"ხატზე დავიფიცე, რომ არ გავეკარებოდი თამაშებს, ერთი წელი გავიდა და დავარღვიე ფიცი" - ლუდომანის აღსარება - კვირის პალიტრა

"ხატზე დავიფიცე, რომ არ გავეკარებოდი თამაშებს, ერთი წელი გავიდა და დავარღვიე ფიცი" - ლუდომანის აღსარება

SOS!

"გემუდარებით, იღონეთ რამე..."

"ახლობლის შვილმა თავი მოიკლა. სანამ კაზინოში თამაშს დაიწყებდა, შესანიშნავი ბიჭი იყო. ჯერ შინიდან ყველაფერი გაზიდა, მერე სახლიც ბანკში ჩადო და იპოთეკური სესხი ერთ ღამეში წააგო. უბინაოდ რომ დარჩა, მშობლების სახლში გადავიდა. საოცრად აგრესიული გახდა, ძალადობდა მშობლებზე, აიძულებდა, სახლი მის სახელზე გადაეფორმებინათ, რათა ისიც ბანკში ჩაედო. რომ არაფერი გამოუვიდა და ფულიც არავინ ასესხა, გაგიჟდა და ფანჯრიდან გადახტა... რა არის ეს, გემბლინგი? როგორც ვიცი, ამ საშინელი სენით უამრავი ადამიანია დაავადებული. იქნებ ახალი ჭირია, არსებობს რაიმე წამალი ამ უბედურებისგან განსაკურნებლად?" - გვწერს მკითხველი.

მის კითხვაზე პასუხის გასაცემად უამრავ ადამიანთან საუბარმა მომიწია, უპირველესად კი მათთან, ვინც კაზინოს, ტოტალიზატორებისა და ინტერნეტთამაშების "მონა", ან ასეთი "მონების ოჯახის" წევრია. ვისაუბრე ფსიქოლოგებთან, სასულიერო პირებთან, ე.წ. გამკონტროლებლებთან, ვინც ცდილობს, ჩვენი დროის "შავი ჭირისგან" იხსნას მეგობარი, ახლობელი... ყველა მათგანი ამბობს, რომ გემბლინგი ავადმყოფობაა, თითქმის ისეთივე სენია, როგორიც ნარკომანია.

გიორგი (32 წლის): - თავიდან სიგარეტის ერთი ნაფაზის დარტყმასავით არის, მოსწევ და გადააგდებ. ერთ ნაფაზს, ანუ ერთ თამაშს მეორე მოსდევს, მეორეს - მესამე და ხვდები, რომ შენს თავს აღარ ეკუთვნი, მაგრამ იმას ვერ ხვდები, თანდათან როგორ კარგავ ადამიანის სახეს. ბოლოს მოგებისთვისაც აღარ თამაშობ, გიტაცებს პროცესი, ოღონდ თამაშში იყო ჩართული და სხვა არაფერი გინდა. როდესაც ფულს აგებ, არა აქვს მნიშვნელობა, ბოლო ათი ლარი გაქვს თუ ათასი...

როცა თამაშის გასაგრძელებელი თანხა აღარ გაქვს, გიჟდები, ამ დროს ყველაფრის ჩამდენი ხარ... უთავმოყვარეო, უნამუსო ხდები.

შესაძლოა, ისეთ ადამიანს სთხოვო ფული, სხვა დროს რომ არ შეაწუხებდი. არ ვიცი, ამ დროს რა ხდება ტვინში. მხეცი იღვიძებს ადამიანში, მხოლოდ ერთი რამ გინდა - თამაში, უსასრულოდ თამაში!

- გამოსავალი არ არსებობს?

- ალბათ, გვერდში დგომაა გამოსავალი. ასეთ ადამიანს უნდა აგრძნობინო, რომ გიყვარს და დაეხმარო ცხოვრების წესის შეცვლაში. მე რომ მლანძღავენ და მეჩხუბებიან, უფრო ვგიჟდები, რადგან ვფიქრობ, რომ დაღუპული ვარ, მაინც ვერაფერი მიშველის და ისევ იმ ეშმაკის სამყაროში შევდივარ, რომელიც ისე გითრევს ჭაობში, რომ თავის დაღწევა თითქმის წარმოუდგენელია...

2008 წელს ფული მქონდა და მანქანის ყიდვას ვაპირებდი, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. მის საყიდლად მიმავალმა გზიდან გადავუხვიე და კაზინოში შევედი. მთელი ფული წავაგე. 800 ლარი დამრჩა მხოლოდ. სასოწარკვეთილი მოძღვართან მივედი, მიშველე, მამაო, თამაში მინდა და თან ვცდილობ, თავს მოვერიო-მეთქი. მშვიდად მისმენდა, მერე მკითხა, გინდა, ნაღდი ათი  კუში გითხრაო? თვალები გამიფართოვდა - ეს იმას ნიშნავს, ლარს დებ და ათ ლარს იგებ, მე კი რვაასი ლარის დადება შემეძლო... წალკის მონასტრის შესაწირს ვაგროვებთ და შენც დადე ეგ ფული, ეგ არის ნაღდი ათი კუში, ღმერთთან ჩაგეწერებაო. ვერ ვაზროვნებდი...

რობოტივით ჩავილაპარაკე, არა, უნდა ვითამაშო-მეთქი და ეკლესიიდან კაზინოში გავიქეცი. რა თქმა უნდა, ის ფულიც დავკარგე, ვერ შემაჩერა მოძღვარმა...

იმ კაცს ვგავდი, მანქანა რომ დაუგორდება დაღმართში, ვერ აჩერებს და მთელი სისწრაფით მიექანება გადასაჩეხად. მთავარი უბედურება კი ის არის, რომ საქართველოში გარემოც დამღუპველია. სახელმწიფოს არ ანაღვლებს, რომ თამაშს, "შავ ჭირს", თაობები ეწირება. ამ ჭაობს თავი რომ ვერ დააღწია, ძალიან ბევრმა თავი მოიკლა. ხელისუფლება კი არავითარ ღონეს არ ხმარობს, რომ ეს ერის გამანადგურებელი სახლები აკრძალოს! ამასთან, უსაქმურობა ძალიან დიდი პრობლემაა. ათი კაცი რომ დგას ბირჟაზე და იქიდან რვა თამაშობს, ორსაც მოუნდება. ათიდან რვა რომ სვამს,  ორიც გალოთდება.

ვღუპავ ოჯახს, საკუთარ თავს, მომავალი წინ მაქვს და მე რას ვაკეთებ? ვალებში ვიხრჩობი...

ძალიან ბევრი არასრულწლოვანიც დგას ცდუნების წინაშე. კატასტროფული სიტუაციაა - 13-14 წლის მოზარდს ფსიქიკა არა აქვს ჩამოყალიბებული და ქვეყანაში არც ამკრძალავი მექანიზმი არსებობს, რომ ვერ ითამაშოს. ხშირად ბავშვები უფროსების პირადობის მოწმობის ნომრებს იყენებენ სათამაშოდ. მერე ხაჭაპურის საყიდელ ორ ლარს ონლაინტოტალიზატორში ჩარიცხავენ და იწყება კოშმარი. 2 ლარით ერთხელ მოიგებს 20 ლარს და ჰგონია, სულ ასე იქნება. თანდათან ეჩვევა ამ საშინელებას, რომელსაც ბოლო ტრაგიკული აქვს. რაც უფრო შეტოპავ, მით ძნელია შველა... უფულობა, უსაქმურობა, უპერსპექტივობა ამ ეშმაკის სამყაროსკენ გიბიძგებს...

- თქვენ ონლაინ თამაშობთ თუ კაზინოში დადიხართ?

- კაზინოში შედარებით იშვიათად დავდივარ, მას უფრო მეტი ფული სჭირდება, თან თუ ახლოს არ ცხოვრობ, შესაძლოა, წასვლაც დაგეზაროს. ინტერნეტკაზინო კი ძალიან მარტივია. ჩარიცხავ ფულს პლასტიკური ბარათით და სახლში გაქვს კაზინო. გათენებამდე თამაშობ და აგებ ყველაფერს.  რამდენს ბავშვის სამკურნალო ან სკოლაში გადასახდელი ფული წაუგია... როდესაც შეპყრობილი ხარ ამ სენით, ვერაფერს ზომავ, ვერაფერს წონი - ორ ლარს აგებ თუ სახლს, სულერთია შენთვის.

ხატზე დავიფიცე, რომ არ გავეკარებოდი თამაშებს, ერთი წელი გავიდა და დავარღვიე ფიცი. ამ ჭაობმა რწმენასაც აჯობა. მაგრამ მაინც, როგორმე საკუთარ თავს უნდა აჯობო და ამოხვიდე... წლებია, ასე ვწვალობ... მოძღვარმა მითხრა, ხარი სწორ ნაბიჯს დგამს, როდესაც სიმძიმე ადევს, ისე კი აცაბაცა მიდისო. ალბათ, ადამიანიც ასეა, ტვირთი უნდა გქონდეს აკიდებული, რომ სწორად იარო და არ გადაუხვიო.

- მაგრამ ასაკოვანი, საქმიანი, პასუხისმგებლიანი ადამიანებიც ხომ თამაშობენ?

- ამიტომაც ძნელია ამ სენის მკურნალობა... 4 დღის წინ ვიყავი კაზინოში და, ცხადია, კიდევ წავაგე. იცით, კიდევ პრობლემა რა არის? - სწრაფი ონლაიანსესხები! 15 წუთში შინიდან გაუსვლელად დაგირიცხავენ თანხას ანგარიშზე, შენც იმწამსვე გადარიცხავ ონლაინკაზინოში ან ტოტალიზატორში...

- რა არის თამაშზე უფრო მნიშვნელოვანი შენთვის?

- სიყვარული და ნდობა. მე ჭაობში ვარ და ამას ისეთი ტკივილი ახლავს, ცოცხლად დაწვას ჰგავს...

ბექაც ძალიან ახალგაზრდაა. ახლა საქართველოდან შორს ცხოვრობს. ფიქრობს, რომ დედის ძალისხმევამ და გარემოს გამოცვლამ გადაარჩინა.

ბექა: "უცნაურია, მაგრამ როცა თამაშს იწყებ, თითქოს აპარატები ხვდებიან, რომ ახალი ხარ და გაგებინებენ. ამით გაქეზებენ და გათამამებენ. მერე იწყება ჯოჯოხეთი. წააგებ, წახვალ, ფულს იშოვი იმ იმედით, რომ მოიგებ, მაგრამ კიდევ აგებ...

ასე უკუღმა ბრუნავს ბედის ბორბალი და ბოლოს იღებ უსაშველო ვალებს. ალომბარდებ ოქროს ნივთებს, ტელეფონებს, იკიდებ ახალ ვალებს. მიდიხარ და ისევ აგებ. რჩები ყელამდე ნეხვში, ვალი ვალს ემატება და...

ადრე "პოსლეზე" თამაშები რომ იყო, ბევრმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ ფული ვერ იშოვა. თუ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი არ გყავს გვერდით, საბოლოოდ იღუპები".

ნინო, მოთამაშის ცოლი: "ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ქმარი 47 წლის ასაკში ამ მახეში გაყოფდა თავს. დაგვინგრია ცხოვრება. ისედაც ქირით ვცხოვრობთ და

რაც კი გაგვაჩნდა, ყველაფერი ლომბარდში ჩააბარა, ლეპტოპიღა შემოგვრჩა და ამასაც, შინიდან რომ გავდივართ, მეზობელთან ვმალავთ.

ბიძაშვილი ჰყავს, 22 წლის, ის თამაშობდა. სულ ეჩხუბებოდა, ნუ მიდიხარო. რომ ურეკავდა, ატყუებდა, ვმუშაობო. გადასამოწმებლად მივიდა რამდენჯერმე. მერე გვერდით მიუჯდა და დაიწყო... თავიდან 80 ლარი მოიგო. ჯერ ერთად დადიოდნენ, მერე უკვე დამოუკიდებლად დაიწყო სიარული. ჩემი ქმარი ტაქსის მძღოლია და ეგონა, იოლი სამსახური იპოვა... ბოლო დროს გვიან მოდიოდა შინ, ვმუშაობო, მეუბნებოდა, ფული კი არ მოჰქონდა, მანქანა გამიფუჭდა და ნაწილისთვის დამჭირდაო, მატყუებდა... ტყუილებს დაეჩვია.. ყველა ბანკიდან სესხი გამოიტანა, ყველა ნათესავისგან ფული ისესხა... თავისი ძმა მოატყუა, ბინიდან გვაგდებენ, ორი თვეა, ქირა არ გადაგვიხდიაო და მისი მიცემული ფულიც იქ წააგო. ორი წელია ასეთ დღეში ვართ. ყველას ვეხვეწები, რამე წამალი მირჩიოს, რომელიც  ამ დაავადებას კურნავს. მანქანაც კი დალომბარდებული აქვს. უკვე ყველა რესურსი ამოწურულია. ფული რომ აღარ აქვს, ისეთი აგრესიულია, სულ ჩხუბობს, ლეპტოპი მომეცი, მე არ გიყიდე? ახლა უნდა დავალომბარდოო. როცა სვამს, ტირის, მიშველეთ, ავად ვარ, შველა მჭირდებაო. როგორ ვუშველო, მითხარით, ხალხო! ერთი შვილი გვყავს, აბიტურიენტია. ყველაზე მძიმე მომენტში მიგვატოვა... აბიტურიენტის მომზადება კი იცით, რაც ჯდება. არ ვიცი, რით ვუშველო. ფსიქოლოგის გაგონებაც არ უნდა. აქამდე ღმერთის ეშინოდა, ახლა ეგეც აღარ აშინებს. იმ დღეს მითხრა, ჯვარი უნდა გავიკეთოო. ორი დღე ატარა. მესამე დღეს მოიხსნა, დიდია, მაწუხებსო... ყოველდღე მატყუებს, აღარ დავდივარო. რომ დააგვიანებს, ჩავდივარ კაზინოსთან და მისი მანქანა იქ დგას. თვითონვე აღიარებს, რასაც შენ უძლებ, არც ერთი ქალი ამას არ მოითმენდა, იქ ბევრი კაცი დადის და არავის ოჯახი აღარ ჰყავსო.

გემუდარებით, რამე იღონეთ. იღუპება ხალხი. ერთხელ გამწარებული დავეძებდი და კაზინოში შევვარდი. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, როცა იქ უამრავი არასრუწლოვანი, მოხუცი და ქალი ვნახე... ისეთი გამხეცებული სახეები ჰქონდათ, მივხვდი, ადამიანობის აღარაფერი შერჩენოდათ... რა გვჭირს, რა დაგვემართა?!  უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ამ უბედურებას აკრძალავს. ის მაინც დაუშვან, ცოლის ან შვილის მოთხოვნით "გააშავონ" და აღარ შეუშვან ასეთ დაწესებულებაში... ვგიჟდები, ჩემს ქმარს სიმწრით ნაშოვნი ფული რომ არ ენანება. უკვე სულერთია, მოვიგებ თუ წავაგებ, მთავარია, იქ ვიჯდეო...

ვის "აშავებენ" კაზინოები

კაზინოები მოთამაშეს "აშავებენ" (უკრძალავენ კაზინოში შEესვლას) იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე ამას თავად ითხოვს, ხულიგნობს ან ჩხუბობს. კაზინოების ნაწილი ასევე ითვალისწინებს აზარტომანიით შეპყრობილი ადამიანის ოჯახის წევრების თხოვნას და მას "აშავებს"

კანონი არ ითვალისწინებს...

საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტისთვის სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია. როგორც ცნობილია, თბილისში ლიცენზიის გადასახადი ყოველწლიურად 5 მილიონი ლარია. ამასთან, ბიუჯეტში კაზინოებს გადასახადების სახით ყოველწლიურად 100 მილიონ ლარამდე შეაქვთ.

სათამაშო ბიზნესი მომგებიანია ტურისტული თვალსაზრისითაც, რადგან მეზობელი ქვეყნებიდან, სადაც აკრძალულია აზარტული თამაშები, მოთამაშეები საქართველოში ჩამოდიან. მაგალითად, აჭარის რეგიონი ამ მხრივ თურქების ინტერესს აკმაყოფილებს. ალბათ, იმის გამო, რომ სათამაშო ბიზნესი შემოსავლიანია არა მხოლოდ მფლობელისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, კანონი არ ითვალისწინებს აზარტული თამაშებისგან ადამიანთა დაცვის არანაირ მექანიზმს. მხოლოდ საკუთარი ნებისყოფის ანაბარა რჩები და თუ ნერვები გიმტყუნებს, ვერაფერი დაგიცავს ჭაობში ჩათრევისგან. პარადოქსია, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს იმ ფართომასშტაბიან საფრთხეებს, რასაც აზარტული თამაში უქმნის საზოგადოებას. უმძიმესი რეალობა კი ასეთია: ლუდომანიით, აზარტული თამაშებით დაავადებული ადამიანი კარგავს კონტროლს, მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ იშოვოს სათამაშოდ ფული. მათ შორის არიან არასრულწლოვნები, ხანდაზმულებიც კი, თამაშის მანია განურჩევლად სქესისა, ასაკისა და სოციალური მდგომარეობისა, ყველას უფსკრულისკენ მიაქანებს!