"ექიმის ბრალია!" - რა პრეტენზიები აქვთ მართვის მოწმობის აღების მსურველებს
23-02-2015
"ექიმის ბრალია!" - რა პრეტენზიები აქვთ მართვის მოწმობის აღების მსურველებს
ცოდვა გამხელილი ჯობს და უნდა ვაღიარო, რომ წლების წინ, როცა ოცნება ავისრულე და ავტომობილი შევიძინე, მართვის მოწმობის გარეშე კარგა ხანს ვიარე. შესაბამისად, ვჯარიმდებოდი კიდეც. არასოდეს დამავიწყდება ის სიხარული, რომელიც მართვის მოწმობის აღებისას განვიცადე... თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გამოცდილი მძღოლი ვიყავი, პრაქტიკული გამოცდის რამდენჯერმე ჩაბარებამ მომიწია. მიზეზი, რის გამოც გამოცდაზე ვიჭრებოდი, ღელვა  გახლდათ... ამას ინსტრუქტორების მკაცრი სახეებიც ემატებოდა და შედეგიც სახეზე იყო - მართვის მოწმობის გარეშე ვბრუნდებოდი შინ.

რამდენიმე უშედეგო
მცდელობის მერე მივხვდი, ინსტრუქტორთან უნდა მელაპარაკა, რომ დაძაბულობა მომხსნოდა. მომდევნო გამოცდაზე მანქანაში ჩაჯდომისთანავე გავაფრთხილე, - ძალიან ვღელავ და უნდა ვილაპარაკო, რომ თავისუფლად ვმართო მანქანა-მეთქი, თუმცა, ლაპარაკში ვერ ავიყოლიე - გვერდით მჯდომი ინსტრუქტორი სფინქსივით დუმდა, მე ენას არ ვაჩერებდი... ანეკდოტიც კი მოვუყევი:

ახალგაზრდა ქალი რეანიმაციის კართან
იდგა და ექიმს პაციენტთან შეშვებას სთხოვდა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო: - ქალბატონო, პაციენტს ავარიის გამო მრავალი მოტეხილობა აქვს, თაბაშირშია ჩასმული და ტვინის შერყევა აქვს, ვერ შეგიშვებთო. ქალმა მოიწყინა და ექიმს სთხოვა, თქვენ მაინც ხომ შედიხართ მასთან, ჰკითხეთ, თუ შეიძლება, - მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა ჩააბარა?..

არ ვიცი, იქნებ ამ ანეკდოტს სხვა გამოსაცდელებიც უყვებოდნენ თუ იუმორის გრძნობა ღალატობდა ჩემს ინსტრუქტორს, მაგრამ არც კი გაუღიმია. მე ლაპარაკს განვაგრძობდი და რესპონდენტებთან დაკავშირებულ კურიოზებს ვუყვებოდი... ასე ლაპარაკ-ლაპარაკით გავიარე ყველა პოზიცია... როდესაც ინსტრუქტორმა მითხრა, მანქანა საწყის პოზიციაზე დააყენეო, ეს იმას ნიშნავდა, რომ გამოცდა ჩავაბარე, და სიხარულის ყიჟინა დავცხე... სიცილი აუტყდა, კარგა ხანს იხარხარა, - რა მაგარი ანეკდოტი იყო, ინსტრუქტორებზე ანეკდოტი პირველად მოვისმინეო... მისმა საქციელმა სხვა ანეკდოტი გამახსენა, მაგრამ აღარ მოვუყევი, რადგან მართვის მოწმობა უკვე "ჯიბეში მედო" და აღარც ვღელავდი...

რამდენიმე ხნის წინ რუსთავის პოლიგონს ვეწვიე. თეორიულ გამოცდაზე სულ სამი კაცი იჯდა. სამაგიეროდ, პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებელ მოედანთან ხალხმრავლობა იყო, უმეტესად ქალები იყვნენ.
იმედა მაკასარაშვილი, საგამოცდო და სარეგისტრაციო მომსახურების სამმართველოს უფროსი: - გამოცდაზე გამსვლელთა შორის ქალთა რაოდენობა დაახლოებით 45%-ია. თეორიულ გამოცდას ქალები უფრო იოლად აბარებენ, რადგან უადვილდებათ საკითხების სწავლა, პრაქტიკულს კი - მამაკაცები.
კარგა ხანს ვადევნებდი თვალს გამოსაცდელებს - დაახლოებით 10-12 გამოსაცდელიდან მხოლოდ ერთმა ჩააბარა გამოცდა.

ნათია გოგიაშვილი: - წელიწადია, მანქანა მყავს და, როგორც იქნა, მოწმობას ვეღირსე. მეორედ გავედი პრაქტიკულ გამოცდაზე, ჩავაბარე და ძალიან ბედნიერი ვარ. სულაც არ არის ძნელი...  

სოფო: - "შკოდაზე" გავიარე გაკვეთილები, მაგრამ ფარეხში ვერ შევაყენე. პირველად გავედი გამოცდაზე, კიდევ 4 შანსი მაქვს და იმედია, ჩავაბარებ...

ამასობაში რამდენიმე მამაკაცმა მოსინჯა ძალა. ერთი ძალზე თავდაჯერებული ჩანდა, მაგრამ ადგილიდანაც არ დაუძრავს მანქანა, რამდენჯერმე დაქოქა და ჩააქრო... შემდეგ გაბრაზებული გადმოვიდა და წავიდა....
მეორე მამაკაცი ფარეხში შეყენებისას უკანა მარცხენა საბურავით ბორდიურზე ავიდა და იქვე დასრულდა მისი გამოცდა.

შუახნის ქალბატონი გამოცდაზე არ დაუშვეს, რადგან ჯანმრთელობის ცნობაში ეწერა, რომ საკითხავად სათვალე სჭირდებოდა. თურმე, გამოცდის დროს აუცილებლად უნდა ეკეთოს სათვალე...

სულიკო კირთაძე: - ექიმის ბრალია, ცნობაში ჩამიწერა, რომ სათვალე მხოლოდ კითხვისას მჭირდება და არა შორს საყურებლად. საკითხავი სათვალით ვერაფერს დავინახავ, მაგრამ რა ვქნა? შევეცდები, გავარჩიო გზა და გამოცდა ჩავაბარო. 55 წლის ვარ, ძალიან მინდა, მართვის უფლება მქონდეს. კარგად ვარ მომზადებული...
ქალბატონი სულიკოს გამოცდას ინტერესით ვადევნებდი თვალს. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ბოლო პოზიციაზე საოცარი შეცდომა დაუშვა, ალბათ, მართლაც სათვალის ბრალი იყო - პარალელურის მაგივრად პერპენდიკულარული პარკირება მოახდინა.
ერთი გამოსაცდელი ინსტრუქტორმა იმის გამო "დაიწუნა", რომ მისი მოგვარე აღმოჩნდა. კანონით, მოგვარის გამოცდა არ შეიძლება. ამიტომ გამოსაცდელმა ინსტრუქტორი გამოცვალა, თუმცა, გამოცდა ვერ ჩააბარა.  

იმედა მაკასარაშვილი: - ბევრს ჩვენთან აქვს პრეტენზია. ერთმა მოქალაქემ საჩივარი დაწერა, მანქანა გაუმართავი იყო და ამიტომ ვერ ჩავაბარე გამოცდაო. სინამდვილეში, არც დაუქოქავს,
ისე დაუგორდა... ყველა მანქანაში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა და ძალიან იოლია სიმართლის დადგენა. ფირი ჩვენს საიტზე იტვირთება და მოქალაქეს შეუძლია ნახოს გამოცდის პროცესი.

- კიდევ რა პრეტენზიები აქვთ?
- მოგეხსენებათ, თეორიულ გამოცდაში ცვლილებები შევიდა. ახლა გამოსაცდელი პასუხებს ვერ დაიზეპირებს, რადგან სწორი პასუხი პოზიციას იცვლის. შესაძლოა, მეცადინეობისას "ა" პოზიციაზე იყოს, გამოცდის ჩაბარების დროს კი "ბ" ან "ც" პოზიციაზე. ამიტომ გააზრებულად უნდა ისწავლონ. ვისაც დაზეპირებული აქვს, შეცდომით პასუხობს და მერე პრეტენზია აქვს, ტყუილად ვისწავლეო?

მართვის მოწმობის მსურველთათვის დაწესებულია მხოლოდ ქვედა ასაკობრივი ზღვარი: "ბ-1" კატეგორიისთვის, რომელიც ტრიციკლისა და კვადროციკლის მართვის უფლებას ანიჭებს, 16 წელია; "ბ" კატეგორიისთვის - 17 წელი; "დ" და "ე" კატეგორიებისთვის - 24 წელი. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. თუ ექიმი  ცნობას გასცემს, სააგენტო გამოცდაზე დაუშვებს, თუნდაც 100 წელს იყოს გადაცილებული.
70 წელს გადაცილებულებიც გასულან გამოცდაზე და აუღიათ მართვის მოწმობა...
საქმე ის არის, რომ მართვის მოწმობის აღება გზებზე მოძრაობისთვის მზადყოფნას ნიშნავს, მაგრამ ქართველები დაუმორჩილებელი ხალხი ვართ. წითელზეც გავივლით, ორმაგ ღერძულა ხაზსაც გადავკვეთთ, რომ მანქანების ნაკადს გვერდი ავუაროთ... ყველა რომ იყენებდეს იმ ცოდნას, რასაც გამოცდის ჩაბარებისას იღებს, ამდენი დამრღვევი არ გვეყოლებოდა...

P.S. რამდენჯერმე ახლობელს ვგულშემატკივრობდი და მინახავს, როგორ გამოხატავენ სიხარულს ადამიანები, როცა გამოცდას აბარებენ... ზოგი ცეკვა-ცეკვით მოდის, ზოგი - სიმღერით და სახეზე ყველას ბედნიერება აწერია. მაგრამ მთავარი მართვის მოწმობის აღება კი არა, შეძენილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებაა!

სასწაულებრივი მანევრი


სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელიც პრაქტიკული გამოცდის დროს მომხდარ კურიოზს ასახავს.
იმედა მაკასარაშვილი: - გამოსაცდელი მოუმზადებელი იყო და ჩაიჭრა. წესით, უნდა გადმოსულიყო მანქანიდან და საჭესთან ინსტრუქტორი დაესვა, რათა მანქანა ბოლო პუნქტამდე მიეყვანა. მან კი მანქანა უკუსვლით წაიყვანა და მოედნიდან ჩამოვარდა. თვითონაც გაოგნებული იყო, - რა მოხდა, არ ვიციო.

რეკორდსმენი

სამხრეთ კორეის მცხოვრებმა, ბოსტნეულით მოვაჭრე 68 წლის ქალბატონმა თეორიული გამოცდა 950-ე მცდელობაზე ჩააბარა. ის ბოსტნეულს ურიკით ქუჩა-ქუჩა დაატარებს და ავტომობილი ბიზნესის გასაფართოებლად სჭირდება. პრინციპული ქალბატონი 2005 წლიდან მოყოლებული, ყოველ სამუშაო დღეს გამოცდაზე გადიოდა და 771-ე გამოცდის შემდეგ გახდა ცნობილი, რადგან მისით მედია დაინტერესდა. სამხრეთ კორეაში თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 100 კითხვიდან 60-ზე სწორი პასუხის გაცემაა საჭირო. თეორიული გამოცდის ჩაბარება ქალბატონს 4 ათას დოლარზე მეტი დაუჯდა..

მარი ჯაფარიძე
კაცო
23 თებერვალი 2015 20:37
კორეაში იაფი ყოფილა გამოცდის ჩაბარება, ჩვენთან თითქმის 50 ათასი ლარი უნდა 950-ჯერ გამოცდას)))))

რედაქტორის რჩევით