ბათუმური "ანომალია" - საქმის მიჩქმალვა თუ დიდი კორუფციული გარიგება?! - კვირის პალიტრა

ბათუმური "ანომალია" - საქმის მიჩქმალვა თუ დიდი კორუფციული გარიგება?!

"სავაჭრო კომპლექსი სამი წელია, უნებართვოდ ფუნქციონირებს"

"ან მერიას საქმის მიჩქმალვა უნდა, რომ ძველი უკანონო გადაწყვეტილებები არ გამოაშკარავდეს,

ან დიდ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე"

სამი წლის წინ, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, კომპანია "ბათთუნმა" ააშენა "პიერ ბათუმის" კომპლექსი, რომელიც ორ სავაჭრო მაღაზიას, პირსის ტიპის რესტორანსა და რამდენიმე კაფე-ბარს აერთიანებს. თუმცა, როგორც ირკვევა, კომპლექსის ასაშენებლად აუცილებელი ნებართვა ინვესტორს არ აქვს. სამი წელია, უნებართვოდ აშენებული "პიერ ბათუმის" დემონტაჟს ბიზნესმენი რევაზ ჭოხონელიძეც ითხოვს:

-  სამი წლის წინ ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში თურქმა ბიზნესმენებმა სავაჭრო მაღაზიები, კაფეები და რესტორანი ისე ააშენეს, რომ ქალაქის მერიისგან ნებართვა არ აუღიათ(!). თუმცა, მთავარ პრობლემას ინვესტორი კი არა, როგორც ძველი, ისე დღევანდელი მერიის მაღალჩინოსნები წარმოადგენენ. კერძოდ, სამი წელია, უკანონოდ აშენებული "პიერ ბათუმის" დემონტაჟს ვითხოვ, მაგრამ ამ უწყების პასუხი ვერ მივიღე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - "პიერ ბათუმი" ბულვარის ამ ნაწილში არსებულ სხვა ობიექტებთან შედარებით, 20-ჯერ ნაკლებ საიჯარო გადასახადს იხდის. არადა, უსახური შენობები სანაპიროს 200-მეტრიან მონაკვეთზე ზღვის ხედს ფარავს. მერიამ თავადაც გამოსცა დადგენილება ამ შენობების დემონტაჟის შესახებ, კომპანია სამი ათასი ლარით დააჯარიმა კიდეც, მაგრამ "პიერ ბათუმი" დღემდე ფუნქციონირებს. კორუფციულ გარიგებაზე კონკრეტული ფაქტებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კომპანიასა და მერიის მაღალჩინოსნებს შორის გარიგება დაიდო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მასშტაბის ობიექტს ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, უნებართვოდ ვერავინ ააშენებდა და ვერც სამი წლის განმავლობაში მუშაობის უფლებას მისცემდა.

- კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რომელი მაღალჩინოსანი მფარველობს "პიერ ბათუმს"?

- როგორც ვიცი, "პიერ ბათუმის" მშენებლობისთვის არაოფიციალურად ნებართვა ბათუმის ყოფილმა მერმა, რობერტ ჩხეიძემ გასცა. რა ტიპის კორუფციული გარიგება დაიდო, ეს შესაბამისმა ორგანოებმა გაარკვიონ.

- რა არგუმენტი აქვს ქალაქის ახალ ხელმძღვანელობას?

- მითხრეს, რომ დემონტაჟისთვის  ბიუჯეტში საჭირო თანხა არა აქვთ. სარჩელი სასამართლოშიც შევიტანე, მაგრამ მის განხილვაზე ექვსი თვე "ფიქრობდნენ". სხვათა შორის, ამ ტერიტორიაზე სულ სხვა პროექტის განხორციელება იგეგმებოდა. წინა ხელისუფლებამ მისი განხორციელება ჩვენ შემოგვთავაზა, მაგრამ პირსის ტიპის მშენებლობისთვის სოლიდური დაფინანსება იყო საჭირო, ამიტომ უარი ვთქვით. ის პროექტი ინგლისში გაკეთდა და როგორც ვიცი, მერიამ დიდი თანხაც გადაიხადა, თუმცა, ამის შემდეგ სანაპირო ზოლის ეს ნაწილი, ყოველგვარი კონკურსისა და აუქციონის გარეშე, თურქულ კომპანია "ბათთუნს" გადასცეს, რომელმაც  პირსის აშენების ნაცვლად, სანაპიროზე რკინაბეტონით აშენებული კუბების ფორმის შენობები დადგა.

არქიტექტურის შედევრი რომ იყოს, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ სიმახინჯეა, რომელიც მთელ სანაპირო ზოლს აფუჭებს, უკანონო შენობებიდან გამონაბოლქვი კი პირდაპირ ბულვარისკენ მიდის...

ადრე აქ ბუნგალოები იყო აშენებული, მაგრამ არავის გაუპროტესტებია. მათ ნებართვაც ჰქონდათ და არც ტურისტები წუხდებოდნენ.

ისიც ვერ გაურკვევიათ, რამდენი ჩადო ინვესტორმა ამ შენობების აშენებაში. მერია ამბობს, ექვსი მილიონიო, თავად ინვესტორი ამტკიცებს, 5 მილიონიო. არადა, სამხარაულის საექსპერტო ბიურომ ეს კომპლექსი რომ შეამოწმოს, ნებისმიერი ექსპერტი იტყვის, რომ 2 მილიონიც საკმარისი იქნებოდა. ყველაფერი სპეციალურად იხლართება, რომ კაცმა საქმეში გარკვევა ვერ მოახერხოს.

ფაქტია, უკანონობის გამართლებას ცდილობენ - ან მერიას საქმის მიჩქმალვა უნდა, რომ ძველი უკანონო გადაწყვეტილებები არ გამოაშკარავდეს, ან დიდ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე.

მინდია გურგენიძე, "პიერ ბათუმის" დირექტორის მოადგილე: - "პიერ ბათუმის" მშენებლობისთვის 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო. ვადასტურებთ, რომ კომპლექსი სამი წლის წინ უნებართვოდ ავაშენეთ, მაგრამ მერია ნებართვას დღემდე არ გვაძლევს. ყველაფერი სასამართლოში გაირკვევა, მანამდე დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ".

"კვირის პალიტრასთან" საუბარი ბათუმის მერმა გია ერმაკოვმა არ ისურვა, თუმცა, ბათუმის მერიის აპარატის უფროსი ნუკრი დეკანოსიძე ჩვენთან ინტერვიუს დათანხმდა.

ნუკრი დეკანოსიძე: - კომპანიამ ნებართვის მიღების მოთხოვნით მოგვმართა, მაგრამ იმის გამო, რომ პირსი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები სანაპიროს დაცვის ზონაშია, კანონმდებლობა განსაზღვრულ პროცედურებს ითვალისწინებს.  წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავგზავნეთ, მათ "პიერ ბათუმისთვის" ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადეს.

- მაშინ რით ხსნით, რომ უკანონო შენობა სანაპირო ზოლზე სამი წელია ფუნქციონირებს?

- "ბათთუნმა" ჩვენი გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ნებართვა უნდა გაიცეს, მერია გასცემს. დიახ, შენობა უკანონოდ აშენდა, მაგრამ ეს დღეს მერიის პრობლემას არ წარმოადგენს - მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმა, მაგრამ, როცა დადგენილ ვადაში დემონტაჟი არ მოხდა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა "პიერ ბათუმის" დემონტაჟის მოთხოვნით სააღსრულებო ბიუროს მიმართა. ასე რომ, ახლა ეს საკითხი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის და დემონტაჟი სააღსრულებო  ბიურომ უნდა უზრუნველყოს.

- მერიას შენობა-ნაგებობის დემონტაჟისთვის შესაბამისი თანხების გათვალისწინება არ ევალება?

- სამართლებრივად არ გვევალება. არც იმის ბერკეტი გაგვაჩნია, რომ დემონტაჟი იძულებით აღვასრულოთ. შესაძლოა, აღსრულების ბიურო შენობის დემონტაჟისგან თავს სასამართლო დავის გამო იკავებს, თუ "ბათთუნმა" სასამართლოში საქმე მოიგო, დანგრეული შენობის აღსადგენად კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ჩვენ ბათუმის სააღსრულებო ბიუროსაც დავუკავშირდით, თუმცა, როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, წელიწადზე მეტია, რაც "პიერ ბათუმის" კომპლექსის დემონტაჟისთვის ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად მერიისგან თანხებს ელოდებიან: "შენობის დემონტაჟისთვის სპეციალური ტექნიკაა საჭირო, რომლის უზრუნველყოფაც მერიის კომპეტენციაა, თუმცა, მერიამ გვიპასუხა, რომ ტექნიკის დასაქირავებელი თანხა ბიუჯეტში არა აქვს. არადა, სხვა შემთხვევებში დემონტაჟის უზრუნველყოფაზე სწორედ ბათუმის მერია ზრუნავს".

P.S. ერთი შეხედვით ამ მოჯადოებულ წრეს თავს და ბოლოს ვერ უპოვი, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ჩვენ მომავალშიც დავუბრუნდებით ამ ბიუროკრატიულ აბრაკადაბრას და შევეცდებით პასუხიც მოვძებნოთ, ამ ყველაფრის უკან მართლა გაუმართავი ბიუროკრატია დგას თუ უფრო შორს არის ძაღლის თავი დამარხული.

რუსუდან შელია