"მაგთიმ" ყველა მოგვატყუა!"
17-02-2015
"მაგთიმ" ყველა მოგვატყუა!"
მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნდა მასალა იმის შესახებ, რომ კორპორაციული მომხმარებლები "მაგთიკომს" არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებდნენ, კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროდან შემეხმიანენ - ჩვენთან ხომ იყავი ცოტა ხნის წინ და იქნებ ჩვენს პრეტენზიებზეც დაწეროო.

რა პრეტენზიები აქვთ კოდის წყაროელებს "მაგთისატთან"


მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნდა მასალა იმის შესახებ, რომ კორპორაციული მომხმარებლები "მაგთიკომს" არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებდნენ, კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროდან შემეხმიანენ - ჩვენთან ხომ იყავი ცოტა ხნის წინ და
იქნებ ჩვენს პრეტენზიებზეც დაწეროო.

მართლაც, რამდენიმე დღის წინ კასპში წასვლამ მომიწია. სამარშრუტო ტაქსის მძღოლს რადიომიმღები ხმამაღლა ჰქონდა ჩართული და მგზავრებს "ტრადიციული" რეპერტუარით ართობდა. ბოლოს ჩემ გვერდით მჯდომმა ქალბატონმა ვეღარ მოითმინა:

- ძალიან გთხოვთ, გამორთეთ ეს მუსიკა,  ინფორმაცია მაინც მომასმენინეთ!
- ქალბატონო, მთელი დღე ერთსა და
იმავე ინფორმაციას ატრიალებენ, ერთი საათი ვეღარ მოგითმენიათ? - გამოესარჩლა "მარშრუტკის" რეპერტუარს უკანა სავარძელზე მოკალათებული  მამაკაცი.
- დიდი ბოდიში, მაგრამ ამ სიმღერებს მირჩევნია, ისევ საინფორმაციოს ვუსმინო! - ჯიუტად მოითხოვდა ქალბატონი საინფორმაციო გამოშვების მოსმენას. კამათი დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. მძღოლმა მგზავრების პრეტენზიებს ვეღარ გაუძლო და რადიო გამორთო.

უკმაყოფილო ქალბატონმა, რომელიც სოფელ კოდისწყაროს მკვიდრი აღმოჩნდა,  როდესაც გაიგო, რომ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ვიყავი, გახალისდა.
- ყოველკვირა მიწევს თბილისში ჩამოსვლა. წარმოიდგინეთ, ორი სტუდენტი შვილის თბილისში ქირით ცხოვრება რა ხარჯებთან არის დაკავშირებული. ბინაში ტელევიზორი არ დაგვხვდა და სანამ შევიძენდით, რადიოს ვუსმენდით. ძალიან მომწონს "რადიო “პალიტრა". ტელევიზორის შეძენის შემდეგ კი აღმოვაჩინეთ, რომ "პალიტრას" ტელევიზიაც ჰქონია.

შარშან სოფელში "მაგთისატის" ანტენები დავაყენეთ. გვითხრეს, ინტერნეტსაც ჩაგირთავთო,  წელიწადი გავიდა, ინტერნეტი კი არა და არ გვაღირსეს, სამაგიეროდ, ბევრი ისეთი არხი გაგვითიშეს, რომელიც თავიდან ჩართული იყო. უმრავლესობას 10-ლარიანი პაკეტი გვაქვს. მერე გვითხრეს, თუ გინდათ, არხები ისევ ჩაგირთოთ, პაკეტი უნდა გაზარდოთო. ასე შეიძლება?! სხვათა შორის, "მაგთისატის" ანტენები "პალიტრის" ტელევიზიასაც არ აჩვენებენ...
არადა, როცა თბილისში ჩავდივარ, ყოველთვის ვუყურებ ხოლმე ისტორიულ სერიალს, თქვენს არხზე რომ გადის, აქ, სოფელში კი ვეღარ ვახერხებ... რამდენჯერაც "მაგთისატის" აქაურ ოფისს მივმართეთ, რომ "პალიტრა" და სხვა ჩვენთვის საინტერესო არხები დაემატებინათ, რომლებიც სხვა ყველა საკაბელოში  არის, "ჩვენზე არ არის დამოკიდებულიო", გვიპასუხეს.

ერთმანეთს მომავლის იმედით დავემშვიდობეთ. მეორე დღეს კასპში საქმე მოვითავე და გადავწყვიტე, კოდისწყაროშიც შემევლო. სოფლის სკოლის  შენობა საუკუნეს ითვლის. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებს მაღალ კლასებში სწავლის გაგრძელება კასპში ან სხვა რაიონებში უწევთ. სხვა პრობლემებთან ერთად, აქაურებს ყველაზე მეტად ინტერნეტის უქონლობა აწუხებთ.

ციცინო ვაზაგაშვილი, სკოლის პედაგოგი: "მაგთისატის" ანტენები სოფელში თითქმის ყველამ დააყენა, მაგრამ "მაგთიმ" ყველა მოგვატყუა - 10-ლარიანი პაკეტით 40-მდე არხს ვიჭერდით, შემდეგ გააძვირეს და 15 ლარი გახდა. მოვითხოვეთ ისევ 10-ლარიანზე გადასვლა, რადგან მოსახლეობას არა აქვს ამის საშუალება. ინტერნეტი რომ არ ჩაგვირთეს, ეს ერთი პრობლემაა, მეორე - ბევრი ისეთი არხია, რომელიც საერთოდ არ გვაინტერესებს და რაც გვაინტერესებს, იმას არ გვირთავენ, მაგალითად, "პალიტრა ტვ"-ს და რეგიონულ არხს, "თრიალეთს".
გივი მჭედლიშვილი: "სოფლის მოსახლეობის 90%-მა ინტერნეტის გამო დააყენა "მაგთისატი", თუმცა, ინტერნეტი არ გვაღირსეს და გამკითხავიც არავინაა".

გულნაზ ღვინაძე: - ,,მაგთისატით" კი ვსარგებლობთ, მაგრამ არხები არ მოგვწონს.¬უმრავლესობა ქართულია, რომელსაც ჩვეულებრივი ანტენითაც ვიჭერთ.

- თუ მიმართეთ "მაგთისატის" წარმომადგენლობას ამ პრეტენზიით?

- კასპის ოფისში გვითხრეს, თუ არ გინდათ, ანტენები მოხსენით და უკან ჩამოგვიტანეთო...

- სხვა ოპერატორზე რატომ არ გადადიხართ, თუ ასე არ მოგწონთ "მაგთისატის" მომსახურება?

- სხვა არჩევანი რომ გვქონდეს, მთელი სოფელი გადავიდოდა, ალბათ ერთ დღეში, მაგრამ აქ ან საკუთარი სატელიტური ანტენა უნდა დააყენო, რაც ძალიან ძვირია და ყველას არ აქვს საშუალება, ან კიდევ "მაგთისატი" უნდა აიტანო.

ხომ იცით, სადაც კონკურენცია არ არის, იქ არც ხარისხი ვარგა და არც ფასები.
როგორც კოდისწყაროელებმა გვითხრეს, ასეთივე მდგომარეობაა კასპის რაიონის სხვა სოფლებშიც.
ვის ვის და, ყველა ბიზნესმენს სულ უნდა ახსოვდეს, რომ ბიზნესის მთავარი "ნაღმი" უკმაყოფილო მომხმარებელია, შელახული იმიჯის აღდგენა კი ხშირად იმაზე \ძვირი ჯდება, ვიდრე არცთუ მთლად პატიოსანი თამაშისგან მიღებული მოგება...


საზოგადოების აქტიურობამ  შედეგი გამოიღო


დაახლოებით ერთი კვირის წინ "მაგთიკომმა" საჯარო უწყებებში დასაქმებულ კორპორაციულ კლიენტებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ინტერნეტ, "ესემეს" და წუთობრივი პაკეტები გაუუქმა. აბონენტები ჩიოდნენ, რომ მათ ერთბაშად დაკარგეს არა მხოლოდ კორპორაციული, არამედ პირადი სახსრებით შეძენილი პროდუქტებით სარგებლობის უფლება და შესაბამისად, ის თანხაც, რაც ამ პროდუქტების შესაძენად გადაიხადეს. "მაგთიკომის" გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში კლიენტების მძაფრი უკმაყოფილება მოჰყვა. მათი დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ ოპერატორი შეიცვალა და სხვა ქსელზე გადაპორტირდა. ეს საკითხი მედიასაშუალებებმაც აქტიურად გააშუქეს. კომუნიკაციების ომბუდსმენმა "მაგთიკომი" მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. როგორც ჩანს, საზოგადოების აქტიურობამ  ნაყოფი გამოიღო. რამდენიმე დღის წინ "მაგთიკომმა" გაავრცელა განცხადება, რომ კომპანია აბონენტებს გაუქმებული მეგაბაიტების რაოდენობას აღუდგენს, რომლითაც ისინი 1-ელ ივლისამდე ისარგებლებენ.

თორნიკე ყაჯრიშვილი

teo 2323
20 თებერვალი 2015 07:34
საზგვარგარეტაც მასეა კაბელები. პაკეტები აქვტ სპორტის პეხბურტის, ტენისის , რაგბის ,ფუტბოლის(AMEღIKULI),პილმების და ახალი ამბების. აქვტ იმეტესად ესპანურიც. რომელიც სულაც არ მჯირდება მაგრამ რახან პაკეტია ასეტი დზალაუნებურად მაქვსს გამოკლებიტ არ მიკლებენ და პას არ მიმცირებენ .ინტერნეტის სიხსჰირესაც გაჩნია არის დაბალი,საშვალო და მაგალ სიხსშირისანი.პასებიც სოიხშირის მიხედვიტ ემატებატ.. ისე ინტერნეტი რომ დახვეწონ და 4გბ დააყენონ საქარტველოსჰი და ყველა სოპლებსჰი კარგი იქნებოდა . დზალიან ნელი ინტერნეტია ტბილისში მოტმინება არ მყოპნისს სერიალებსს კომპიუტერიტ საერტოდ ვერ უყურებ .
fraternity
18 თებერვალი 2015 13:48
ვერ მივხვდი კასპში რა ხდება ისეთი განსაკუთრებული რაც არ ხდება სხვა ქალაქში ან სხვა ოპერატორთან. მე კავკასუსმა უკვე ორჯერ გამიძვირა გადასახადი. სილქნეტმაც სულ ახლახანს გაუძვირა თავის აბონენტებს. არხების რაოდენობაც ყოველთვის იცვლება,ზოგი აკლდება ზოგი ემატება. ეს არის რასაც ოპერატოების გვთავაზობენ და თუ არმოგვაწონს მათი მომსახურება, ერთადერთი ის შეგვიძლია რომ უარი ვუთხრათ და სხვა ალეტრნატივა მოვძებნოთ. სამწუხაროდ ეს ასე ხდება და კასპი არ არის გამონაკლისი
gaga
18 თებერვალი 2015 12:34
ეგ ინტერნეტიც სააკაშვილმა შემოიღო საქართველოში რომ იცოდეთ, რაც გაავრცელა გაავტცელა მას შემდეგ გაჩერდნენ ესენი.

რედაქტორის რჩევით