"ქმარი იყო და სექსუალური ძალადობა რას ჰქვია?!" - ჯანმრთელია გარემო, სადაც 12 წლის ბავშვის ფეხმძიმობა არ უკვირთ?! - კვირის პალიტრა

"ქმარი იყო და სექსუალური ძალადობა რას ჰქვია?!" - ჯანმრთელია გარემო, სადაც 12 წლის ბავშვის ფეხმძიმობა არ უკვირთ?!

* 2012 წელს, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში 16 წლის გოგონამ თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებმა გოგონას გათხოვებას აიძულებდნენ.

* სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში მოყვანილია მაგალითი, როცა ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები გოგონა მამამისმა 45 წლის კაცს 10 ძროხად მიჰყიდა, მაშინ, როცა არასრულწლოვან გოგონას გათხოვება არ სურდა.

კახეთის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები 12 წლის გოგონას ფეხმძიმობის ამბავს ჩვენში დიდი ხმაური მოჰყვა. როგორც გაირკვა მე-6 კლასელი გოგონა გათხოვილი იყო. ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავენ იმ გარემოში, სადაც გოგონა დაიბადა და გაიზარდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით ისმის კითხვა: - რამდენად ღრმაა იმ საზოგადოების ფსიქიკური ბზარი, სადაც მსგავსი მოვლენები ხდება. იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც არასრულწლოვანი სწავლობდა, აცხადებს, რომ რადგან კანონი ფეხმძიმე არასრულწლოვნებს სკოლაში სწავლის უფლებას აძლევს, მისთვის ეს ფეხმძიმობა პრობლემა ვერ გახდებოდა. დაახლოებით ამასვე ფიქრობს სოფლის მცხოვრებთა ნაწილიც. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გავესაუბრეთ, ქალბატონი გოგონას ოჯახის ახლობელი აღმოჩნდა:

- შეიძლება კარგი ამბავი მართლაც არ მოხდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს რა ამბავი იყო ამაზე ამდენი ხმაურის ატეხვა?! ამ გოგოს მშობლებს უფრო ეს აწუხებთ და არა ის, რომ მათი შვილი ფეხმძიმედ არის. რა არის ამაში საოცარი?! - გააჩენს შვილს და ეგ იქნება, ის ბავშვიც გაიზრდება, როგორც მისი დის შვილი გაიზარდა, ის გოგოც 14 წლის გათხოვდა, მაგრამ ამით ქვეყანა დაიქცა?!

- ხმაური რომ არ ატეხილიყო, ოჯახი უფრო მშვიდად იქნებოდა?

- ახლაც მშვიდად არიან. ოღონდ უკვირთ, - ასეთი რა დავაშავეთ, ქალიშვილი გავათხოვეთო. უფრო სწორად ეს გოგო თავად გაიპარა ამ 18 წლის ბიჭთან და მერე რატომღა უნდა წამოეყვანათ, ოჯახს ხომ არ დაუგრევდნენ!

- ანუ მშობლებს 12 წლის ბავშვის დაფეხმძიმება ნორმალურად მიაჩნიათ?

- დაფეხმძიმდა და რა ქნან?! გოგო ამბობს, სკოლაში რომ დავდიოდი, მაგის სახლთან უნდა გამევლო და შემიყვარდაო! თავად დარჩა ბიჭთან და მშობლებს რაღა უნდა ექნათ, მათაც დაუტოვეს. ახლა გამოჩნდა, რომ თურმე ეს სექსუალური ძალადობა ყოფილა და ბიჭი დასაჭერია.

- ეს აქამდე არ იცოდით?

- ქმარი იყო და სექსუალური ძალადობა რას ჰქვია?

- როგორც ვიცით, მან გათხოვებაც მოასწრო და ქმართან გაშორებაც, რატომ დაშორდა?

- არ იცის, მარტო გაიძახის, სულ დამცინოდა, რადგან ის მდიდარი იყო, მე - ღარიბიო.

- გოგონა შვილის მომავალზე თუ ფიქრობს?

- რა უნდა უნდა იფიქროს?! მშობლებსს ექიმთან დაჰყავთ და წამლებსაც ასმევენ. ბავშვი გაუჩნდება და იმასაც გაუზრდიან... ისე, როგორც პირველ შვილს გაუზარდეს, რომელიც 14 წლის გათხოვდა. ის კი არა, იმის ქმარსაც თავისთან აცხოვრებენ. 2 წლის მშვენიერი ბავშვი ჰყავთ.

სოციალური მუშაკის თქმით, რომელსაც არასრულწლოვან გოგონაზე ზრუნვა დაევალა, ოჯახი სოციალურად დაუცველია, მომავალი დედა, რომელიც ჯერჯერობით სტრესს ვერ აცნობიერებს, მზრუნველობას ისევე საჭიროებს, როგორც მისი ნაყოფი.ისივე თქმით, ჩვენს საზოგადოებაში არასრულწლოვნების ქორწინების კუთხით სრული ქაოსია. მოცემული შემთხვევა ქართულენოვან სოფელში მოხდა, მაგრამ აზერბაიჯანულენოვან სოფლებში გოგონებს საერთოდ არ ატარებენ სკოლაში და იძულებით ათხოვებენ. ასე, რომ თავად მშობლებს სჭირდებათ აღზრდა იმისთვის, რომ შვილები მსგავსი პრობლემებისთვის არ გაწირონ. 6 თვის ფეხმძიმე არასრულწლოვანი სოციალური საგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ნაადრევი სექსუალური ურთიერთობის ერთ-ერთ მიზეზად მედიაში სექსუალური ურიერთობების უკომენტარო მოჭარბებას მიიჩნევს: "არ აქვს მნიშვნელობა ეს იუმორისტული გადაცემა იქნება, თუ სხვა რამ, ყველგან სექსუალური თემები უკომენტარო მოზღვავებით შუქდება. ეს პირდაპირ უბიძგებს მოზარდებს, რომ თავადაც ასე "უკომენტაროდ" მიეცნენ ამ ურთიერთობებს. ასეთია ჩვენი გარემო, - ის კი ყველაზე და ყველაფერზე მოქმედებს."

როგორია სტატისტიკა

ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 14იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 7367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება საბაზო საფეხურის (7–9 კლასები) დასრულებამდე. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, განათლების სისტემიდან ბავშვთა გადინებას ძირითადი მიზეზი ადრეული ქორწინებაა. ამას ემატება მრავალი შემთხვევა, რომელიც სტატისტიკის მიღმა რჩება.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევე, როგორც მოლდოვას (19%) და თურქეთს (14%). არსებული სტატისტიკით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% დაქორწინდა 18 წლის შესრულებამდე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგო ქორწინდება. ერთი წლის განმავლობაში - 38 000 ერთ დღეს, 13 გოგონა კი - 30 წამში.

ცნობისთვის:

საერთაშორისო შეთანხმებებითა და ქართული კანონმდემლობის მიხედვით ქორწინების მინიმალურ ასაკად მიჩნეულია 18 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად: "ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება ნებადართულია მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, პატივსადები მიზეზების არსებობისას, დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს".

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)