ქართველ "აივენგოთა" ნათლია - კვირის პალიტრა

ქართველ "აივენგოთა" ნათლია

უოლტერ სკოტი, მწერალი, რომელმაც საფუძველი დაუდო ისტორიული რომანის ახალ, თანამედროვე სახეს - რომანს, სადაც ისტორიულ ფონზე გამოგონილ პერსონაჟთა საოცარი თავგადასავალიც ნამდვილივით მიმდინარეობს

შოტლანდიელი უოლტერ სკოტის ინგლისურ რომან "აივენჰოზე" წერა ერთი "ქართული უცნაურობის" გახსენებით მინდა დავიწყო: მართალია,  XX საუკუნის 20-იან წლებამდე ძალიან ცოტა იყო ქართულად ნათარგმნი მსოფლიო კლასიკა, მაგრამ ყველასათვის ცნობილი ისტორიული მიზეზების გამო, რუსულად თითქმის მთელი საქართველო კითხულობდა. ამ ენაზე კი იმთავითვე ყველაფერი სწრაფადვე ითარგმნებოდა და იბეჭდებოდა. ამიტომ "აივენჰო" ვერ ჩაითვლება იშვიათ გამონაკლისად, რომელიც მხოლოდ ხელმისაწვდომობის გამო შეიძლებოდა შეჰყვარებოდათ ქართველებს. ალბათ, ამ რომანში გაცოცხლებული რაინდული სული, პერსონაჟების კეთილშობილება და ხასიათის სიმტკიცე განაპირობებდა ამ მოწონებას.

ზემოთ ნათქვამ "ქართულ უცნაურობაში" კი ის ვიგულისხმე, რომ 30-40-იან წლებში დაბადებულ ხუთ თუ ექვს ქართველ კაცს, სახელად აივენგოს (და არა აივენჰოს, - ნახსენები "რუსული" მიზეზის გამო) პირადად ვიცნობდი, ორჯერ მეტ "რიჩარდზე" რომ აღარაფერი ვთქვათ. მართალია, ყველა მათგანი ამ მხრივ ორიგინალობით გამორჩეული გურიიდან და სამეგრელოდან იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის: ქართველ კაცს ნანატრი ვაჟი უჩნდება (ჩვენში ხომ სახელის დარქმევაც დიდი და რთულ-საპასუხისმგებლო საქმეა) და მამა კი (ან იქნებ - დედაც) "ბედავს" და ახალშობილს უცნაურ "აივენგოს" ან "რიჩარდს" არქმევს!

იქნებ ვინმეს გადაჭარბებულადაც მოეჩვენოს ჩემი ეს "აღმოჩენა", მაგრამ ვფიქრობ, არის ამაში ლოგიკის მარცვალი

- "აივენჰო" ის რომანია, რომელიც "ექშენის" მოყვარულ ქართველს უნდა მოეწონოს, ხოლო უილფრედ აივენჰო და რიჩარდ ლომგული რომ თუნდაც ქვეშეუცნობლად, ბოლშევიკურ-რუსულ მონობაში მყოფი ქართველი კაცის იდეალად ქცეულიყო, არც ეს არის გასაკვირი.

უოლტერ სკოტს, სამწუხაროდ, "აივენჰოს" დარი რომანი აღარ დაუწერია, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ პროდუქტიული მწერალი იყო - 18 წელიწადში დაწერილი 30-მდე რომანი ამაზე მეტყველებს. მხოლოდ თვრამეტი წლის მანძილზე კი იმიტომ (სკოტი 61 წლისა გარდაიცვალა), რომ 43 წლისა იყო, როდესაც პირველი რომანი - "უევერლი" გამოაქვეყნა. მანამდე კი ძალიან პოპულარული პოეტი ყოფილა - მისი შვიდი თუ რვა პოეტური კრებული დიდი ტირაჟებით იყიდებოდა. ამბობდნენ, პოეტობაზე ხელი ასპარეზზე ჯორჯ ბაირონის გამოჩენამ ააღებინაო.

როგორც თანამედროვეები იგონებენ, უოლტერ სკოტი თვითონაც კეთილშობილი, "რაინდული სულის" ადამიანი ყოფილა და, სხვათა შორის, ისიც, რომ "აივენჰოს" გამოქვეყნების შემდეგ მისი რომანების ხარისხმა იკლო, ხოლო რაოდენობამ და გამოქვეყნების ტემპმა იმატა, პარადოქსია, მაგრამ სწორედ მის კეთილშობილებას შეიძლება უკავშირდებოდეს: საქმე ის არის, რომ 1825 წელს ლონდონის ბირჟაზე უმწვავესი ე.წ. "ფინანსური პანიკა" ატყდა; სკოტის გამომცემელსა და სტამბის პატრონს მევალეებმა ვალის სასწრაფოდ ნაღდი ფულით დაბრუნება მოსთხოვეს. მათ ეს ვერ შეძლეს და თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს. ეს კრიზისი მწერალსაც შეეხო, მაგრამ მან არ იკადრა გადახდისგან თავის არიდება და ის 120 ათასი გირვანქა სტერლინგი (იმ დროს - უზარმაზარი  თანხა), რომლის თამასუქებზეც მისი ხელმოწერა იყო, კიდევ ერთხელ აღიარა ვალად (რეალურად მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი უნდა ყოფილიყო მისი გადასახდელი).

"აივენჰო" მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ინგლისელთა და "ყოფილ ინგლისელთა" საკულტო რომანად იქცა: ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ინდოეთში, ამერიკასა თუ კანადაში მილიონობით თაყვანისმცემელი გაუჩნდა. "ოფიციალურმა დაფასებამაც" არ დააყოვნა - უოლტერ სკოტმა ბარონეტის ტიტული მიიღო. თუმცა, ამის შემდეგ ისევ შოტლანდიურ ამბებს დაუბრუნდა და ზედიზედ სამი რომანი გამოაქვეყნა  ორ წელიწადში: "მონასტერი" და მისი გაგრძელება - "აბატი", სადაც  მთავარი მოქმედი პირი მარიამ სტიუარტია, ხოლო მოქმედება იმ ციხესიმაგრეში ხდება, სადაც დედოფალი იყო დატყვევებული; "კენილუორთშიც" შოტლანდიას არ ვცილდებით და თანაც იქ ელისაბედ I-ის, მარიამ სტიუარტის დაუძინებელი მტრის, ამბებია მოთხრობილი. სხვათა შორის, "კენილუორთი" ბევრ კრიტიკოსსა თუ "პროფესიონალ მკითხველს" სკოტის საუკეთესო რომანად მიაჩნია.

აბატსფორდი, ანუ ის ადგილი შოტლანდიაში, სადაც ეს ამბები ხდებოდა, სკოტისათვის ბავშვობის სახლი იყო - მან მამისა და პაპისაგან ყველაფერი იცოდა და ფენომენური მეხსიერების წყალობით ზუსტად აღწერდა მათ. აბატსფორდშივე იყიდა მან მიწა და აიშენა სასახლე, რომელშიც სიცოცხლის  ბოლო წლები გაატარა და ძალიან უყვარდა.

უთუოდ უნდა აღინიშნოს ერთი უცნაურობა:

1827 წელს მან პირველად მოაწერა ნამდვილი სახელი თავის წიგნს. ანუ ბოლო ექვს ან შვიდ რომანამდე ბრიტანელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არაფერი იცოდა თავისი კერპის შესახებ.

დასასრულ, როდესაც უოლტერ სკოტის მრავალმხრივ განათლებასა და პროდუქტიულობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ აღინიშნოს მისი ისტორიული ნაშრომები: "ნაპოლეონის ცხოვრების" ცხრატომეული, ოთხტომიანი "პაპაჩემის ნაამბობი", შოტლანდიის ისტორია ორ ტომად და საოცრად საინტერესო ნაწარმოები "დემონიზაციისა და ჯადოქრობის შესახებ". ამ წიგნებმა მას ვალის საბოლოო გასტუმრება, კიდევ ბევრი მატერიალური სიკეთე მოუტანა, მაგრამ, ფაქტობრივად, ბოლოც მოუღო: რამდენჯერმე გადაიტანა ინსულტი, ექიმებმა სამხრეთში გამგზავრება ურჩიეს, მთავრობამ გემიც გამოუყო და იტალიისკენ გაემგზავრა, მაგრამ გზაში მიხვდა, რომ ბევრი დრო აღარ დარჩენოდა. თავის შოტლანდიაში, აბატსფორდში, სურდა სიკვდილი და კაპიტანს გემი ბრიტანეთისაკენ მოაბრუნებინა. ასე დასრულდა 1832 წლის 21 სექტემბერს ცხოვრება უოლტერ სკოტისა, მწერლისა, რომელმაც საფუძველი დაუდო ისტორიული რომანის ახალ, თანამედროვე სახეს - რომანს, სადაც ისტორიულ ფონზე გამოგონილ პერსონაჟთა საოცარი თავგადასავალიც ნამდვილივით მიმდინარეობს.