროექტებულია. პროექტის მიხედვით, სახლი სამსართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ხუთწლიანი მშენებლობის შემდეგ, მხოლოდ ორი სართული აშენდა, მესამე - საბჭოთა პერიოდში დააშენეს. პაპას ეს ადგილი სპეციალურად შეურჩევია - მტკვარსაც გადაყურებს და კოჯრის ჰაერიც მოდისო. საქართველოში პირველი ქართულენოვანი საბავშვო ბაღი ამ სახლში ბებიამ, ანასტასია გედევანიშვილმა გახსნა და 1908-დან 1918 წლამდე ფუნქციონირებდა. საბავშვო ბაღი უფასო გახლდათ. ხელმოკლე ოჯახის აღსაზრდელებს იაკობ გოგებაშვილმა სტიპენდიაც კი დაუნიშნა.

მუზეუმის ერთადერთი თანამშრომელი

2003 წელს მიხეილ გედევანიშვილის სახლი მემორიალურ მუზეუმად გადაკეთდა, თან საცხოვრებელი სახლის ფუნქციასაც ითავსებს - ხშირად მასპინძლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებელს.

რენტგენის აპარატთან ერთად გედევანიშვილების სახლ-მუზეუმში არაერთი უნიკალური ნივთი ინახება.

- ყველა ნივთი პაპას და მამას ნაქონია. ამ დიდ ხის კარადას საავადმყოფოში წამლების შესანახად იყენებდნენ. ეს სამუშაო მაგიდა და ფრანგული სავარძლები გრიგოლ ორბელიანის ნაქონია - პაპაჩემს ორბელიანების ოჯახიდან შეუძენია. ზუსტად ასეთი დივან-სავარძელი ჰქონდა ილია ჭავჭავაძესაც.

პაპაჩემი, როგორც ილიას ერთგული თანამოაზრე, 1906 წელს მასთან ერთად აირჩიეს თბილისის გუბერნიიდან რუსეთის სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად. ილიას მკვლელობის შემდეგ, პაპა მკურნალობდა მის ქვრივს, ოლღა გურამიშვილს. სწორედ ამ პერიოდში იწყებს ილიას ხელნაწერების, ფოტოებისა და სხვა საბუთების შეგროვებას და ამიტომაც მისი„მემკვიდრეობის დამცველად ითვლებოდა.

1914 წელს მან პირველმა თავისი სახსრებით გამოსცა ილია ჭავჭავაძის თხზულებები. ეს იყო ილიას პირველი ფერადი, ილუსტრირებული აკადემიური გამოცემა... ასევე

ჩვენს სახლში ინახება ილიას ფაქსიმილე,  იოსებ გრიშაშვილისა და გიორგი ლეონიძის წერილები.

აქ ბევრი ცნობილი ფრანგი და ევროპელი მეცნიერების ნაშრომებია. ზუსტად რამდენი ექსპონატია, სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია.

- ძნელი არ არის მუზეუმში ცხოვრება?

-  როდესაც საავადმყოფო წაგვართვეს, მამამ ყველა ნივთი შინ ამოიტანა. როგორც მაშინ დადგეს ნივთები, ახლაც ისეა. ამ ყველაფერს ბავშობიდან ვუყურებ და ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია... მუზეუმს ერთადერთი თანამშრომელი ჰყავს - ეს მე გახლავართ. ამ სახლში ერთ დროს უამრავი ადამიანი ცხოვრობდა. პაპას - სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. შალვა, ცნობილი რეჟისორი გახლდათ, მამაჩემი, დიმიტრი გედევანიშვილი, მეცნიერი, ფიზიოლოგი იყო. მისი ნაშრომები და აღმოჩენები მეცნიერების ოქროს ფონდშია შესული. მესამე შვილი, კოტე, 21 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ქალიშვილი, ქეთო, 17 წლისა ჭლექით დაავადდა და 30 წლისა გარდაიცვალა. შთამომავლები მხოლოდ შალვას და მამას დარჩა. ჩემი ერთ-ერთი ბიძაშვილი გარდაცვლილია, მეორე - საბერძნეთში ცხოვრობს. მე და ჩემი ძმა სამედიცინო განხრით წავედით. 30 წელი ლექციებს ვკითხულობდი უნივერსიტეტში.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ პალიტრატვ.გე-ზე